საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდს

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდს
ავტორი: ნავპაკტოსის და წმინდა ვლასის მიტროპოლიტი იეროთეოსი (ნავპაკტოსი 30 მარტი, 2019 წ.)

უნეტარესო  თავმჯდომარევ,
სინოდის  პატივცემულო  წევრებო, 
ჩემთვის ცნობილია, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისათვის ბოძებული ავტოკეფალიის თემა ამჟამად განიხილება სინოდის ორი, მართლმადიდებელთა და ქრისტიანთაშორისი ურთიერთობებისა და დოგმატურ-სამართლებრივი საკითხების, კომისიის მიერ, რათა ამ კომისიებმა მოხსენება წარადგინონ წმინდა სინოდის სხდომაზე, სადაც, ეს უკანასკნელი, როგორც კომპეტენტური საეკლესიო ორგანო, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
ვინაიდან, მოკლებული ვარ, როგორც ზემოთ აღნიშნული ორი სინოდალური კომისიის მუდვივი ან მონაცვლე წევრობის პატივს, ასევე, არ ვარ მუდმივმოქმედი სინოდის ამჟამინდელ შემადგენლობაში, ამიტომ, უბრალოდ როგორც საბერძნეთის ეკლესიის იერარქი, მოკრძალებით წარმოგიდგენთ ჩემს მოსაზრებას უკრაინაში არსებულ საეკლესიო თემასთან დაკავშირებით შემდგომი განხილვისათვის.
ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ღირსების თემას აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ბუნებრივია, ცნობილია ის მეთოდიც, რომლის მიხედვითაც ხდება ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ღირსების მინიჭება ამა თუ იმ ეკლესიისათვის. აღნიშნული თემა არის მრავალმხრივი და მრავალსაფეხუროვანი, ამიტომ, დეტალური მსჯელობის გარეშე, მხოლოდ მის რამდენიმე ძირითად საკითხს განვიხილავ.
1. ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ღირსების მოკლე ისტორია.
პენტარქიის ინსტიტუტი, მსოფლიო კრებათა დადგენილების საფუძველზე (მე-2, მე-4 და ტრულის), დიპტიხით განსაზღვრული თანმიმდევრობით, ეკლესიაში ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ძველი რომი, ახალი რომი, ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი. კვიპროსის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა მე-3 მსოფლიო საეკლესიო კრებამ.
მოსკოვის ეკლესიას ავტოკეფალია და საპატრიარქო ღირსება გადაეცა პირველი საყდრისაგან (მსოფლიო საპატრიარქო) 1589 წელს, ხოლო დანარჩენი სამი საპატრიარქოს მიერ აღიარებულ იქნა 1590 და 1593 წლებში.
სხვა დანარჩენ შედარებით ახალგაზრდა საპატრიარქოებს ავტოკეფალია, ისევე როგორც საპატრიარქო ღირსება და პატივი, მათივე მოთხოვნის შესაბამისად, მიენიჭათ პირველი საყდრისაგან, ანუ, ახალი რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიისაგან და არიან მსოფლიო საეკლესიო კრების მოლოდინში, რადგან მათი საპატრიარქო ღირსება ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი.
საბერძნეთის ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო პირველსაყდრისაგან და გარდა მსოფლიო პატრიარქისა (,,განაჩინებს“), რომელმაც იგი გადასცა, აგრეთვე, ხელმოწერილია კონსტანტინოპოლის ხუთი ყოფილი პატრიარქის (,,თანაგანაჩინებენ“), იერუსალიმის პატრიარქისა (,,თანაგანაჩინებს“) და სხვა დანარჩენი საპატრიარქო ტახტის მღვდელმთავართა მიერ, რომელთა ხელმოწერასაც არ ერთვის სიტყვა ,,თანაგანაჩინებს“.
მაშასადამე, მსოფლიო კრებათა კანონებიდან იკვეთება საეკლესიო სამართალი, რომელიც აღიარებს საყდართა პენტარქიას და ამავდროულად, ახალი რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიის თანაბარ პატივში ყოფნას ძველი რომის საყდართან, ხოლო, ამ უკანასკნელის დაცემის შემდეგ, ახალი რომი შეიქნა პირველსაყდარი ეკლესია განსაკუთრებული უფლებებითა და კომპეტენციით.
