(ასევე) საბოლოო პასუხი ნავპაკტოსის მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტს

(ასევე) საბოლოო პასუხი ნავპაკტოსის მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტს
ავტორი: საეკლესიო სამართლის დოქტორი ანასტასი ვავუსკოსი (08.04.2019)

სიმართლე რომ ვთქვა, მაღალყოვლადუსამღვდელოესისაგან მოველოდი პასუხს, მაგრამ ისეთს - არა, რომელიც პიროვნულად შეურაცხმყოფდა, ხოლო ჩემს მოსაზრებებს კი დამახინჯებულად წარმოადგენდა.
1) მაღალყოვლადუსამღვდელოესის აზრით „ამგვარი არგუმენტები და მათი გამოთქმის ფორმები შეურაცხყოფენ უკრაინის ავტოკეფალიის მრავალფეროვანი და მრავალმხრივი თემის გარშემო წარმოქმნილ საუბრებს“.
თუ ამ არგუმენტებში საკუთარ არგუმენტებს გულისხმობს, უფლება აქვს ისე დაახასიათოს ისინი, როგორც სურს, მაგრამ თუ ჩემს არგუმენტებს გულისხმობს, მაშინ სცდება სამეცნიორო კამათის ყოველგვარ საზღვრებს.
უკრაინის საკითხის შესახებ ჩემი პოზიციების და ამ თემაზე დაწერილი სტატიების შესახებ პირადად აქვს ნათქვამი ჩემთვის მის ღვთაებრივ ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს, რომ დადებითადაა განწყობილი მათ მიმართ. იგი არ ფიქრობს, რომ ისინი „აკნინებენ“ რაიმე თემას. ვწუხვარ, რომ მაღალყოვლადუსამღვდელოესი ამგვარად არ ფიქრობს.
2) მაღალყოვლადუსამღვდელოესს ბოლომდე არ წაუკითხავს ჩემი პასუხი; რომ წაეკითხა, გაიგებდა, რომ ავტოკეფალიის ბოძების და არა რომელიმე ეკლესიის საპატრიარქო პატივში ამაღლების თემას ვეხებოდი.
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საპატრიარქო პატივში ამაღლების თემას შევეხე, იყო შემდეგი: „მიუხედავად ამისა, შევეცდები გამოვიდე კანონმცოდნის პროფესიული ჭრილიდან და საკითხს შევხედო მაღალყოვლადუსამღვდელოესის თვალით, თავს ავარიდებ და არ შევეხები კონკრეტული ეკლესიების საპატრიარქო პატივში ამაღლების თემას. ამის შესახებ სხვა დროს“.
შედეგად, მაღალყოვლადუსამღვდელოესის საბოლოო პასუხის ნახევარი, თუ მთლიანად არა, თემის მიღმა საუბარია, მაგრამ მკითხველს უქმნის მცდარ შეხედულებას, თითქოს „ვავუსკოსი გაკილულ იქმნა“.
და ასევე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიიჩნევს, რომ „ამგვარი მოსაზრებებით ხდება უპატივცემულობის გამოხატვა მსოფლიო საპატრიარქოს მიმართ“. კი მაგრამ, რომელი მოსაზრებებით?! რომელიც არ გამომითქვამს?!
მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ასევე, აჩვენებს, რომ არ ესმის განსხვავება რომელიმე კრების ოფიციალურ გადაწყვეტილებათა ძალმოსილებასა და კრების წინა პერიოდში შემდგარ ოქმებს შორის, რომელნიც წარმოადგენენ საცდელ ვარიანტებს და არანაირად არ უტოლდებიან ოფიციალურ გადაწყვეტილებას. ამის შესახებაც გამოვხატავ ჩემს მწუხარებას.
3) ჩემი შეთავაზება იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეს საბერძნეთის ეკლესია, მართლაც მსოფლიო საპატრიარქოს ინტერესის მხარდამჭერია, რადგანაც ეჭვქვეშ არ აყენებს მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, რომლითაც უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭა.
მსოფლიო საპატრიარქოს ინტერესების დამაზიანებელი სწორედ მაღალყოვლადუსამღვდელოესის მოსაზრებაა, რომლის მიხედვითაც საჭიროა საბერძნეთის ეკლესიამ დროებით აღიაროს უკრაინის ავტოკეფალიის ტომოსი და შემდეგ დაელოდეს მსოფლიო კრების მოწვევას, რომელზეც ყველა ავტოკეფალიის საკითხი იქნება ხელახლა განხილული.
მაღალყოვლადუსამღვდელოესი სიტყვასიტყვით ამბობს შემდეგს: „საბერძნეთის ეკლესიას არ შეუძლია არ დაეთანხმოს მსოფლიო საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხში. ჯერჯერობით, იგი უნდა დაეთანხმოს ამ გადაწყვეტილებას და დაელოდოს მსოფლიო კრებას, რომელიც თავის მხრივ, გამოთქვამს თავის საბოლოო აზრსა და განაჩენს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა ეკლესიების ავტოკეფალიების შესახებაც“.
ვფიქრობ, საშუალო, გონიერი ადამიანი მიხვდება, რომ სწორედ მისი ეს მოსაზრებაა მსოფლიო საპატრიარქოს ავტორიტეტის შემარყეველი, და არა ჩემი.
როგორ შეიძლება, რომ მოსაზრება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს  მსოფლიო საპატრიარქოს სრულ ძალმოსილებასა და ავტორიტეტს, მიიჩნეოდეს მსოფლიო საპატრიარქოს ინტერესების მხარდამჭერად?! ამის შესახებაც ვწუხვარ.
4) ვმადლობ მაღალყოვლადუსამღვდელოესს, რომ მირჩია ერთი სასულიერო პირის შეკითხვებისთვისაც მეპასუხა. ამ სასულიერო პირს პირადად არ ვიცნობ, არც მსმენია მის მიერ ჩემთვის დასმულ კითხვათა შესახებ. უფლებას ვიტოვებ, თავად მივიღო გადაწყვეტილება საკუთარი ქმედებების შესახებ. ამის შესახებაც ვწუხვარ.
მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარი.



სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა თორნიკე მამნიაშვილმა.

-----------------------------------

მიტროპოლიტ იეროთეოსის I წერილი (30.03.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/43--.html
ანასტასი ვავუსკოსის I წერილი (05.042019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/44--.html
მიტროპოლიტ იეროთეოსის II წერილი (06.04.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/49--.html
ანასტასი ვავუსკოსის II წერილი (07.04.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/50--.html
მიტროპოლიტ იეროთეოსის III წერილი (08.04.2019) იხ.: https://hagioritecentre.ge/kanonikuri-samartali/56--.html
გადმოწერეთ: PDF
29-04-2019, 19:53

FACEBOOK