დოგმის შესახებ (მამა იოანე რომანიდისის აუდიო საუბრების მიხედვით)

დოგმის შესახებ (მამა იოანე რომანიდისის აუდიო საუბრების მიხედვით)
ავტორი: მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)

მამა იოანე რომანიდისის (1927-2001) მოკლე ბიოგრაფია

მამა იოანეს მშობლები წარმოშობით კაბადოკიიდან იყვნენ, კონკრეტულად - არაბისოდან (აქ დაიბადა წმინდა იოანე როსი და თავიანთ შვილს - იოანე სწორედ მის საპატივცემულოდ დაარქვეს). მამამისს ერქვა საბა. იგი უბრალო ადამიანი და კარგი ქრისტიანი იყო; მუშაობდა მკერავად (თერძი), ხოლო დედის სახელი ევლამბია გახლდათ. რომანიდისების ოჯახი, დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში საბერძნეთში, კერძოდ პირეაზე ცხოვრობდა, რის შემდეგაც 1927 წ., როდესაც იოანე ჯერ მხოლოდ 72 დღის იყო, საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში გაემგზავრნენ.
იოანეს და, პართენია რომანიდისი განსხვავებულად მადიდებელზე დაქორწინდა, რომელიც მართლმადიდებლურად მოინათლა და ამის შემდეგ საცხოვრებელ ადგილად ახალი ზელანდია აირჩიეს, სადაც დედამისმა, ევლამბია რომანიდისმა, მართლმადიდებლური გაერთიანება შექმნა და იქ, კრაისტჩერჩში - სიდიდით ნომერ მეორე ქალაქში - ეკლესიის დაარსებისათვის იღწვოდა. ევლამბია, თავისი მეუღლის, საბას გარდაცვალების შემდეგ თესალონიკში, თავისი შვილის, იოანე რომანიდისის გვერდით, გადაცხოვრდა, და 1973 წ. მონაზვნად აღიკვეცა.
რაც შეეხება, საკუთრივ, იოანეს, იგი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე აღიზარდა, და დაწყებით განათლებასაც იქ იღებდა (ასევე გიმნაზიაშიც დადიოდა). გიმნაზიაში სწავლისას მის რწმენაზე ერთმა კათოლიკური აღმსარებლობის პროფესორმა იქონია გავლენა, რომელიც შემდეგ მართლმადიდებლობაზე მოექცა. იოანე რომანიდისი ოთხი წელი „პატიოსანი ჯვრის სახელობის მართლმადიდებლურ თეოლოგიურ სკოლაში“ (Holy Cross Greek Orthodox School of Theology), ბრუკლინში სწავლობდა. მისი დამთავრების შემდგომ „Yale“-ს უნივერსიტეტის თეოლოგიურ სკოლაში შევიდა. 1951 წ. „Yale“-ს უნივერსიტეტის სტუდენტობის პერიოდში, იოანეს მღვდლად დაასხეს ხელი და 1954 წ.-მდე Waterbury-ში, წმინდა სამების სახელობის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მსახურობდა.
გარდა ამისა, მან შეისწავლა და ძალიან კარგად იცოდა კათოლიკური და პროტესტანტული თეოლოგია, როგორც თომა აქვინელი, ისე სხვა მნიშვნელოვანი პროტესტანტი ღვთისმეტყველები. თეოლოგიური განათლების მიღების შემდეგ 1957 წელს საბერძნეთში პირველად გაემგზავრა და ათენის კაპოდისტრიას სახელობის უნივერსიტეტში თეოლოგიის დარგზე სადოქტორო დიპლომი დაიცვა, თემაზე: „პირველქმნილი ცოდვა“ (Το προπατορικόν αμάρτημα).
დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ დაბრუნდა აშშ-ში, სადაც ამერიკის არქიეპისკოპოს მიქაელის სახით, მის სამღვდელო მოვალეობასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობებს წააწყდა. 1958 წელს მამა იოანემ ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის რუსულ სემინარიაში დაიწყო სიარული, მოგვოანებით კი სწავლა პარიზის წმ. სერგის სახელობის რუსულ ინსტიტუტშიც განაგრძო, სადაც მამა გიორგი ფლოროვსკის (Georges Vasilievich Florovsky) მოწაფე გახდა. იმ პერიოდში ამერიკის არქიეპსკოპოსად იაკობი აირჩიეს, რომელმაც იოანე „პატიოსანი ჯვრის სახელობის მართლმადიდებლური თეოლოგიის სკოლის“ პროფესორად დანიშნა. პარალელურად, 1958 წ. მღვდლად დაინიშნა Hamshire-ში და ასევე, 1959 წ.-დან 1965 წ.-მდე - წმინდა ათანასეს ეკლესიაში, Arlington-ში. იქ მან მეორე დიპლომის მოსაპოვებლად დაიწყო მზადება, ამ ჯერად, ჰარვარდისათვის (Harvard), რაც წარმატებით დააგვირგვინა. 1965 წ. გიორგი ფლოროვსკი „პატიოსანი ჯვრის სახელობის მართლმადიდებლური თეოლოგიური სკოლის“ პროფესორობიდან გააგდეს, რომანიდისმა კი პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.
1968 წლის 12 ივნისს მამა იოანე თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის (ΑΠΘ) თეოლოგიური სკოლის დოგმატიკის კათედრის მუდმივ პროფესორად აირჩიეს, მაგრამ ორი წელი სამასწავლებლო საქმიანობას ხელი არ მოუკიდია, რადგან მარქსისტული იდეოლოგიის მიმდევრობაში უსამართლოდ დაადანაშაულეს.
როამნიდისი ყველაფერთან ერთად, ჰარვარდის უნივერსიტეტის ფილოსოფიური სკოლის (School of Arts and Sciences) სტუდენტიც იყო და 1970 წ.-დან - წმინდა იოანე დამასკელის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორიც (ბალამადა, ლიბანი).
მამა იოანემ პირადული მიზეზების გამო 1984 წელს თესალონიკის უნივერსიტეტში თავისი თანამდება დატოვა, თუმცა მისთვის საპატიო პროფესორის ტიტული არ მიუნიჭებიათ. აქედან მოყოლებული იგი ათენში გადასახლდა, იქ სადაც მისი ქალიშვილი (მას ორი ქალიშვილი ჰყავდა) ევლამბია ცხოვრობდა. მამა იოანე ბოლო ათი წელი გულის დაავადებით იტანჯებოდა და მისი არასახარბიელო ჯანმრთელობის გამო, იძულებული გახდა სპეციალური მკურნალობისათვის ათენის საავადმყოფში დაწოლილიყო.
იგი 2001 წლის 1 ნოემბერს გარდაიცვალა. მან წმინდა მკურნალთა სახელობის ტაძრიდან (ომონიის ტერიტორია) გამოსვლისთანავე - სადაც სალოცავად იყო წასული - განუტევა სული.
მამა იოანე რომანიდისი პატერიკული ტრადიციის ჩინებული მცოდნე გახლდათ, განსაკუთრებით წმინდა გრიგოლ პალამასი. იგი მიიჩნევდა, რომ დღევანდელი მართლმადიდებლური თეოლოგიური აზროვნება დასავლურდებოდა და მამათა ტრადიციისაკენ მიბრუნების მნიშვნელობას უსვამდა ხაზს (მსგავსად პროტოპრესვიტერ გიორგი ფლოროვსკისა).
იგი მონაწილეობას იღებდა, როგორც განსხვავებულად მადიდებელ ქრისტიანებთან (ანგლიკანები, პროტესტანტები) დიალოგებში, ისე სხვა სარწმუნოების მიმდევრებთან (იუდეველები, მუსულმანები). მისი შემოქმედება და მემკვიდრეობა თავის სადოქტორო დისერტაციაში - Prophet of Roman Orthodoxy-The Theology of John Romanides - Andrew Sopko-მ გამოიკვლია, რომელიც 1998 წ. გამოიცა.
მამა იოანეს დასავლეთისა და ელინური ისტორიის კარგი ცოდნა იმაში დაეხმარა, რომ ფრანკულ და რომაულ კულტურებს შორის რადიკალური განსხვავება წარმოეჩინა. ასევე, იგი ცნობილია, როგორც ნეტარი ავგუსტინეს ჩინებული მკვლევარი და მამათა თეოლოგიის შუქზე მისი თხზულებების გამკრიტიკებელი.
მამა იოანე რომანიდისის კალამს შემდეგი ნაშრომები ეკუთვნის:
• «Αυγουστίνος Ιππώνος, Πηγή των αιρέσεων των παπικών προτεσταντών και του Βαρλαάμ του Καλαβρού».
• «Το προπατορικόν αμάρτημα», το 1989, η διδακτορική του διατριβή στη Θεολογική Σχολή του Πανεπιστημίου Αθηνών,
• «Πατερική Θεολογία», βιβλίο από απομαγνητοφωνημένες παραδόσεις μαθημάτων του Ρωμανίδη την ακαδημαϊκή περίοδο 1983-84,
• «Ρωμηοσύνη», το 1975, ιστορικό έργο,
• «Φράγκοι, Ρωμαίοι, Φεουδαλισμός καί Δόγμα», το 1982, ιστορικό έργο,
• «Δογματική και Συμβολική Θεολογία της Ορθοδόξου Καθολικής Εκκλησίας»,
• «Η θρησκεία είναι νευροβιολογική ασθένεια, η δε Ορθοδοξία η θεραπεία της»,
• «Ρωμαίοι ή Ρωμιοί Πατέρες της Εκκλησίας».

ა) დოგმის განსაზღვრება

დოგმები - ესაა წმინდა მამათა მიერ მსოფლიო კრებებზე დადგენილი მოძღვრება, რომლებითაც გამოცხადებითი ჭეშმარიტების შემრყვნელ ერეტიკულ სწავლებებს უპირისპირდებოდნენ. ქრისტეზე, სულიწმინდასა და ზოგადად, სამება ღმერთზე (ესე იგი, რაც თეოლოგიას ანუ წმინდა სამებას, და საღვთო განგებულებას ანუ ღვთის სიტყვის განკაცებას ეხება[1]) ჯერ კონკრეტული მწვალებლური მოძღვრება ჩნდებოდა, შემდეგ კი მართლმადიდებლური სარწმუნოების განსასაზღვრად ადგილობრივი და მსოფლიო კრებები იმართებოდა.
მთავარი პიროვნება, რომლის შესახებაც მამები მსჯელობდნენ, იყო იესო ქრისტე, რომელშიც საღვთო ბუნება ადამიანურთან უცვალებლად, შეურევნელად, განუშორებლად და განუყოფლად გაერთიანდა. ისინი წმინდა სამებაზე განყენებულად და ფილოსოფიურად არ გამომეძიებლობდნენ.
„[ეკლესიის წმიმდა მამები] მუდამ იმ კონკრეტულ პიროვნებაზე (იგულისხმება ძე ღმერთი, იესო ქრისტე, მთარგ.) სჯა-ბაასობდნენ, რომელიც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთ გამოუჩნდა და ამასთანავე, საკუთარ თავში სულიწმინდის მიერ მამა განაცხადა. ასე რომ, ისინი სამების დოგმაზე არა აბსტრაქტული სახით, არამედ იმ პიროვნებაზე საუბრობდნენ, რომელიც ძველ აღთქმაში ჯერ წინასწარმეტყველთ, მოგვიანებით კი მოციქულებს უკვე ხორციელად გამოეცხადა“[2].
ამრიგად, დოგმა (δόγμα) გამოცხადების განსაზღვრება-დადგენილებას ეწოდება. არსებითად, იგი დიდებაში (ἐν δόξη) გამოჩინებულ ქრისტეს წარმოაჩენს; საქმე ეხება, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის თეოფანიის[3] გადმოცემას (გამოთქმა). დოგმა უბრალო გარეგანი აღმსარებლობა არაა, არამედ გამოცხადებითი ჭეშმარიტების ფორმულირება. ეს კი სწორედ წმინდა მამებმა მოახდინეს, ვინაიდან ერეტიკოსები [ღვთისმიერ] გამოცხადებას ეჭვქვეშ აყენებდნენ. ამრიგად, დოგმა და განმარტება (ერმინია/ἐρμεινία) ერთმანეთისგან განირჩევა.
„ეკლესიის მოძღვართათვის სამების დოგმა გამოცხადებას წარმოადგენს; იგი არც სამი ჰიპოსტასია, არც - ერთი არსი, და არც - თანაარსი (ჰომოუსიოს), მათგან არცერთი, ვინაიდან აღნიშნული ტერმინები მწვალებელთა მიმართ გამოთქმული აზროვნებისმიერი კრიტერიუმებია და, როდესაც მამები წმინდა სამების შესახებ სწავლებას განმარტავდნენ, მათ არ იყენებდნენ. მაშასადამე, ისინი ერეტიკოსებისთვისაა განკუთვნილი.
წმინდა მამების მიერ ეკლესიის წიაღში ქრისტიანებისათვის წარმოთქმული ქადაგებანი განმარტებით შინაარსს ატარებენ. სამება [ღმერთი] ძველაღთქმისეული გამოცხადებაა. იესო ქრისტეს ნათლისღების დღესასწაულზე ჩვენ სამების გამოჩინებას ვუგალობთ; იოანე ნათლისმცემელს განეცხადა, რომ ქრისტე ძველ აღთქმაში უწყებული უფლის ანგელოზია[4], და მისი მხილველი სულიწმინდის მიერ მამასაც ხედავს“.
აქედან გამომდინარე, დოგმები სულიერად სნეულთათვის მაკურნებელ წამლებს წარმოადგენენ.
„დოგმა და თეოლოგია მაკურნებელი საშუალებებია. ზოგადად, წამლებს სნეულების დროს, გამოჯანმრთელებამდე ვიყენებთ. ადამიანი კი სიყვარულის უქონლობის გამო ღმერთს ვერ ხედავს და სნეულების მიზეზი სწორედ ესაა“.
როგორც ფიზიკურად ავადმყოფი ადამიანი იღებს წამალებს გამოსაჯანსაღებლად, ასევე იყენებს მათ სულიერად დასნებოვნებულიც, რათა განიკურნოს და განღმრთობას მიაღწიოს; ხოლო, როდესაც განიღმრთობა, დოგმებს, როგორც წამლებს, უკვე აღარ საჭიროებს. ბუნებრივია, ეკლესია დოგმებს არ აუქმებს, ვინაიდან ისინი სხვა სნეულებსაც ესაჭიროებათ; თუმცა მისთვის, ვინც თეოზისს[5] აღწევს და ღვთის დიდებას ჭვრეტს (ე. ი. უქმნელ ნათელს, მთარგ.), უკვე ფუნქციას კარგავენ.
„დოგმებს მუდმივი ხასიათი არ გააჩნიათ, ვინაიდან წამლები მაშინ კარგავენ თავიანთ დანიშნულებას, როდესაც ავადმყოფი განიკურნება. ჩვენ კი, რამდენადაც ქრისტეს ვერ ვჭვრეტთ, ბუნებრივია, მათ ვსაჭიროებთ.
 და მაინც, რა არის დოგმა?!
 - ქრისტოლოგიისა და წმინდა სამების შესახებ მოძღვრება, რაც სიტყვებითა და აზრებით გადმოიცემა“.
ამგვარად, მსოფლიო კრებათა დოგმები მნიშვნელოვანია თავად განღმრთობილთათვისაც, ვინაიდან მათით გამოცხადებით ჭეშმარიტებას აყალიბებენ.
  
