რა არის გონისმიერი და გულისმიერი ლოცვა

რა არის გონისმიერი და გულისმიერი ლოცვა ავტორი: ათონის წმინდა მთის გრიგორიუს მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

ადამიანის მიერ ღმერთის ხსოვნა, ლოცვის მსგავსად, მასთან ზიარებას წარმოადგენს. ქრისტეს წმინდა სახელის - „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“ - უწყვეტი მოხმობისათვის ბრძოლა, პიროვნებაში ღმერთის ხსოვნასა და მასთან ურთიერთობას მუდმივად აცხოველებს. ამიტომაც მისწერა პავლე მოციქულმა თესალონიკელებს: „განუწყვეტლად ილოცეთ“[1].
ადამიანი ღმერთის ხსოვნითა და ლოცვით თავისი ბუნების ჭეშმარიტ კეთილშობილებას ავლენს, რომელიც ხილული და უხილავი სამყაროს ზღვარზეა. იგი (პიროვნება) ბუნებრივ აუცილებლობას აღემატება, მისი მყოფობა ღმერთამდე განივრცობა და ყოველგვარი მიწიერი ტყვეობისაგან თავისუფლდება. მაგრამ ლოცვა ჭეშმარიტი რომ იყოს, იგი მთელი ადამიანის - და არა მხოლოდ ბაგეების ან გონების ან კიდევ გულის - საქმეს უნდა წარმოადგენდეს[2]. სრულყოფილი ლოცვა გონისმიერი და ამავდროულად, გულისმიერია. გონება გულიდან ლოცულობს, ესე იგი, მთლიანი ადამიანი თავისი მყოფობის სიღრმიდან და ცენტრიდან ღვთის მცნების შესაბამისად მოქმედებს[3]: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი - ვითარცა თავი თვისი“[4]. მაშასადამე, იგი მთელი თავისი არსებით ღმერთს მიემართება (ეკუთვნის). ამისათვის გამოიყენება „ერთსიტყვიანი“ ლოცვა[5]: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“, რომლის მოხმობაც ადამიანს ეხმარება გონების შემოკრებასა[6] და მის (გონების) გულში ჩაძირვაში. წმინდა მღვიძარე მამებმა[7] ამ ლოცვის საშუალებასა და მეთოდზე თავიანთი გამოცდილებით დაწერეს. არსებობს თხზულებათა კრებული სახელწოდებით „მშვენიერებათმოყვარეობა“[8] და აღნიშნული სიტყვა ნიშანდობლივია: მორწმუნე კაცი გონისმიერი და გულისმიერი ლოცვით ღმერთთან ერთიანდება და ჭვრეტს მას, უმშვენიერესს[9] მთელს სამყაროში, უმაღლეს მშვენებას[10].
ვინაიდან გულისმიერ ლოცვასა და სხვადასხვაგვარ აზრსა თუ ასევე, ლოცვას შორის გარკვეული აღრევის საფრთხე არსებობს (როგორც აღმოსავლურ რელიგიებში)[11], ამიტომაც, ვფიქრობ, ზოგიერთი საკითხი უნდა განვმარტო:
1) არა მხოლოდ ერთსიტყვიანი ლოცვა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“, არამედ ეკლესიის ყოველი ლოცვა, თუნდაც, ღვთისაგან ბოძებული „მამაო ჩვენო“[12], გონისმიერი და გულისმიერი უნდა იყოს, ანუ ჩვენი მყოფობის სიღრმიდან აღმოთქმული.
2) უწყვეტი ლოცვის მადლის შეძენა ჩვენთვის, მართლმადიდებელთათვის, უპირველესად არა [ლოცვის ხელოვნური] მეთოდისა და ხერხის, არამედ შემუსვრილი გულის საქმეა, ესე იგი, საკუთარი ცოდვებისათვის მონანული, მგლოვარე გულის, რომელიც მდაბლდება. მის გარეშე არანაირ ხერხსა და საშუალებას, როგორიცაა შესუნთქვისა და ამოსუნთქვის გამოყენება, ჭეშმარიტი ლოცვის მოტანა არ ძალუძს.
3) ნამდვილ ლოცვას განაპირობებს ეკლესიის ცხოვრებაში და მის საიდუმლოებებში ჩვენი მონაწილეობა, ღვთის მცნებების დაცვა და სულიერი მამისადმი მორჩილება. [ამ ყველაფრისაგან დამოუკიდებლად, ადამიანთან] ღმერთის ინდივიდუალური და კერძო მიახლება არ ხდება. თავმდაბალი მორწმუნე საღვთო მადლს ღმერთთან თანამოქმედებით იძენს.
თემის დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ თანამედროვე ადამიანს პირველყოვლისა ლოცვა ესაჭიროება, რათა თავისი ღმრთისსახოვნების[13], ე. ი. საღვთო წარმომავლობისა და დანიშნულების დავიწყების მიზეზით, დღევანდელი ღრმა მატერიალისტური ცხოვრების წესისგან არ იძლიოს. აგრეთვე, რათა სამყაროს ამ საშიშ ქაოსსა და ექსტრავერტულობაში[14] შეეძლოს შინაგანი ერთიანობის, წონასწორობისა და სიმშვიდის შენარჩუნება; თავის ცხოვრებაში ღმერთის მყოფობასა და განგებას მუდამ შეიგრძნობდეს, არ ძრწუნდებოდეს, სასოს არ წარიკვეთდეს და სამყაროს აზრს მოკლებულად არ განიცდიდეს. ქრისტეს უტკბილესი და წმინდა სახელის უწყვეტი მოხმობით, მას თავის გულში შეიგრძნობს, ცოდვას თავიდან ირიდებს, და ღმერთისა და ადამიანების მიმართ სიყვარულს სწავლობს; თავადაც მშვიდდება და მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც მშვიდობას ჰფენს. ნება მომეცით, ათონის მთის სულიერი ტრადიციიდან ერთი ძმური რჩევა მოგცეთ: დღის განმავლობაში იესოს ლოცვას რაოდენ ხშირად და მონდომებითაც წარმოვთქვამთ, იმდენად ახლოს ვიქნებით ღმერთთან და იმდენად უმეტეს მადლსა და ძალას მივიღებთ ცხოვრების მრავალგვარ სირთულეთა და განსაცდელთა წინააღმდეგ.



