საბოლოო პასუხი ანასტასი ვავუსკოსს

საბოლოო პასუხი ანასტასი ვავუსკოსს
ავტორი: ნავპაკტოსის და წმინდა ვლასის მიტროპოლიტი იეროთეოსი (08.04.2019)

წავიკითხე საეკლესიო სამართლის დოქტორის, ბატონ ანასტასი ვავუსკოსის მიერ ინტერნეტში განთავსებული მეორე სტატია, სათაურით „პასუხი ნავპაკტოსისა და წმინდა ვლასის მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტს“, და ვფიქრობ, მეტად აღარაა საჭირო ამ თემაზე საუბრის გაგრძელება, რათა არ გადაიზარდოს ეს ორი ადამიანის კამათში, მაშინ როცა თემა უღრმესი ეკლესიოლოგიური მნიშვნელობისაა და მოითხოვს საგულდაგულო მიდგომას.
მკითხველი, რომელსაც წაკითხული აქვს ჩვენ შორის მიმდინარე მიმოწერა, თავად განსჯის. მე მხოლოდ ორ ფაქტზე მინდა გავამახვილო ყურადღება.
1) ჩემი აზრით, ამგვარი არგუმენტები და მათი გამოთქმის ფორმები შეურაცხყოფენ უკრაინის ავტოკეფალიის მრავალფეროვანი და მრავალმხრივი თემის გარშემო წარმოქმნილ საუბრებს.
როგორც ჩემს 30-3-2019-ით დათარიღებულ წმინდა სინოდისადმი გაგზავნილ წერილში აღვნიშნავ, მსოფლიო პატრიარქმა ბასილიმ რუმინეთის ეკლესიას გაუგზავნა ეპისტოლე, რომლითაც აუწყა მათი ეკლესიის საპატრიარქო პატივში ამაღლების შესახებ (პროტოკოლის ნომერი 1579/30-7-1925). აღნიშნულ ეპისტოლეში ვკითხულობთ:
„სიხარულით ვაცნობებთ თქვენს უნეტარესობას ჩვენი წმინდა და სამღვდელო კრების მიერ ახლახანს მიღებულ ერთსულოვან გადაწყვეტილებას საპატრიარქო ტიტულის ბოძების შესახებ. ჩვენმა ეკლესიამ (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო), ვითარცა მოსიყვარულე დედამ, მიიღო რა თხოვნა თავისი უსაყვარლესი და უძვირფასესი შვილი და მოძმე ეკლესიისაგან, ქრისტესმიერ წმინდა რუმინეთის ეკლესიისაგან, განსაჯა და მიიჩნევს, რომ არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, რათა იკონომიის კეთილი მეთოდის გამოყენებით, დააკმაყოფილოს და აღიაროს მოძმე ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთსულოვანი მოთხოვნა, იმ რწმენითა და მოლოდინით, რომ ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, პირველივე წმინდა და დიდი კრების გამართვისთანავე, განასრულებს და კანონიკურ აკრიბიად აქცევს ამ გადაწყვეტილებას და არ განსჯის ეკლესიის დიდებისა და სარგებლისათვის ჩადენილ ამ ქმედებებს. მსგავსადვე გვჯერა, რომ ჩვენი ეს გადაწყვეტილება თანხმობაში იქნება სხვა უწმინდესი და მაღალყოვლადუსამღვდელოესი პატრიარქებისა თუ ადგილობრივი ეკლესიათა მეთაურების მოსაზრებებთან და საერთო აზრი გვექნება რუმინეთის ეკლესიისათვის საპატრიარქო პატივის მინიჭების შესახებ“ (Ἀναστασίου Βαβούσκου καί Γρηγορίου Λιάντα, Οἱ θεσμοί τοῦ αὐτοκεφάλου καί τοῦ αὐτο­νόμου καθεστῶτος στήν Ὀρθόδοξη Ἐκκλησία, σελ. 149-150).
იგივე შეიძლება ვთქვათ მსოფლიო პატრიარქ ათენაგორას მიერ ბულგარეთის ეკლესიისათვის გაგზავნილ ეპისტოლეზეც, რომლითაც აუწყა მათ მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილება ბულგარეთის ეკლესიის საპატრიარქო პატივში ამაღლების შესახებ (პროტოკოლის ნომერი 552/27-7-1961).
შეუძლებელია იმ პატრიარქალური და სინოდალური ტექტებისთვის გვერდის ავლა, რომლებიც საუბრობენ საპატრიარქო პატივის იკონომიით მინიჭებასა  და მსოფლიო და დიდ კრებაზე მათი განსრულებისა და კანონიკურ აკრიბიად ქცევის შესახებ, შეუძლებელია მათი დაკნინება, და მიჩნევა, რომ, „მათ გაცემას არ მოყვა კანონიკური შედეგები“ და „სავალდებულო არაა მართლმადიდებელი ეკლესიისათვის“ და რომ „წარმოადგენენ შეთავაზებებსა და პოზიციათა გამოხატულებებს“.
შეიძლება ამ უკანასკნელ მახასიათებელს „პოციციათა გამოხატულება“ ბატონი ვავუსკოსი იყენებდეს სხვა პატრიარქალური ტექსტის მიმართ, რომელიც დაიწერა კრეტის კრების წინამოსამზადებელ შეხვედრათა დიალოგების ფონზე, მაგრამ  ფაქტია, რომ იგი გვერდს უვლის და აკნინებს საპატრიარქო და სინოდალურ ოქმებს, რომლებიც გადაეგზავნათ ადგილობრივ ეკლესიებს, რათა ეცნობებინათ საპატრიარქო პატივის მინიჭების შესახებ. ამ ოქმებში გამოიყენება ტერმინები „იკონომიით“ და „აკრიბიით“, მაგრამ ჯერ კიდევ არ ხდება გარჩევა ავტოკეფალიის ბოძებასა და საპატრიარქოს პატივის მინიჭებას შორის.