ბ) დოგმა და საიდუმლო

აუცილებელია დოგმისა და საიდუმლოს (το μυστήριο) ერთმანეთისაგან გარჩევა. სხვაა წმინდა სამების საიდუმლო, რომელიც განღმრთობილი ადამიანისაგან დატევნისამებრ განიცდება და სხვა - დოგმა, ანუ სამების გამოცხადების (საიდუმლოს) შესახებ აზროვნებისმიერი ფორმულირება. მართლმადიდებლური თეოლოგიისათვის ეს განსხვავება არსებითია[6].
„ღმერთი ყოველთვის საიდუმლოა. წმ. სამების საიდუმლო და მისი დოგმა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. სხვა არის დოგმა და სხვა - საიდუმლო“.
ეს ნიშნავს, რომ თუ დოგმის გაგება რაციონალურად (გონებრივად) შესაძლებელია, იგივეს საიდუმლოზე ვერ ვიტყვით. ზოგიერთი თანამედროვე ღვთისმეტყველისათვის ეს თემა გაუგებარია და ეს სერიოზულ პრობლემას იწვევს. მაგ.: წმ. სამებაზე ქადაგებისას ჩვენ მის შესახებ დოგმასა და ტერმინოლოგიაზე (არსება, ჰიპოსტასი, ჰიპოსტასური თვისება და სხვ.) ვსაუბრობთ და არა, საკუთრივ - წმინდა სამების საიდუმლოზე, ვინაიდან იგი ადამიანური ლოგიკისათვის მიუწვდომელია.
„დოგმა საიდუმლოსაგან მკვეთრად უნდა განირჩეს. ერთია საიდუმლოს გააზრების შეუძლებლობა და მეორე დოგმის - შესაძლებლობა.
თანამედროვე თეოლოგიაში რუსულის გავლენით დიდი გაუგებრობაა (აღრევა) გაჩენილი, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელი დოგმატოლოგი და ღვთისმეტყველი ისაა, ვინც წმ. სამების დოგმას გონებით უღრმავდება და შემდგომ მის გამოთქმას ცდილობს. პატერიკულ ტრადიციას თეოლოგიის ამგვარ ხედვასთან არანაირი კავშირი არ აქვს“.
სხვაა ღვთისმჭვრეტელი წმინდანისაგან სახელებისა და აზრების გადმოცემა, და სხვა - ჭეშმარიტების გამოცდილება, რომელსაც ფლობს.
„აქ მნიშვნელოვანია სახელებისა და სიტყვების (აზრების) მიმართება ჭეშმარიტებასთან. საიდუმლო რჩება საიდუმლოდ; არა თავად მას, არამედ  მის შესახებ დოგმას გადმოვცემთ. ამრიგად, ჩვენ ვეხებით სამების საიდუმლოს შესახებ დოგმას, და არა - თვითონ მისტერიას“.
იგივე ითქმის წმინდა წერილსა და თავად ღმერთს შორის განსხვავებაზე. წმ. წერილი, ესაა ღმერთის საიდუმლოს შესახებ თხრობა და მასთან არ იგივდება (ამაზე ვრცლად წიგნის სხვა ნაწილში ვისაუბრებთ). თუკი მათ შორის აღრევა მოხდებოდა, ეს კერპთაყვანისმცემლობა იქნებოდა.
„ამიტომაც, მისტერიასა და დოგმას შორის განსხვავებას ძალიან კარგად უნდა დავუკვირდეთ. იგი ერთსა და იმავე საგანს არ გულისხმობ, ვინაიდან თეოლოგია, დოგმა და გონისმიერი ლოცვა (η νοερά προσευχή), თავიანთი დროებითი ხასიათის გამო, ოდესღაც განქარდებიან. შესაბამისად, ღმერთის გაიგივება მის შესახებ სიტყვებსა და აზრებთან კერპთაყვანისმცემლობაა...“.
თუმცა [აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ] დოგმის გაგების შესაძლებლობა გულისხმობს არა თავად დოგმის სულიერი მნიშვნელობის, არამედ მხოლოდ მისი დანიშნულების, წარლმომავლობისა და ისტორიის წვდომას (გააზრება).
„იმის თქმა, რომ დოგმის გაგება შემიძლია, ბოდვაა! სამების დოგმას ვერავინ ჩაწვდება, რადგანაც ეს მის დანიშნულებას არ წარმოადგენს. ადამიანი, რომელიც დოგმის გაგებას იჩემებს, უდუდესი მატყუარაა.
დოგმის დანიშნულების, წარმომავლობისა და ისტორიის გათავისება, შესაძლებელია, მაგარამ საკუთრივ დოგმის - გამორიცუხული, ვინაიდან  ეს ისევ საიდუმლოს გაგებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, სხვაა [სიტყვიერად გადმოცემული] დოგმა, სხვა - საიდუმლო, და ამ ორის ერთმანეთში აღრევა არასოდეს უნდა მოხდეს.
დოგმა (დოგმატი) ადამიანის დანიშნულების ადგილამდე მიმყვანი ერთგვარი გზამკვლევია, ხოლო როდესაც მიზანს მიაღწევს, იგი უქმდება. ამიტომაც, დოგმა მეწინამძღვრეა განწმენდიდან განათლებამდე მავალი ადამიანებისათვის, ხოლო ისინი, ვინც უკვე განათლების საფეხურზე მყოფობენ, უწყიან რომ დოგმა ერთ დღესაც განქარდება (თავის ფუნქციას დაკარგავს). ეს უკანასკნელი კი განღმრთობისას ხდება. ამიერიდან დოგმა აღარ არსებობს; გონისმიერი ლოცვაც, რომელსაც ადამიანის გულში თავად სული წმინდა ლოცულობს, წყდება. პავლე მოციქული სწორედ ამაზე ამბობს: „როცა სრულყოფილი მოვა, წინასწარმეტყველებანი გაუქმდება“ ანუ - თეოლოგია; „ენები შეწყდება (დადუმდება)“, ესე იგი - გონისმიერი ლოცვა; „ცოდნა განქარდება“ ანუ - დოგმა, ღვთისმეტყველება და ა. შ[7]. ეს ყველაფერი თეოზისის დროს აღესრულება.
განღმრთობიდან გამოსვლისა და ღვთისჭვრეტის დასრულების შემდეგ ადამიანში სულიწმინდა უწინდელივით იწყებს ლოცვას. ამქვეყნიურ ცხოვრებაში განღმრთობის მდგომარეობა მუდმივი (უცვლელი) არაა“ [8].
მაშინაც კი, როცა ღმერთი ადამიანს ეცხადება, კვლავ იდუმალი რჩება. მავანმა გამოცდილებითად იცის, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ თუ „როგორ“ (πῶς) - ეს შეუცნობელია.
„არ ძალგვიძს არც ქრისტეს განკაცების და არც წმ. სამების დოგმის გაგება. ღმერთი გამოცხადების შემდგომაც მიუწვდომელი რჩება. ადამიანური გონი უქმნელის საიდუმლოს ვერ ჩაწვდება, იმას თუ [ღვთის სიტყვა] როგორ განკაცდა და როგორ შეუერთდა კაცობრივ ბუნებას. ჩვენ მხოლოდ ის ვუწყით, რაც სულთმოფენობისას, ფერისცვალებისას და ნათლისღებისას მოხდა, ესე იგი, რომ წმინდა სამება განცხადდა.
ახლა, რომ დავსხდეთ და პროტესტანტებისა თუ ფრანკების (დასავლეთი) მსგავსად ვამტკიცოთ, რომ ეკლესიის დოგმებს დროის გასვლასთან ერთად, თანდათანობით, სიღრმისეულად ჩავწვდებით, უგუნურებაა, ვინაიდან აქ რომელ სიღრმისეულ გაგებაზეა საუბარი, როდესაც განღმრთობისას, ე. ი. სულთმოფენობის ჟამს, დოგმა, სიტყვები და აზრები შეწყდა (გაუქმდა)?! თეოზისის ემპირია დოგმაზე ბევრად აღმატებული რამაა, ვინაიდან დოგმა საიდუმლოს [სიტყვიერი] გადმოცემაა, ხოლო ეს გამოთქმა თავად საიდუმლოს არ ნიშნავს, იმიტომ, რომ: „ღმერთის გამოთქმა შეუძლებელია, გაგება - კიდევ უფრო შეუძლებელი“[9].

