წმინდა ირინეოს ლიონელი გნოსტიკოსთა წინააღმდეგ

წმინდა ირინეოს ლიონელი გნოსტიკოსთა წინააღმდეგ
მთარგმნელის შესავალი

მეორე საუკუნის (140 – 202) გამოჩენლი საეკლესიო მოღვაწე  ირინეოს ლიონელი თავის ცნობილ ნაშრომში „მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა“ უპირისპირდება იმ ეპოქაში საკმაოდ მომძლავრებულ და ეკლესიის ერთიანობისთვის საფრთხის შემცველ გნოსტიკოსთა ერესს, რომელიც გამოირჩეოდა თავისი სინთეზური სწავლებით, სადაც გაერთიანებული იყო, როგორც სხვადასხვა რელიგიური, ისე ფილოსოფიური მოძღვრების გარკვეული ელემენტები. მათი მისტიური ცხოვრება დაკავშირებული იყო მაგიასთან და ჯადოქრობასთან. გნოსტიკოსთა მოძღვრების მთავარი ღერძი იყო სწავლება „ეონების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ოცდაათი სხვადასხვა „ეონი“ ერთიანდებოდა ერთ სულიერ, ტრანსცენდენტულ „სისავსეში“. ყველა ეონის საწყისად კი წარმოდგენილი იყო გამოუთქმელი, მიუწვდომელი და შეუმეცნებელი „მამა“, რომელსაც ეწოდებოდა „სიღრმე“. ეონთა გამოვლინება და წარმოშობა დაკავშირებული იყო საპირისპირო სქესის, მდედრობითი და მამრობითი ეონების შეწყვილებასთან. ამგვარად, შეუმეცნებელი და მიუწვდომელი ეონი, ანუ „სიღრმე“ ფლობდა აბსოლუტურ ცოდნას, რასაც მოკლებულნი იყვნენ სხვა ეონები. ერთ-ერთი ეონის - „სიბრძნის (სოფია)“ სურვილმა შეეცნო „სიღრმე“-ეონი, გამოიწვია მისი დაცემა და სისავსიდან მოწყვეტა. სისავსის გარეთ სუფევდა უცოდინრობა და პათოსი (ვნებადობა). სწორედ „სისავსის“ გარეთ იქმნება მატერიალური სამყარო, რომლის შემოქმედიც არის არა რომელიმე სისავსეში მყოფი ეონი, არამედ „ნაკლულოვანების ნაყოფი“ დემიურგოსი, რომელმაც არ იცის არც სისავსე, არც თავისი თავი და არც თავისივე ქმნილების არსი.
გნოსტიკოსები კაცობრიობას ყოფდნენ სამ კატეგორიად: „ხორციელ (მიწიერი)“, „ფშვინვიერ“ და „სულიერ“ ადამიანებად. მათგან მხოლოდ სულიერი“ ადამიანები აღწევდნენ სისავსეს და უერთდებოდნენ ეონებს. აქედან გამომდინარე, გნოსტიკოსები უარყოფითად აფასებდნენ ადამიანის სხეულებრივ ნაწილს და ყველანაირად ამცრობდნენ მას. წინამდებარე თარგმანში - რომელიც, თუმცა მცირე მოცულობის ამონარიდია მისივე ხსენებული თხზულებიდან „მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა“, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია - წმინდა ირინეოსი წარმოაჩენს, ერთი მხრივ, ერთადერთი და ყოვლისშემძლე ღმერთის და მამის არსებობას, რომელიც, ამასთანავე, შემოქმედიცაა და მთელ სამყაროს ქმნის, მეორე მხრივ კი, ხაზს უსვამს ადამიანის, როგორც სამნაწილედი არსების განუყოფლობას. წმინდა მამის სწავლებით ადამიანი შეუძლებელია იყოს ცალკე სული ან ხორცი. ადამიანი ეს არის სულისა და ხორცის ერთობა და შესაბამისად, აღდგომაც სწორედ, რომ ამ ორივე ნაწილს თანაბრად შეეხება. აქ, ასევე ხაზგასმულია, რომ სიცოცხლის წყარო და ცხოველმყოფელი მხოლოდ ღმერთია და ვისაც სურს, რამდენიც სურს და როგორც სურს, ისე ანიჭებს სიცოცხლეს და დღეგრძელობას.
 
