„ეკლესიათა“ გაერთიანება

„ეკლესიათა“ გაერთიანება
ავტორი: ათონის წმინდა მთის გრიგორიუს მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი († 2014)

ბოლო ხანებში „ეკლესიათა“ გაერთიანების შესახებ ბევრს მსჯელობენ. რეალურად კი საუბარია მართლმადიდებლობისაგან ჩამოშორებულ[1] „განსხვავებულმადიდებელ“[2] ქრისტიანთა გაერთიანებაზე, ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასთან. ღმერთკაცმა, ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ მხოლოდ ერთი ეკლესია დააარსა და მის უწყვეტობას, სწორედ ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება წარმოადგენს.
ერთის მხრივ, მას რომის პაპი 1054 წელს საბოლოოდ გამოეყო, რადგანაც მართლმადიდებლები, მის ანტიქრისტიანულ მოთხოვნას მთელს ეკლესიაზე პირველობისა და ძალაუფლების მოპოვების თაობაზე (ასევე, სხვა ერესებთან დაკავშირებითაც), არ დაემორჩილნენ. მეორეს მხრივ, დასავლეთში 1517 წელს პაპიზმის[3] წინააღმდეგ დაიწყო პროტესტანტული (პროტესტანტები, ევანგელისტები) მოძრაობა, რომელმაც იქაურ ქრისტიანებში უამრავი განშტოება წარმოშვა[4]. ამჟამად, როგორც ცნობილია, მრავალი ასეული პროტესტანტული კრებული არსებობს.
მაშასადამე, [ზემოაღნიშნულიდან ცხადია, რომ] ქრისტეს ეკლესია არ ნაწევრდება, რომ შემდგომ გაერთიანების საკითხი დაისვას. პირიქით, …დევნის მიუხედავად იგი ინარჩუნებს და განაგრძობს იმავე სახარების, მოციქულებისა და წმინდა მამების სარწმუნოების ქადაგებას. ასე რომ, ამ ერთიანობის შესახებ მხოლოდ ბოროტი განზრახვით თუ ვისაუბრებთ.
მართლმადიდებლური ხედვით, ჭეშმარიტებისაგან ჩამოშორებულებთან - რომლებიც ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად ცდომილებაში (ხიბლი) და ერესში იმყოფებიან - კვლავ გაერთიანება მხოლოდ ერთადერთი გაგებითაა შესაძლებელი: ვისაც ურყევად სწამს, რომ ჩვენი ეკლესია „სარწმუნოების სიმბოლოს“ თანახმად - ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულოა, არა გაერთიანებაზე, არამედ მათ უკან დაბრუნებაზე უნდა ქადაგებდეს[5].
სამწუხაროდ, დღესდღეობით ამ თემაზე ბევრი გაუგებრობაა შექმნილი, ზოგი უმეცრებით, ზოგიც - მცირედმორწმუნეობით; ავტორიტეტული პირებისგანაც კი ხშირად ვისმენთ „ორთოდოქსებსა“ და „ეტეროდოქსებს“ შორის სხვაობის არარსებობაზე, და რომ ერთ, წმინდა ეკლესიას სხვებიც შეადგენენ; მათი თქმით, შეუძლებელია რომელიმე ისტორიული ეკლესია მთელ (სრულ) ჭეშმარიტებას ფლობდეს, და აქედან გამომდინარე, გაერთიანება, ვიდრე საერთო ბარძიმამდე, ყოველგვარი მსხვერპლის ფასად უნდა მოხდეს-ო. ზემოხსენებული, მოციქულთა და წმინდა მამათა სარწმუნოებიდან სერიოზული გადაცდომა და ერესია, რადგანაც რწმენის საფუძვლებს ლახავს.
