ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭება აკრიბიითა და იკონომიით

ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭება აკრიბიითა და იკონომიით
ავტორი: ნავპაკტოსის და წმინდა ვლასის მიტროპოლიტი იეროთეოსი (06.04.2019)

ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის კვლევით მრავალი წლის წინ დავკავდი, როდესაც ორი წიგნი დავწერე, სახელწოდებით: «Οἰκουμενικό Πατριαρχεῖο καί Ἐκκλησία τῆς Ἑλλάδος» (2002), და «Τά Συνοδικά καί Πατριαρχικά κείμενα, Συνοδικός Τόμος 1850 καί Πατριαρχική Πράξη 1928» (2004).
საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდს ახლახანს მივწერე წერილი, რათა ჩემი აზრი დამეფიქსირებინა იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა გაკეთდეს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისათვის მინიჭებული ავტოკეფალიის საკითხის მოსაგვარებლად. როგორც საბერძნეთის ეკლესიის იერარქიის წევრს, მევალებოდა ასე მოვქცეულიყავი. ამ თემით დაინტერესებულთათვის კი [აღნიშნული წერილი] ინტერნეტ სივრცეშიც გამოვაქვეყნე. ეს ყოველივე ჩემი პირადი ინიციატივა გახლდათ და სხვა არაფერი.
ხსენებულ ტექსტში უმოკლესად გადმოვცემ შემდეგს: 1) ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ღირსების მოკლე ისტორია. 2) პატრიარქალური და სინოდალური ტომოსების მნიშვნელობა ავტოკეფალიის მინიჭებისათვის. 3) მსჯელობა ამა თუ იმ ეკლესიის ავტოკეფალურად აღიარების შესახებ, და 4) უკრაინის ეკლესიის საკითხის მოგვარება.
ტექსტის შედგენისას გამოვიყენე ის წყაროები, რომლებსაც თავიანთ წიგნში («Οἱ θεσμοί τοῦ αὐτοκεφάλου καί τοῦ αὐτονόμου καθεστῶτος στήν Ὀρθόδοξη Ἐκκλησία (Μελέτες-Πηγές)», (Θεσσαλονίκη 2014), თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის (ΑΠΘ) იურიდიული სკოლის საეკლესიო სამართლის პროფესორი (ადვოკატი), ბატონი ანასტასი ვავუსკოსი და თესალონიკის უმაღლესი საეკლესიო აკადემიის ასისტენტი პროფესორი, ბატონი გრიგოლ ლიადასი, გადმოსცემენ.
ამ წიგნში ზემოხსენებულ მეცნიერთა ორი კვლევაა მოცემული და წყაროებად წარმოდგენილია, როგორც პატრიარქალური ტომოსები - რომლებიც მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ეკლესიების ავტოკეფალიისა და ავტონომიის მინიჭებისათვის გაიცა, ისე - მსოფლიო საპატრიარქოსაგან გაგზავნილი ეპისტოლეები, რომლებითაც კონკრეტული პატრიარქალური და სინოდალური ტომოსების მინიჭების შესახებ ცხადდება.
ჩემი ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ, ნახსენები წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა, ბ-ნმა ანასტასი ვავუსკოსმა ინტერნეტში თავისი წერილი გამოაქვეყნა, სათაურით: „ერთი ფუნდამენტალური კანონიკური შეცდომა“, სადაც აღნიშნავს: - მტკიცება იმისა„რომ მსოფლიო საპატრიარქოსაგან ბოძებული ავტოკეფალიათა სტატუსები არასრულყოფილია (ἀτελῆ) და საბოლოოდ მსოფლიო კრების მიერ უნდა დამტკიცდეს, არამართებულია“.
ამ აზრის გამოთქმის შემდეგ იგი აგრძელებს: „ყოველივე ამის გათვალისწინებით, გამაკვირვა ნავპაკტოსის მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ იეროთეოსის ახალახანს გამოთქმულმა მოსაზრებებმა მინიჭებულ ავტოკეფალიათა სტატუსების არასრულყოფილ ხასიათზე (ἀτελοῦς χαρακτήρα)“. ამასთანავე, ბატონი ვავუსკოსი ამტკიცებს, რომ - „მსოფლიო საპატრიარქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის სრულყოფილი და საბოლოო. საწინააღმდეგოს დაშვება ნიშნავს ამ გადაწყვეტილებათა კანონიკურობის ეჭვქვეშ დაყენებას და აგრეთვე, ამ გადაწყვეტილებათა მიმღები ორგანოს (ანუ მსოფლიო საპატრიარქოს) ძალაუფლებაში ეჭვის შეტანას“.
