წმინდა კირილე იერუსალიმელი

წმინდა კირილე იერუსალიმელი
ავტორი: ნიკოლაი საგარდა, პატროლოგი (1870-1943)

ცნობები წმინდა კირილე იერუსალიმელის ცხოვრების შესახებ

წმინდა კირილე იერუსალიმელის ცხოვრების ქრონოლოგია, ჩვეულებრივ, ასე გამოიყურებოდა: დაიბადა დაახლოებით 315 წ; 335 წლისათვის იერუსალიმის ეპისკოპოსმა მაკარიმ აკურთხა დიაკვნად; ხოლო 345 წელს კი ეპისკოპოსმა მაქსიმემ ხელი დაასხა პრესვიტერის ხარისხში. 348 წ. მან პრესვიტერის ხარისხში გადმოსცა მან თავისი კატეხეტური სწავლებანი. თუმცა მთელი ეს ქრონოლოგიური წყობა ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ ეპისკოპოსი მაქსიმე გარდაიცვალა არა უადრეს  349 წლისა, რადგანაც ამ წელს უკავშირებდნენ წმინდა ათანასე ალექსანდრიელის მეორე დევნულობიდან დაბრუნებას და იერუსლამის ეპისკოპოს მაქსიმესთან ევქარისტიული ერთობის აღდგენას. წმინდა ათანასეს პასქალურ ეპისტოლეში მითითებულია, რომ ის იერუსალიმში იმყოფებოდა 346 წელს მეორე დევნულობიდან დაბრუნებული. აქედან გამომდინარე, ეპისკოპოს მაქსიმეს გარდაცვალება და წმინდა კირილეს საეპისკოპოსო კათედრაზე დადგინება, უნდა მოვიაზროთ უფრო ადრეულ პერიოდში, 347 წლის დასასრულს ან 348 წლის დასაწყისში. 348 წელს წმინდა კირილემ წარმოთქვა თავისი ქადაგება ეპისკოპოსის ხარისხში, ისე როგორც ეს ეპისკოპოსისთვისაა დამახასიათებელი და არც ერთ წყაროში მინიშნებაც კი არაა იმის შესახებ, რომ მას ეს ქადაგება წარმოეთქვას პრესვიტერობისას. ამ სიტყვაში არაა გამოყოფილი ერთმანეთისგან ეპისკოპოსი და სიტყვის წარმომთქმელი და კონკრეტულ ადგილებში მქადაგებელი ნათლად წარმოაჩენს თავის იერარქიულ ავტორიტეტს. ამასთანავე ერთად, ნეტარი იერონიმე თავის „ქრონიკებში“ მაქსიმეს სიკვდილს უკავშირებს იმპერატორ კონსტანტის მმართველობის მეთერთმეტე წელს, ანუ პერიოდს - 347 წლის 22 მაისიდან 348 წლის მაისამდე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით წმინდა კირილეს დაბადების თარიღი გადადის 313 წელს, დიაკვნად კურთხევა 333 წელს, პრესვიტერად ხელდასხმა 343 წელს, ხოლო ეპისკოპოსად დადგინება 348 წელს.
წმინდა კირილეს დაბადების ადგილის, მისი მშობლების, აღზრდისა და განათლების შესახებ ცნობები, ფაქტიურად, არ შემონახულა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის დაიბადა ქალაქ იერუსალიმში ან მის შემოგარენში. ეჭვგარეშეა, რომ მან თავისი ახალგაზრდობის წლები გაატარა წმინდა წერილის შესწავლაში, რაც ძალიან კარგად ჩანს მის მიერ წარმოთქმულ ქადაგებაში.ასევე ნათელია, მისი განსწავლულობა, როგორც საეკლესიო, ისე საერო ლიტერატურაშიც.
აღმოსავლეთში გაბატონებული არიანული ფრთის წარმომადგენლები წმინდა კირილეს  თავიანთ თანამოაზრედ მიიჩნევდნენ, როგორც აღნიშნავენ ამის შესახებ სოკრატე, სოძომენე და იერონიმე. ამიტომაც მისი ეპისკოპოსობის პირველი წლები გამოირჩევა მშვიდობიანი საეკლესიო ცხოვრებით.