ჩვენმა მორწმუნე საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს. კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ბევრი და მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს. ყოველივე ეს, საკუთრივ, ეკლესიის შესახებ მოძღვრებაში იყრის თავს.
ეკლესიაში მთავარ, უმაღლეს ავტორიტეტს ვინ წარმოადგენს - ღმერთკაცი იესო ქრისტე თუ ადამიანი?! ჩვენი მრწამსის თანახმად, წინამძღოლი (მესაჭე), უცდომელი თავი, ჭეშმარიტების კრიტერიუმი და წყარო, ქრისტე და ყოვლადწმინდა სულია; ხოლო ეს უკანასკნელი, არა ერთ ადამიანზე, არამედ მთელს ეკლესიაზე გარდამოდის. მაგრამ რომის კათოლიკეების მიხედვით, უმაღლესი ავტორიტეტი და საზომი ადამიანია - „უცდომელი“[6] რომის პაპი. მის (პაპის) გარეშე შეუძლებელია ეკლესიის არსებობა და ერთობა.
პროტესტანტებს რაც შეეხებათ, მათთან საჭირო არაა მთელი საეკლესიო სხეულისაგან დამოწმება, ვინაიდან ჭეშმარიტების კრიტერიუმი თითოეული მორწმუნეა. ამ ორივე შემთხვევაში - პაპისტებთანაც და პროტესტანტებთანაც - სუბიექტივიზმს და ინდივიდუალიზმს ვაწყდებით.
საფუძველშივე დიდ უსჯულოებას[7] ვხედავთ - ღმერთკაც იესო ქრისტეს ჩანაცვლებას ადამიანით. ამის გამო დასავლელები „ანთროპოცენტრულები“ არიან, და ეს მათთან ყველა ერესის სათავეა (არსი). ჩვენ კი, საპირისპიროდ, წმინდა „თეოცენტრულ“ ტრადიციაში ვრჩებით.
საბოლოოდ, მთელი თემა ცხონებას შეეხება. ვის შეუძლია იმ ეკლესიაში გადარჩენა, რომლის ცენტრი არა ღმერთკაცი, არამედ „უცდომელი“ ადამიანია (პაპი ან პროტესტანტი)?! ამიტომაც, ჩვენ, მართლმადიდებლები მათთან თანაარსებობას არასოდეს დავუშვებთ. „ეტეროდოქსებთან“ ნებისმიერი გაერთიანება „თეოცენტრულ“ ტრადიციაში მათ დაბრუნებამდე, ქრისტეს ღალატია… იგი სწორედ იმისათვის განკაცდა, ევნო, აღდგა, ამაღლდა და თავისი ეკლესია დააფუძნა, რათა ჩვენი ცხონების ცენტრი გამხდარიყო და ყოველი „ანთროპოცენტრულობა“ განექარვებინა… ეს უკანასკნელი[8] კი პირველქმნილი[9] ცოდვის გამეორებაა, ეგოიზმი, რაც ღმერთთან და ადამიანებთან ჭეშმარიტ თანაზიარებას არღვევს; ამასთანავე, ურწმუნოება და ღვთის მაცხოვნებელი მადლის უგულებელყოფაცაა.
ქრისტიანული კაცთმოყვარეობა გვავალდებულებს „განსხვავებულმადიდებელი“ ძმების სიყვარულს: ვაღიაროთ ის, რაც კარგი (საქები) აქვთ; ვილოცოთ და ვიღვაწოთ ფანატიზმის გარეშე, რათა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება მათაც განეცხადოთ. თუმცა ეს რწმენის ხარჯზე არ უნდა მოხდეს, არამედ დიალოგით, დიპლომატიითა და მისთ. ღვთის ნება, საღვთო წერილისა და წმინდა გარდამოცემის თანახმად, ჭეშმარიტებაში გაერთიანებაა[10], მას კი (ჭეშმარიტებას) მხოლოდ ჩვენი ეკლესია ფლობს. შესაბამისად, იგი ქვეყნიერების ერთადერთი სასოებაა. ამ თვალსაზრისით, ჩვენი მხრიდან მსოფლიოსათვის უდიდესი ძღვენი, წმინდა სამოციქულო და „პატერიკული“ სარწმუნოების უცვლელად და ცოცხლად შენარჩუნებაა.



