პასუხი ნავპაკტოსის და წმინდა ვლასის მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტს

პასუხი ნავპაკტოსის და წმინდა ვლასის მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტს
ავტორი: თესალონიკის არისტოტელეს სახ. უნივერსიტეტის საეკლესიო სამართლის დოქტორი ანასტასი ვავუსკოსი (07.04.2019)

ყურადღებით წავიკითხე ჩემს სტატიაზე ნავპაკტოსის და წმინდა ვლასის მარალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ იეროთეოსის პასუხი და მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება ამ დიალოგის ფარგლებში ზოგიერთ საგანს თავისი ადგილი მივუჩინო.
უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს ავტოკეფალია აკრიბიით და ავტოკეფალია იკონომიით.  პატივცემული პროფესორი ს. ტროიანოსი, რომელსაც მოუხმობს მაღალყოვლადუსამღვდელოესი, საეკლესიო სამართლის სახელმძღვანელოს ძველი გამოცემის 134-ე გვერდზე, უარყოფს რა ამ შემთხვევას, შენიშნავს: „ძალიან საეჭვოა, რომ მოცემულ თემაში დასაშვები იყოს „იკონომიის“ გამოყენება, რადგან ის არ არის დოგმატური საკითხი, არამედ წარმოადგენს განსაკუთრებული სირთულის თემას ეკლესიის მოწყობის საქმეში“. კერძოდ:
კანონიკური აკრიბია და იკონომია (სხვაგვარად საეკლესიო იკონომია) წარმოადგენენ წმინდა კანონების განმარტების საფუძვლებს.
ერთი მხრივ, კანონიკური აკრიბიის არსი გულისხმობს  განსახილველი კანონის ტერმინების ნამდვილი, აზრობრივი შინაარსის გადმოცემას.
მეორე მხრივ კი, საეკლესიო იკონომიის ცნება შესაძლებლად მიიჩნევს, ზოგიერთ შემთხვევაში, კანონის ბუკვალური განმარტებიდან გადახვევას, ესე იგი არაა მიჯაჭვული ბუკვალურ განმარტებას.
განმარტების ორივე შემთხვევაში აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს კანონის ან კანონების განმარტებითურთ არსებობა. ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში კი,  კანონები გვაქვს მხოლოდ ამ ინსტიტუტის კანონიკური დაარსებისთვის.
მეოთხე მსოფლიო კრების მე-12 და ტრულის მსოფლიო კრების 38-ე კანონები მიღებულია განმარტებითი საწყისების არსებობის საფუძველზე.
იმ უფლებამოსილი ორგანოს და იმ პროცედურის მიმართ, რომლის მეშვეობითაც გაიცემა ავტოკეფალია, არ არსებობს კანონიკური დადგენილებები. მაშ ასე, ვინაიდან არ არსებობს კანონიკური დადგენილებები, თავისთავად, არც დაისმის საკითხი მათი განმარტების თაობაზე.
მაშასადამე, ჩნდება შეკითხვა: რა ხდება ამ ორ საკითხთან მიმართებაში? პირველი მსოფლიო კრების მე-6 და მე-7, მეორე მსოფლიო კრების მე-3 და მესამე მსოფლიო კრების მე-8 კანონებიდან, რომელთაც აღიარეს რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის საყდრების პატივით უპირატესობა, გამომდინარეობს შემდეგი:
პირველმა მსოფლიო კრებამ თავისი კანონებით წმინდა კანონის ფორმით განსაზღვრა აქამდე არსებული „წეს-ჩვეულება“, რომელსაც უკვე გააჩნდა სამართლის ძალმოსილება, ესე იგი რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის უპირატესი ადგილები.
მეორე მსოფლიო კრებამ მე-3 კანონით წმინდა კანონის ფორმით გამოკვეთა სახელმწიფოს დედაქალაქის ტრადიციულად მიღებული უპირატესი ადგილი, რომელიც თავისი არსით დიდად არ განსხვავდება პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებების სულისკვეთებისგან.
აგრეთვე, მესამე მსოფლიო კრებამ მე-8 კანონით წმინდა კანონის ფორმით განსაზღვრა აქამდე არსებული „წეს-ჩვეულება“ კვიპროსის ეკლესიის ეპისკოპოსების იმავე ეპარქიის ეპისკოპოსებისგან ხელდასხმის შესახებ.