შენიშვნები

[1] თეს. 5: 17.

[2] იგულისხმება, რომ ადამიანი ლოცვაში ერთიანად, მთელი არსებით უნდა იყოს ჩართული. სხვა შემთხვევაში ლოცვას ჭეშმარიტს ვერ ვუწოდებთ.

[3] ესე იგი, გულის სიღრმიდან, უშინაგანესი ადგილიდან. გრიგოლ პალამა თავისი თხზულების „წმინდა ისიხასტთა დასაცავად“ მეორე სიტყვაში ახსენებს, რომ „გული“ მთელი [ადამიანური] მყოფობის მეწინამძღვრეა; იქ არის გონება და სულის ყველა აზრი/ გულისსიტყვა“ (იხ.: Φιλοκαλία, Τόμος Δ, έκδοσις το Περιβόλι της Παναγίας, 1987, σ. 281.). აქ წმინდა მამა სიტყვით „გული“ (καρδιά), არა ფიზიკურს, არამედ მის სიღრმეს (βαθεία καρδία) გულისხმობს.

[4] ლუკ. 10: 27; მათ. 22: 37-39; მარკ. 12: 30-31.

[5] η μονολόγιστη - იგულისხმება მოკლე, ლაკონური ლოცვა.

[6] η συγκέντρωση - კონცენტრაცია, კონცენტრირება, მოკრება, შემოკრება, შეკრება, შეგროვება, ცენტრალიზაცია, თავმოყრა.

[7] „სიტყვა „მღვიძარება“ მომდინარეობს ზმნიდან „ვფხიზლობ“ (νήφω), რაც ყურადღებით დაკვირვებას, ზედამხედველობას ნიშნავს; ჩემს სულს არ სძინავს, არამედ ცოცხლადაა. თუმცა ამ ზმნის თავდაპირველი მნიშვნელობა გულისხმობს „ღვინის არ სმას“, და არა მხოლოდ არ ვსვამ, არამედ ჩემი თავშეკავება და მოთმინება ისეთ ზღვარს აღწევს, რომ აღარაფერს ვიღებ. ასე მუდმივად ერთადერთი მიზეზით ვარ, რათა მავანს ყურადღებით მივყვებოდე, შესაბამისად, ყველა ნაბიჯის გასაგებად მის მსვლელობას სიფხიზლით ვაკვირდები. ამრიგად, სიტყვა „მღვიძარება“ უწყვეტ სიფხიზლეს (ყურადღებას) ნიშნავს, რაც გონების წმინდა მოქმედებაა“ (არქიმანდრიტი ემილიანე სიმონოპეტრელი, „სწავლება მღვიძარების შესახებ“, IV გამოცემა, ათენი 2018: 2-3). ბუნებრივია, აქ მამა ემილიანე საკუთარი თავების მიმართ ყურადღებაზე, ბოროტი აზრებისა და წარმოსახვებისაგან გულის წმინდად დაცვაზე საუბრობს, რომელიც უწყვეტ გონისმიერ ლოცვასთანაა შეერთებული. სულიერი მღვიძარების შესახებ, ასევე იხ.: მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი), „სულიერი სნეულება და სიჯანსაღე“, V გამოცემა, ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი, 2004: 122-123 (Μητροπολίτου Ναυπάκτου και Ἁγ. Βλασίου Ἱεροθέου, "Ψυχική ἀσθένεια καί ὑγεία", Ε Ἔκδοση, Ἱερά Μονή Γενεθλίου τῆς Θεοτόκου (Πελαγίας)).

[8] Φιλοκαλία (ფილოკალია) - მშვენიერებათმოყვარეობა.

[9] ο ομορφότερος - ულამაზესი, უმშვენიერესი, ყველაზე მშვენიერი.

[10] το κάλλος - მშვენიერება, მშვენება, სილამაზე, სიკეთე.

[11] აქ ავტორი ლოცვის არასწორად წარმართვის საფრთხეებზე საუბრობს. შესაძლოა გვეგონოს, რომ ლოცვაში მართებულად და ღვთის სათნოდ ვმოღვაწეობთ, მაგრამ სინამდვილეში სიცრუის მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ. ერთი სიტყვით, ყალბი ლოცვა შესაძლოა ჭეშმარიტად მივიჩნიოთ და საცდურში, ე. წ. ხიბლში აღმოვჩნდეთ.

[12] იხ.: მათ. 6: 7-14.

[13] θεοείδεια - ღმრთისსახოვანი, ღმერთსახოვანი.

[14] η εξωτρέφεια - გარეგანისკენ, გარეგნულისკენ მიმართვა; გარემიმართულება, გარეგანზე ორიენტირება.


სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ლევან ხატიაშვილმა
წყარო:https://www.pemptousia.gr/2019/01/ti-ine-i-noera-ke-kardiaki-prosefchi/?fbclid=IwAR0eiWbX5mfB9qsOMCL9fUJwSawa1vKt53Nc9FQlGCLSaCebyzz9mAG4F2Q
გადმოწერეთ: PDF
15-03-2019, 01:11

FACEBOOK