შენიშვნები

[1] ἀπεσχισμένων (ზმნიდან: αποσχίζομαι) - ჩამოშორებულნი, გამოყოფილნი, ცალკე გასულნი, განხეთქილებაში მყოფნი.

[2] ετερόδοξος (ეტეროდოქსოს) - განსხვავებულმადიდებელი.
დიმიტრი დიმიტრაკოსის ბერძნული ენის დიდ და საყოველთაო ლექსიკონში, ტერმინ „ეტეროდოქსოს“ (ἑτερόδοξος) შემდეგი შესატყვისები აქვს: 1. განსხვავებულად მადიდებელი (განსხვავებულმადიდებელი), სხვა აზრის (შეხედულება, მენტალობა) მქონე, საპირისპიროდ -  „თანამადიდებლისა“ (ὁμόδοξος). 2. არა ჭეშმარიტი, არამედ სხვა მრწამსის მქონე; მცდარი ანუ არამართებული მოძღვრების (სწავლება) მიმდევარი, საპირისპიროდ - „მართლმადიდებლისა“. 3. ერეტიკოსი (Δ. ΔΗΜΗΤΡΑΚΟΥ, ΜΕΓΑ ΛΕΞΙΚΟΝ ΟΛΗΣ ΤΗΣ ΕΛΛΗΝΙΚΗΣ ΓΛΩΣΣΗΣ, ΤΟΜΟΣ ΣΤ, ΑΘΗΝΑΙ: 2997 σ.).
ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, კანონიკური სამართლის სპეციალისტი, არქიმანდრიტი გრიგოლ პაპათომასი შემდეგს აღნიშნავს: „განსხვავებულმადიდებელი“ არ წარმოადგენს ქრისტეს ერთადერთი და ერთიანი ეკლესიის სხეულის ნაწილს“ (Καθηγητής: Αρχιμ. Γρηγόριος Δ. Παπαθωμάς, ΚΑΝΟΝΙΚΟ  ΓΛΩΣΣΑΡΙΟ (ΚΕΦΑΛΑΙΑ ΚΑΝΟΝΙΚΗΣ ΟΙΚΟΝΟΜΙΑΣ), ΑΘΗΝΑ 2011: 70).
სიმონ ყაუხჩიშვილის ლექსიკონში ამ ბერძნული სიტყვის ექვივალენტურია „მწვალებელი“ (სიმონ ყაუხჩიშვილი, ბერძნულ-ქართული დოკუმენტირებული ლექსიკონი, ტომი II, თბილისი 2003: 893).

[3] ο παπισμός - პაპიზმი. რომის პაპის ერთპიროვნული ძალაუფლების აღმნიშვნელი სიტყვა. რომის კათოლიკური ეკლესიის (კათოლიციზმი) ეპითეტი, ზედწოდება.

[4] ეს დაპირისპირება კათოლიკეების მრავალგვარი გადაცდომის მიზეზით იყო გამოწვეული.

[5] XX ს-ის დიდი რუსი ღვთისმეტყველი და მეცნიერი, პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკიც იმავეს აღნიშნავს: „ჩემთვის ქრისტიანთა გაერთიანება ზედმიწევნით ნიშნავს მსოფლიოს მართლმადიდებლობაში დაბრუნებას“ (http://athonikoipateres.gr/?p=34427).

[6] αλάθητος, -η, -ο - უცდომელი, შეუმცდარი, შეუცდომელი, ზუსტი, უტყუარი, სარწმუნო, სანდო.

[7] ἡ ἁμαρτία - ცოდვა, შეცოდება, უსჯულოება, ცდომა, ბრალი, დაცემა, უკეთურება, გახრწნილება (იხ. შემდეგი ლექსიკონები: Γ. ΜΠΑΜΠΙΝΙΩΤΗ, ΛΕΞΙΚΟ ΤΗΣ ΝΕΑΣ ΕΛΛΗΝΙΚΗΣ ΓΛΩΣΣΑΣ, ΑΘΗΝΑ 2002: 132-133; ყაუხჩიშვილი 2003: 266).

[8] ანუ ანთროპოცენტრიზმი.

[9] προπατορικό αμάρτημα - პირველმშობელთა ცოდვა, ანუ ადამის და ევას შეცოდება; პირველქმნილი ცოდვა, დასაბამიერი ცოდვა.

[10] ἡ ἕνωσις ἐν ἀληθείᾳ.


სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ლევან ხატიაშვილმა
წყარო:http://pneumatoskoinwnia.blogspot.com/2016/06/blog-post_49.html?fbclid=IwAR0M05KNJewwaw11r8-KVJlcPS2eFeO7wLMMgbxuGr5Ug-Fu6YZO0rV4yaE


გადმოწერეთ: PDF
10-03-2019, 19:47

FACEBOOK