351 წელს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, 7 მაისს, დაახლოებით დილის 9 საათზე, ცაზე სასწაულებრივად გამოჩნდა  გაბრწყინებული ჯვრის გამოსახულება, რომელიც გოლგოთიდან ელეონის მთამდე იყო გადაჭიმული. მისი ნათება ემსგავსებოდა მზის სხივების ბრწყინვალებას. იერუსალიმის მთელმა მოსახლეობამ იხილა ეს სასწაული, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შიშით შეპყრობილი მორწმუნეები ისწრაფოდნენ ეკლესიებისკენ, რათა აღევლინათ სადიდებელი ლოცვა ქრისტეს მიმართ. მრავალი წარმართი და იუდეველი მოექცა ქრისტეს რწმენაში. იერუსალიმის ცაზე ჯვრის ზებუნებრივი გამოსახვა, არაერთ საეკლესიო ისტორიკოსის ნაშრომში გვხდება, მათ შორის წმინდა კირილეს ნაშრომში „ეპისტოლე ღვთისმოსავ იმპერატორ კონსტანტის“.
მალევე არიანელები მიხვდნენ, რომ შეცდნენ წმინდა კირილესთან დაკავშირებით და ბრძოლა გამოუცხადეს მას. მტრული მოქმედებით წმინდა კირილეს წინააღმდეგ გამოვიდა პალესტინის კესარიის მიტროპოლიტი, არიანელთა მეთაური, აკაკი. ნიკეის მსოფლიო კრების მეშვიდე კანონის, რომელიც იერუსალიმის კათედრას აყენებდა კესარიის კათედრაზე მაღლა,მძლავრმა მოწინააღმდეგემ აკაკიმ დაიწყო იერუსალიმის ეპისკოპოსის პატივისა და ღირსების დაკნინება. წმინდა კირილე იცავდა თავისი კათედრის უფლებებს, რაც იწვევდა აკაკის გაღიზიანებას. არიანელთა ჩვეულების თანახმად, წამოყენებულ იქნა უცხო,  გარეშე ბრალდებები, რომელთაც საფუძლვად დაედო შემდეგი გარემოება: იერუსალიმში მძვინვარებდა საშინელი შიმშილი. მოსახლეობამ დახმარებისთვის თავის სულიერ მწყემსმთავარს მიმართა. წმინდა კირილემ მთელი საეკლესიო შემოსავალი ღარიბებს დაურიგა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, ამიტომაც იგი იძულებული გახდა გაეყიდა საეკლესიო ჭურჭელი და ძვირფასი ნივთები და შემოსული თანხა გადაეცა მოშიმშილე მოსახლეობისთვის. ერთ-ერთმა იერუსალიმის მოქალაქემ, რომელიღაც მსახიობ ქალთან აღმოაჩინა ერთ-ერთი იმ ნივთთაგანი, რომელიც მას შეეწირა იერუსალიმის ეკლესიისთვის. გაირკვა რომ ეს ნივთი, მსახიობ ქალს შეეძინა გამყიდველისგან, გამყიდველისთვის  კი მიეყიდა ის წმინდა კირილეს. აკაკიმ თავის სასარგებლოდ გამოიყენა ეს გარემოება და მოითხოვა გაესამართლებინათ კირილე საეკლესიო ქონების გაფლანგვის ბრალდებით. როდესაც წმინდა კირილე არ დაემორჩილა აკაკის, ამ უკანასკნელმა მის იურისდიქციაში შემავალი ეპისკოპოსების დახმარებით, კრებაზე გადაყენებულად გამოაცხადა იერუსალიმის ეპისკოპოსი და ძალის გამოყენებით დაატოვებინა ქალაქი. ეს მოხდა 357 წელს. წმინდა კირილემ პროტესტი გამოთქვა უსამართლო გაძევებისთვის და გაემგზავრა ქალაქ ტარსში, სადაც ეპისკოპოსმა სილუანმა და ქალაქის მრევლმა დიდი პატივით მიიღეს იგი. კესარიის მიტროპოლიტი აკაკი არ მშვიდდებოდა და შეეცადა გავლენა მოეხდინა ეპისკოპოს სილუანზე, რომელმაც შეიწყნარა წმინდა კირილე. აკაკი უმტკიცებდა მას, რომ კირილე იყო განკვეთილი საეკლესიო ერთობიდან და არც ერთ სხვა ეპისკოპოსს არ ჰქონდა უფლება მასთან რაიმე სახის ურთიერთობა დაემყარებინა. მიუხედავად ამისა, სილუანმა არ ისმინა აკაკის მოწოდებები და წმინდა კირილეს უფლება მისცა ექადაგა ტარსის სამწყსოსთვის. 