აგრეთვე, მე-16 საუკუნიდან არსებობს კანონის ძალის მქონე ჩვეულება (ანასტასი ვავუსკოსი), ახალი ავტოკეფალიებისა და საპატრიარქოების შესახებ, რომელთა წარმოქმნაც განაპირობა, უმთავრესად ეროვნული ნიშნით, სახელმწიფოთა ახალი საზღვრების ფორმირებამ.
2. პატრიარქალური და სინოდალური ტომოსები ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ღირსების მინიჭების შესახებ.
ცნობილია, რომ ყველა ახალმა საპატრიარქომ მე-19 და მე-20 საუკუნისთვის ავტოკეფალია და საპატრიარქო ღირსებანი, მათივე და პოლიტიკური ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, ახალი რომისა და კონსტანტინოპოლის პირველსაყდარი ეკლესიიდან (მსოფლიო საპატრიარქო) შეიძინა. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ეკლესიები აღიარებდნენ მსოფლიო საპატრიარქოს კომპეტენციას ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ღირსების მინიჭება-გამოცხადების საკითხში.
საუბარია სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, საქართველოს  საპატრიარქოებსა და საბერძნეთის, პოლონეთის, ალბანეთის, ჩეხეთის და სლოვაკეთის ავტოკეფალურ ეკლესიებზე. ასევე, იგივე შეიძლება ითქვას ფინეთისა და სლოვაკეთის ავტონომიურ ეკლესიებთან დაკავშირებითაც.
თუ ვინმე წაიკითხავს საპატრიარქო და სინოდალურ ტომოსებს, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გამოიცა ავტოკეფალიებისა და საპატრიარქო ღირსებებისთვის, გამოიტანს შემდეგ ორ დასკვნას:
I. ავტოკეფალიის მინიჭება ხდება მსოფლიო პატრიარქისა და მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილებით (განჩინებით). მხოლოდ საქართველოს ეკლესიამ მიიღო ,,დალოცვა, აღიარება და დამოწმება ავტოკეფლიისა და დამოუკიდებელი მართვა-გამგეობისათვის და გადაეცემა მომავალ მსოფლიო კრებას, რომელიც არის ჩვენი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის  მარადიული გარანტი და ურღვევი დამცველი რწმენითა და საეკლესიო კანონიკური განწესებით”. სხვა ავტოკეფალიების შემთხვევაში არ ხდება ხსენება  მომავალი მსოფლიო კრების მიერ აღიარების შესახებ.
II. ეკლესიისათვის საპატრიარქო ღირსების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ახალი რომისა და კონსტანტინოპოლის პირველსაყდარი ეკლესიისაგან (მსოფლიო საპატრიარქო), მათი თხოვნის შემდეგ, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათი პოლიტიკური ხელისუფლების თხოვნის საფუძველზეც და საპატრიარქო ღირსების საბოლოოდ სისრულეში მოსაყვანად გადაეცემა მსოფლიო კრებას, რომელიც გაიმართება მომავალში.