გ) დოგმა, როგორც გამოცდილების გადმოცემა და, როგორც გამოცდილებამდე მიმყვანი

დოგმა ფილოსოფოსებისა და მორალისტებისაგან ან კიდევ კონსერვატორებისაგან (ადამიანების ჩარჩოებში მოსაქცევად), არ მომდინარეობს, არამედ - ღვთის უქმნელი დიდების გამოცდილების[10] მქონე წმინდა მამებისაგან, რათა ერეტიკოსებს წინ აღუდგნენ, მორწმუნეთ კი განღმრთობის გზაზე წარუძღვნენ. მაშასადამე, დოგმა წმინდანების განღმრთობის ემპირიას მჭიდროდ უკავშირდება, რადგანაც მისი საფუძველი [სწორედ] ესაა.
განღმრთობილ წმინდანებთან ურთიერთობითა და მათ მიერ შექმნილი თხზულებებით, ჩვენ არა უბრალოდ სიტყვებსა და ტერმინებს, არამედ მათსავე ემპირიას ვმემკვიდრეობთ.
„მამები არა მხოლოდ წაკითხული წიგნებიდან, არამედ თავიანთი სულიერი გამოცდილებიდანაც ასწავლიან. შესაბამისად, ისინი დოგმებზე საუბრისას არა მხოლოდ ტექსტებს ეყრდნობიან, არამედ - თავიანთ ემპირიასაც. მაგ.: ასტრონომი მხოლოდ წიგნებიდან არ ასწავლის, არამედ იმას, რაც ტექსტებშია აღწერილი, თავადაც ტელესკოპით რეალურად აკვირდება. მოცემულ შემთხვევაში, ბუნებრივია, ტელესკოპი წიგნზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მსგავსადვეა პატერიკულ თეოლოგიაშიც: წიგნებზე საგულისხმო განათლებულ წმინდანთა გონებაა[11]. როდესაც გონება განათლების სტადიაში იმყოფება, იგი ტელესკოპით მხედველ ასტრონომს წააგავს - ესაა დოგმის გამოცდოლება. ერეტიკოსებთან დაკავშირებითაც იგივე ხდება: როდესაც არიოზი ან ნესტორი სისულელეებს საუბრობდნენ, ამას მარტო წიგნების საფუძველზე არ იქმოდნენ, არამედ -  თავიანთი მცდარი გამოცდილებიდან, ვინაიდან დოგმა განიცდება, ისევე როგორც ეს ზუსტ მეცნიერებებში ხდება“.
წმინდა მამებმა განღმრთობის გამოცდილება გადმოსცეს და რადგანაც ისინი, ყველანი, ერთსა და იმავე [ჭეშმარიტ] გამოცხადებას ფლობდნენ, მსოფლიო კრებებზეც შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
„დოგმათა ჩამოყალიბების (ფორმულირება) ხანებში, მამებს შორის ერთსულოვნება სუფევდა. ისინი ერთი და იმავე გამოცდილებიდან მეტყველებდნენ, მარტივად თანხმდებოდნენ და ამიტომ მოძღვრების გადმოცემაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. მაგრამ რთული გახლდათ დოგმათა იმგვარი ფორმით გამოთქმა, რომლითაც ერეტიკულად განმარტება თავიდან იქნებოდა აცილებული. აი, ეს გახლდათ მამების პრობლემა“.
ერთია, რომ დოგმები წმინდანთა განღმრთობის ემპირიის გადმოცემაა და მეორე, რომ ისინი (დოგმები) მოღვაწეებს თეოზისისკენ მიუძღვიან.
„თუკი თეოლოგიის მიზანს გონების განწმენდა და განათლება წარმოადგენს, დოგმა კი წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და წმინდა მამათა განღმრთობის გამოცდილების გამომეტყველებაა, მაშინ ეს უკანასკნელი (ე. ი., დოგმა) უცდომელი [ფენომენია] მართლმადიდებელ ეკლესიაში... მაშასადამე, იგი განღმრთობის გამოცდილების გამოთქმაა, ხოლო ვინც თეოზისს მიაღწევს, დოგმა უკვე მისთვის ხდება გამოცდილება“.
ამრიგად, ერთის მხრივ, იგი განღმრთობის ემპირიის გადმოცემაა, მეორეს მხრივ, კვლავ განღმრთობამდე მიმყვანი.
„ერთადერთი რამ, რაც მართლმადიდებლურ ტრადიციაში დოგმას შეიძლება ეწოდოს, ესაა განღმრთობის გამოცდილების გადმოცემა, რომელიც, ამავდროულად, ისევ გამოცდილებამდე მიმყვანია, როგორც ეს ზუსტ მეცნიერებებში ვლინდება, სადაც მანამდე არსებული ემპირია, აღწერილობა და ფორმულირება, მოსწავლეებს გამოცდილების განმეორებისაკენ წინამძღვრობენ. მოკლედ, ასეთი წრე-ბრუნვა გვაქვს პატერიკულ ტრადიციაშიც“.
ეს ნიშნავს, რომ მართლმადიდებლურ თეოლოგიას ერთგვარი წრიულობა (წრიული მოძრაობა) ახასიათებს: იგი იწყება გამოცხადებით, შემდგომ მოჰყვება ამ ღვთისმჭვრეტელობითი გამოცდილების გადმოცემა - რამდენადაც ეს ადამიანურ უნარებს შესწევს - იმ მიზნით, რომ მასში სხვებსაც წარუძღვნენ. აი, ამ გაგებით ვსაუბრობთ დოგმების კავშირზე [სულიერ] კურნებასთან.
„ესაა მართლმადიდებლური დოგმატური სწავლების არსი. ყველა დოგმა ამ გამოცხადებითი ემპირიიდან მომდინარეობს, რომელთა მიზანი კვლავ გამოცდილების შეძენაა. ვიწყებთ ემპირიით და ვასრულებთ ემპირიითვე.
მართლმადიდებლობის კრიტერიუმს დოგმა, როგორც მშრალი წესდება, არ წარმოადგენს. ჩვენ ვამბობთ: „მრწამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა...“ და ა. შ. გარდა ამისა, მე [ზეპირად] კიდევ ბევრი სხვაც ვიცი, ეს იქნება დოგმების შესახებ, მსოფლიო კრებების ისტორია თუ სხვ.
მაშ, რა არის მართლმადიდევლობის საზომი? - ეს არის მოძღვრება, რომელიც ადამიანის მდგომარეობას სწორ დიაგნოზს უსვამს, უტარებს მკურნალობას და მიჰყავს განწმენდიდან განათლებამდე, განათლებიდან კი - განღმრთობამდე. ამრიგად, დოგმის მიზნი ადამიანის განკურნება“.
[ზემოთქმულიდან გამომდინარე], დოგმების დანიშნულება უბრალოდ წიგნებში აღწერა და შემდგომ თაროებზე შემოდება არაა, არამედ - პიროვნულ გამოცდილებაში გადატანა და ცხოვრება. ყველა მეცნიერებაში ასე ხდება, მაგ., მედიცინაში: ჯერ ვსწავლობთ მას, რათა მომავალში ავადმყოფთა განკურნება შევძლოთ. ესე იგი, დოგმებს ჯერ თეორიულად ვიღებთ, რათა შემდგომ პრაქტიკაში (გამოცდილებაში) გამხორციელდეს.
„განსჯის (διακρίσεως) მადლის მქონე წმინდანი, რომელიც ჭვრეტაში იმყოფება და გულისმიერ ლოცვას ფლობს, ჭეშმარიტების მატარებელი ხდება და ეს მას ათავისუფლებს...
ჩვენ გვაქვს მსოფლიო კრებათა დოგმები და გვჯერა, რომ ისინი ეკლესიის სწავლებებს წარმოადგენენ. თუმცა, ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ გარეგნულად მიღებული ჭეშმარიტება (დოგმა) თავისუფლებას მოგვიტანს და გვაცხონებს. ეს არის დოგმების დასავლური ხედვა[12].
მართლმადიდებლური სარწმუნოების მიხედვით, დოგმა გამოცდილება უნდა გახდეს (ამ თემაზე წმ. სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველთან ბევრს ნახავთ). თავდაპირველად, დოგმას, ისე როგორც გაკვეთილს, თეორიულად ვიწყნარებთ, შემდეგ კი ემპირიად უნდა გარდაიქმნას.
ზუსტად იგივე ხდება მეცნიერებებშიც: მაგალითად, როდესაც მედიცინაზე ვსწავლობ, წესისამებრ, ჯერ პირველ კურსს გავდივარ, მერე - მეორეს და ა. შ. ბოლოს კი კონკრეტულ სპეციალობას ვირჩევ, მაგ. პათოლოგობას. შემდეგ, ექიმი რომ გავხდე, საავადმყოფოში უნდა ვიმუშაო, დავიხვეწო და მედიცინის მეცნიერების დოგმები საკუთარ გამოცდილებად ვაქციო; ხოლო, როდესაც ეს მოხდება, მე უკვე ექიმი ვარ. ესე იგი, დოგმების უბრალოდ მიღება არ კმარა, ისინი გამოცდილებად უნდა გარდაიქმნან, ამის შემდეგ კი მავანი თეოლოგი - მკურნალი ხდება“.
„ამას წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ნათლად წარმოაჩენს შემდეგი სიტყვების ხშირი მოხმობით: გამოცდილება-დოგმა-გამოცდილება“.
წესით, კლირიკოსები და განსაკუთრებით, მღვდელმთავრები ეკლესიის ჭეშმარიტებანს ემპირიულად უნდა ფლობდნენ. ადრეულ ეკლესიში ამ თემას დიდ ყურადღებას აქცევდნენ: თუკი ეპისკოპოსოდ კურთხევისათვის ისეთ კლირიკოსებს ვერ იპოვნიდნენ, რომელთაც „სულთმოფენობის“ პიროვნული გამოცდილება ექნებოდათ, ამ შემთხვევაში, ირჩევდნენ ისეთ პირებს, რომელთაც, სულ მცირე, ეკლესიის დოგმები ეცოდინებოდათ, რათა სამწყსოს ამგვარად, მათ მეშვეობით გაძღოლოდნენ.
„თუკი წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ეპოქაში გადავინაცვლებდით, ვნახავდით, რომ ადვილი არ იყო ისეთი საეპისკოპოსო კანდიდატების პოვნა, რომელთაც დოგმატური გამოცდილება ექნებოდათ. ამ მიზნით შემოიღეს „ლიბელოსი“[13], ე. წ. სარწმუნოების აღსარება, რომელსაც საეპისკოპოსო კანდიდატი ეპისკოპოსად კურთხევის დროს წარმოთქვამს (განმარტავს სარწმუნოების სიმბოლოს და შემდეგ ხელს ასხამენ).
წმ. სვიმეონი გვაუწყებს, რომ ვინაიდან მიტროპოლიტები და პატრიარქები ისეთ ადამიანებს ვერ პოულობდნენ, რომელთაც დოგმატური გამოცდილება ექნებოდათ, ამიტომ [ეპისკოპოსებად] ირჩევდნენ ისეთ პირებს, რომელებიც დოგმატური სწავლებისა და კანონების პირნათლად დაცვის პირობას დებდნენ, რათა თითოეულ ქრისტიანს სცოდნოდა, რომ მაღალი სულიერი საფეხურებისაკენ (ჭვრეტისაკენ) სარწმუნო მწყემსმთავარი მიუძღვის.
გარდა ამისა, ეპისკოპოსს დოგმის დანიშნულებაც უნდა სცოდნოდა, თუნდაც თვითონ ჭვრეტისა და განღმრთობის სიმაღლეზე არ ყოფილიყო...“.
რადგანაც წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის დროს ეს ტრადიცია სხვადასხვაგვარი მიზეზებით დაკარგული იყო, ამიტომ მისმა სწავლებებმა და თხზულებებმა ეკლესიურ ცხოვრებაში ერთგვარი „რევოლუცია“ მოახდინეს; მან წარმოაჩინა, რომ დოგმა გამოცდილებად გარდაიქმნება და გამოცხადებითი ჭეშმარიტებიდან მომდინარეა.
„[წმინდა სვიმეონი] თავადვე განმარტავს, რომ განუწყვეტელი დევნებისა და ერესების გამო, ეპისკოპოსები, პატრიარქები და მიტროპოლიტები დოგმატური გამოცდილების მქონე ადამიანებს ვეღარ პოულობდნენ. სხვა სიტყვებით, ისეთი ავტორიტეტები, რომლებიც მორწმუნეებს დოგმის - რაც განწმენდიდან განათლებამდე და ღმერთის მუდმივ ხსოვნამდე მიმყვანი საშუალებაა - პიროვნული გამოცდილების შეძენაში უწინამძღვრებდნენ, არ იყვნენ. ამიტომაც, ეპისკოპოსებად ისეთ პიროვნებებს ასხამდნენ ხელს, რომლებიც, ერთის მხრივ, მაღალი სულიერი მისწრაფებებითა და მკაცრი მოღვაწეობით არ გამოირჩეოდნენ (გონისმიერი ლოცვის მოეპოვებისათვის ღვწაში), მაგრამ მეორეს მხრივ, არც მდაბალი მიდრეკილებები გააჩნდათ; ერთი სიტყვით, სათნო (კეთილი) ადამიანები იყვნენ[14]. აი, მაშინ დაინერგა ზემოხსენებული „აღმსარებლობითი“ ტრადიციაც (ეპისკოპოსად ხელდასხმისას), რომელსაც დღემდე ვინარჩუნებთ.
როდესაც ვინმეს ეპისკოპოსად ხელს ასხამენ, წარმოთქვამს „სარწმუნოების სიმბოლოს“, განმარტავს მას და სიკვდილამდე დოგმებისა და კანონების მტკიცედ დაცვის პირობას დებს. ამ გზით ეკლესია ინარჩუნებს მასწავლებლებს, ხოლო ამგვარად განსწავლულ ამა თუ იმ ეპისკოპოსს, მოშურნეობიდან გამომდინარე, შეუძლია მონასტერში წასვლა და დოგმების პირად ცხოვრებაში განხორციელება (გატარება)“.
მაშასადამე, დოგმა არა აზროვნების (ლოგიკის) შედეგი, არამედ ეკლესიის საიდუმლოს გამოთქმაა. თვალსაზრისი, რომ თეოლოგია წმინდა მამების მიერ გადმოცემული უბრალო ლოგიკური ნააზრევიაა, რომელიც შემდგომ დოგმებად გარდაქმნეს, მართლმადიდებლური ტრადიციისათვის უცხოა.
„ახლახანს წავიკითხე ერთ-ერთი კვლევა, რომლის თანახმადაც სულიწმინდის გამომავლობის შესახებ სწავლება ფოტი პატრიარქის ეპოქამდე უბრალოდ ნააზრევს წარმოადგენდა. ანუ წმ. მამები ამ თემას მერვე საუკუნემდე უბრალოდ მსჯელობის დონეზე ეხებოდნენ და წმ. ფოტის დროს სულიწმინდის შესახებ სწავლებამ უკვე დოგმის სახე მიიღო. თურმე მანამდე არსებულ არადოგმატურ სწავლებას, ამიერიდან, დოგმის სახე მივეცით.
პროტესტანტები და ანგლიკანები ცილს გვწამებენ იმაში, რომ მოსაზრება დოგმის რანგში ავიყვანეთ და ამგვარად, სქიზმა ჩვენვე გამოვიწვიეთ. ეს ნიშნავს, თუკი მანამდე არსებული სწავლება მხოლოდ ნააზრევს წარმოადგენდა, მაშინ, როდესაც მავანი სულიწმინდის გამომავლობას მამასთან ერთად ძესაც განუკუთვნებდა, ერეტიკოსად არ ჩაითვლებოდა, ახლა კი მწვალებლად ცხადდება, ვინაიდან VIII მსოფლიო კრებამ ასე განაჩინა“.