359 წლის ბოლოსთვის, სელევკიის ადგილობრივ კრებაზე, რომლის მონაწილეების უმრავლესობას ჰომოუსიანელები შეადგენდნენ, უკანონოდ გამოაცხადეს წმინდა კირილეს კათედრიდან გადაყენება და თავად აკაკი განკვეთეს, როგორც არიანელი. მაგრამ ამ კრების გადაწყვეტილება, როგორც ცნობილია, შეუსრულებელი დარჩა, ხოლო ამის შემდეგ კონსტანტინეპოლში იძულებულნი გახდნენ ხელი მოეწერათ არიანელების მიერ წარმოდგენილ სარწმუნოების სიმბოლოზე, ხოლო ჰომოუსიანელები კი სხვადახვა ბრალდებით თავიანთი კათედრებიდან  გადააყენეს და გააძევეს. იერუსალიმში დაბრუნებული კირილე, 360 წელს, იძულებული შეიქმნა კვლავ მიეტოვებინა იგი და წასულიყო გადასახლებაში. მას ბრალი ედებოდა სომხეთის ქალაქ მელეტინში გამართული კრების საწინააღმდეგო მოქმედებებში და ასევე თავად იმპერატორის სახელზე შემოსული შემოწირულობების გაყიდვაში.
წმინდა კირილე დაუბრუნდა თავის კათედრას 362 წელს, იმპერატორ იულიანეს ზეობისას და იყო თვითმხილვევლი იულიანეს წარუმატებელი ჩანაფიქრისა აღედგინა იერუსალიმის ტაძარი. წინასწარმეტყველი დანიელის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც შემდეგ მაცხოვარმაც დაამოწმა სახარებაში, წმინდა კირილე ყველას შეაგონებდა, რომ ახლოა დრო, როცა იერუსალიმის ტაძარი დაინგრევა და „ქვა ქვაზე არ დარჩება“ ქრისტეს წინასწარმეტყველების დასტურად. მართლაც, მთელი სიზუსტით აღსრულდა კირილეს წინასწარუწყება. „ერთ ღამეს, ძლიერმა მიწისძვრამ საბოლოოდ შემუსრა ძველი ტაძრის საძირკვლის ნარჩენები“.
წმინდა კირილემ მოახერხა ურთიერთობის აღდგენა კესარიის ეკლესიასთან და გარდაცვლილი აკაკის ადგილზე, თავისი ნათესავი გელასი დაადგინა. არიანელი  ვალენტის იმპერატორობის ხანაში, წმინდა კირილე კიდევ ერთხელ იქნა გაძევებული იერუსალიმიდან  367 წელს და 11 წლის განმავლობაში აღარ დაბრუნებია თავის სამწყსოს. მხოლოდ 378 წელს, ვალენტის გარდაცვალების შემდეგ, იერუსალიმის მწყემსმთავარმა მოახერხა დაბრუნებულიყო თავის კათედრაზე და 8 წლის განმავლობაში მთელი ძალისხმევით ცდილობდა აღედგინა ეკლესიის ერთობა და მოეწესრიგებინა ეკლესიის ზნეობრივი ცხოვრება, რომელიც ერეტიკოსების მიერ იყო შელახული. 381 წელს, წმინდა კირილე მონაწილეობდა მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაში. მომდევნო წელს, კონსტანტინეპოლის ადგილობრივი კრების გადაწყვეტილებით, დასავლეთში გააგზავნეს წერილი, რომელშიც გადმოცემული იყო წმინდა კირილეს დამსახურებები სარწმუნოების სფეროში, რაც თავის მხრივ აქარწყლებდა დასავლეთში გაჩენილ ყოველგვარ ეჭვს წმინდა კირილეს არამართლმადიდებლობასთან დაკავშირებით. წმინდა კირილე გარდაიცვალა 386 წელს.