მისი დასკვნითი სიტყვა ასე ჟღერს:
„მე კი მსურს განვაცხადო შემდეგი: საბერძნეთის ეკლესია ვალდებულია დაუყოვნებლივ გააუქმოს თავისი ორი კომისია, რომლებიც იკვლევენ უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესს და წერილით მიმართოს ახალშექმნილი ეკლესიის მეთაურს, მიულოცოს საჭეთმპყრობლად არჩევა და მოიწვიოს ათენში. ყოველი სხვა გადაწყვეტილება ან ქმედება არაკანონიერად მიიჩნევა“.
ეს დასკვნითი სიტყვა პარადოქსს წარმოადგენს, ვინაიდან ეკლესია მუდამ სინოდალურად მუშაობს და შეუძლებელია, რომ უკრაინის თემა, მთელი თავისი სირთულეებითურთ, სინოდალურ კომისიებზე, წმინდა სინოდის კრებაზე და იერარქიასთან, რა თქმა უნდა, კანონებისადმი და მსოფლიო საპატრიარქოსადმი პატივისცემის სრული დაცვით, არ იქნეს განხილული.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მსურს, რომ ჩემს წინა წერილთან დაკავშირებით მცირედი განმარტება გავაკეთო, ბუნებრივია, ბნ. ანასტასი ვავუსკოსთან კამათის გარეშე, რომელსაც პირადად ვიცნობ და საეკლესიო სამართალში მის ცოდნას ვაფასებ; ჩვენ ბევრ თემაზე ერთადაც გვიმუშავია.
1) წერილის მიზანი, რომელიც წმინდა სინოდს გავუგზავნე და ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნდა, მსოფლიო საპატრიარქოს ავტორიტეტის ეჭქვეშ დაყენება არ გახლდათ, არამედ, პირიქით - მისი გამყარება. მავანი ამას მიხვდება, თუკი ტექსტის შინაარსს ჩაუკვირდება.
მე მაწუხებს ის - ისევე, როგორც საბერძნეთის ეკლესიის იერარქიის ყველა მღვდელმთავარს - თუ ჩვენი ეკლესიის მხრიდან როგორ უნდა მოგვარდეს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითი ისე, რომ საბერძნეთის ეკლესიასა და მს. საპატრიარქოს შორის ახალი პრობლემები არ წარმოიქმნას, რაც ეკლესიისთვის ფრიად საზიანოა.
2) ჩემს ნაწერში ერთმანეთისაგან გავმიჯნე მსოფლიო კრების მიერ ავტოკეფალიის აკრიბიის წესით მინიჭება - როგორც ეს პრესვიგენული საპატრიარქოებისა და კვიპროსის ეკლესიასთან დაკავშირებით მოხდა, - და მსოფლიო საპატრიარქოსაგან ახალი ეკლესიებისათვის ავტოკეფალიის იკონომიის წესით მინიჭება, მსოფლიო ან დიდი კრების გამართვამდე, რათა მათთვის მიცემული ავტოკეფალიები დაამტკიცოს (დაადასტუროს).მოსკოვის საპატრიარქოს ავტოკეფალია ჯერ თავად მსოფლიო პატრიარქმა უბოძა, მაგრამ შემდგომ მისი ძალმოსილება სხვა პრესვიგენულმა საპატრიარქოებმა თანხმობით დაამოწმა.