როგორც ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, მსოფლიო კრებებს არ შეუქმნიათ პირველადი სამართალი, არამედ საზეიმოდ დაამტკიცეს უკვე არსებული მდგომარეობები, ტრადიციისამებრ დადგენილნი, რომლებიც, როგორც ასეთი, წარმოადგენდნენ კიდეც სამართალს.
სწორედ ამიტომ, კრებებზე არ ყოფილა არსებითი მსჯელობის თემად ის, რომ რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის ეკლესიებს ეკავათ თუ არა უპირატესი ადგილები.
ან თუნდაც კონსტანტინოპოლს, როგორც სახელმწიფოს დედაქალაქს, ჰქონდა თუ არა პატივით უპირატესობა, ან ნამდვილად ხორციელდებოდა თუ არა  კვიპროსის ეკლესიის ეპისკოპოსების ხელდასხმა იმავე კვიპროსის ეკლესიის ეპისკოპოსებისგან.
აქედან გამომდინარეობს ის, რომ არ არსებობს წმინდა კანონების  მხრიდან რაიმე მინიშნება ისეთი კომპეტენციის დაფუძნებისთვის, რომლის მეშვეობითაც მსოფლიო კრება დაამტკიცებს ან უარყოფს ეკლესიათა უკვე არსებულ სტატუსებს.
ავტოკეფალიის ინსტიტუტი, პირველად, მრავალი საუკუნის შემდეგ ჩნდება ასპარეზზე რუსეთის ეკლესიის მაგალითზე.
ეს პერიოდი იმ შესანიშნავი და მრავალწლიანი პრაქტიკით ხასიათდება, რომლის საფუძველზეც მსოფლიო საპატრიარქო კონკრეტული წინაპირობების გამოკვლევის შემდეგ, შესაბამისი პატრიარქალური და სინოდალური ტომოსების გამოცემით ანიჭებს ავტოკეფალიის სტატუსს.
ეს პროცედურა უკვე წარმოვადგინე ჩემს წინა სტატიაში ტრადიციული წინაპირობების დართვით, რომელიც წმინდა კანონის ავტორიტეტის ძალით წარმოადგენს კანონიკურ ვალდებულებას ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
არც ერთი პატრიარქალური და სინოდალური ტომოსი, გარდა იმისა, რომელიც ეხება საქართველოს ეკლესიას, არ ახსენებს მსოფლიო კრების კომპეტენციას ეკლესიათა უკვე მინიჭებული სტატუსების თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით.
მხოლოდ ის საქმეები, რომელთაც გააჩნიათ სრული და საყოველთაო ძალმოსილება მთელ მართლმადიდებელ ეკლესიაში და რომლებიც აწარმოებენ სამართლებრივ აქტებს, წარმოადგენენ მტკიცებულებებს კანონოლოგისთვის და არა მიღებული გადაწყვეტილებების თანმხლები ეპისტოლეები.
რომლებიც გახლავთ მხოლოდ პრეზუმპციები, რადგან არ წარმოადგენენ ოფიციალურ გადაწყვეტილებებს, ვინაიდან არ არიან მიღებულნი კომპეტენტური ორგანოებისგან და შესაბამისად, არ წარმოადგენენ სამართლებრივ აქტებს.
ისინი არიან მხოლოდ გამოთქმული აზრები, რომლებიც არ შეიძლება წარმოადგენდნენ კანონების განმარტების და მათი სწორი გამოყენების ქვაკუთხედს, თუმცა შეიძლება მათი გამოყენება კანონების მცდარი და სწორი განმარტების ერთმანეთთან შედარების (შეპირისპირების) მტკიცე საზომად.
ვიმეორებ, რომ ეს მოქმედებს მხოლოდ კანონოლოგისთვის და იმ კრებამდელი ტექსტებისთვის, რომელიც შეეხება ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭების გზას.