გურამ გიორგაძე


მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა
წიგნი V, თავი მე-5 (ამონარიდი)

იმის შესახებ, რომ სხეულები დიდხანს ცოცხლობენ - რამდენი ხნითაც ღმერთმა ინება მათი კეთილად ყოფნა - დაე, წაიკითხონ წმინდა წერილი და იქ აღმოაჩენენ ჩვენამდე მცხოვრებ ადამიანებს, რომელთა ასაკიც გარდაემეტა სამოცდაათ, ოთხმოც და ოთხმოცდაათ წელს და რომ მათი სხეულები იყო დღეგრძელი და სიცოცხლეში მონაწილეობდა იქამდე, სადამდეც ღმერთს სურდა მათი სიცოცხლე. რა შეგვიძლია ვთქვათ მათზე (ე. ი., ბიბლიურ პიროვნებებზე, მთარგ.)? ენოქი სათნო-ეყო ღმერთს და ამიტომაც იგი წაყვანილ იქნა სხეულით, რაც მოასწავებს მართალთა ადგილმონაცვლეობას (მეტათეზისი); ასევე, ელიაც შექმნილი სხეულით ამაღლდა და ამით სულიერ ადამიანთა ამაღლება გვაუწყა. მათთვის სხეული გადაადგილებისთვის და ამაღლებისთვის სრულებითაც არ იყო დამაბრკოლებელი. [ეს სხეულები] სწორედ იმ [ღმერთის] ხელებით გადაადგილდებოდნენ და მაღლდებოდნენ, რომლითაც ისინი თავდაპირველად შეიქმნენ. იგივე ღვთის ხელები იყო ადამთან, რომელიც ქმნილებას აწესრიგებს, მფარველობს და განაგებს, ამასთანავე, იგი (ანუ, ქმნილება, მთარგ.) გადაჰყავს და ანთავსებს იქ, სადაც სურს. მაშასადამე, სად განთავსდა პირველი ადამიანი? ცხადია, სამოთხეში, როგორ წმინდა წერილი ამბობს: „და გააშენა უფალმა სამოთხე ედემში, აღმოსავლეთით, და დასვა იქ კაცი, რომელიც გამოსახა“ (დაბ. 2: 8), და საიდანაც [შემდგომ] მცნების დარღვევის გამო, ამ სამყაროში გამოძევებულ-იქნა. ამიტომაც, უხუცესები - მოციქულთა მოწაფეები, ამბობენ, რომ ისინი (ენოქი და ელია) გადავიდნენ იქ, ესე იგი, სამოთხეში (რადგანაც სამოთხე მართალი და სულიერი ადამიანებისთვის განმზადდა, სადაც მოციქული პავლეც შევიდა და „მოისმინა გამოუთქმელი სიტყვები“ 2 კორ. 12: 4) და გადასახლებულნი იქვე რჩებიან  ქვეყნის აღსასრულამდე, დაუდეს რა ამით დასაბამი მომავალ უხრწნელებას.
თუკი, კვლავაც ვინმე შეუძლებლად მიიჩნევს ადამიანთა მრავალწლიან ცხოვრებას და იტყვის, რომ ელია სხეულის გარეშე ამაღლდა და ის (სხეული) ცეცხლოვან ეტლში გაუჩინარდა, დაე, გაიხსენოს იონა, რომელიც ზღვის სიღრმეში ჩავარდა და ღვთის ბრძანებით ისევ ცოცხალი გამოვიდა ხმელეთზე. აგრეთვე, ანანიას, აზარიას და მისაელს, რომლებიც შვიდჯერ მეტად გახურებულ ცეცხლის ღუმელში ჩაყარეს, არაფერი