ციტირებას მოვახდენ მსოფლიო პატრიარქის მიერ რუმინეთის ეკლესიისადმი გაგზავნილი წერილიდან, რომლითაც გამოუცხადა გადაწყვეტილება მისი საპატრიარქოდ დაწინაურების თაობაზე:
,,სიხარულით ვაცნობებთ თქვენს უნეტარესობას ჩვენი წმინდა და სამღვდელო კრების მიერ ახლახანს მიღებულ ერთსულოვან გადაწყვეტილებას საპატრიარქო ტიტულის ბოძების შესახებ. ჩვენმა ეკლესიამ (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო) ვითარცა მოსიყვარულე დედამ, მიიღო რა თხოვნა თავისი უსაყვარლესი და უძვირფასესი ქრისტესმიერი შვილი და მოძმე წმინდა რუმინეთის ეკლესიისაგან, განსაჯა და მიიჩნევს, რომ არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, რათა იკონომიის კეთილი მეთოდის გამოყენებით დააკმაყოფილოს და აღიაროს მოძმე ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთულოვანი მოთხოვნა, იმ რწმენითა და მოლოდინით, რომ ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, პირველივე წმინდა და დიდი კრების გამართვისთანავე, განასრულებს და კანონიკურ აკრიბიად აქცევს ამ გადაწყვეტილებას და არ განსჯის ეკლესიის დიდებისა და სარგებლისათვის ჩადენილ ამ ქმედებას. მსგავსადვე გვჯერა, რომ ჩვენი ეს გადაწყვეტილება თანხმობაში იქნება სხვა უწმინდესი და ყოვლადუსამღვდელოესი პატრიარქებისა თუ ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების მოსაზრებებთან და საერთო აზრი გვექნება რუმინეთის ეკლესიისათვის საპატრიარქო პატივის მინიჭების შესახებ, როგორც ჯილდო, მათზე ღვთის კურთხევის გამო, რაც გამოიხატა წარსულში მთელი რუმინელი ერის პოლიტიკურ გაერთიანებაში, უმთავრესად მათი შემდგომი ზრდისა და წარმატებისათვის“ (ναστασίου Βαβούσκου καί Γρηγορίου Λιάντα, Ο θεσμοί τοῦ ατοκεφάλου καί το ατονόμου καθεσττος στήν ρθόδοξη κκλησία, გვ. 149-150).
აღნიშნული წერილი ცხადყოფს:
საპატრიარქო ღირსების მინიჭების თხოვნით რუმინეთის ეკლესიამ და სახელმწიფომ ერთობლივი გადაწყვეტილებით მიმართეს მსოფლიო საპატრიარქოს.
შემდგომში მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა რუმინეთის ეკლესიის საპატრიარქო ღირსება იკონომიის წესის გამოყენებით.
თუმცა, საპატრიარქო ღირსება საბოლოოდ განსრულდება მსოფლიო და დიდ კრებაზე, რომელიც გაიმართება მომავალში.
ამასთანავე, მსოფლიო პატრიარქს მტკიცედ სწამს, რომ ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქისა და მეთაურისგან მომავალში ექნება თანხმობა და ერთობა რუმინეთის ეკლესიის ,,საპატრიარქო პატივში ამაღლების“ თაობაზე.
ყოველივე ეს ნიშნავს, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა რუმინეთის ეკლესიას საპატრიარქო ღირსება მიანიჭა იკონომიის წესით, რომელიც განსრულდება კანონიკური აკრიბიით, როდესაც კენჭს უყრიან მსოფლიო კრებაზე, რის შემდეგაც იგი აღიარებული იქნება მსოფლიო პატრიარქის მიერ მისი მინიჭების დღიდან.  
იგივე მეორდება დანარჩენ საპატრიარქო ტომოსებში, რომლებიც გადაეცათ სხვა ეკლესიებს. მაგალითად მოვიყვან მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ბულგარეთის ეკლესიის საპატრიარქო ხარისხში ამაღლებას.
კერძოდ, მსოფლიო პატრიარქის მიერ ბულგარეთის ეკლესიისადმი გაგზავნილ წერილში, რომლითაც ცხადდება ბულგარეთის ეკლესიის საპატრიარქოდ ამაღლება, წარმოთქმულია სიტყვა, რომ საპატრიარქო ღირსება საბოლოოდ განისაზღვრება მსოფლიო კრებაზე, რომლის შესახებაც ნათქვამია, რომ ,,მხოლოდ მას აქვს უფლება განახორციელოს უფლის წმინდა ეკლესიის ამაღლება საპატრიარქო ღირსებამდე“.
აღნიშნული წერილები არის ცხადზე ცხადი და არ არიან დაფუძნებულნი მცდარ განმარტებებზე.
3. მსჯელობა რომელიმე ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების მეთოდის შესახებ.
მე-20 საუკუნეში ეკლესიებისათვის ავტოკეფალიის აღიარების თემის გადაჭრის მცდელობისას წმინდა და დიდი კრების წინ მართლმადიდებელთა საყოველთაო მსჯელობის საგანი აგრეთვე გახდა ავტოკეფალიის მინიჭების მეთოდის საკითხიც.
