ანტიოქიის კრებები

ანტიოქიის კრებები ავტორი: სტილიანოს პაპადოპულოსი

324 წლის მიწურული და 325 წლის დასაწყისი[1]

324 წლის მიწურულსა და 325 წლის დასაწყისში, ანტიოქიაში, გაიმართა მრავალრიცხოვანი კრება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ  ერისკაცი თეოლოგები, ე. წ. „განათლებული ძმები“. კრებას შეადგენდა 59 ეპისკოპოსი, რომელნიც მოწვეულნი იყვნენ სირიიდან, პალესტინიდან, არაბეთიდან, კილიკიიდან, კაბადოკიიდან და ესპანეთიდან (ჰოსიუს კორდუბელი, რომელიც აქამდეც მოქმედებდა კონსტანტინე დიდის ბრძანებით, აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის  არიოზის ცრუსწავლებისა და 320 წლის ალექსანდრიის კრების მიერ მისი (არიოზის) განსჯის შედეგად დარღვეული ერთიანობის აღსადგენად).
კრებამ ანტიოქიის საყდარზე ახლადარჩეული ევსტათის თავმჯდომარეობით[2], ბიბლიურ და საღვთისმეტყველო მოწმობებზე დაყრდნობით, წარმოაჩინა ჭეშმარიტი სარწმუნოება, ამხილა არიოზის ცრუსწავლება და მასთან დაკავშირებული შეხედულებები და ანათემას გადასცა, როგორც არიოზი, ასევე მისი მომხრეებიც. კრებას ესწრებოდნენ არიანელებიც. თეოდოტე ლაოდიკიელი, ევსები კესარიელი (პალესტინის) და ნარკისოს ნერონიადელი დაუპირისპირდნენ უმრავლესობაში მყოფ მართლმადიდებლებს, რომელთაგანაც იქნენ კიდეც განსჯილნი, თუმცა „კაცთმოყვარეობის“ გამო, საბოლოო მსჯავრისთვის განწესებულ იქნენ კრებაზე, რომელიც უნდა მოწვეულიყო ანკვირაში და რომელიც საბოლოოდ გაიმართა ნიკეაში (325წ. პირველი მს. კრება).
კრებას, როგორც ჩანს, კანონები არ მიუღია, თუმცა შეადგინა და მრავალ ეპისკოპოსს გაუგზავნა „მრგვლივმოსავლელი“ წერილი, რომელიც, როგორც ჩანს, მხოლოდ  ცნობილი ღვთისმეტყველისა და კრების თავმჯდომარის, ევსტათის მიერაა შედგენილი, რომელმაც მხედველობაში მიიღო ალექსანდრე ალექსანდრიელის (+328) მეორე ეპისტოლე, დაწერილი 322 ან 324 წელს, ათანასე დიდის პირდაპირი საღვთისმეტყველო მითითებებით[3]. ეპისტოლე, რომელიც კრებამ დაამტკიცა, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საღვთისმეტყველო ტექსტს. მანვე შეამზადა პირველი მსოფლიო კრება, რომელიც რამდენიმე თვეში გაიმართა და განმარტა, თუ რატომ და როგორ არის ძე მამის „ბუნებითი“ ძე და არა „ძეობილი“[4], აღემატა რა ორიგენისტულ და არიანულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ძის შობა „ნებელობითია“, ცხადყო,  რომ ძე რჩება „უცვალებელი“ და ასევე, ამ ყველაფერთან ერთად  მარიამს უწოდა „ღვთისმშობელი“. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი თემატურად მიყვება ალექსანდრეს მეორე ეპისტოლეს, მასში მოცემულია არიანული სწავლების ცალკეული განმარტებები იმის შესახებ, რომ ძე რჩება უცვალებელი არა მამისაგან ბუნებითი შობის, არამედ საკუთარი თვითმპყრობელური ნების გამო.
ანტიოქიის კრების ეპისტოლის ნამდვილობა დიდი კვლევის საგანს წარმოადგენდა, თუმცა დღეისათვის მკვლევარები მას ავთენტურად მიიჩნევენ, გარდა Holland-ისა, რომელიც გამოთქვამს გარკვეულ ეჭვებს. ეპისტოლე შემორჩენილია მხოლოდ სირიულ თარგმანში, საიდანაც Schwartz-მა ის ბერძნულ ენაზე გადმოიტანა (retroversion).
სირიულ ენაზე ჩვენამდე მოღწეულია 16 კანონი, რომლებიც წინამდებარე კრებას მიეწერება, თუმცა რეალურად უფრო მოგვიანებით მოხდა მათი ფორმირება ბასილი დიდის ეპისტოლეების მეშვეობით, რომელთა შინაარსმაც ნაწილობრივ შეიძინა კანონიკური ძალმოსილება.

