ერთი ფუნდამენტალური კანონიკური შეცდომა

ერთი ფუნდამენტალური კანონიკური შეცდომა
ავტორი: საეკლესიო სამართლის დოქტორი ანასტასი ვავუსკოსი (05.04.2019)

ბოლო პერიოდი ვაკვირდები, რომ ფართოდ ვრცელდება მტკიცება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ მინიჭებულ ავტოკეფალიათა სტატუსების არასრულყოფილების შესახებ, რომლებიც საბოლოოდ მსოფლიო კრების მიერ განსრულებას საჭიროებენ.
ამგვარი მტკიცება არის მცდარი და ახლავე განვმარტავ თუ რატომ.
ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭების თაობაზე მსჯელობისას გამოიყოფა სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი თემა. პირველი არის ავტოკეფალიის კანონიკური საფუძველი, მეორე - ვის აქვს ავტოკეფალიის მინიჭების უფლება, ხოლო მესამე - თუ რა გზით ახორციელებს ამ უფლებამოსილებას.
ავტოკეფალური ეკლესიები იყოფა ორ კატეგორიად:
პირველი კატეგორია აერთიენებს იმ ეკლესიებს, რომლებიც შეიქმნენ:
1. ეკონომიკის, სამართლის, სამხედრო, ადმინისტრაციულ, სატრანსპორტო და სხვა სექტორში, მათი დედაქალაქების წამყვანი პოზიციის გამო. ხანგრძლივი დროის მანძილზე მათმა ამგვარმა მდგომარეობამ, განაპირობა კანონის ძალის მქონე წეს-ჩვეულების ჩამოყალიბება. ამის დასტურად, პირველი მსოფლიო კრების მიერ დადგენილმა ცნობილმა მე-6 და მე-7 კანონებმაც მიანიჭა და გაამყარა რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის ეკლესიათა უფლებები და შესაბამისი კანონიკური მდგომარეობა.
2. პოლიტიკური პროცესების ზეგავლენით. ეს გულისხმობს საეკლესიო მმართველობითი მოწყობის გარდაქმნას ქვეყნის პოლიტიკური მმართველობის შესაბამისად, როგორც ეს მოხდა კონსტანტინოპოლის შემთხვევაში, მეორე მსოფლიო კრების მე-3 კანონის საფუძველზე.
3. არსებული წეს-ჩვეულების დაკანონებით, როგორც ეს მოხდა მესამე მსოფლიო კრების მე-8 კანონით, რის საფუძველზეც დაკანონდა კვიპროსის ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსების ხელდასხმა მისივე ეპისკოპოსების ხელიდან.
ზემოთ აღნიშნულ კატეგორიებს აქვს შემდეგი საერთო თავისებურებები:
ა) არიან თავიდანვე სრულყოფილი და პირველშობილი ეკლესიები და არა რომელიმე ეკლესიისაგან გამოყოფილნი.
ბ) მათი სტატუსები გამყარებულია მსოფლიო კრებების მიერ.
ამ კატეგორიას მიეკუთვნება საქართველოს ეკლესიაც.
კერძოდ, საქართველოს ეკლესია უძველესი დროიდან იყო თვითმმართველობითი, ანუ გააჩნდა საკუთარი მოწყობისა და მართვის უფლება. სხვა სიტყვებით, აღნიშნულ ეკლესიას წეს-ჩვეულებითი კანონის საფუძველზე ჰქონდა თვითმმართველობითი სტატუსი.
ეს მოცემულობა დადასტურებულია ხსენებული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის სტატუსის აღიარების საპატრიარქო და სინოდალურ ტომოსებში: ,,კავკასიის მადლმოსილ მიწაზე, დღევანდელი საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს საზღვრებში არის წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, უძველესი დროიდან ეკლესიის თვითმმართველობითი სტატუსით და აქვს შესაბამისი საეკლესიო მოწყობა და მმართველობის ფორმა“ (Ἀναστασίου Βαβούσκου καί Γρηγορίου Λιάντα, Οἱ θεσμοί τοῦ αὐτοκεφάλου καί τοῦ αὐτο¬νόμου καθεστῶτος στήν Ὀρθόδοξη Ἐκκλησία, θεσσαλονίκη 2014,  σελ. 166).
ამგვარად, ვინაიდან ეს ეკლესია, ზემოთხსენებული ეკლესიების მსგავსად, იყო სრულყოფილი და პირველშობილი, მსოფლიო კრების გადაწყვეტილებით უნდა დაკანონებულიყო და განმტკიცებულიყო მისი თვითმმართველობის წეს-ჩვეულებითი კანონი, როგორც ეს ზემოთხსენებული სხვა ეკლესიების შემთხვევაში მოხდა.