ეს ტექსტები, იმ წუთიდან, როდესაც არ გარდაიქმნენ სინოდალურ გადაწყვეტილებებად, დარჩნენ, უბრალოდ, შემოთავაზებებად და არა განჩინებებად. და ცხადია, სრულიად ამტკიცებენ მსოფლიო საპატრიარქოს მისწრაფებას პრობლემის ერთობლივი გადაწყვეტის გზის მოძიებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ამას შედეგად მოყვება მისი მხრიდან (მს. საპატრიარქო) ზოგიერთი კანონიკური და ისტორიული უფლების დათმობა.
ვინაიდან, ისინი არ აწარმოებენ სამართლებრივ აქტებს, არც არიან პასუხისმგებელნი მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. ესე იგი, ამ ტექსტებსა და აქტებში შემავალ მტკიცებულებებზე დაყრდნობა, რომლებსაც (მტკიცებულებები) არ გააჩნიათ სამართლებრივი საფუძველი, განიხილება და განისჯება, როგორც უშედეგო და არახელსაყრელი.
ვფიქრობ, რომ ჩემი მოსაზრებები ერთ რამეს უზუსტესად ამტკიცებენ: ესე იგი, მაქვს ცოდნა წყაროთა შესახებ, რომელთაც ყოვლადუსამღვდელოესი მოიხმობს, რადგანაც ისინი დავამუშავე გ. ლიადასთან თანამშრომლობის შედეგად და გამოვაქვეყნე კიდეც.
თუმცა კანონოლოგს ეკრძალება იმ წყაროების გამოყენება, რომლებიც მოქმედებენ მოსაზრებათა სფეროში, ვინაიდან ისინი მას  მცდარი რჩევის მიცემისკენ უბიძგებენ.
რაც შეეხება მაღალყოვლადუსამღვდელოესის მხრიდან პროფესორ ტროიანოსის ზემოთაღნიშნულ სახელმძღვანელოში გამოთქმული მოსაზრებების მოხმობას, იმისათვის რომ, დააფუძნოს თავისი პირადი შეხედულებები, რომელნიც თეორიულად მსოფლიო საპატრიარქოს ემხრობიან, აღვნიშნავ მხოლოდ ორ რამეს: ა) პროფესორი არის მსოფლიო საპატრიარქოს კომპეტენციის მოწინააღმდეგე და პანორთოდოქსული კრების კომპეტენციის მომხრე ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.  იგი აღნიშნავს შემდეგს, რასაც წმინდა ნავპაკტოელიც იხსენიებს:  „პანორთოდოქსული კრების ადგილს  სხვა ორგანო ვერ დაიკავებს, მათ შორის ვერც პატრიარქალური კრება“. ბ) პროფესორი მსოფლიო საპატრიარქოს განჩინებების „არასრულყოფილებას“ აკავშირებს არა ავტოკეფალიის მინიჭებასთან, არამედ ავტოკეფალური ეკლესიების საპატრიარქო ხარისხში ამაღლებასთან, რაც სხვა საკითხს წარმოადგენს.
როგორც ის (პროფ. ტროიანოსი) იმავე წიგნში აღნიშნავს და რასაც წმინდა ნავპაკტოელიც ახსენებს: „როგორც ყველა შესაბამისი სინოდალური ტომოსიდან გამომდინარეობს, მსოფლიო საპატრიარქო, როგორც ჩანს, მსოფლიო და სულ მცირე, პანორთოდოქსული კრების განსაკუთრებული კომპეტენციის შეთავსების მიუხედავად, ვერ წარემატა ავტოკეფალური ეკლესიების საპატრიარქოებად გამოცხადების საკითხში, არამედ, უბრალოდ  საკუთარი თავი შეიზღუდა თანხმობის მიცემით „პირველსავე შესაძლებლობაზე მოწვეულ მსოფლიო  თუ სხვა დიდი კრების“ მიერ საპატრიარქოებად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც ნათლად ჩანს ტომოსთა ტექსტებში, კანონიკური აკრიბიის ძალით არის კომპეტენტური მსგავსი საკითხების გადაწყვეტასთან მიმართებაში. მაშასადამე, სერბეთის, რუმინეთის და ბულგარეთის ეკლესიების საპატრიარქოებად ამაღლების პროცესი მკაცრი სამართლებრივი შეხედულებიდან გამომდინარე ჯერ კიდევ არ არის დასრულებული“.