ასე რომ, მე არასრულყოფილი (ἀτελῆ) ავტოკეფალია არ მიხსენებია, არამედ თავად პატრიარქალურ ტექსტებზე დაყრდნობით - რომელებიც ბნ. ანასტასი ვავუსკოსისა და ბნ. გრიგოლ ლიადასის წიგნშია წარმოდგენილი - ვისაუბრე მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ავტოკეფალიის მინიჭებაზე [შემდეგი ტერმინების შესაბამისად]: „განვაჩინებდით“ და „განაჩინებს“; ასევე, „განსრულებითად“ და „მოლოდინით“, ესე იგი, [ამა თუ იმ ეკლესიის ავტოკეფალია] განსრულდება მსოფლიო ან ზოგადმართლმადიდებლური კრებით, როგორც ეს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გაგზავნილ ეპისტოლეებსა და ტომოსებში ჩანს. იქ გადმოცემულია,რომ სხვა საპატრიარქოების თანხმობა იქნება, მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური მუშაობის ფორმის შესაბამისად.
წინა წერილში უკვე ვახსენე კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიწერილი ეპისტოლე რუმინეთის ეკლესიისადმი, სადაც მის საპატრიარქოდ ამაღლების შესახებ იუწყება და მსოფლიო საპატრიარქოსაგან ატოკეფალიის იკონომიით მინიჭებაზე საუბრობს, მაგრამ, ასევე მსოფლიო ან დიდი კრებისაგან „კანონიკურ აკრიბიასა“ (κανονική ἀκρίβεια) და „განსრულებაზე“ (τελειωτική) მიუთითებს, რომლითაც დასტურდება: „იმის რეალური მაგალითები უკვე გვაქვს, რომ დანარჩენი უწმინდესი პატრიარქებიც და ყველა მოძმე ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურებიც ჩვენი თანამოაზრენი იქნებიან და რუმინეთის მოძმე ეკლესიის საპატრიარქო პატივში ამაღლების შესახებ ყველას საერთო აზრი გვექნება“.
აქ დავამატებ, რომ ბულგარეთის ეკლესიის მიმართ მიწერილ პატრიარიარქალურ ეპისტოლეშიც მისი (რუმინეთის, მთარგ.) საპატრიარქო პატივში აყვანის გადაწყვეტილებაა მოცემული: „იკონომიის გამოყენებით, ჩვენი უწმინდესი ეკლესიის ძმურ თანხმობას, აღიარებასა და კურთხევას ვიუწყებით ამ უწმინდესი ეკლესიის თხოვნაზე, რა თქმა უნდა, იმ იმედითა და მოლოდინით, რომ ჩვენს ამ გადაწყვეტილებას თანხმობით შეხვდებიან სხვა ადგილობრივ ეკლესიათა უნეტარესი პატრიარქნი თუ მაღალყოვლადუსამღვდელოესი საჭეთმპყრობელნი, ვიდრე მსოფლიო კრება - ეკლესიათა საპატრიარქო პატივში აღმყვანებელი ეს ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო - საბოლოოდ არ გადაწყვეტს ამ საკითხს“ (Ἀναστάσιος Βαβοῦσκος, Γρηγόριος Λιάντας, Οἱ θεσμοί τοῦ αὐτοκεφάλου καί τοῦ αὐτονόμου καθεστῶτος στήν Ὀρθόδοξη Ἐκκλησία, ἐκδ. Μέθεξις, Θεσσαλονίκη 2014, σελ. 162-163).
მაშასადამე, ვიზიარებ ბნ. ანასტასი ვავუსკოსის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მსოფლიო საპატრიარქო არასრულყოფილი ავტოკეფალიის მიმნიჭებლად არ უნდა წარმოჩნდეს და მის მიერ გაცემულ ტომოსებში ჩანს, რომ უპირატესობის უფლებით სარგებლობს, მაგრამ თავად მსოფლიო საპატრიარქო ეკლესიებისადმი გაგზავნილ ეპისტოლეებში ერთმანეთისაგან განასხვავებს იკონომიითა და აკრიბიით მინიჭებას, თან მსოფლიო ან სხვა დიდ კრებას მოიხსენიებს, რათა პატრირქობის პატივი და ღირსება საბოლოოდ განასრულოს. ეს ყველა წყარო  ბნ. ანასტასი ვავუსკოსისა და ბნ. გრიგოლ ლიადასის ზემოხსენებულ წიგნშია წარმოდგენილი.