ამგვარად, 1976 წლის ნოემბერში ჟენევაში გამართულ მსოფლიო საეკლესიო კრების მოსამზადებელ პირველ შეხვედრაზე შემუშავებულ იქნა თემა სათაურით ,,ავტოკეფალია და მისი გამოცხადების წესი“, სადაც გამახვილებული იყო ყურადღება იმაზე, რომ ავტოკეფალიის მსურველი ეკლესია წარუდგენს თხოვნას დედა ეკლესიას, რომელიც თანხმობის შემთხვევაში განუცხადებს მსოფლიო საპატრიარქოს. ხოლო, ეს უკანასკნელი, სხვა ავტოკეფალური ეკლესიების თანხმობის შემთხვევაში, ოფიციალურად გამოაცხადებს ეკლესიის ავტოკეფალიას მისთვის საპატრიარქო ტომოსის გადაცემით, რომელსაც ხელს აწერს მსოფლიო პატრიარქი, სასურველია, რომ ხელი მოაწეროს დანარჩენი ყველა ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურმაც და აუცილებლად დედა ეკლესიის მმართველმა. ამგვარად, გვაქვს ავტოკეფალიის მსურველი ეკლესიის განაცხადი, მისი დედა ეკლესიის შუამდგომლობა, სხვა დანარჩენ ეკლესიათა თანხმობა და მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება პატრიარქობის ტომოსის გადაცემით.
თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნულ თემაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული და ამიტომ 2016 წელს კრეტაზე, კოლიბარში გამართულ წმინდა და დიდ კრებაზე ვერ იქნა გატანილი აღნიშნული საკითხი შემდომი განხილვისთვის, რადგან მოცემულ თემას რუსეთის ეკლესიამ შეურყია საფუძველი, რასაც სხვა ეკლესიებიც მიემხრნენ. მათი აზრით, ხელისმომწერი მხოლოდ მსოფლიო პატრიარქი კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ ყველა ავტოკეფალური ეკლესიის მეთური. მათთვის მიუღებელი იყო სიტყვებს - ,,განაჩინებს“ და ,,თანაგანჩინებს“  შორის არსებულ განსხვავება.
ამას შედეგად მოყვა ის, რომ ამა თუ იმ ეკლესიაზე ავტოკეფალიის მინიჭების ფორმის განსაზღვრა ვერ დადგინდა კანონიკური აკრიბიით და კვლავ დარჩა მანამდე არსებული იკონომიის წესი, ანუ კანონის ძალის მქონე ჩვეულება - ავტოკეფალის მინიჭება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ; ასევე, მიუხედავად მათი სურვილისა, აკრიბიით ვერ „განსრულდა“ იმ ადგილობრივი ეკლესიების ავტოკეფალია, რომლებმაც ის მიიღეს მხოლოდ მსოფლიო პატრიარქისგან,
ამგვარად, ხელიდან იქნა გაშვებული მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ერთობის შენარჩუნების შესაძლებლობა და აკრიბია არ იქნა დაწესებული ეკლესიათა შეუთანხმებლობის გამო.
4. უკრაინის ეკლესიის საკითხი.
უკრაინის თემასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მართლმადიდებელი სამყაროსათვის იქცა ინტერესის საგნად, იკვეთება რამდენიმე გარემოება:
პირველიდანარჩენ რვა ეკლესიას (სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, ალბანეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი) ავტოკეფალია მიღებული აქვს მსოფლიო საპატრიარქოსგან იკონომიის გზით.
მეორე:  სხვადასხვა ეკლესიებზე გაცემულ ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ღირსების ტომოსებში ნახსენებია მსოფლიო კრება, რომელმაც, ყველა ავტოკეფალური ეკლესიის თანხმობით, საბოლოოდ უნდა მოახდინოს ამ (მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ბოძებული ტომოსებით მინიჭებულ) ავტოკეფალიათა აღიარება. 
მესამეკანონიკის უმთავრესი პრინციპი გახლავთ ის, რომ არცერთი ეკლესია არ ჩაერიოს სხვა ეკლესიის კომპეტენციაში, განსაკუთრებით კი პირველსაყდრის, ანუ მსოფლიო საპატრიარქოს კომპეტენციაში, რომელსაც აქვს გაზრდილი უფლებები  ყველა მართლმადიდებელ ეკლესიათა თავმჯდომარეობისა და მშვიდობიანი მოღვაწეობისათვის; ასევე, არ განსაჯოს სხვა ეკლესიები მსოფლიო კრებამდე.