მიუხედავად ყველაფრისა, შევეცდები კანონოლოგის პროფესიული მოვალეობისგან გამოვიდე და საკითხი მაღალყოვლადუსამღვდელოესის თვალსაწიერიდან განვიხილო, თავი ავარიდო რა ზოგიერთი ეკლესიის საპატრიარქო ღირსებამდე ამაღლების თაობაზე საკითხის მეტად განვრცობას. ამაზე სხვა დროს.
მაშ ასე, როგორც ვივარაუდეთ, მსოფლიო კრების მოწვევამდე არსებული ავტოკეფალიათა სტატუსები, უნდა იქნან განხილულნი ამ კრების მიერ, როდესაც ის იქნება მოწვეული. ამ შემთხევაში გვაქვს პრობლემის გადაწყვეტის ორი გზა:
I. პირველი გზა წარმოადგენს ფორმალურ, თუმცა საზეიმო დამტკიცებას უკვე არსებული წეს-ჩვეულებისა, პირველი და მესამე (არაპირდაპირ მეორე) მსოფლიო კრებების მაგალითების მსგავსად.
რადგანაც ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭების პროცესი, რომელიც ბოლო ორი საუკუნეა მოქმედებს უცვლელად და უნიკალური ფორმით, წარმოადგენს ტრადიციას.
თუკი ვიზიარებთ ამ შეხედულებას, მაშინ გაოცებული ვარ რის საფუძველზეღა წარმოიქმნება დავა. აუცილებელია საკითხის დასმა მსოფლიო კრებისთვის დამახასიათებელი  სხვა დანარჩენი კომპეტენციების შესახებაც, რომლიც მოწვევაც, ცხადია, არის სამომავლო და გარდაუვალი მოვლენა.
არა, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ საკითხზე, რომელიც არა არსისაგანაა ან უკეთესეს შემთხვევაში აბსოლუტურად თეორიულია.
II. მეორე გზა კი გახლავთ მსოფლიო კრების არსებითი კომპეტენციის აღიარება არსებული ავტოკეფალიების სტატუსების მიმართ.
ამ შემთხვევაში, როდესაც მოწვეულ იქნება მსოფლიო კრება, სრულად გამოიკვლევს მინიჭებული  ავტოკეფალიების სტატუსებს და მიიღებს თავისუფალ და უაპელაციო საბოლოო გადაწყვეტილებას.
კვლევა და განხილვა განხორციელდება ორ საფუძველზე. პირველი საფუძველი იქნება ნებისმიერი ავტოკეფალიის  ტომოსის გამოცემის პროცესის კანონიკურობა, ხოლო მეორე კი, იქნება თითოეული ტომოსის ტერმინების ნაწილობრივი თანხმობა. ადვილი გასაგებია, თუ რა საფრთხეს შეიცავს პრობლემის ამ გზით გადაწყვეტა მართლმადიდებელი ერთიანობისთვის.
ამის საფუძველზე, მე კვლავ ჩემს მოსაზრებაზე დავრჩები, რომ საკითხი არ უნდა მოიცავდეს  მომავალში მოწვეული მსოფლიო კრების ჩარევას ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭების ფორმასა და საშუალებებში.
აქედან გამომდინარე, არავინ არ უნდა იდავოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ხოლო ხსენებული კრებამდელი ტექსტები შედიან მოსაზრებათა შემადგენლობაში და არ გააჩნიათ არანაირი სამართლებრივი ნიშანი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი პანორთოდოქსული კრების განსახილველ საკითხთა შემადგენლობაში შეტანა  უარყოფილია.
თუკი ოდესმე ეს შემოთავაზება მიღებული იქნება პანორთოდოქსული კრების მიერ, მაშინ კვლავ განვიხილავთ ამ თემას.



სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა გურამ გიორგაძემ.

-----------------------------------

მიტროპოლიტ იეროთეოსის I წერილი (30.03.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/43--.html
ანასტასი ვავუსკოსის I წერილი (05.04.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/44--.html
მიტროპოლიტ იეროთეოსის II წერილი (06.04.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/49--.html
მიტროპოლიტ იეროთეოსის III წერილი (08.04.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/56--.html
გადმოწერეთ: PDF
27-04-2019, 21:20

FACEBOOK