დ) დოგმის ანტიერეტიკული და თერაპიული დანიშნულება

ზემოთქმულში ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ დოგმა წმინდანთა გამოცდილების აღწერა და გამოცხადებამდე მიმყვანი წინამძღოლია (ამას ქვემოთ უფრო ნათლად დავინახავთ). იგი სხვა არაფერია, გარდა ერესების საწინააღმდეგო საშუალება და მორწმუნეთა მეწინამძღვრე.
„ეკლესიის დოგმები აქსიომებია[15], რომლებიც განწმენდის, განათლებისა და განღმრთობის გამოცდილებიდან მომდინარეობენ. მაშასადამე, ისინი ლოგიკური ნააზრევის შედეგი არაა, როგორც ეს დასავლელ თეოლოგებს, დოგმების ისტორიკოსებს და მათ მიმდევრებს მიაჩნიათ.
 [როგორც უკვე ითქვა], დოგმები ფილოსოფიურად მოაზროვნე ჭკვიანი თეოლოგების ლოგიკური ნააზრევი არაა, არამედ - წმინდა მამების მიერ ერეტიკოსებისაგან დასაცავდ გადმოცემული ეკლესიის მოძღვრება და ეს ყოველთვის კონკრეტული მწვალებლობების მიმართ ხორციელდებოდა.
ეკლესიას დოგმები არასოდეს გადმოუცია უნივერსიტეტების ფილოსოფიურად და მარჯვედ მოაზროვნე პროფესორი თეოლოგების მეშვეობით - ეს არასოდეს მომხდარა! ეს ისტორიულად დამოწმებული რეალობაა. პატერიკული ტრადიციის თანახმად, დოგმების გამოთქმა ამა თუ იმ ერესის მიმართ, ეკლესიის მისტერიული ცხოვრების გამოხატვა იყო. ერესი ეკლესიის გამოცდილების - რაც გულისხმობს განწმენდას, განათლებას და განღმრთობას - საპირისპირო მოვლენა გახლდათ, ხოლო მართლმადიდებლობა - მისი შესაბამისი“.
მსოფლიო კრებები იმ მოტივით ტარდებოდა, რათა ერესებსა და ერეტიკოსებს წინ აღდგომოდნენ და მორწმუნენი მათგან დასაცავად განესწავლათ; ამავდროულად, რათა ადამიანები განეკურნათ, უწყვეტი ლოცვის (ἀδιάλειπτη προσευχή) მოეპოვებაში დახმარებოდნენ და განღმრთობილიყვნენ. აი, ამ ყოველივეს გათვალისწინებით შეგვიძლია დოგმათა ღირსებაზე საუბარი.
„...მართლმადიდებელი ეკლესია არიანული ერესის გამო იძულებული შეიქნა დოგმატურ ფორმულირებაში ახალი ტერმინოლოგია დაენერგა, რათა იგი მართებულად გაგებულიყო და ქრისტიანებს მწვალებლობაში ჩავარდნის მიზეზით ცხონების საფრთხე არ შექმნოდათ“.
„წმინდა მამები, თერაპიული თვალსაზრისიდან გამომდინარე, საერთო ტერმინოლოგიის დადგენის პროცესში იყვნენ. ეკლესიას, რეალურად, თავისი შინაგანი სტრუქტურიდან (აგებულება) გამომდინარე - რაც განწმენდას, განათლებას, განღმრთობას, საიდუმლოებით ცხოვრებას და ა. შ. გულისხმობს - ეს დოგმატური ფორმულირებანი არ ესაჭიროება, მაგრამ იგი არსებობს სამოძღვრო დანიშნულებით და მორწმუნეთა ერეტიკოსებისაგან დასაცავად, რათა სწორი სწავლების ნიადაგზე [საბოლოოდ] განკურნებამდე მივიდნენ, რაც ერეტიკოსებთან გამორიცხულია“.
ამრიგად, ნათელი ხდება, რომ გარდა მწვალებელთა საწინააღმდეგო დანიშნულებისა, ტერმინოლოგია მორწმუნეთა კურნების როლსაც ასრულებს. ამიტომაც, დოგმა თერაპიულ ხასიათს ატარებს. ხსენებული მიუთითებს, რომ მართლმადიდებლური თეოლოგიის კრიტერიუმი არა მშრალი წესდება, არამედ - მკურნალობაა.
„დოგმათა თერაპიული მხარე ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან მამათა მიხედვით, თუკი მათ ადამიანი კურნებისათვის, როგორც წამლებად, არ გამოიყენებს - რადგან სწორედ ესაა დოგმათა დანიშნულებაც - მათ მიღებას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.
მაშ, დოგმა არის წამალი. თუმცა საკვირველი ისაა, რომ განღმრთობის მდგომარეობაში, როგორც წმინდა წერილი და მასთან ერთად ყოველი აზრი თუ სიტყვა უქმდება (ჩერდება, წყდება), იგივე ემართება დოგმასაც...
აი, აქ უკვე მთავარ საკითხსაც მივადექით: დოგმები მართლმადიდებელ ეკლესიაში განვითარდნენ?! მამები მათ ფილოსოფიურად გაგებასა და ერესების წინააღმდეგ ამგვარად დაპირისპირებას ცდილობდნენ?! თუკი გადახედავთ ამა თუ იმ მსოფლიო კრებას, ნახავთ, რომ ეკლესიის თითოეული სწავლების დოგმატიზირება არა სარწმუნოების გასაგებად (საწვდომად) ხდებოდა, არამედ - [ჭეშმარიტი] მოძღვრების შემრყვნელი მწვალებლების ეკლესიიდან გასაძევებლად; სარწმუნოების ფილოსოფიურად გულისხმის-ყოფასაც სწორედ ისინი ცდილობდნენ და არა - წმინდა მამები“.
დოგმები ადამიანს სწორი მიმართულებით - განღმრთობისაკენ მიუძღვიან.
„მავანმა დოგმის მიზანი უნდა იცოდეს, თუ რას გულისხმობს იგი პატერიკული ტრადიციის ხედვით; რომ იგი განწმენდისა და განათლებისაკენ მიმავალი ადამიანის დამხმარეა, ხოლო, როდესაც განღმრთობას მიაღწევს, დოგმა უქმდება და მის წინ მთლიანად წმინდა სამების საიდუმლო იშლება“.
„ღვთის შესახებ გადმოცემული დოგმები თავად მას (ღმერთს, მთარგ.) არ აცხადებენ, არამედ - განათლებისა და განღმრთობის გზას. თუკი დოგმას ღვთისმსახურებითი და ასკეტური ფარგლებიდან გავიყვანთ, არაფრის მომცემი და უმეტყველო ხდება. მას ფილოსოფიური გაგებით არსებობა ოდნავადაც არ ძალუძს. რატომ? - იმიტომ, რომ მამებისათვის ამოსავალი წერტილი არა განყენებული აზროვნება, არამედ - იესო ქრისტეა, ის პიროვნება, ვინც წინასწარმეტყველთ ეცხადებოდა, როგორც, მაგ., მოსეს ცეცხლმოკიდებულ მაყვლოვანში ანგელოზის სახით“.
ყოველი მეცნიერული და საზოგადოებრივი მიღწევა გამოკვლეულ უნდა იქნეს თუ რამდენად წარმატებული და ნაყოფის მომცემია იგი. ეკლესიის დოგმებთან დაკავშირებითაც იგივე უნდა ხდებოდეს. მათი წარმატებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებს განწმენდაში, განათლებასა და განღმრთობაში წარუძღვნენ.
„მართლმადიდებლური თეოლოგიის საზომი წარმატებაა. მაგრამ დოგმას რა ვუყოთ მაშინ, როდესაც განწმენდისა და განათლებისაკენ არავინ მიჰყავს?!
აქ, საბერძნეთში არიან ისეთი ფანატიკოსები, რომლებსაც განწმენდასა და განათლებაზე წარმოდგენაც არ აქვთ, მაგრამ დოგმის დასაცავად და ერესების საწინააღმდეგოდ დილიდან საღამომდე გაუჩერებლივ ლაქლაქებენ. ასეთ მართლმადიდებელზე რა უნდა ვთქვათ?! იგი უბრალოდ უმეცარია, რომელსაც კურნებაზე არაფერი სმენია.
ამ შემთხვევაში, ასეთი ადამიანი როგორ უნდა შევაფასო - როგორც მართლმადიდებლობისათვის ბრმად გადაგებული თუ წარმატებისაკენ მავალი?! თუკი წარმატება განწმენდა და განათლება არ არის, მაშ, სხვა რა უნდა იყოს?“
იგივე შეიძლება ითქვას კონსერვატიულად მოაზროვნე ადამიანებზეც, რომლებიც, თუმცა დოგმას [გარეგნულად] იწყნარებენ, მაგრამ თერაპიული გაგებით არ უყურებენ; დოგმასა და კურნებას შორის ვერანაირ კავშირს ვერ ხედავენ.
„დღეს, ელადაში უცხოელთა გავლენით არიან ცნობილი თეოლოგები, რომლებიც ცდილობენ, სახარებისეული უწყება და ქრისტიანობა სოციალურ ჭრილში განმარტონ, ე. ი., მათ (ანუ სახარებისა და ქრისტიანობის, მთარგ.) უპირველეს საზრუნავად საზოგადოებრივი საქმიანობა წარმოაჩინონ. აგრეთვე, ამ ადამიანთა შორის არიან ისეთი მართლმადიდებელი მორწმუნენიც, რომლებიც ტრადიციასა და დოგმებს ფორმალურად იცავენ, ზოგიერთ შემთხვევაში, ძალიან კონსერვატიულებიც არიან, მაგრამ დოგმებში თერაპიულ დანიშნულებას ვერ ხედავენ და მათ ერთმანეთთან საერთოდ არ აკავშირენბენ.
ისინი ფიქრობენ, რომ დოგმები, ასე ვთქვათ, კარადაში განსათავსებელად არსებობენ და პერიოდულად, საეკლესიო დღესასწაულებზე, პატივის მიგების მიზნით უნდა გამოვიტანოთ, მაგ.: „მართლმადიდებლობის ზეიმის“ კვირიაკეზე ან რომელიმე მსოფლიო კრებისა თუ წმინდა მამის ხსენების დღეს; ხოლო როგორც კი მსახურება დასრულდება, მტვრისგან ვწმენდთ და მაშინვე უკან, კარადაში ვაბრუნებთ, რათა მომავალი წლისათვის კვლავ გამოვაბრძანოთ და ასე, დაუსრულებლად ერთი და იგივე ვიმეოროთ.
დოგმებსა და კურნებას შორის ვერანაირ კავშირს ვერ ხედავენ. იქამდეც კი მივედით, რომ ერთმა ეპისკოპოსმა (არა საბერძნეთის ეკლესიის) კონფერენციაზე გვითხრა - არიოზი წმინდა ადამიანი იყო-ო. [ამის გაგონებაზე] პირდაღებულნი დავრჩით! ესე იგი, „არიოზი თავად წმინდანი იყო, მაგრამ უბრალოდ დოგმატურ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდა ცდომილებები-ო“. ამ ეპისკოპოსმა სიწმინდე, როგორც ჩანს, კარგ ადამიანობასთან (ზნეობრიობასთან, მთარგ.) გააიგივა[16]“.
დოგმის დანიშნულების [და მნიშვნელობის] გასააზრებლად ყურადსაღებია წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები: „ღმერთის გამოთქმა შეუძლებელია, გაგება კიდევ უფრო შეუძლებელი“.
„ჩვენ მრავალჯერ აღგვინიშნავს, რომ მართლმადიდებლურ ტრადიციაში დოგმის დანიშნულებას მისი ლოგიკურად გაგება არ წარმოადგენს. ჩვენ სიტყვიერად გადმოცემული სწავლება გვაქვს წმ. სამების შესახებ, განკაცების შესახებ და სხვ. მათი გონებრივად ჩაწვდომა შეუძლებელია. აკი მამებიც მიუთითებენ ამაზე, რომ „ღმერთის გაგება შეუძლებელია“. როდესაც ჩვენ ღმერთის შესახებ ვმეტყველებთ, ისინი (ანუ სიტყვები, მთარგ.) თავად ღმერთს არ გამოხატავენ. „ღმერთის გამოთქმა შეუძლებელია, გაგება კიდევ უფრო შეუძლებელი“.
თუკი სიტყვებისა და აზრების (ე. ი., სიტყვიერად გადმოცემული სწავლების, მთარგ.) დანიშნულება ღმერთის წვდომა არაა, ვინაიდან იგი ადამიანურ გაგებასაც და გამოთქმასაც აღემატება, მაშ რა არის?! - მათი ფუნქცია ღმერთთან გაერთიანებაა“.
როცა ადამიანი დოგმებს ამ პერსპექტივით არ უცქერს, თუ მათ ცხოვრებაში არ ახორციელებს, მაშინ რეალურად, ისინი თავიანთ დანიშნულებას კარგავენ და „ერესად“ გარდაიქმნებიან.
„ტერმინოლოგია ადამიანს მუდამ განწმენდისა და განთლებისაკენ უნდა მიუძღოდეს (იგი უნდა ინარჩუნებდეს ამ მდანიშნულებას), ვინაიდან მათ გარეშე გადარჩენა არ ხდება; ესაა ცხონება - განწმენდა და განათლება (κάθαρση και φωτισμός). ჩვენ მივიჩნევთ, რომ ცხონება მართლმადიდებლური დოგმების რწმენაა, მაგრამ ასე კერპთაყვანისმცემლებს ვემსგავსებით: დოგმებს კარადაში ვანთავსებთ და მათ წინაშე მხოლოდ მეტანიებს ვაკეთებთ, ცხოვრებაში კი არ ვახორციელებთ.
დოგმა არაა იმისათვის, რათა გწამდეს, არამედ რათა მათით ცხოვრებდე (განიცდიდე), რადგან გამოცდილების გარეშე იგი ერესად იქცევა. საშინელი სიშლეგეა ის, როცა ზოგიერთები თავიანთ კაბინეტებში სხედან და ჰგონებენ, რომ დოგმატურ საკითხებს გონებით ჩაუღრმავდებიან და ლოგიკურად გაიაზრებენ. ეს უდიდესი უგუნურებაა“.