3) მნიშვნელოვანია მოსკოვის (რუსეთი) ეკლესიისათვის საპატრიარქო პატივის მინიჭების შემთხვევა, სადაც ჩანს თუ როგორ მუშაობს ეკლესიის სინოდალური სისტემა. პატრიარქმა იერემია II-მ, 1589 წ. რუსეთის მიტროპოლიტს პატრიარქობის პატივი უბოძა, მაგრამ, ამავდროულად, სხვა პრესვიგენული საპატრიარქოების პატრიარქქთა თანხმობაც გახდა საჭირო, რაც 1590 და 1593 წწ-ბის ენდიმუსა კრებებზე განხორციელდა.
საპატიო პროფესორ ვლასი ფიდასს თავის წიგნში (Ὁ Θεσμός τῆς Πενταρχίας τῶν Πατριαρχῶν ἀπό τήν Ε’ Οἰκουμενικήν Σύνοδον μέχρι σήμερον (553-2012)) მოსკოვის საპატრიარქოს დაარსების ისტორია დეტალურად აქვს განხილული.
იქ ნაჩვენებია, რომ 1589 წ-ის 23 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა იერემია II-მ რუსეთის დიდი მეფის თეოდორესა და დედოფალ ირინეს ძმის, ბორის გოდუნოვის გავლენით, მოსკოვის მიტროპოლიტს პატრიარქობის პატივი უბოძა. ეს აქტი „წარმოადგენდა დამკვიდრებული კანონიკური ტრადიციის დარღვევას პენტარქიის უცვლელი დადგენილების თაობაზე“. თავად მოსკოვის მიტროპოლიტი იობი 1589 წ-ის 26 იანვარს აღსაყდრდა.
მაგრამ, როდესაც მსოფლიო პატრიარქი კონსტანტინოპოლში დაბრუნდა, 1590 წ. ანტიოქიის პატრიარქ იოაკიმე V-ის და იერუსალიმის პატრიარქ სოფრონ IV-ის თანამონაწილეობით, ენდიმუსა კრება გამართა, რათა რუსეთის ეკლესიის საპატრიარქოდ გამოცხადებაზე თანხმობა დაედასტურებინათ. ალექსანდრიის პატრიარქი ამ კრებას არ ესწრებოდა, ვინაიდან მაშინ საპატრიარქო საყდარი დაქვრივებული გახლდათ.
1590 წლის ამ ენდიმუსა კრებამ საკუთარ თავს „მსოფლიო კრება“ (Οἰκουμενική Σύνοδο) უწოდა და პატრიარქობის პატივი და ღირსება ერთხმად დაამტკიცა. სინოდალურ სიგელში (ტომოსი), რომლითაც მოსკოვის მიტროპოლიტს პატრიარქის ხარისხი მიენიჭა, წერია: „ესრეთ განუაჩინეთ ადგილობრივ, ოდეს კუალად მოვიწიენით სამეუფოსა მას ქალაქსა კონსტანტინოპოლს და გამოწულილვით გამოვიძიეთმოთხოვნა ღვთიმსახურისა მთავრისა უწმინდესთა პატრიარქთა მიმართ. და ესრეთ სათნო უჩნდა მათ და ჩვენცა ყოველთა პატრიარქთა და ყოვლისა მსოფლიოისა კრებისა თანა, ერთბამად სულითა წმიდითა დავსწერთ და განვაჩინებთ ვითარმედ: ა) აღვიარებთ და განვასრულებთ დადგინებასა უფლისა იობისასა პატრიარქად სამეუფოსა ქალაქსა მოსკოვს, და რათა პატივ-იცემებოდის და სახელ-ედებოდის პატრიარქად და აქუნდეს ადგილი წმინდათა დიპტიქთა შინა შემდგომად იერუსალიმის პატრიარქისა და თავად მისა, ვითარცა სხუათა პატრიარქთა, იყოს სამოციქული საყდარი კონსტანტინოპოლისა. ბ) სახელი ესე პატრიარქობისა და პატივი მიეცეს და დაემტკიცოს ნუ ხოლო უფლისა იობისა, არამედ სხვათაცა, რომელნიცა აღრჩეულ იქნებოდიან მოსკოვისა სინოდისაგან პატრიარქად. დაემტკიცენ წერილი ესე ძეგლად საუკუნოდ“ (Κ. Δελικάνη, Πατρ. Ἔγγραφα, ΙΙΙ, 24-26)» (βλ. Βλασίου Φειδᾶ, Ὁ Θεσμός τῆς Πενταρχίας τῶν Πατριαρχῶν ἀπό τήν Ε’ Οἰκουμενικήν Σύνοδον μέχρι σήμερον (553-2012)», Ἀθῆναι 2012, σελ. 345-346).