ანტიოქიის კრება (326/30)

ანტიოქიის კრება, რომელიც 326-330 წლებს შორის გაიმართა, იყო ერთ-ერთი იმ მრავალ კრებათაგანი, რომელთა ორგანიზება არიანელებმა დაიწყეს კონსტანტინე დიდის დახმარებით. არიანელებმა მოახერხეს მათი მოსაზრებების სასარგებლოდ კონსტანტინე დიდის კეთილგანწყობის მოპოვება და ამასთანავე, უარყოფითად განაწყვეს იგი ალექსანდრე ალექსანდრიელის, ათანასესა და ევსტათი ანტიოქიელის მიმართ, რომელიც, ეს უკანასკნელი, გადააყენეს კიდეც საეპისკოპოსო კათედრიდან (სავარაუდოდ 326 წელს). კრებაში მონაწილეობა მიიღეს ეპისკოპოსებმა სირიიდან, ფინიკიიდან, პალესტინიდან, არაბეთიდან, მესოპოტამიიდან, კილიკიიდან და ისავრიიდან და მიიღეს დისციპლინალური ხასიათის კანონები, რომლებიც მოგვიანებით, 341 წელს, იმავე ქალაქში გამართული კრების (των Εγκαινιων)[5] საქმიანობას მიეწერება და გამოიცა კიდეც, როგორც ამ კრების კუთვნილება.

25 კანონი და ეპისტოლე. კრება თავისი ეპისტოლით აცნობებს „თანამოღვაწე“ ეპისკოპოსებს შეკრების თაობაზე, ასევე კვლავ ამტკიცებს კონსტანტინე დიდის საამებლად ნიკეის გადაწყვეტილებას აღდგომის დღესასწაულის საერთო აღნიშვნასთან დაკავშირებით და განიხილავს საეკლესიო დისციპლინის საკითხებს, რომლებიც, ძირითადად, მიემართება კლირიკოსებსა და ეპისკოპოსებს. თარგმნილია ლათინურ და აღმოსავლურ ენებზე.



[1] წინამდებარე კრების მოწვევის მიზეზი, ერთი მხრივ, გახლდათ ახლადმიძინებული ფილოგონიოსის ნაცვლად, ანტიოქიის ეკლესიის მთავარეპისკოპოსის გამორჩევა და დადგინება, ხოლო, მეორე მხრივ, არიოზის სწავლების სინოდალური დაგმობა ანტიოქიის ეკლესიის მხრიდან. ფილოგონიოსს, რომელიც იყო მძლავრი მოწინააღმდეგე არიოზისა, ხელი ჰქონდა მოწერილი ალექსანდრე ალექსანდრიელის ეპისტოლისთვის.

[2] ს. პაპადოპულოსის საპირისპიროდ, ვ. ფიდასი მიიჩნევს, რომ კრების თავმჯდომარე იყო ყველასათვის ცნობილი ჰოსიუს კორდუბელი.

[3] დადგენილია, რომ ალექსანდრე ალექსანდრიელის მეორე ეპისტოლე, რომელიც მიემართება ალექსანდრე თესალონიკელს, ეფუძნება ათანასე დიდის დოგმატურ ღვთისმეტყველებას.

[4] «Φυσει γιος და θεσει γιος», ე. ი. ბუნებითი ძე და ძეობილი (შვილობილი). ოდნავ მოგვიანებით, კირილე იერუსალიმელმა მკვეთრად გამიჯნა ეს ორი ტერმინი. პირველი, ბუნებითი ძეობა, განუკუთვნა მამის ჭეშმარიტ ძეს, ხოლო ძეობილობა - ადამიანებს.

[5] «Των Εγκαινιων» (ტაძრის კურთხევა). ამ კრების მოწვევის მთავარი მიზეზი ახლად დასრულებული ტაძრის კურთხევა იყო.


ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო გურამ გიორგაძემ
შემდეგი გამოცემიდან: სტილიანოს პაპადოპულოსი (ათენის უნივერსიტეტის პროფესორი), პტროლოგია, II ტომი, ათენი 2012: 88-89, 107 (ΣΤΥΛΙΑΝΟΥ Γ. ΠΑΠΑΔΟΠΟΥΛΟΥ, ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ, ΤΟΜΟΣ Β, ΕΚΔΟΣΕΙΣ ΓΡΗΓΟΡΗ, ΑΘΗΝΑ 2012: 88-89, 107.
გადმოწერეთ: PDF
18-03-2019, 00:27

FACEBOOK