ე) დოგმა და საეკლესიო ცხოვრება

წმინდა წერილი სულიწმინდისაგან განათლებული პიროვნებების მიერ დაიწერა, რომელთაც შემდგომში ეკლესია განმარტავს. ეკლესიის წიაღში ინდივიდუალურად არაფერი ხდება. აღნიშნული დოგმებსაც ეხება, რომლებიც განცალკევებით არ არსებობენ. ეს ნიშნავს, რომ დოგმატიკა არა უბრალოდ საგანი ან ეკლესიის ერთ-ერთი დარგია, არამედ მისი მისტიური ცხოვრების განუყოველი ნაწილი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება მარტო ის არაა, რაც დოგმატურ ტექსტებშია მოცემული, არამედ მთელი სარწმუნოება თეოლოგიური და დოგმატური შინაარსის მატარებელია“.
ამგვარად, საეკლესიო ცხოვრების ერთიანობის დაყოფა შეუძლებელია. მაგალითად, ეს იქნება გალობა, ხატწერა თუ ნებისმიერი სხვა საეკლესიო ხელოვნების დარგი, ყველაფერი დოგმატურ ხასიათს ატარებს.
„ამ გადმოსახედიდან მიმაჩნია, რომ მართლმადიდებლური ტრადიცია ყოველთვის ერთიანობაში უნდა განიხილებოდეს და არა ცალკეულად. შეუძლებელია ვინმემ თქვას, რომ - ეს დოგმატიკაა, ის - ეთიკა; აქეთ სოციოლოგიაა, იქით კი - გალობა და სხვ. ჩვენს ტრადიციაში  ყველა ცალკეული ელემენტი ერთიან საეკლესიო სინთეზს წარმოადგენს.
მაგ., საეკლესიო მუსიკაც დოგმატურ ხასიათს ატარებს. ეკლესიაში თავის ჭკუაზე ვერავინ იგალობებს; მასაც ზუსტად ისეთივე დანიშნულება აქვს, როგორიც თეოლოგიას, ანუ - მოღვაწეობითი (ასკეტური). თუკი ეკლესიაში დემონური შეგრძნებების გამომწვევი მუსიკა გვექნებოდა, მაშინ  იგი (მუსიკა, მთარგ.) ეშმაკისეულად ჩაითვლებოდა. ესე იგი, არა იმიტომ რომ, სიტყვაზე, ვნებიანი ტრფიალების (ἔρωτα)[17] გამომწვევი ეროტიკული საწყისი თავისთავად ბოროტებაა, არამედ ეკლესიის მიზანს - წმინდანებთან, ქრისტესთან და ღვთისმშობელთან ამგვარი ფორმით ურთიერთობა არ წარმოადგენს, როგორც ეს ლათინურ ეკლესიაში ხდება. მათ წმინდანების მიმართ ასეთი ვნებიანი დამოკიდებულებები (ἐρωτικές διαθέσεις) აქვთ, შესაბამისად მათი მუსიკაც ხორციელი (მიწიერი) და გრძნობითია.
კარგად დასაფიქრებელია ის, რაც ერთხელ დედამ მასწავლა, როცა ეკლესიაში წავედი. მან მკითხა: ვინ იგალობა ეკლესიაში-ო; მე ბერძნული კარგად არ ვიცოდი და მივუგე: დღეს ამან და ამან „იმღერა“-მეთქი. მაშინ დედამ მითხრა: „ჩემო ბიჭო, ეკლესიაში კი არ ვმღერით, არამედ ვგალობთ“-ო.
დასავლეთის ეკლესიის ამგვარი სიმღერები, ასეთი შესრულება მწვალებლური (მცდარი, მთარგ.) ხასიათისაა. რატომ? - იმიტომ, რომ მართლმადიდებლური სულიერებისგანაა დაცილებული. ასეთი მუსიკის ერთგული ადამიანი ვერასოდეს განიწმინდება, მეტადრე - განათლდება, ვინაიდან ამისათვის ერთიანი საფუძველია საჭირო. ადამიანი ასეთი არამართებული საეკლესიო მუსიკის მეშვეობით ჭეშმარიტი გზიდან მიიდრიკება. იკონოგრაფიასთან მიმართებითაც იგივე ხდება: თუკი ეკლესიაში მიქელანჯელოს, ლეონარდო დავინჩისა და სხვათა შემოქმედებას გამოვკიდებთ, მეეჭვება, რომ იქ [სალოცავად] მისვლა უწინდელივით მოგინდეს. ასევე, დიდ როლს თამაშობს, საკუთრივ, ტაძრის არქიტექტონიკაც“.
დოგმები არა მარტო მსოფლიო საეკლესიო კრებათა განჩინებანი გახლავთ, არამედ - თავად სახარებაც. თუკი პირველ სამი სახარება (მათე, მარკოზი, ლუკა, მთარგ.) კატექეტიკური ხასიათისაა, იოანეს სახარება, რომელიც ღვთის საიდუმლოებათა შესახებ საუბრობს, „მისტაგოგიური და დოგმატური მნიშვნელობისაა“.
„იოანეს სახარება უმთავრესად აპოლოგეტურ-დოგმატური შინაარსისაა, რომლის მიზანია ადამიანთა განათლება, როცა მათ უკვე განვლილი აქვთ განწმენდის ეტაპი და იწოდებიან „ახლადგანათლებულებად“ (νεοφώτιστοι).
შემთხვევითი არაა, რომ იოანეს სახარება აღდგომიდან სულთმოფენობამდე იკითხება. ამიტომაც, ეკლესიის მამებმა მას „სულიერი სახარება“ უწოდეს (და იგი ყველასთვის როდია განკუთვნილი, არამედ მათთვის, რომლებიც უკვე მოინათლნენ)“.
ამ პოზიციიდან უნდა შევხედოთ წმინდა ნაწილთა ღირსებასაც. როდესაც პიროვნება თეოზისს აღწევს, ბუნებრივია მისი სხეულიც განიღმრთობა და წმინდა ნაწილად იქცევა (სიწმინდედ). მაშასადამე, წმინდა ნაწილებს დოგმატური მნიშვნელობა აქვთ, ვინაიდან ისინი დოგმათა გამოცდილების შედეგია.
რა თქმა უნდა, ეკლესიის წიაღში ხშირად დოგმები ბოროტად, პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენება და არა - განწმენდის, განათლებისა და განღმრთობისათვის. ამას რომაელებსა და ფრანკებს შორის [ისტორიულ] დაპირისპირებაში ვაწყდებით.
„მთავარი ძალები, რომლებიც ერთმანეთს თეოლოგიურ ბრძოლათა ველზე შეერკინნენ, რომაელები და ფრანკები[18] იყვნენ. ფრანკები ეკლესიის სტრუქტურასა და დოგმას რომაელების მიმართ თავიანთი გავლენის შესანარჩუნებლად იყენებდნენ, რათა რომაული ეთნოსი „სამართლებრივ მორჩილებაში“ (ვასალად) ჰყოლოდათ. აგრეთვე, რომაელებიც კანონებსა და დოგმებს თავიანთი განმათავისუფლებელი ბრძოლისა და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად იყენებდნენ.
ორივე მხარე, ვითარებისა და საჭიროების შესაბამისად, ერთსა და იმავე იარაღებს იყენებდნენ. ესე იგი, ერთი და იგივე არგუმენტები კანონიკური სამართლიდან და „ფსევდო-ისიდორეს დადგენილებებიდან“[19], ხან ერთ მხარეს იყო, ხანაც - მეორე“.

ვ) დოგმების განვითარება

მსოფლიო კრებების დადგენილებების კვლევისას ადამიანი რწმუნდება, რომ, როდესაც ტერმინოლოგია განისაზღვრებოდა, ზოგჯერ, ერესებთან ბრძოლის შესაბამისად იცვლებოდა კიდეც. ესე იგი, საქმე ეხება არ დოგმის, არამედ ტერმინოლოგიის განვითარებას.
„შეუძლებელია დოგმის განვითარება და ამის საფუძველზე მისი გაგება, ვინაიდან იგი ადამიანური ლოგიკის საგანს არ წარმოადგენს - არამედ განღმრთობისა და ღვთისჭვრეტის გამოცდილების გადმოცემას“.
ზოგიერთი მცდარად ამტკიცებს, რომ ეკლესია დროის გასვლასთან ერთად დოგმებს უფრო მეტად უღრმავდება და იგებს. ეს არასოწორი მიდგომაა.
„ეკლესიის ძველ ტერმინოლოგიას ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. როდესაც დასავლელები ამ ტერმინოლოგიას იკვლევდნენ, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ძველი ქრისტიანები მკაცრი არიანელები თუ არა, მინიმუმ, ნახევრადარიანელები (ზომიერი არიანელები) მაინც იყვნენ.
მათი რწმენით, ეკლესია დროთა განმავლობაში თავის მოძღვრებას უღრმავდება და დოგმებთან დაკავშირებულ ცოდნას თანდათან აუმჯობესებს, მაგრამ იმას კი აღარ უკვირდებიან, რასაც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს - „ღმერთის გამოთქმა შეუძლებელია, გაგება - კიდევ უფრო შეძლებელი“.
თუკი ვატიკანის მეორე კრების (1962-1965 წწ) ტექსტებს გადახედავთ, მასში ხაზგასმულად ნახავთ, რომ ეკლესია დროთა განმავლობაში დოგმებს უფრო უკეთ იგებს (წვდება). მაგრამ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ჩვენ გვეუბნება, ადამიანმა სრულყოფილ მდგომარეობასაც რომ მიაღწიოს - „ღმერთის გამოთქმა შეუძლებელია, გაგება - კიდევ უფრო შეუძლებელი“; ისინი კი ამბობენ - [თანდათანობითი] „სიღრმისეული გააზრება“, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის არც გაგება და არც გამოხატვა არ ძალგვიძს“.
მართლმადიდებლურ თეოლოგიაში რამის თქმაც კი წარმოუდგენელია სულიწმინდის შესახებ სწავლების სრულყოფაზე (განსრულებაზე).
„ერთი ათენელი თეოლოგი, რომელიც ევროპაში ხშირად მოგზაურობს, ხმებს ავრცელებს, რომ, თურმე, მამებს სულიწმინდის შესახებ მოძღვრება ჯერაც არ ამოუწურავთ (განუსრულებიათ) და ამიტომ ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ-ო... ეს, რომ გავიგე, ძალიან ვიცინე. ამაზე სხვებიც საუბრობენ.
აღნიშნული მოვლენა ახალ „პნევმატოლოგიურ“[20] ერესს წარმოადგენს. აქედან ასკვნიან, რომ მამები შეცდნენ, როცა დოგმა არ განასრულეს“.
მეცნიერებას, რომელიც დოგმათა წარმომავლობას, მათ ტერმინოლოგიურად ჩამოყალიბებასა და ზოგადად, ისტორიას შეისწავლის, დოგმების ისტორია ეწოდება.
დასავლეთში დოგმებს ისე იკვლევენ, რომ ტერმინოლოგიის გამოყენების მნიშვნელობას ამა თუ იმ საუკუნესთან მიმართებით, ვერ იგებენ. ამრიგად, დოგმების ისტორია თეოლოგიური ტერმინოლოგიის განვითარების კვლევითაა დაკავებული.
„დოგმათა ისტორიის ძირითადი საკითხი ტერმინოლოგიას შეეხება, ვინაიდან [დროის მსვლელობის შესაბამისად] თეოლოგიას ახალი ტერმინოლოგია ემატება და ზოგჯერ, ამა თუ იმ ტერმინთა თავდაპირველი მნიშვნელობა იცვლება. მაგალითისთვის, ზოგიერთი სიტყვა, რომელიც IV ს-ში გამოიყენებოდა, იგივე სიტყვებს I ან II სს-ის თეოლოგიაში ისეთივე მნიშვნელობა არ ჰქონდა.
დასავლელი თეოლოგები ვერ ხვდებიან, რომ არა დოგმის შინაარსი, არამედ ტერმინოლოგიის გამოყენების ფორმა იცვლება. ისინი აღნიშნულმა ცდომილებამ ისეთ ზომამდე მიიყვანა, რომ [საეკლესიო მოძღვრების] განვითარებაზე საუბრობენ, ანუ რომ I და II ს-ის თეოლოგია ერთმანეთის იდენტური არაა. მაშასადამე, იგი მუდმივად ივცლება და ფორმირდება.
ამ თემის გარშემო პაპისტებსა და პროტესტანტებს შორის სერიოზული დავები გაჩაღდა. ამის მიზეზით ბევრი მამათა სწავლების კვლევით დაკავდა და „დოგმათა ისტორიის“, „პატროლოგიის“, [როგორც მეცნიერების] საწყისები სწორედ აქედან მომდინარეობს“.
არსებობს თანამედროვე ღვთისმეტყველთა სხვადასხვა დოგმატური სახელმძღვანელო, რომლებიც დოგმების განმარტების პატერიკული მეთოდით არ დაიკვეხნიან, ამიტომაც ისინი დოგმების დანიშნულებას სწორად არ მარტავენ.
„აიღეთ წარსულში - ეს იქნება რუსი, ბერძენი თუ რუმინელი თეოლოგების მიერ - დაწერილი ნებისმიერი დოგმატური სახელმძღვანელო და ნახავთ, რომ ისინი მამათა ღვთისმეტყველების მიმართულებას არ შეესაბამება. საეჭვოა, მათი ხელმძღვანელობით ვინმემ განათლებას მიაღწიოს, მეტადრე - განღმრთობას.
წმინდანთა საქმეებსა და თეორეტიკოსების თეოლოგიას შორის წინააღმდეგობრიობა არა მხოლოდ დასავლეთის პრობლემაა, არამედ - აღმოსავლეთისაც“.
განსხვავებულმადიდებელი[21] დასავლელი თეოლოგები განმსჭვალულნი არიან დოგმატების ამგვარი განმარტებითი მიდგომით და ამიტომაც, რწმენასა და ცოდნასთან დაკავშირებითაც დიდი პრობლემა აქვთ. ამასთან ერთად, ჩვენს წიაღშიც დასავლური თეოლოგიის გავლენა იკვეთება.
„მართლმადიდებელ ეკლესიაში ჭეშმარიტების გაგების განვითარებასთან დაკავშირებული ხედვა შეიმჩნევა. თუკი დასავლელი დოგმატოლოგების თხზულებებს წაიკითხავთ, ნახავთ, რომ წმ. მამებს ისეთ ადამიანებად წარმოაჩენენ, რომლებიც რწმენის ცოდნის რანგში აყვანას ცდილობენ.
არ მომწონს, როდესაც ვინმეზე სახელობითად, დაკონკრეტებით ვსაუბრობ და არც ეხლა მსურს, მაგრამ აქ, საბერძნეთში ლექტორებად მეც მყავდა  ისეთი პროფესორები, რომლებიც რწმენასა და ცოდნაზე სწორედ ასე საუბრობდნენ... მათ ნაშრომებში ჩანს, რომ ერთნი მხოლოდ რწმენას (η πίστη) ანიჭებდნენ უპირატესობას, მეორენი კი რწმენის ცოდნით (η γνώση) ჩანაცვლებას ცდილობდნენ.
ერთ-ერთი, ვინც რწმენის შეუბღალავობის მოტივით ფილოსოფიას დაუპირისპირდა, იყო ტერტულიანე. აგრეთვე, ზოგი ფილოსოფიის სასარგებლოდ რწმენას ცოდნით ანაცვლებდა, ზოგი - პირიქით. აი, ეს ყოველივე პატერიკული ტრადიციის კარიკატურებია. ჩემთვის გაუგებარია, აღნიშნულ თემაზე ასე ბავშვური (არასერიოზული) მიდგომა როგორ შეიძლება“.
როდესაც წმ. მამები [ეკლესიის სწავლებათა] დოგმატიზირებას ახდენდნენ, ეს არ იყო რწმენის სიღრმისეული გააზრების შედეგი, არამედ - აპოკალიფსური (გამოცხადებითი) გამოცდილების ტერმინებით გადმოცემა. მაშასადამე, განვითარება არა რწმენას (რაც გამოცხადებითია), არამედ - ტერმინოლოგიას ეხება.

