სულიწმიდის ძღვენი

სულიწმიდის ძღვენი

ავტორი: იოანე კარავიდოპულოსი (არისტოტელეს სახ. უნივერსიტეტის თეოლოგიური სკოლის პროფესორი)


იესო ქრისტეს ჯვარცმა და აღდგომა უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენებს წარმოადგენს, რომელთა საფუძველზეც დაარსდა ეკლესია. თუმცა ისტორიულად მისი (ეკლესიის) დაბადების დღედ მიჩნეულია სულთმოფენობის დღე, როდესაც სულიწმიდამ, როგორც „სასტიკმა ქარმა“ (საქ. 2: 2) მოჰბერა მოციქულებზე და მიანიჭა მათ ძალა, რათა ექადაგათ ქრისტიანული სარწმუნოება მთელს მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ სულიწმიდა განანათლებდა ძველი და ახალი აღთქმის მწერლებს, არსებითად თვით იყო ორივე აღთქმის ავტორი, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ეკლესიის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, იმ ძალას, რომელიც „ყოველივეს შემოჰკრებს ეკლესიის დაარსების ჟამს“, იგია შემოქმედი ქრისტიანული ისტორიისა. სულიწმიდა გახლავთ დღევანდელი დღესასწაულის ცენტრალურ ფიგურა.

სამოციქულოს მონაკვეთი, რომელიც ამ დღეს იკითხება, მომდინარეობს „საქმე მოციქულთაგან“ და შემდეგი შინაარსისაა:

ორმოცდაათობის დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ. ანაზდად იგრგვინა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო, და აღავსო მთელი სახლი; მოევლინა მათ ცეცხლისებრი ენები და მოეფინა თითოეულ მათგანს. ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორადაც სული ამეტყველებდა მათ. ხოლო იერუსალიმში იყვნენ იუდეველნი, ღვთისმოსავი კაცნი, ცის ქვეშეთში მყოფი ყველა ხალხისგან. ეს ხმა რომ გაისმა, შემოკრბა მთელი ხალხი და შეძრწუნდა, ვინაიდან ყოველი მათგანი ისმენდა თუ როგორ მეტყველებდნენ მოციქულები მათ ენებზე. უკვირდა ყველას და განცვიფრებულნი ეუბნებოდნენ ურთიერთს: განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველნი არ არიან? როგორღა ვისმენთ ჩვენს მშობლიურ ენებზე?! პართელნი და მიდიელნი, ელამიტები და შუამდინარეთის, იუდეის, კაპადოკიის, პონტოსა და ასიის მკვიდრნი, ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კირენეს მომიჯნავე ლიბიის მხარის მცხოვრებნი, რომით მოსულნი, იუდეველნი და პროზელიტნი, კრიტელნი და არაბნი ვისმენთ, როგორ ღაღადებენ ისინი ჩვენი ენით ღვთის სიდიადეს (საქმ. 2: 1-11).

მოციქული ლუკა, „საქმე მოციქულთას“ წიგნის ავტორი, სულიწმიდის გარდამოსვლის მოვლენას წარმოაჩენს ტერმინებით, როგორიცაა, მაგ., ცეცხლი („ცეცხლოვანი ენები“), რაც მოგვაგონებს ღმერთის გამოცხადებას ცეცხლოვანი მაყვლის სახით მოსეს წინაშე (გამ. 2: 2). გარდა ამისა, იოანე ნათლისმცემელმა იწინასწარმეტყველა, რომ მომავალი მესია მონათლავდა ადამიანებს „სულიწმიდითა და ცეცხლით“ (მათ. 3: 11; ლკ. 3: 16).

ორმოცდაათობა (ერგასისი) იყო იუდაიზმის სამ უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთი (პასექისა და კარვობის დღესასწაულებთან ერთად), რომელიც აღინიშნებოდა პასექიდან 50-ე დღეს, რომელსაც აგრეთვე პირველმოწევნულთა დღესასწაულიც ეწოდებოდა, ვინაიდან ამ დღეს მიწის მოსავლის პირველი ნაყოფი შეიწირებოდა ღმერთის წინაშე (გამ. 23: 16; რჯლ. 16: 9). მოგვიანებით, დღესასწაულს შეემატა სინას მთაზე რჯულის მიღების გახსენებაც. დღესასწაულის, როგორც ერთი, ისე მეორე მნიშვნელობა იძენს ახალ, ქრისტიანულ შინაარსს:

ერთი მხრივ, იგი არის სახარების პირველი ნაყოფი, მეორე მხრივ კი - ღმერთი, რომელიც თავის ერს სინას მთაზე გადასცემს რჯულს (იუდაური გარდამოცემის მიხედვით პასექიდან 50-ე დღეს), რომელიც ახლა უკვე სამების მესამე პირის სახით გარდამოდის მოციქულებზე და მათი მეშვეობით - ახალ ერზე. მეტად ნიშანდობლივია სულთმოფენობის ბიზანტიური ხატი, სადაც მოციქულები სხედან ნახევარწრიულად, ხოლო ამ ნახევარწრის ქვემოთ, შუაში დატანებულია წარწერა „სამყარო“ (η κτίσις), რაც იმას ნიშნავს, რომ სული ეძლევათ მოციქულებს, და ზოგადად, პირველ ეკლესიას, მათგან კი ვრცელდება მთელს მსოფლიოში; წრე ღიაა, რათა ყველა შევიდეს მასში.