მეოთხესაბერძნეთის ეკლესიას არ შეუძლია უარყოს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება. იგი ამ ეტაპზე უნდა დათანხმდეს ამ გადაწყვეტილებას და დაელოდოს მსოფლიო კრებას, სადაც გამოითქმება საბოლოო აზრი და განაჩენი. იქ განისჯება ის მეთოდი, რომლითაც გადაეცათ ავტოკეფალია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა ეკლესიებსაც.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საპატრიარქო ტომოსის გაცემის მეთოდის არ აღიარება, ეჭვქვეშ დააყენებს უკვე არსებული რვა ავტოკეფალური ეკლესიის ავტოკეფალიასაც, მათ შორის საბერძნეთის ეკლესიის ავტოკეფალიას, რამეთუ მათაც მხოლოდ მსოფლიოს საპატრიარქოსგან აქვთ მინიჭებული ავტოკეფალია.
მეხუთეხოლო იმის თაობაზე, თუ როგორ გახდა მისაღები მსოფლიო საპატრიარქოსათვის მღვდელმოქმედება შეჩერებულ და განხეთქილებაში მყოფ ან ,,თვითნაკურთხ“ მღვდელმთავართაგან ხელდასხმული ეპისკოპოსების ,,მღვდელმთავრობა“, მართებული იქნება ჩვენმა ეკლესიამ, ვიდრე რაიმე დასკვნას მიიღებდეს, კითხვით მიმართოს თვით მსოფლიო საპატრიარქოს, თუ რა გზით აღადგინა ხსენებული ,,მღვდელმთავრები“. 
1850 წლის სინოდალურ და საპატრიარქო ტომოსში, რომლითაც საბერძნეთის ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია, წერია შემდეგი:
„საეკლესიო საქმეებისა და შესაბამისი სხდომების თაობაზე, მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სასარგებლო იქნება, რომ საბერძნეთის წმინდა სინოდმა მიმართოს მსოფლიო პატრიარქსა  და მასთან არსებულ წმინდა სინოდს.“
ამრიგად, უკრაინის თემა მოითხოვს შეკრებასა და განხილვას მსოფლიო საპატრიარქოსთან ერთად, განსაკუთრებით იმიტომ, რომ საბერძნეთის ავტოკეფალური ეკლესია „დროებითად“ მართავს საბერძნეთში არსებული მსოფლიო საპატრიარქო საყდრის ეპარქიებსაც. თუკი ეს ამგვარად არ მოხდება, დაირღვევა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის სინოდალური და პატრიარქალური ტომოსი.
მეექვსეუკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების თემა არ უნდა იქნეს გატანილი სინოდის სხდომის კენჭისყრაზე. ეს იქნება სხვა ეკლესიის, მეტიც, მსოფლიო საპატრიარქოს კომპეტენციიაში ჩარევა, მაშინ როცა იგი ინარჩუნებს ,,უპირატესი კანონმდებლის უფლებას“ საბერძნეთის ,,წმინდა სამოციქულო და საპატრიარქო ტახტის“ ახალ მიწებად წოდებულ ეპარქიებში.
ყოველივე ზემოთქმულთან თქვენი აზრის გათვალისწინებით, პატივისცემით, თქვენი ქრისტესმიერი უცროსი ძმა, ნავპაკტოსის და წმინდა ვლასის მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი.



სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა თამარ კოკორაშვილმა23.04.2019

-----------------------------------

ანასტასი ვავუსკოსის I წერილი (05.04.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/44--.html
მიტროპოლიტ იეროთეოსის II წერილი (06.04.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/49--.html
ანასტასი ვავუსკოსის II წერილი (07.04.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/50--.html
მიტროპოლიტ იეროთეოსის III წერილი (08.04.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/56--.html
გადმოწერეთ: PDF
24-04-2019, 19:19

FACEBOOK