სამი წლის შემდეგ, 1593 წ. კონსტანტინოპოლში ენდიმუსა კრება კვლავ გაიმართა, რომელშიც ალექსანდრიის ახალი პატრიარქი მელეტიც მონაწილეობდა, და რუსეთის საპატრიარქოს სხვა პრესვიგენულ საპატრიარქოებთან თანაბარი პატივის მქონედ აღიარების საკითხი კიდევ ერთხელ დაისვა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ალექსანდრიის პატრიარქმა მელეტიმ მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის მეფის გადაწყვეტილება გააკრიტიკა იმ მოტივით, რომ მათ ეკლესიაში დაუშვებელი „სიახლე“ («νεωτερισμόν») შემოიტანეს.
ამგვარად, კონსტანტინოპოლის ენდიმუსა კრებაზე, „ალექსანდრიის პატრიარქ მელეტის აქტიურობით (რომელიც კანონებისა და „ერთსულოვნების“ დაცვას მოითხოვდა), თანხმობა სხვა პატრიარქებმაც განაცხადეს (1590). საბოლოოდ, 1593 წლის ენდიმუსა კრებაზეც, ისევე, როგორც 1590 წელს, მსოფლიო პატრიარქის მხრიდან მოსკოვისათვის „საპატრიარქო სიგელის“ („ტომოსის“) გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ერთსულოვნებით მიიღეს. უფრო დაწვრილებითი ცნობები მოცემულია პროფ. ვლასი ფიდასის წიგნში (Βλασίου Φειδᾶ, Ὁ Θεσμός τῆς Πενταρχίας τῶν Πατριαρχῶν ἀπό τήν Ε’ Οἰκουμενικήν Σύνοδον μέχρι σήμερον (553-2012)», Ἀθῆναι 2012, σελ. 342-356).
მოსკოვის მიტროპოლიტის პატრიარქად დაწინაურების მაგალითი (იერუსალიმის პატრიარქის შემდეგ, რიგით მეხუთე ადგილზე), ფრიად მნიშვნელოვანია. მან პატრიარქობის პატივი და ღირსება მსოფლიო საპატრიარქოსგან მიიღო, შემდეგ კი ამას სხვა პატრიარქთა თანხმობა მოჰყვა. ეკლესიის სინოდალურ სისტემას სწორედ ასე ევალება.
4) ჩემს წერილში გადმოცემული თვალსაზრისი, რომელიც წმინდა სინოდს გავუგზავნე და ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნდა, ჩემი პირადი შეხედულება, ანდა „ახალახანს გამოთქმული“ მოსაზრება არ გახლავთ, არამედ წარსულში ეს უკვე ითქვა და თანაც, საკუთრივ, მსოფლიო საპატრიარქოსგან.
ეს ჩანს მსოფლიო საპატრიარქოს 1990 წლის ტექსტში («Τό Αὐτοκέφαλον καί τό Αὐτόνομον ἐν τῇ Ὀρθοδόξῳ Ἐκκλησίᾳ καί τρόπος ἀνακηρύξεως αὐτῶν»), რომელიც წმინდა და დიდი კრების მოწვევამდე, მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის დიალოგზე, ეკლესიებისათვის ავტოკეფალიისა და ავტონომიის მინიჭების თემაზე, გამოიყენეს.
აღნიშნული საპატრიარქო ტექსტი, რომელიც მოცემულია ბნ. ანასტასი ვავუსკოსისა და ბნ. გრიგოლ ლიადასის ხსენებულ წიგნში, იუწყება: „ადგილობრივ ეკლესიათა ავტოკეფალიის თემა არა მხოლოდ ეკლესიის ადმინისტრაციულ მართვა-გამგეობის სფეროსთანაა დაკავშირებული, არამედ იგი მარადის მიიჩნეოდა მართლმადიდებლობის მრავალფეროვნებაში დაცული ერთობის მთავარ გამოხატულებად და მართლმადიდებელთა სისავსის თვითგანსრულების ადმინისტრაციულ საშუალებად. ამგვარად, იგი მიეკუთვნება მართლმადიდებელ ეკლესიათა უმთავრეს ადმინისტრაციულ საკითხებს.