ამიტომაც, იესო, იმ სახარებისეულ ეპიზოდში, რომელიც სულთმოფენობის კვირას იკითხება, სულის შესახებ საუბრობს, და მას უწოდებს „ცოცხალ წყალს“, რომელიც დაარწყულებს ადამიანს და მიანიჭებს სიცოცხლეს (იონ. 7: 37-52). მოსეს რჯული, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა სიყვარულითა და მზრუნველობით მისცა თავის ხალხს, უძლური იყო ადამიანური სისუსტის დასაძლევად. ღვთის სული, რომელიც იესომ აღუთქვა მათ, და, რომელიც წარმოადგენს სამების მესამე პირს, გარდამოდის ორმოცდაათობის დღეს, რათა ამიერიდან უწინამძღვროს ეკლესიას.

მაშ ასე, ვინ არის სულიწმიდა? როგორ შეგვიძლია გავაცნობიეროთ მისი მოვლინება და ნიჭები?

გარდა ფსალმუნებისა, რომელთაც ეკლესიაში ვგალობთ და ასევე, დოგმატიკის ტრიადოლოგიურ განსაზღვრებებში გადმოცემულისა, ქრისტიანს როგორ ძალუძს ღვთის სულის განცდა? წმინდა სამების მესამე პირი არ არის მხოლოდ თეოლოგიური აზროვნების საგანი, არამედ, უმთავრესად და უპირატესად - ცხოვრება[1]. იგი „სიცოცხლის მომნიჭებელი და სიკეთეთა საუნჯეა“, „თვითსიკეთე და სიკეთის წყარო“, „ცხოველი და ცხოველმყოფელი“, - როგორც ჩვენი ეკლესია გალობს. ამრიგად, გარდა დოგმატური განსაზღვრებებისა, რომელიც ბევრი ქრისტიანისთვის უცნობი და მიუწვდომელია, არსებობს სულიწმიდის კეთილმყოფელი და ცხოველმყოფელი მოქმედება (ენერგია), თუკი, რაღა თქმა უნდა, მისი ნიჭების ატმოსფეროში ვიარებთ, ვსუნთქავთ და ვცხოვრობთ. სულიწმიდა არის ბეჭედი, რომელიც გამოარჩევს ქრისტიანს არაქრისტიანისგან, იგია იმედისმომცემი მომავლის წინდი, რომელსაც თითოეული მორწმუნე მოელის, ვინაიდან იგია დასაბამი, პირველნაყოფი და საუკუნო სიკეთეთა წინასწარი განცდა.

მოციქული პავლე გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ჩამოთვლის რა სულიწმიდის ნაყოფებს, წერს: „ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება“ (გალ. 5: 22). ეს გამონათქვამები წარმოადგენს ქრისტიანის ბეჭედს, „სულიერი“ ადამიანის ნიშნებს, საღვთო სასუფევლის მახასიათებლებს. ამრიგად, სულიწმიდა არ არის აბსტრაქცია, არამედ რაღაც უფრო კონკრეტული - წმინდა სამების მესამე პირი. არის ის, ვინც კაცობრიობას ახალ სიცოცხლეს ანიჭებს. ეს სიცოცხლე ხასიათდება არა სიძულვილით, რომელიც კლავს ადამიანებს, არამედ სიყვარულით, რომელიც აღაშენებს მათ; არა პირქუშობით და შიშით მომავალი სასჯელის წინაშე, არამედ აწინდელი და სამომავლო გამოხსნის სიხარულით. ასევე, იგი ხასიათდება ღვთისადმი, ადამიანისა და საკუთარი თავისადმი მშვიდობიანობით, შემწყნარებლობით მოყვასის შეურაცხყოფებსა და სისუტეებზე, პატიოსნებით და კეთილგანწყობით, რომელნიც დადებითად აისახება მოყვასთან მიმართებით, ქრისტეს ჯვარზე აღსრულებული გამომხსნელობითი საქმის რწმენით, რომელიც აღდგომით განსრულდა, თვინიერებითა და მოთმინებით, რაც გამოხატავს ქრისტიანის სახეს, რომელიც ცხოვრობს ღვთის სულში, ესე იგი, რომელიც ცხოვრობს ეკლესიის საიდუმლოებებში და წარმოშობს სულიწმიდისეულ ტკბილ ნაყოფებს.

სადაც ღვთის სული მეუფებს მისი ზემოაღნიშნული გამოხატულებებით, იქ არის ჭეშმარიტი თავისუფლება, ქრისტეში თავისუფლება, რჯულის მკვდარი ფორმალობისაგან, ხრწნისაგან და სიკვდილისაგან თავისუფლება, სულის თავისუფლება, რომელიც მწყურვალი ადამიანისთვის უსასყიდლოდ მინიჭებული სიცოცხლეა („ცოცხალი წყალი“).



[1] ანუ სულიწმიდა განიცდება და იცხოვრება. თუკი ვნებათაგან არ განვიწმინდებით და ამ გზით არ გავხდებით სათანადო ჭურჭლები, სხვაგვარად მას ვერ შევიმეცნებთ და ვერ დავიტევთ ჩვენს სულებში. ეს კი ღმერთის გარეშე ცხოვრებას ნიშნავს.




სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა გურამ გიორგაძემ.
16-06-2019, 16:45

FACEBOOK