და რადგან, ამგვარი გადაწყვეტილება არ არსებობდა, თვით საქართველოს ეკლესიამ მიმართა მსოფლიო საპატრიარქოს და ითხოვა სწორედ ის, რაც მას აკლდა - არათუ მინიჭება თვითმმართველობითი სტატუსისა, არამედ მისი აღიარება. ეს სტატუსი საქართველოს ეკლესიას არ მოუპოვებია სხვა პირველშობილი ეკლესიების: რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის და კვიპროსისაგან განსხვავებული გზით (მის საპატრიარქო და სინოდალურ ტომოსში ნათქვამია: ,,დალოცვა, აღიარება და დამოწმება ავტოკეფლიისა და დამოუკიდებელი მართვა-გამგეობისათვის“).
მსოფლიო საპატრიარქომ სამართლიანად დააკმაყოფილა წარდგენილი მოთხოვნა, მხოლოდ დაამატა, რომ  მიღებული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად ,,გადაეცემოდა“ მსოფლიო კრებას.
მაშასადამე, მსოფლიო საპატრიარქომ ამ გზით კიდევ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ, რადგან საქართველოს ეკლესია მიეკუთვნება პირველშობილი და სრულყოფილი ავტოკეფალური სტატუსის მქონე რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის და კვიპროსის ეკლესიების კატეგორიას, მისი ავტოკეფალიის საკითხიც მსოფლიო კრებაზე უნდა იქნას დამტკიცებული. (საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის ტომოსში წერია: ,,ეძლევა დალოცვა, აღიარება და დამოწმება  ავტოკეფლიისა და დამოუკიდებელი მართვა-გამგეობისათვის და გადაეცემა მომავალ მსოფლიო კრებას, რომელიც არის ჩვენი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის მარადიული გარანტი და ურღვევი დამცველი რწმენითა და საეკლესიო კანონიკური განწესებით“).
ამ კონკრეტულ საპატრიარქო და სინოდალურ ტომოსში, გამონაკლისის სახით მსოფლიო კრების მოხსენიება ხაზს უსვამს მოცემული ეკლესიის განსაკუთრებულობას, სხვა საპატრიარქო და სინოდალურ ტომოსებში არ არსებობს მსგავსი მიმართება მსოფლიო კრებისადმი, ამ შემთხვევაში კი მსოფლიო საპატრიარქო ამას აკეთებს მხოლოდ კანონის განმტკიცების მიზნით.
შესაბამისად, ყველა  ბოძებული ავტოკეფალია ატარებს სრულ ხასიათს.
მეორე კატეგორია აერთიანებს დანარჩენ ავტოკეფალურ ეკლესიებს, რომლებმაც დამოუკიდებელი მართვა-გამგეობის უფლება მიიღეს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით.
ავტოკეფალიის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება სამი საკითხის გათვალისწინებით, რომლებსაც განვიხილავთ შემდგომ:
პირველი საკითხი გახლავთ ავტოკეფალიის კანონიკური საფუძველი. ამ მხრივ ყველა საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი არის ნათელი. კანონიკური საფუძველი გამომდინარეობს მეოთხე მსოფლიო კრების მე-12 და ტრულის 38-ე კანონებიდან.
ყველა საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი იდენტურია ერთ სხვა საკითხშიც. ეს გახლავთ მათზე გადაცემული ავტოკეფალიის სტატუსის საბოლოო და სრულყოფილი ხასიათი. საქართველოს ეკლესიის შემთხვევის გარდა არ არსებობს ტომოსი, სადაც მინიშნებული იქნება მინიჭებული ავტოკეფალიის არასრულ ხასიათზე და მომავალი წმინდა და მსოფლიო კრების მიერ დამტკიცებაზე.
რამეთუ ფრაზები, როგორიცაა: ,,არსებობს კანონიკურად ავტოკეფალური, დამოუკიდებელი და თვითმმართველობითი...“, ,,არსებობდეს და იწოდებოდეს,  და ყველასაგან აღიარებული, დამოუკიდებელი და ავტოკეფალური იყოს...“, ,,განაგებდეს და მართავდეს დამოუკიდებლად და ავტოკეფალურად...“, - არ ბადებენ ეჭვს, რომ გადაცემული ავტოკეფალიის სტატუსი არის სრული და საბოლოო, შესაბამისად, არ საჭიროებენ რაიმე დამატებით მტკიცებას.