დღესდღეობით, ვიდრე მართლმადიდებელ ეკლესიათა მსოფლიო კრების მოწვევამდე, ეს საკითხი პრობლემატურად რჩება, წმინდა და დიდი კრება განსჯის, აკურთხებს და განასრულებს კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ მინიჭებულ ავტოკეფალიებს, რითაც აღიარებულ იქნება დღევანდელობამდე დაცული ჩვეულება,რათა მომავალში ამგვარი სირთულეები აღარ განმეორდეს“ (Ἀναστασίου Βαβούσκου καί Γρηγορίου Λιάντα, ἔνθ. ἀνωτ. σελ. 104).
მაშასადამე, თავად მსოფლიო საპატრიარქო მოითხოვდა იმას, რომ ახალი ეკლესიებისათვის მის მიერ უკვე ბოძებული ავტოკეფალიები წმინდა და დიდი კრებისაგან განხილულიყო, კურთხეულიყო, განსრულებულიყო, აღიარებულიყო და დამტკიცებულიყო, რაც, სამომავლოდ, ანალოგიური შემთხვევებისათვის მაგალითი გახდებოდა.
სამწუხაროდ, რუსეთის ეკლესიამ და მათ, რომლებიც მას მიემხრნენ, ამ საკითხის წმინდა და დიდ კრებაზე გატანას მხარი არ დაუჭირეს, რაცკონსტანტინოპოლის საპატრიარქოსაგან უკვე „მინიჭებულ ავტოკეფალიებს“ განიხილავდა, აკურთხებდა, სრულყოფდა, აღიარებდა და დაამტკიცებდა.
5) ის, რომ აღნიშნული საკითხი იმ ეკლესიებს - რომლებმაც ავტოკეფალია მსოფლიო საპატრიარქოსაგან მიიღეს - ამგვარად ესმოდათ, ეს წმინდა და დიდი კრების მოწვევამდე გამართულ დიალოგში ჩანს.
ვინაიდან სინოდალურ კრებათა პერიოდში (2015-2016) წმინდა სინოდის მუდმივი წევრი გახლდით, ამიტომ კრების მოწვევამდე გამართულ ყველა დიალოგს ვესწრებოდი. მაგ., სერბეთის ეკლესია აღნიშნავდა, რომ ამ კრებამ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ აღიარებული ავტოკეფალიათა საკითხი უნდა განიხილოს.
ამის კვალობაზე მახსენდება სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ გაგზავნილი ცნობა ადგილობრივი ეკლესიების პირველიერარქებისა და სინოდების მიმართ (ἀρ. πρωτ. 62/164/25-5-2016).
სერბეთის საპატრიარქო ამ ტექსტში კრების საპროგრამო მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს...
ანუ სერბეთის ეკლესია „ავტოკეფალიის სტატუსის“ დასამტკიცებლად სხვა ეკლესიების თანხმობასაც ითხოვდა, ვინაიდან მან პრობლემის შესახებ უწყოდა.
მაგრამ, ვინაიდან მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, რომ ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებული დოკუმენტი კრეტის კრებაზე განეხილათ, ამიტომ წმინდა და დიდი კრების დღის წესრიგში არ დადგა იმ ეკლესიათა ავტოკეფალიის კურთხევის, განსრულების და დამტკიცების საკითხი, რომლებმაც იგი მსოფლიო საპატრიარქოსაგან მიიღეს.
6) იმ აზრს, რომ ავტოკეფალია მსოფლიო ან სხვა დიდი კრების მიერ უნდა განსრულდეს და დამტკიცდეს, ამას საეკლესიო სამართლის პროფესორი სპიროს ტროიანოსი დიდი ხანია ამბობს, და აქედან გამომდინარე, რაც ვთქვი, არ გახლდათ სიახლე.
იგი თავის წიგნში („Παραδόσεις Ἐκκλησιαστικοῦ Δικαίου“, Ἀθήνα-Κομοτηνή 1984) ხსენებულ საკითხს ეხება.