ზ) დოგმები და ფილოსოფია

ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს, რომ თეოლოგია ფილოსოფიას არ უკავშირდება, რადგანაც ამ ორის გზა ერთმანეთისგან განსხვავებულია. თეოლოგია ღვთისჭვრეტას ეფუძნება, ხოლო ფილოსოფია - ადამიანურ სიტყვას, ლოგიკურ აზროვნებას. ამგვარად, წმინდა მამები მჭვრეტელი ღვთისმეტყველები იყვნენ და არა - ფილოსოფოსები. და როდესაც სწავლების დოგმატიზირებას ახდენდნენ, ამას ფილოსოფიური წესით არ იქმოდნენ.
„ბევრი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეკლესიის მამები დოგმების გასაგებად ფილოსოფიას მიმართავდნენ, და რომ მართლმადიდებლებსა და ერეტიკოსებს შორის დავა გულისხმობდა იმას, თუ ლოგიკურად ვის უფრო სწორად ესმოდა დოგმა, მაგრამ ეს არის მითი. დოგმატების ამგვარი ხედვა ერეტიკოსებს ჰქონდათ  და არა - მამებს“.
წმინდა მამები არ ფილოსოფოსობდნენ, არამედ ისინი დოგმატურ ცოდნას ფლობდნენ. აზროვნება ლოგიკის (გონების) ერთგვარი ვარჯიშია, რომელსაც მართლმადიდებლური თეოლოგიის [პიროვნულ] განცდასთან კავშირი არ აქვს. თუკი ღვთისმეტყველება ლოგიკაზე იქნებოდა დამყარებული, მაშინ დიდ (ნამდვილ) თეოლოგად დოგმატოლოგი ან დოგმათა ისტორიკოსი ჩაითვლებოდა.
„როდესაც ადამიანი კარგად გაითავისებს, რომ - „ღმერთის გამოთქმა შეუძლებელია, გაგება - კიდევ უფრო შეუძლებელი“, მაშინ იგი თანემედროვე ღვთისმეტყველთა მისწრაფებებსა და მცდელობებსაც მიხვდება.
თეოლოგიური სასწავლებლების სტუდენტებს შთაბეჭდილება რჩებათ, რომ უნივერსიტეტის პროფესორი - დოგმატოლოგი ან დოგმათა ისტორიკოსი - თუ ძალიან ჭკვიანი და ღრმად მოაზროვნეა, შესწავლილი აქვს ფილოსოფია, ლოგიკა და სხვ., შეუძლია ღმერთს და დოგმატებს ჩაწვდეს. და ამიტომ, როცა ამბობს - ერთი არსება, სამი ჰიპოსტასი, თითქოს ეს უკვე ყველაფერია. ყველა ასეთი პროფესორი გრიგოლ ღვთისმეტყველის ამ სიტყვების უმეცარია: „ღმერთის გამოთქმა შეუძლებელია, გაგება - კიდევ უფრო შეუძლებელი“.
დოგმას მეტაფიზიკურად[22] ვერ მიეახლები. დასავლეთში მეტაფიზიკას ფესვი აქვს გადგმული და ეს დოგმებთან მიმართებითაც აისახება. ამიტომაც, დასავლური დოგმატიკა წარმატებას ვერ აღწევს.
„დოგმასთან მეტაფიზიკური მიახლება შეუძლებელია“.
„რადგანაც დასავლეთში მეტაფიზიკა გაბატონდა, მიიჩნიეს, რომ იგი წარმატებისგან დამოუკიდებელია...
მეტაფიზიკა შეიძლება ერთგვარი ჭეშმარიტება (αλήθεια) იყოს, რომელსაც არანაირი წარმატება არ ჰქონდეს... მართლმადიდებლებიც, რომლებიც ამ მეთოდს მიჰყვებიან, თეოლოგიურ თემებს მეტაფიზიკურ ჭრილში განიხილავენ და იგივე სულისკვეთება ამოძრავებთ. ამიტომაც, ისინი დოგმებს მეტაფიზიკურ ფენომენებად მიიჩნევენ, რომელთაც წარმატების ცნებასთან კავშირი არ აქვთ და მისგან გამიჯნულად არსებობენ; აქედან გამომდინარე, თავისთავად ჭეშმარიტებას წარმოადგენენ“.  
მაგრამ წმინდა მამები მეტაფიზიკოსი ფილოსოფოსები არ იყვნენ[23] და ამიტომ მართლმადიდებლური ტრადიციის მეტაფიზიკური კუთხიდან განმარტება შეუძლებელია.
„ეკლესიის მამები მეტაფიზიკას არ მიმართავდნენ, რადგანაც იგი „უცვალებლის“ (αμετάβλητος) [ანუ ღმერთის] შესახებ ადამიანური აზროვნების კატეგორიაა, და სწორედ ეს არის მეტაფიზიკური ფილოსოფიის საფუძველიც.
ჩვენ კი პატერიკულ ტრადიციაში გრიგოლ ღვთისმეტყველის გენიალური ფრაზა გვაქვს: „ღმერთის გამოთქმა შეუძლებელია, გაგება - კიდევ უფრო შეუძლებელი“. ეს თითოეული მართლმადიდებელი ღვთისმეტყველისთვის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, სიტყვებსა და აზრებს ღმერთის არც „გამოთქმა“ და არც რეალური სახის გაცხადება არ ძალუძს, არამედ მათ უბრალოდ სამოღვაწეო დატვირთვა აქვთ, რომელთა მეშვეობითაც ადამიანი განღმრთობის გამოცდილებას[24] აღწევს, თუ რა თქმა უნდა, ოდესმე მიაღწია.
მაშასადამე, დოგმის დროებითი ხასიათი მართლმადიდებლურ თეოლოგიას ყოველგვარი მეტაფიზიკისაგან მიჯნავს. შეუძლებელია მეტაფიზიკის პატერიკულ ტრადიციაზე დამყარება. ამიტომაც, თეოლოგიის ფილოსოფიური მეთოდი ჩვენთვის სრულიად უცხოა“.
დასავლური თეოლოგია მეტაფიზიკას მჭიდროდ დაუკავშირდა და ამიტომ, „განმანათლებლობისაგან“ სერიოზული წინააღმდეგობა განიცადა.
„ფრანგული განმანათლებლობის მთავარ დამახასიათებელ ნიშანს ანტი-მეტაფიზიკური (αντι-μεταφυσική) განწყობა წარმოადგენდა. მისი მცდელობა და მიზანი იყო, რომ დოგმატები - რომელთა წარმომავლობაც სადღაც ზეციდანაა და ადამიანისათვის უხილავია - არავის მიეღო, არამედ ჭეშმარიტების დასტური თავად ადამიანივე, ადამიანური ცოდნა ყოფილიყო“.
თუმცა ასეთი რამ მართლმადიდებელ ეკლესიაში არ ხდება, რომელიც მიიჩნევს, რომ დოგმატები განღმრთობის გამოცდილების გადმოცემაა და არა ლოგიკური ნააზრევი.
მაშინ, როცა მართლმადიდებლურ თეოლოგიაში დოგმატები განღმრთობის ემპირიის ნაყოფია და თეოზისის გზის მაჩვენებლები, დასავლეთში ისინი ლოგიკური აზროვნების სფეროს უკავშირდებიან და ასევე, საიდუმლოსთან (მისტერიასთან) იგივდებიან.
„ძველი თეოლოგებიდან ავგუსტინე ერთადერთია, რომელმაც დოგმა და საიდუმლო ერთმანეთში აღრია და მიიჩნია, რომ დოგმის მეშვეობით საიდუმლოს წვდომა შესაძლებელია. საპირისპიროდ, ეკლესიის მამებისათვის დოგმა არა [სამების] საიდუმლოს გაგების, არამედ - მასთან გაერთიანების (ένωση) მეწინამძღვრეა, რაც ყოველგვარ ადამიანურ კატეგორიებზე მაღლაა“.
ამრიგად, თეოლოგია ფილოსოფიასთან გაიგივდა. გარდა ამისა, სამების დოგმა ბუნებრივი (φυσική) გამოცხადების სფეროს კუთვნილებად მიიჩნევა, ხოლო განკაცების დოგმა - ზებუნებრივის (υπερφυσική).
„ავგუსტინეს სჯეროდა, რომ თეოლოგია ფილოსოფიის მსგავსია, რომ იგი ადამიანის ერთგვარი აზროვნებისმიერი მცდელობაა ჭეშმარიტების მოსახელთებლად. ეს ნიშნავს ჭეშმარიტების ფილოსოოფიის გზით მოპოვებას. ნეტარი ავგუსტინესათვის წმინდა სამების დოგმა ზებუნებრივ გამოცხადებას არ გულისხმობდა. მაგრამ ის, რაც ზებუნებრივ გამოცხადებას წარმოადგენს, არის ღვთის სიტყვის, ქრისტეს განხორციელება; ესე იგი, სწავლება განკაცების, საღვთო მადლის, დაცემისა და ცოდვის შესახებ. აი, მხოლოდ აღნიშნული წარმოადგენს ზებუნებრივი გამოცხადების სფეროს, ხოლო სამების დოგმა - არა.
თუმცა მოგვიანებით, შუა საუკუნეებიდან, დასავლურ ტრადიციაში ზებუნებრივი გამოცხადება უკვე სამების დოგმასაც განუკუთვნეს. ამიტომ, თუკი პაპისტური ეკლესიის (Παπικής εκκλησίας) ნეოსქოლასტიკურ თხზულებებს წაიკითხავთ - ასე ვთქვათ, უპირველესად დოგმატური თვალსაზრისით - ნახავთ, რომ იგივეს აღარ წერენ, ანუ სამების შესახებ სწავლება ზებუნებრივი გამოცხადების რანგშია აყვანილი და აღარაა ბენებითი გამოცხადების სფერო“.
გარდა ამისა, ავგუსტინე პირველ პლანზე რწმენას აყენებდა და შემდეგ ცოდნას. ამბობდა, რომ დოგმატებს ჯერ [რწმენით] ვიწყნარებთ, რათა შემდგომ გონებით მივწვდეთ და გავიგოთ ჭეშმარიტება.
„ავგუსტინეს ნარომის, „Contra Academicos“-ის ბოლოს წინა თავში (რომელიც წიგნის სხვა ყველა თავს აჯამებს) უმნიშვნელოვანესი ცნობაა მოცემული, რომელიც ასე ჟღერს: გვწამს, „რათა ჭეშმარიტება შევიმეცნოთ“ (ίνα  γνωρίσωμεν την αλήθειαν). ესე იგი, მწამს, რათა გავიგო.
 მთელი შუა საუკუნეების სქოლასტიკური თეოლოგიის მთავარ წინაპირობაა: ჭეშმარიტება, რომ გაიგო, პირველ რიგში, უნდა ირწმუნო. და როცა ირწმუნებ, მაშინ ლოგიკის მეშვეობით მიწვდები კიდეც“.
დასავლეთში ამტკიცებენ, რომ ფილოსოფიური მეთოდითა და ღრმა აზროვნებით შესაძლებელია სარწმუნოების დოგმატების გაგება. ეს არის მართლმადიდებლური ტრადიციისაგან რადიკალურ განსხვავება, სადაც დოგმატები გამოცდილების ნაყოფია და არა - ადამიანური უნარების.
„ავგუსტინეს ეს მეთოდი, რომ რწმენითა და ფილოსოფიური აზროვნების დახმარებით ეკლესიის დოგმატების გაგებამდე მივალთ, ფრანკული (φραγκική) ტრადიციის საფუძველი გახდა.
პატერიკული ტრადიციის მიმართ ამგვარი ხედვა, რომ რწმენა ცოდნად უნდა გარდაიქმნს და ეს ფილოსოფიის შემწეობით ხორციელდება, ყველა იმ სახელმძღვანელოს გასდევს წითელ ხაზად, რაც კი ვიცი და წამიკითხავს აქ, საბერძნეთში - გიმნაზიიდან დაწყებული უნივერსიტეტით დამთავრებული.
აქ ელინური განათლების ცნობიერებაში - ადამანდიოს კორესის ზეგავლენით[25] - ამგვარი ნეოელინური თეოლოგია დაინერგა. აუცილებლად მიიჩნიეს, რომ ესა თუ ის სისტემატიკოსი თეოლოგი ან დოგმატოლოგი ფილოსოფიის მცოდნე უნდა ყოფილიყო, რათა სარწმუნოების დოგმები სწორად გაეგო, მაშინ როცა პატერიკულ ტრადიციაში - განწმენდა, განათლება და განღმრთობა გვაქვს“.
გარდა ამ მცდარი მეთოდისა, რომ რწმენა ცოდნის წინამორბედია, დასავლეთში ავტორიტეტად ეკლესიაა, როგორც ასეთი, მიჩნეული და არა - განღმრთობილი მამები, როგორც მართლმადიდებლურ ტრადიციაში.
„ავგუსტინე აწინაურებს რწმენას და შემდეგ აყოლებს ცოდნასაც (γνώση). მისი ამოსავალი წერტილი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს ჭეშმარიტების შემეცნება მარტოოდენ ლოგიკის მეშვეობით არ ძალუძს, არამედ - ლოგიკას რწმენასთან ერთად. ამის შემდეგ კი რწმენის საშუალებით უკვე დოგმატებსაც გულისხმა-ჰყოფს. ესე იგი, [როგორც აღინიშნა] ცოდნის წინამორბედი რწმენაა.
ამ მიდგომამ ავგუსტინეს კიდევ ერთი საინტერესო თეორია განავითარა: რატომ ვიწყნარებთ დოგმატებს? - იმიტომ რომ ისინი ეკლესიის სწავლებებს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, ავგუსტინესთვის  მათი მიღების მიზეზი ეკლესიის ავტორიტეტია (ავთენტურობა).
ეს პირველი შემთხვევაა, როცა [მართლმადიდებლობაში] ამგვარი თვალსაზრისი ჩნდება, ვინაიდან ჩვენთვის ავტორიტეტი არა ეკლესია, არამედ - წმინდა მამებია; ესე იგი, არა ეკლესიის განყენებულ იდეა, რომელიც ერთგვარი იერარქიული მოწყობის სისტემით ხასიათდება, არამედ - „ემპირიის მქონენი“ (οι εμπειρίαν έχοντες). ჩვენი მხრიდან დოგმათა მიღების მიზეზი განღმრთობილი მამები (οι θεούμενοι) არიან. ესა თუ ის განღმრთობილი წმ. მამა, რომელიც ღმერთის უშუალო ცოდნას ფლობს, ჩვენი სარწმუნოების ფუნდამენტს წარმოადგენს, იმიტომ, რომ ჩვენ, რომელთაც ღმერთის ცოდნა არ გვაქვს, იმ ადამიანთა სწავლებას ვიწყნარებთ, რომელთაც აქვთ. როგორც ეს მაგალითად ასტრონომიის მეცნიერებაში ხდება: ტელესკოპებიდან ზეციურ სხეულებს ყველანი ვერ ვაკვირდებით, რომ მერე მათ შესახებ საუბარი შეგვეძლოს, არამედ ამ საქმისთვის ასტრონომები არსებობენ, დაკვირვებებსაც თავადვე აღწერენ და ჩვენთვის სურათებსაც იღებენ. და როდესაც ასტრონომიის შესახებ რომელიმე წიგნს ვშლით, ჩვენ მათი გამოცდილების მიმართ ნდობით ვართ აღჭურვილნი; ვკითხულობთ მათ და ვიწყნარებთ, რადგანაც ამ ადამიანთა უტყუარობაში დარწმუნებულები ვართ.
იგივენაირად ხდება ღვთისმჭვრეტელ მამებთანაც: მათ ღმერთი იხილეს, ჩვენ კი მათ სწავლებას ვიწყნარებთ, რათა ამ [მაღალ სულიერ] მდგომარეობამდე მიღწევის შესაძლებლობა ჩვენც გვქონდეს. აი, მაშინ, ჩვენც იგივე ემპირიასა და სწავლებას შევიძენთ“.
ასევე, ავგუსტინესთან წმინდა სამების ფსიქოლოგიურად განმარტების მცდელობას ვხვდებით.
„ავგუსტინეს ნაშრომს „De Trinite“-ს, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.   აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მან წმინდა სამების შესახებ ერთგვარი ფსიქოანალიზი გააკეთა: ადამიანური ფსიქოლოგია აიღო - ამ შემთხვევაში იგი ნეოპლატონიკოსი გამოდის - და სამება ღმერთს შეუთავსა, რათა დოგმა ამგვარი გზით განემარტა და გაეგო. ანუ მან ღმერთი ადამიანურ გონთან, მეხსიერებასა და ლოგიკასთან გააიგივა, რათა სამების დოგმას ფსიქოლოგიური გზით ჩაწვდომოდა. აქედანვე იწყება სქოლასტიკური თეოლოგია. ისინი (სქოლასტიკოსები, მთარგ.)ნაცვლად იმისა, რომ ასკეტურად ცხოვრობდნენ (მოღვაწეობდნენ), თავიანთ კაბინეტებში სხედან და სამების არსის გასაგებად ფილოსოფიურად ბჭობენ. მიაჩნიათ, რომ ეს არის თეოლოგების მთავარი საქმე. ევროპის მონასტრების დიდი სასწავლებლებიც სწორედ ასეთ ნიადაგზე დაფუძნდნენ“.