შეემთხვათ, კვამლის სუნიც კი არ მიკარებია მათ. ღვთის ხელი, რომელიც მათთან იყო, კაცობრივი ბუნებისთვის შეუძლებელ და დაუჯერებელ საქმეებს აღასრულებდა. მაშ, რა არის გასაოცარი იმაში, რომ  ამ ხელს, ღვთისა და მამის სურვილის მსახურს, რომლის შემწეობითაც ადგილმონაცვლეობდნენ ადამიანები, აღესრულებინა დაუჯერებლი რამ. ეს ხელი არის ძე ღვთისა. წმინდა წერილის ერთ ადგილას ვკითხულობთ ნაბუქოდონოსორის სიტყვებს: „ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ღუმელში? აჰა, ოთხ ხელ-ფეხ გახსნილ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიმოდიან ისინი უვნებლად. მეოთხე შესახედაობით ღვთის ძეს ჰგავს“. ამრიგად, ვერც რომელიმე ქმნილების ბუნება და ვერც ადამიანური უძლურება ვერ აღემატება საღვთო ნებას. ღმერთი კი არ დაემორჩილა ქმნილებებს, არამედ ქმნილებები - ღმერთს და ყოველივე მის ნებას ემსახურება. ამიტომაც ამბობს უფალი: „კაცთათვის შეუძლებელი, შესაძლებელია ღმერთისთვის“ (ლუკ. 18: 27). იმ ადამიანთათვის, რომლებიც ახლა არსებობენ და არ სცნობენ ღვთის განგებულებას, შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რომ ვინმეს მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრების ძალა შესწევდეს. თუმცა კი, ჩვენმა წინამორბედებმა იცოცხლეს და კვლავაც ცოცხლობენ, - მათ [მხოლოდ] ადგილი შეიცვალეს - როგორც მაგალითი მომავალი დღეგრძელი ცხოვრებისა; ისინი ვეშაპის მუცლიდან და ცეცხლოვანი ღუმლიდან ღვთის ხელის დახმარებით ცოცხლები გამოვიდნენ, რათა გამოჩენილიყო მისი (ღმერთის, მთარგ.) ძალა. ეს ახლაც ხდება. ზოგიერთი არ ცნობს ღვთის ძალასა და აღთქმას, მათ (სხეულთა, მთარგ.) გამოხსნას ეწინააღმდეგება, შეუძლებლად მიიჩნევს იმას, რომ ღმერთს ძალუძს სხეულთა აღდგინება და მათთვის მარადიული სიცოცხლის მინიჭება. თუმცა ამგვარ ადამიანთა ურწმუნოება ვერ შეარყევს ღმერთის რწმენას.



სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა და შესავალი დაურთო გურამ გიორგაძემ, ათენის იოანე კაპოდისტრიას სახელ. სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი.

წიგნიდან: ΑΓΙΟΥ ΕΙΡΗΝΑΙΟΥ ΕΠΙΣΚΟΠΥ ΛΟΥΓΔΟΥΝΟΥ, ΕΛΕΓΧΟΣ ΚΑΙ ΑΝΑΤΡΟΠΗ ΤΗΣ ΨΕΥΔΩΝΥΜΟΥ ΓΝΩΣΕΩΣ, ΕΙΣΑΓΩΓΗ-ΜΕΤΑΦΡΑΣΗ-ΣΧΟΛΙΑ Υπο ΕΙΡΗΝΑΙΟΥ ΧΑΤΖΗΕΦΡΑΙΜΙΔΗ, Δ.Θ. Αρχιμανδρίτου, ΘΕΣΣΑΛΟΝΙΚΗ, 1991.
გადმოწერეთ: PDF
13-03-2020, 00:13

FACEBOOK