დასაწყისში აღნიშნავს: „ეკლესიების ავტოკეფალიასთან დაკავშირებული ყოველი საკითხი, ეს იქნება, მათი აღიარება, მოწყობა, იურისდიქციის ფარგლები თუ სხვ., მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებებით რეგულირდება“ (134 გვ.).
შემდეგ ავტოკეფალიათა მინიჭების თანამედროვე ფორმას ეხება:
„მე-9 საუკუნიდან მსოფლიო კრებათა მოწვევა შეწყდა, ეკლესიაში კი მათი ადგილი კონსტანტინოპოლის ენდიმუსა კრებამ ჩაანაცვლა და მმართველობითი სადავეები მან აიღო ხელში (...). თუმცა ახრიდისა და ტირნოვის საეპისკოპოსოებისა და სერბეთის ეკლესიის ავტოკეფალიათა აღიარების შესახებ არსებულ წყაროებში ბევრი სიცარიელე არსებობს, შესაბამისად მათ დასკვნაშიც არ არის ის პროცედურა, რაც ამ შემთხვევებს უკავშირდება (მე-11-მე-14 საუკუნეები). მიუხედავად ამისა, პატრიარქალური კრების შეთანხმება ნიშანდობლივია. რუსეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისა და განსაკუთრებით კი, მისი საპატრიარქოდ ამაღლების შემთხვევაში, აღმოსავლეთის ეკლესიათა ყველა ეპისკოპოსის დასწრება და წარმომადგენლობა, მიღებულ დასკვნას საერთომართლმადიდებლურ ხასიათს ჰმატებს. მაგრამ ახრიდის საეპისკოპოსოს ავტოკეფალიის საქმეში კვლავ ჩნდება კრების საკითხი თავისი ჩვეული სახით“.
ასევე იგი მოიხსენებს იმ ეკლესიებს, რომლებმაც ავტოკეფალია მსოფლიო საპატრიარქოსგან, 1900 წლის შემდეგ მიიღეს:
„მაშასადამე, ვინაიდან მსოფლიო კრების მოწვევა შეუძლებელია, ამიტომ მისი ფუნქცია ერთმა ორგანომ უნდა შეითავსოს, რომლის გადაწყვეტილებები, ოფიციალური ძალმოსილების თვალსაზრისით, მსოფლიო კრების ტოლი იქნება. ასეთი ორგანო კი, დღევანდელი მართლმადიდებელი ეკლესიის პირობებში, საერთომართლმადიდებლური კრებაა. ძალიან საეჭვოა, რომ მოცემულ თემაზე იკონომიის გამოყენება იყოს დასაშვები, რადგანაც, ერთის მხრივ, არ არის დოგმატური საკითხი, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს ეკლესიის მოწყობაში. ამიტომ, მჯერა რომ ზოგადმართლმადიდებლური კრების ადგილი შეუძლებელია სხვა ორგანომ დაიკავოს, მათ შორის, არც ამ პატრიარქალურმა კრებამ“ (136 გვ.).
ბუნებრივია, როგორ ადრე ითქვა, საპატრიარქო ტომოსის გაცემა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ხორციელდება, მაგრამ, ისიც აღინიშნა, რომ
მათი განსრულება მსოფლიო ან დიდ კრებაზე ხდება
ზემოწარმოდგენილის შემდეგ პროფესორი სპიროს ტროიანოსი სიტყვას ასრულებს: „როგორც შესაბამისი სინოდალური ტომოსებიდან წარმოჩინდება, მსოფლიო საპატრიარქო - მსოფლიო, ან მინიმუმ პანორთოდოქსული კრების აბსოლუტური კომპეტენციის აღიარებით - თავს იკავებს ამ ავტოკეფალური ეკლესიების საპატრიარქოებად გამოცხადებისაგან და უბრალოდ ამ საკითხზე საკუთარ თანხმობას აანონსებს „პირველივე წმინდა და დიდი კრების გამართვისთანავე“, რომელიც როგორც ტომოსთა ტექტებშია ნათქვამი, არის კომპეტენტური ორგანო ამგავრი საკითხების კანონიკური აკრიბიით გადასაწყვეტად. ამგვარად, წმინდა კანონიკური კუთხით, სერბეთის, რუმინეთის და ბულგარეთის ეკლესიების საპატრიარქო რანგში ამაღლების პროცესი ჯერ კიდევ არაა განსრულებული (136 გვ.).