დასკვნა: როგორც მრავალჯერ აღინიშნა, დოგმა წმინდანთა გამოცხადების (განღმრთობის, მთარგ.) გამოცდილების ნაყოფია, რომელიც შემდგომში ადამიანებს კვლავ განღმრთობისკენ მიუძღვის. მაშინაც კი, როცა ღმერთი ცხადდება, იგი თავისი არსებით საიდუმლო და მიუწვდომელი რჩება, აქედან გამომდინარე, უცნობიც; თუმცა ღმერთთან ზიარება და შემეცნება მისი ენერგიებით (მოქმედებები) ხორციელდება. როცა საჭიროება ითხოვს, ღვთისმჭვრეტელი წმინდანი თავისი გამოცდილების დოგმატიზირებას (ფორმულირება) ახდენს, რათა ეს ემპირია ეკლესიას შემოუნახოს და მორწმუნეებს [ცხონების გზაზე] შეუცდომლად წარუძღვეს.



შენიშვნები:
 
[1] ცნობილი ბერძენი დოგმატოლოგი, ათენის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების პროფესორი კონსტანტინე სკუტერისი (1939 - 2009) კაბადოკიელებზე დაყრდნობით შემდეგს გვაუწყებს:

„კაბადოკიელი მამებისათვის უმნიშვნელოვანესი ტერმინი „თეოლოგია“ (θεολογία) ნიშნავს ღვთაების შესახებ ქადაგებას…
წმ. ბასილი დიდი სამების თეოლოგიაზე საუბრისას აღნიშნავს: „ის, ვინც სწორად ღვთისმეტყველებს და მამის, მხოლოდშობილი [ძის] ღვთაებისა და სულიწმიდის დიდებულების შესახებ მართებული აზრიდან არ ეცემა, უფალს დიდებასა და პატივს უძღვნის“ (PG. 29, 284 C – 258 A).
მეორე მხრივ, გრიგოლ ნაზიანზელი ერთმანეთისგან განარჩევს „განგებულებას“ (οικονομία/ იკონიმია) - ესე იგი, ღვთის სიტყვის განხორციელებით ადამიანის გამოხსნის შესახებ განზრახვას - და „თეოლოგიას“, რომელსაც ღვთის შესახებ სიბრძნისმეტყველებას უწოდებს, თან კატეგორიულად დასძენს: „როდესაც ღმერთზე ვსაუბრობ, მამაზე, ძეზე და სულიწმიდაზე მივუთითებ“.
ბოლოს კი, ნისიის თვალსაჩინო ეპისკოპოსი გრიგოლი წარმოაჩენს, რომ: „ერთია ღმერთი, ვინაიდან ღვთაებას, რომელსაც მამაში ვხედავ, იმავეს ვხედავ ძეშიც. და [ასევე], რასაც სულიწმიდაში ვხედავ, იმავეს - ძეშიც… ამიტომაც გვაქვს ერთი თაყვანისცემა და დიდებისმეტყველება… ჭეშმარიტი თეოლოგია“ (PG. 44, 260 D).
ამრიგად, ღვთისმეტყველება სამება ღმერთის შესახებ მოძღვრებას გულისხმობს, ანუ იგი უპირველესად ტრიადოლოგიაა“.

(ΚΩΝΣΤΑΝΤΙΝΟΥ Β. ΣΚΟΥΤΕΡΗ, Η ΕΝΝΟΙΑ ΤΩΝ ΟΡΩΝ «ΘΕΟΛΟΓΙΑ», «ΘΕΟΛΟΓΕΙΝ», «ΘΕΟΛΟΓΟΣ», ΑΘΗΝΑ 2016: 199-200).


[2] წინამდებარე თარგმანში ბრჭყალებში („“) ჩასმული და დახრილი შრიფტით წარმოდგენილი ციტატები უშუალოდ პროტოპრესვიტერ იოანე რომანიდისს ეკუთვნის.

[3] θεοφάνεια - ღმერთის გამოცხადება, გამოჩინება.

[4] იხ.: ესაია, 9: 6.

[5] η θέωση - განღმრთობა, მადლით ღმერთყოფა.

[6] ამ საკითხზე ასევე იხ.: ΚΩΝΣΤΑΝΤΙΝΟΥ Β. ΣΚΟΥΤΕΡΗ, ΑΘΗΝΑ 2016: 210-214.

[7] შდრ.: 1 კორ. 13: 8-12.

[8] აქ მამა იოანე რომანიდისი შემდეგს გულისხმობს: როდესაც მოღვაწე ვნებათაგან განიწმინდება და განათლდება, ამის მერე იგი სულიწმინდისგან განღმრთობის ღირსი ხდება, რაც სამების უქმნელი ნათლის (დიდების) ჭვრეტაა. წმინდანი ამ განღმრთობის მდგომარეობაში იმდენ ხანს რჩება, რამდენსაც ღმერთი მოისურვებს, ხოლო როდესაც ამ აღტაცებიდან გამოვა, კვლავ განათლების საფეხურზე ინაცვლებს, სანამ ღმერთი კვლავ მიანიჭებს განღმრთობის გამოცდილებას.
მამა იოანე ამის შესახებ სხვაგანაც საუბრობს: „...განმაღმრთობელი მადლი მხოლოდ მათში მოქმედებს, ვინც განღმრთობას აღწევს და ეს სტადიებად იყოფა. პირველი საფეხური უბრალო გამობრწყინებაა (გამონათება); ღვთის დიდების გამობრწყინების განმცდელთ „განბრწყინებულნი“ (ελλαμφθέντες) ეწოდებათ. ეს მომენტი ერთი წამიდან რამოდენიმე წუთამდე გრძელდება, ესე იგი, ცოტა ხნით. შემდეგ, მას მეორე სტადია მოჰყვება, რაც უქმნელი ნათლის ჭვრეტაა (θέα του ακτίστου Φωτός), ხოლო მასში მონაწილენი ღვთისმჭვრეტელნი (θεοθέντες) არიან. მესამე, სრულყოფილი საფეხური კი ხანგრძლივი ჭვრეტაა. აი, ესაა განმაღმრთობელი ენერგიის გამოცდილების კლასიფიკაცია“.
ასევე: „განათლება გარკვეული უწყვეტი (ὰδιάλειπτος) მდგომარეობაა, რომელიც, არც დღეღამეში, და არც ძილში არ წყდება („მე მძინავს, და გული ჩემი მღვიძარე არს“. - ქებათა ქება, 5: 2); ხოლო განღმრთობა მდგომარეობაა, რა დროსაც მავანი ღმერთის დიდებას (δόξαν τοῦ Θεο) ხედავს და ეს გრძელდება რამდენი ხანიც ღმერთს სურს. განათლებულმა [ადამიანმა] შესაძლოა ვერასოდეს მიაღწიოს განღმრთობას. ღმერთი გადაწყვეტს თუა აუცილებელი, რომ მას ამ მდგომარეობაში წარუძღვეს, და თუ ამას არ აკეთებს, ესე იგი, ასე უმჯობესია მისი სულისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დაზიანებულიყო, მაგ.: ამპარტავნებაში ჩავარდნილიყო. მაშასადამე, ღმერთი მავანს იმ შემთხვევაში განაღმრთობს თუკი ეს მისთვის სულიერად უხიფათო და აუცილებელია: ან [სულიერად] განმტკიცებისთვის, ან მოძლიერებისთვის, ან რაიმე მისიისათვის წინასწარშესამზადებლად“ (Πρωτοπρ. Ἰωάννου Σ. Ρωμανίδου, Πατερική Θεολογία, Α ἔκδοση, Θεσσαλονίκη 2004: 172; 49-51).
ლოცვისა და ჭვრეტის სხვადასხვა ხარისხების შესახებ იხ.: ΙΣΑΑΚ ΤΟΥ ΣΥΡΟΥ, ΛΟΓΟΙ ΑΣΚΗΤΙΚΟΙ (ΚΖ-ΞΑ), ΦΙΛΟΚΑΛΙΑ ΤΩΝ ΝΙΠΤΗΚΩΝ ΚΑΙ ΑΣΚΗΤΙΚΩΝ, 8Β, Ε.Π.Ε., ΘΕΣΣΑΛΟΝΙΚΗ 1991: 60-82.

[9] წარმოდგენილი ფრაზა - „ღმერთის გამოთქმა შეუძლებელია, გაგება - კიდევ უფრო შეუძლებელი“ (Θεόν φράσαι μέν ἀδύνατον, νοῆσαι δέ ἀδυνατώτερον) - ეკუთვნის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს. იგი პლატონის ცნობილ გამოთქმას აკრიტიკებს და აღნიშნავს: ერთ-ერთმა ფილოსოფოსმა ისიბრძნისმეტყველა, რომ რთულია (χαλεπόν) ღმერთის გაგება, ხოლო გამოთქმა კი შეუძლებელი-ო; ...მე კი დავამატებ, რომ „გამოთქმა შეუძლებელია, გაგება კიდევ უფრო შეუძლებელი“, ვინაიდან, რაც გაიგება, იმის მეტნაკლები გადმოცემაც შესაძლებელია (ΓΡΗΓΟΡΙΟΥ ΘΕΟΛΟΓΟΥ, Λόγος ΚΗ΄, Θεολογικός Δεύτερος, PG 36, 29C.; ΓΡΗΓΟΡΙΟΥ ΤΟΥ ΘΕΟΛΟΓΟΥ, ΑΠΑΝΤΑ ΤΑ ΕΡΓΑ 4, ΛΟΓΟΙ ΔΟΓΜΑΤΙΚΟΙ, Ε.Π.Ε., ΘΕΣΣΑΛΟΝΙΚΗ 1976: 40).

[10] εμπειρία της ακτίστου δόξης του Θεού.

[11] ο νοῦς των φοτισμένων.

[12] საუბარია დოგმების იურიდიულ და მშრალ გაგებაზე, რაც დასავლურ საქრისტიანოშია მიღებული და ფესვგადგმული.

[13] „ლიბელოსი“ (ο λίβελλος) თავდაპირველი მნიშვნელობით ნიშნავს საძაგებელ, გასაკიცხ და ცილისმწამებლურ პუბლიკაციას (წერილი, ბროშურა ან წიგნი), რომელიც ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგაა მიმართული. ასევე, გულისხმობს ერთი ან უფრო მეტი სარწმუნოების (აღმსარებლობის) წერილობითი ფორმით უარყოფას. ეტიმოლოგიურად იგი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან libellus – „პატარა წიგნი“ (წიგნაკი), რომლის ძირია liber – „წიგნი“ (Γ. ΜΠΑΜΠΙΝΙΩΤΗ, ΛΕΞΙΚΟ ΤΗΣ ΝΕΑΣ ΕΛΛΗΝΙΚΗΣ ΓΛΩΣΣΑΣ, ΑΘΗΝΑ 2002, σ. 1009; Καθηγητής: Αρχιμ. Γρηγόριος Δ. Παπαθωμάς, ΚΑΝΟΝΙΚΟ  ΓΛΩΣΣΑΡΙΟ (ΚΕΦΑΛΑΙΑ ΚΑΝΟΝΙΚΗΣ ΟΙΚΟΝΟΜΙΑΣ), ΑΘΗΝΑ 2011, σ. 83).

[14] მამა იოანე რომანიდისი ერთგან ამბობს: „წმინდანები უბრალოდ კეთილი ადამიანები არ არიან, არამედ - განღმრთობილნი (θεούμενοι)... აგრეთვე, ერეტიკოსები [შეიძლება] კეთილი ადამიანები იყვნენ და ზნეობრივად ცხოვრობენ, მაგრამ, ვინაიდან მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება, [სწორი] ასკეტიკური და ეკლესიური მოღვაწეობა არ გააჩნიათ, ზნეობრივ ცხოვრებაში რჩებიან, ღმერთის განმაღმრთობელ ენერგიაში არ მონაწილეობენ და სხვა ადამიანთა კურნება არ ძალუძთ...“ (https://amfoterodexios.blogspot.com/2018/09/blog-post_11.html?).