ვფიქრობ, ამგვარი მოსაზრებებით ხდება უპატივცემულობის გამოხატვა მსოფლიო საპატრიარქოს მიმართ, რადგანაც იგი წარმოჩენილია, თითქოს სხვანაირად წერდეს ტომოსს, რომლითაც ანიჭებს საპატრიარქო პატივსა და ღირსებას, და სხვანაირად წერდეს პატრიარქალურ და სინოდალურ ოქმებში, რომლებიც ეგზავნებათ ადგილობრივ ეკლესიებს. მე საწინააღმდეგოდ ვფიქრობ, რადგანაც ერთიდაიგივე სინოდალური ორგანო გასცემს ტომოსებს და განმარტავს საკუთარ ეპისტოლეებს.
ასევე უცნაურია ის მოსაზრებაც, თითქოს საპატრიარქო პატივისა და ღირსების, და დიპტიქის რიგის ცვლილებისათვის საჭირო არ იყოს პრესვიგენული ეკლესიების პატრიარქთა თანხმობა. სამწუხაროდ, მსგავსი მოსაზრებები ცუდად აისახება მსოფლიო საპატრიარქოსა თუ  მართლმადიდებელი ეკლესის ერთობაზე.
2) დღესდღეობით ეკლესიის ერთობას სერიოზული საფრთხე ემუქრება მოსალოდნელი მტკივნეული შედეგებით. ყოველი პასუხისმგებელი ადამიანი, იქნება ეს ეპისკოპოსი თუ მეცნიერი, უნდა ფლობდეს თავდაჭერილობის, კეთილგონიერებისა და ყურადღების უნარს, რათა კიდევ უფრო მეტად არ გააღრმავოს ასე ძნელად განკურნებადი სქიზმატური მდგომარეობა.
ამგვარად, საეკლესიო სამართლის დოქტორის მიერ საბერძნეთის ეკლესიის იერარქიისათვის წამოყენებული შეთავაზება ვერ ეხმარება პრობლემის მოგვარებას. განვიხილოთ  შეუვალობით გაკეთებული ეს შეთავაზება:
„მსურს განვაცხადო შემდეგი: საბერძნეთის ეკლესია ვალდებულია დაუყოვნებლივ გააუქმოს თავისი ორი კომისია, რომლებიც იკვლევენ უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესს და წერილით მიმართოს ახალშექმნილი ეკლესიის მეთაურს, მიულოცოს საჭეთმპყრობლად არჩევა და მოიწვიოს ათენში. ყოველი სხვა გადაწყვეტილება ან ქმედება არაკანონიერად მიიჩნევა“.
ასეთი განცხადებები, და მითუმეტეს გამოთქმის ამგვარი ფორმით, არ შეიძლება კარგი შედეგის მომტანი იყოს მსოფლიო საპატრიარქოსათვის, მიუხედავად იმისა, რომ მისი ავტორი მის მხარდაჭერას ცდილობს.
ვერც უტაქტო გამონათქვამები, საფეხბურთო სტადიონზე მოსმენადი  ლექსიკა, და სხვადასხვა ზედწოდებები პრობლემის გადასაჭრელად მოღვაწე პატრიარქთა და ეპისკოპოსთა მიმართ ვერ შეძლებს უზრუნველყოს ეკლესიის ერთიანობის დაცვა.
დასასრულს, შეუძლებელია ვინმემ ეჭვი შეიტანოს ეკლესიის მიმართ ჩვენ სიყვარულში, როცა ნახევარი საუკუნეა ვატარებთ სამღვდელო შესამოსელს და ვმოღვაწეობთ როგორც ჩვენს სამშობლოში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში, დღისითა და ღამით, ქადაგებითა და წერილობით, მსხვერპლითა და მხარდაჭერით, მიუხედავად ჩვენი შეცდომებისა, განსადიდებელად მართლმადიდებელი ეკლესიისა, წარმოსაჩინებლად მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისა და სადიდებელად ღვთისა.
რადგან შევამჩნიე, რომ ბატონი ანასტასი ვავუსკოსი ფრიადი განსწავლულობით პასუხობს საბერთძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი ეპისკოპოსის მოსაზრებებს, ასევე უყვარს მსოფლიო საპატრიარქო და ტკივილს განიცდის ეკლესიის ერთობისათვის დამდგარი საფრთხის გამო, როგორც კანონმცოდნეს, ვურჩევდი რომ ეპასუხა  მამა ანასტასი გოცოპულოსის მიერ მისთვის პირადად თუ საჯაროდ დასმული შეკითხვებისთვისაც.
ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გაგვაჩნდეს ერთობა, ლოცვა, შიში ღვთისა და ადეკვატური შეთავაზებები შესაბამის  პიროვნებათა მიმართ, რათა მოგვარდეს პრობლემა და არა უარესი საფრთხე დაემუქროს საეკლესიო ერთობას.



სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა თორნიკე მამნიაშვილმა.

-----------------------------------

მიტროპოლიტ იეროთეოსის I წერილი (30.03.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/43--.html
ანასტასი ვავუსკოსის I წერილი (05.042019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/44--.html
მიტროპოლიტ იეროთეოსის II წერილი (06.04.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/49--.html
ანასტასი ვავუსკოსის II წერილი (07.04.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/50--.html
გადმოწერეთ: PDF
29-04-2019, 17:15

FACEBOOK