მეორე საკითხი ეხება უფლებამოსილ პირს, ვინც ანიჭებს ავტოკეფალიის სტატუსს. ამის თაობაზე გამოთქმული მაქვს ჩემი მოსაზრება და აღარ მსურს გავიმეორო. მხოლოდ მოგახსენებთ შემდეგს: ამ უფლების უპირობო მატარებელი გახლავთ მსოფლიო საპატრიარქო და მის მიერ ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას ან განსრულებას სხვა დანარჩენი ეკლესიების მიერ.
მესამე თემა არის ავტოკეფალიის გადაცემის პროცედურა. რის თაობაზეც, აგრეთვე, გამოვხატე ჩემი მოსაზრება.
არ არსებობს კანონიკური ფორმები, რომლებიც განსაზღვრავდნენ ამ პროცესს. თუმცა, ხანგრძლივი დროის მანძილზე შეთანხმებული პრაქტიკით დამკვიდრდა წეს-ჩვეულება, რომელმაც კანონის ტოლფასი ძალა შეიძინა. შედეგად, სინოდალური და საპატრიარქო ტომოსების გაცემით დამკვიდრებული ავტოკეფალიის აღიარების მეთოდი კანონიკური სამართლის სფეროს განუყოფელ ნაწილად იქცა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, გამაკვირვა ნავპაკტოსის მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ იეროთეოსის ახალახანს გამოთქმულმა მოსაზრებებმა მინიჭებულ ავტოკეფალიათა სტატუსების არასრულყოფილ ხასიათზე, რადგან მსოფლიო საპატრიარქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის სრულყოფილი და საბოლოო. საწინააღმდეგოს დაშვება ნიშნავს ამ გადაწყვეტილებათა კანონიკურობის ეჭვქვეშ დაყენებას და აგრეთვე, ამ გადაწყვეტილებათა მიმღები ორგანოს (ანუ მსოფლიო საპატრიარქოს) ძალაუფლებაში ეჭვის შეტანას.
ასევე, როდესაც ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება არის საბოლოო, მის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს ძალაუფლებაში ეჭვის შეტანა განივრცობა მთელ მართლმადიდებელ ეკლესიაზე.
ამგვარად, საქართველოს ეკლესიის ტომოსში ნახსენები მსოფლიო კრება არის ერთადერთი გამონაკლისი. იგი გამოწვეულია საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული სტატუსით და არ შეიძლება ეს გამოყენებული იყოს ზოგად არგუმენტად და სხვა ეკლესიების ავტოკეფალიის სტატუსის არასრული ხასიათის არსებობის სამტკიცებლად.
მსგავსი მოსაზრების მტკიცება მიგვიყვანს იმ ზომამდე, რომ ყოველი ავტოკეფალური ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილება შესაძლოა იყოს არასრული და მთელი სტუქტურა საჭიროებდეს განსრულებას მომავალი მსოფლიო კრების მეშვეობით.
გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ ამგვარი მიდგომა უნდა აღმოიფხვრას, რადგან ეს არამხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოს, არამედ სრულიად მართლმადიდებელ ეკლესიას აყენებს ზიანს.
მე კი მსურს განვაცხადო შემდეგი: საბერძნეთის ეკლესია ვალდებულია დაუყოვნებლივ გააუქმოს თავისი ორი კომისია, რომლებიც იკვლევენ უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესს და წერილით მიმართოს ახალშექმნილი ეკლესიის მეთაურს, მიულოცოს საჭეთმპყრობლად არჩევა და მოიწვიოს ათენში. ყოველი სხვა გადაწყვეტილება ან ქმედება არაკანონიერად მიიჩნევა.




-----------------------------------

მიტროპოლიტ იეროთეოსის I წერილი (30.03.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/43--.html
მიტროპოლიტ იეროთეოსის II წერილი (06.04.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/49--.html
ანასტასი ვავუსკოსის II წერილი (07.04.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/50--.html
მიტროპოლიტ იეროთეოსის III წერილი (08.04.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/56--.html
გადმოწერეთ: PDF
25-04-2019, 01:40

FACEBOOK