[15] აქსიომა [ბერძ. αξίωμα] – 1. ამა თუ იმ მეცნიერებაში ამოსავლად მიღებული დებულება, რომელიც თვითონ არ არის დამტკიცებული, მაგრამ აუცილებელია სხვა დებულებათა დასამტკიცებლად. 2. (გადატ.). თავისთავად ცხადი ჭეშმარიტება; დებულება, რომელიც არ საჭიროებს დამტკიცებას (მიხეილ ჭაბაშვილი, უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი, 1989: 106).

[16] აქ იგულისხმება, რომ სიწმინდე (აქედან წმინდანობა), რომელიც უმაღლესი სულიერი მდგომარეობაა, მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში, მის საიდუმლოებებში მონაწილეობითა და მართებული მოღვაწეობით მოიპოვება; ხოლო ვინაიდან არიოზი მწვალებლობაში იყო ჩავარდნილი, ბუნებრივია, არც განმაღმრთობელ ენერგიებში თანამონაწილეობდა და, აქედან გამომდინარე, მის წმინდანობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჩვენ შეგვიძლია, რომ მასზე მხოლოდ ზნეობრივი კატეგორიებით ვისაუბროთ, ვინაიდან როგორც ვიცით, იგი მკაცრი ასკეტი გახლდთ და შესაძლებელია, რომ ზნეობრივი კუთხით, მართებულად ცხოვრობდა. ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. სქოლიო 15.

[17] ეროსი/ეროტი (Έρως (ο) [αρχ.] {Έρωτ-ος, -α}) - მითოლოგიური აფროდიტეს ვაჟი, სიყვარულის ღმერთი, რომელიც, ჩვეულებრივ, ფრთებიანი ჭაბუკის სახით გამოისახება.
ეროსი წარმოადგენს ორ პიროვნებას შორის სექსუალური (ხორციელი) კავშირის დამყარების ძლიერ ლტოლვასა და წყურვილს/ჟინს: მგზნებარეს, აღტყინებულს, მხურვალეს, მძაფრს, ვნებისმიერს, ცოდვისმიერს, არაკანონიერს და ა. შ. გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს რაღაცის მიმართ გადაჭარბებულ სიყვარულს/ვნებას. თეოლოგიურად: საღვთო სიყვარული; მორწმუნენე ადამიანისაგან ქრისტესადმი შეგნებული, მხურვალე სიყვარული; მთელი არსებით მასთან გაერთიანების წყურვილი (Γ. ΜΠΑΜΠΙΝΙΩΤΗ, ΛΕΞΙΚΟ ΤΗΣ ΝΕΑΣ ΕΛΛΗΝΙΚΗΣ ΓΛΩΣΣΑΣ, ΑΘΗΝΑ 2002, σ. 674-675).

[18] ამ თემაზე ვრცლად იხ.: Ιωάννης Σ. Ρωμανίδης, ΦΡΑΓΚΟΙ, ΡΩΜΑΙΟΙ, ΦΕΟΥΔΑΛΙΣΜΟΣ ΚΑΙ ΔΟΓΜΑ, ΑΛΛΗΛΕΠΙΔΡΑΣΗ ΘΕΟΛΟΓΙΑΣ ΚΑΙ ΚΟΙΝΩΝΙΑΣ.

[19] ფსევდო-ისიდორეს დებულებები (ψευδοϊσιδώρειες Διατἀξεις/ Pseudo-Isidorian Decretals) წარმოადგენს IX ს-ის შუა ხანებში სწავლულთაგან შედგენილ (საფრანგეთში) რომის პაპების კანონთა (სინოდალური დადგენილებები) კრებულს, რომელშიც მოგვიანებით, ასევე, შეიტანეს მრავალი ყალბი დადგენილებაც. აღნიშნული კრებული მიზნად ისახავდა თავდაპირველ კანონიკურ წყაროებზე (რომლის შექმნაც მიეწერება ესპანელ მღვდელ ისიდორე მარკადოროს. კრებულის სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს) ყალბი დადგენილებების შერევით, რომის პაპის პრიმატის (papal supremacy) გაზრდას და ამ მოტივით ეპისკოპოსების (სამღვდელოება) გათავისუფლებას მთავარეპისკოპოსების, სინოდისა და საერო ხელისუფლების გავლენებისაგან. სამღვდელოება ახცადებდა, რომ ისინი ყოველგვარ პოლიტიკურ ხელმწიფებაზე მაღლა იდგნენ და თავიანთ ერთპიროვნულ მმართველად რომის პაპს განიკუთვნებდნენ. ფსევდო-ისიდორეს დეკრეტალების თანახმად, რომის პაპი მთელი ეკლესიის ხილულ თავად ცხადდება, ე. ი. „მთელს მსოფლიოს თავად“ (caput totius orbi), და მისი გავლენა არა მარტო ელესიური, არამედ საერო კუთხითაც ვრცელდებოდა. „ფსევდო-ისიდორე“ პირველად გამოიყენა პაპ ნიკოლაოს I- მა (858-867).

[20] η πνευματολογία (პნევმატოლოგია) - სულიწმინდის შესახებ მოძღვრება.

[21] ტერმინი „ეტეროდოქსოს“ (ἑτερόδοξος) შემდეგნაირად განიმარტება: 1. განსხვავებულად მადიდებელი (განსხვავებულმადიდებელი), სხვა აზრის (შეხედულება, მენტალობა) მქონე, საპირისპიროდ -  „თანამადიდებლისა“ (ὁμόδοξος). 2. არა ჭეშმარიტი, არამედ სხვა მრწამსის მქონე; მცდარი ანუ არამართებული მოძღვრების მიმდევარი, საპირისპიროდ - „მართლმადიდებლისა“. 3. ერეტიკოსი (Δ. ΔΗΜΗΤΡΑΚΟΥ, ΜΕΓΑ ΛΕΞΙΚΟΝ ΟΛΗΣ ΤΗΣ ΕΛΛΗΝΙΚΗΣ ΓΛΩΣΣΗΣ, ΤΟΜΟΣ ΣΤ, ΑΘΗΝΑΙ: 2997 σ.).

[22] მეტაფიზიკა წარმოადგენს შემეცნების მეთოდს, რომელიც დიალექტიკისაგან განსხვავებით, მოვლენებს განიხილავს ერთმანეთისგან მოწყვეტით, დამოუკიდებლად, როგორც ერთხელ და სამუდამოდ მოცემულთ, უარყოფს საგნებისა და მოვლენების შინაგან წინაარმდეგობას.
 ტერმინი „მეტაფიზიკა“ აღმოცენდა I ს. ძვ. წ., როგორც არისტოტელეს ფილოსოფიური მემკვიდრეობის ნაწილის აღმნიშვნელი და სიტყვა-სიტყვით ნიშნავს - „მას, რაც მიზიკის შემდეგ მოდის“. თვით არისტოტელე, თავისი ფილოსოფიური მოძღვრების ამ, მისი რწმენით, უმნიშვნელოვანეს განყოფილებას „პირველ ფილოსოფიას“ უწოდებდა, რ-იც თითქოს იკვლევს უმაღლეს, გრძნობის ორგანოებისათვის მიუწვდომელ, მხოლოდ გონებაჭვრეტით მისაწვდომ და ყოველი არსებულისათვის უცვლელ საწყისებს, აუცილებელს ყველა მეცნიერებისატვის (იხ. ვრცლად: ფილოსოფიური ლექსიკონი, გამომც. „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 361-362 გვ.).

[23] აქ იგულისხმება ის, რომ ეკლესიის მამათა თეოლოგია არა ფილოსოფიაზე, არამედ განღმრთობის გამოცდილებაზეა დამყარებული, თორემ ისინი, რა თქმა უნდა, ფილოსოფიასაც შესანიშნავად ფლოდნენ, რომელსაც, სწორედ, შინაგანი საღვთო გამოცხადების წერილობითად გადმოცემისა და ხორცშესხმისათვის იყენებდნენ. აქ უბრალოდ ხაზი ესმევა იმ არსებით განსხვავებას, რაც მართლმადიდებლურ პატერიკულ ტრადიციასა და ფილოსოფიას შორის არსებობს, ანუ: მამათა ღვთისმეტყველება და ცოდნა ღვთის უქმნელი ნათლის ჭვრეტაზეა (გამოცხადებაზე) დაფუძნებული, ხოლო ფილოსოფია - ადამიანურ ლოგიკასა და განსჯაზე.
წმ. გრიგოლ სინელი აღნიშნავს (XIV ს): „ისევე, როგორც გრძნობისმიერი თვალი ხედავს ასოებს და მათგან გრძნობად შემეცნებას იძენს, ასევე, გონებაც (νοῦς), როდესაც განიწმინდება და თავის დასაბამიერ ღირსებას დაიბრუნებს, ღმერთს ჭვრეტს და საღვთო შემეცნებას მისგან იღებს. წიგნის ნაცვლად სულიწმინდა აქვს, კალმის ნაცვლად - აზრი და ენა (διάνοια και γλώσσα), რადგან [წმინდა წერილი] ამბობს: "ჩემი ენა კალამია", და მელნის ნაცვლად - ნათელი (φῶς). მაშასადამე, აზრს ნათელში აწობს და თავადაც ნათლად ქცეული მსმენელთა განწმენდილ გულებში სულიწმინდის სიტყვებს წერს; მაშინ უწყის, რაც თქმულა, ე. ი., რომ მორწმუნენი ღვთისგან განისწავლებიან და, რომ წინასწარმეტყველების თანახმად, ღმერთი ადამიანთ სულიწმინდის მიერ მოძღვრავს (მღვიძარეთა და მოღვაწეთა მშვენიერებათმოყვარეობა, ეკლესიის ბერძენი მამები 20, პატერიკული გამოცემა "გრიგოლ პალამა", თესალონიკი 1996: 383/ ΦΙΛΟΚΑΛΙΑ ΤΩΝ ΝΗΠΤΙΚΩΝ ΚΑΙ ΑΣΚΗΤΙΚΩΝ, Ε.Π.Ε. 20, Πατερικές Εκδόσεις Γρηγόριος ο Παλαμάς", Θεσσαλονίκη 1996).
ასევე, სიმონოპეტრას მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი ემილიანე ასეთი საღვთო ცოდნის შესახებ ამბობს: „..იგი სულიწმინდისგან მომდინარეა, რომელსაც დოგმატურ-სიმბოლური თუ წმინდა მამათა წიგნების კითხვით ვერ შეიძენ. რაც არ უნდა წაიკითხო და გააკეთო, ღმერთის ჭეშმარიტ ცოდნას სულ მცირედიდაც კი ვერ მოიპოვებ. ანუ ჩვენს სწავლას, კვლევა-ძიებანს თუ აღზრდას ჭეშმარიტი ცოდნის მონიჭება არ ძალუძს; ყველაფერი ეს, უბრალოდ მეთოდები და „ხიდებია“. მხოლოდ თვითონ ღმერთს შეუძლია [სულიერი] მღვიძარების (η νήψη) მეშვეობით მისი შთაგონება. არსებითად ეს ცოდნა გამოცხადებაა, ამიტომაც ეწოდება უცდომელი და ურყევი. …აქ საიდუმლოთაღმზრდელი საკუთრივ ღმერთია. იგი თავის თავს გვიცხადებს. როგორც ღვთის ძემ თავისი ღვთაებრიობა საკუთარ ხორცში გამოგვიჩინა, ასევე, ახლაც, ადამიანის სულში საიდუმლო გზით  ხორცს ისხამს და ცხადდება. …ეს ცოდნა ონტოლოგიურია (არქიმანდრიტი ემილიანე სიმონოპეტრელი, სწავლება მღვიძარების შესახებ, ათენი 2018: 25-27./ Αρχιμ. Αιμιλιανού Σιμωνοπετρίτου, Λόγος Περί Νίψεως, Αθήνα 2018, σ. 25-27).

[24] გრიგოლ პალამა განღმრთობას, რაც სამების უქმნელი ნათლის ჭვრეტას წარმოადგენს, სასუფევლის დიდებას და მომავალი ცხოვრების წინდს უწოდებს, რომელსაც წმინდანები ჯერ კიდევ აქ, ხორცში მყოფნი დატევნისამებრ იღებენ, ხოლო საყოველთაო აღდგომისას კი ეს ნათელი შემოსავს მართალებს და მთლიანად ნათლად გარდაიქმნებიან (ΓΡΗΓΟΡΙΟΥ ΤΟΥ ΠΑΛΑΜΑ, ΣΥΓΓΡΣΜΜΣΤΣ, ΤΟΜΟΣ Α΄, ΕΚΔΙΔΟΝΤΑΙ ΕΠΙΜΕΛΕΙΑ, ΠΑΝΑΓ. Κ. ΧΡΗΣΤΟΥ, ΘΕΣΣΑΛΟΝΙΚΗ 1988: 429, 432-433, 438-439, 620).

[25] ადამანდიოს კორესი (სმირნა 1748-პარისი1833) იყო ბერძნენი ფილოლოგი, რომელიც ელინური კულტურის ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა. იგი ნეოელინური განმანათლებლობის ერთ-ერთი დიდ წარმომადგენელი გახლდათ. მას ძველი ბერძნული მწერლობის გამოცემაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი და ასევე, ბერძნული ენის განვითარების საქმეში.


სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ლევან ხატიაშვილმა.
წიგნიდან: მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი, მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცდილებითი დოგმატიკა, მამა იოანე რომანიდისის ზეპირი გადმოცემის მიხედვით, I ტომი (დოგმა, ეთიკა, გამოცხადება), II გამოცემა, ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი, 2011: 104-135/ Μητροπολίτου Ναυπάκτου καί Ἁγίου Βλασίου Ἱεροθέου, Ἐμπειρική Δογματική τῆς Ὀρθοδόξου Καθολικῆς Ἐκκλησίας, κατά τίς προφορικές παραδόσεις τοῦ π. Ἰωάννου ρωμανίδη, Τόμος Α' (Δόγμα - Ηθική - Ἀποκάλυψη), Β' Έκδοση , Ἱερά Μονή Γενεθλίου τῆς Θεοτόκου (Πελαγίας).   
გადმოწერეთ: PDF
17-04-2019, 19:24

FACEBOOK