სხვაგან პროფესორი გრიგოლ ლიადასი თავის ხსენებულ წიგნში - რომელიც ბნ. ანასტასი ვავუსკოსთან ერთად გამოსცა - გადმოსცემს სპიროს ტროიანოსის ტექსტს, სადაც წერია, რომ ავტოკეფალიის მინიჭება, საკუთრივ, მსოფლიო კრებათა კომპეტენციას წარმოადგენს, რომელიც შემდგომ კონსტანტინოპოლის ენდიმუსა კრებამ ითავა, მაგრამ იკონომიის წესით (71. გვ.).
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარეობს შემდეგი:
I. მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობითი სისტემა ყველა საფეხურზე (საეპისკოპოსო, სამიტროპოლიტო, საპატრიარქო, მართლმადიდებელთაშორისი) არის სინოდალური (იხ.: არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი, ათონის მთის გრიგორიუს მონასტრის წინამძღვარი, სამოძღვრო მსახურება წმინდა კანონთა მიხედვით, ათონი, 113-129 გვ.).
II. პირველ საუკუნეებში ავტოკეფალია ენიჭებოდა  მსოფლიო კრებათაგან. მოსკოვის საპატრიარქომ აღნიშნული პატივი და ღირსება მს. საპატრიარქოსგან მიიღო და მოგვიანებით მას სხვა პრესვიგენული საპატრიარქოებიც დაეთანხმნენ. ახალმა ეკლესიებმა საპატრიარქო პატივი და ღირსება მსოფლიო საპატრიარქოსგან მიიღო და განსრულდებიან მსოფლიო ან სხვა დიდი კრების მიერ.
III. დღესდღეობით ეს პრობლემა უკრაინის ეკლესიას მიემართება, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობას აზიანებს. პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, რომელთა გამოც, ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებული, უკვე განმზადებული, დოკუმენტი, კრეტის კრებაზე განხილვისათვის არ იქნა გადაგზავნილი (Μητροπολίτου Ναυπάκτου καί Ἁγίου Βλασίου Ἱεροθέου, Ἡ συζήτηση γιά τήν ἀνακήρυξη τῆς Αύτοκεφαλίας σέ μιά Ἐκκλησία, Ὀκτώβριος 2018).
მაგრამ, რაც შეეხება მსოფლიო საპატრიარქოს, მან ყველაფერი იღონა ეკლესიის ერთიანობის დასაცავად და იმისათვის, რომ ხსენებული დოკუმენტი, ყველა პრობლემის გადასაჭრელად, წმინდა და დიდ კრებაზე გადაგზავნილიყო. ეს რომ მომხდარიყო, დღევანდელი პრობლემაც არ იარსებებდა, რაც ერთიანობას საფრთხეს უქმნის.
წინა წერილში და ახლაც, ჩემი პოზიცია მოგახსენეთ. ეს მევალებოდა, როგორც საბერძნეთის ეკლესიის იერარქიის წევრს, რათა პრობლემის გადაჭრის გზა გვეპოვა. ჩვენი მმართველობითი სისტემა სინოდალურია და არა - თვითმპყრობელური. საბოლოოდ, საბერძნეთის ეკლესიის იერარქია, შესაფერისად გადაწყვეტს.
ბუნებრივია, არსებობს ამ თემის სხვა ნიუანსები, როგორც მაგალითად, თუ რას ნიშნავს სამოციქულო ტრადიცია და მემკვიდრეობა, რომელსაც შევეხები ჩემს სხვა ნაწერში.



სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა ლევან ხატიაშვილმა.

-----------------------------

მიტროპოლიტ იეროთეოსის I წერილი (30.03.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/43--.html
ანასტასი ვავუსკოსის I წერილი (05.04.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/44--.html
ანასტასი ვავუსკოსის II წერილი (07.04.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/50--.html
მიტროპოლიტ იეროთეოსის III წერილი (08.04.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/56--.html
გადმოწერეთ: PDF
27-04-2019, 20:48

FACEBOOK