            
წმინდა კირილე იერუსალიმელის ლიტერატურული მოღვაწეობა

როგორც მწერალი, წმინდა კირილე ცნობილია თავისი 24 კატეხეტური სიტყვით, რომელიც წარმოთქვა 348 წელს. სწავლებათა წინარე სიტყვა, რომელიც წარმოადგენდა შესავალს, წარმოითქმებოდა კვირაობით, 18 კატეხეტური სიტყვა წარმოითქვა დიდმარხვის სადაგ დღეებში დიდი შაბათის ჩათვლით. აღდგომის დღესასწაულზე, კვირას ღამით შესრულდა ნათლობა, ხოლო დანარჩენი 5, წმინდა კირილემ წარმოთქვა ბრწინვალე შვიდეულის დღეებში. ბოლო 5 სიტყვა მიემართება ახალმონათლულებს (რომელთათვისაც ნათლობამდე დაფარული იყო საეკლესიო საიდუმლოებები) და მოცემულია სრული საეკლესიო სწავლება ნათლობის, მირონცხების და ევქარიისტის საიდუმლოთა შესახებ, რომელთაც ისინი ეზიარნენ აღდგომის დღესასწაულზე.
კატეხეტურ სიტყვათა საფუძველში ჩადებულია იერუსალიმის ეკლესიის სარწმუნეობის უძველესი სიმბოლო. ამ სიმბოლოს განმარტების მიზანია მოსანათლს გააცნოს ის პირობები, რომელთა მიღება და გადატანაც მოუწევს მას ეკლესიის წიაღში გაწევრიანებისთვის.
ქადაგების წინარე სიტყვა წარმოადგენს მოსანათლისათვის იმ დიდებული მდგომარეობის გაცნობას, რაც მას ნათლობის შემდგეგ მოელის, ასევე საუბარია პასუხისმგებლობის შესახებ და მითითებულია თუ როგორ უნდა გაატაროს დრო კათაკმეველმა  ნათლობამდე და მოემზადოს ნათლობის საიდუმლოს ღირსეულად მიღებისათვის. უპირველეს ყოვლისა, მათ მოეთხოვებათ წმინდა გულით სურდეთ ნათლობის მიღება და არა სხვა რაიმე არაწმინდა სურვილების გათვალისწინებით, რომლებიც არა მხოლოდ განაშორებენ ადამიანს ნათლობის საიდუმლოს მადლს, არამედ დამღუპველადაც კი ექცევათ ის. შემდეგ, სრული სერიოზულობით მიიღონ ნათლობისას წარმოთქმული ლოცვები, ყურადღებით მოუსმინონ ქადაგების სიტყვებს, გულისხმიერებით მისდიონ კეთილისმსურველთა გზას და მუდმივად წარემატონ კეთილი საქმეების აღსრულებაში.
პირველ სიტყვაში წმინდა კირილე მოუხმობს ყველას ნათლობისათვის, საუბრობს მისი აუცილებლობისა და იმ სიკეთეების შესახებ, რაც ნათლობის საიდუმლოს თანმდევია, მოუწოდებს ღირსეულად მოემზადონ საიდუმლოში მონაწილეობისთვის და ახსოვდეთ, რომ ღმერთი თავის მადლთა სიუხვეს, არა განურჩევლად და განუკითხავად გარდამოავლენს ყველა ადამიანზე, არამედ მხოლოდ მათზე, ვინც ზრუნავს თავის სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მეორე სიტყვაში საუბარია ცოდვათა მონანიებისა და აღსარების აუცილებლობის შესახებ, რაც წინ უსწრებს ნათლობის საიდუმლოს. ამ მიზნისათვის წმინდა კირილე განიხილავს ცოდვის დამღუპველ ზეგავლენას ადამიანზე, საუბრობს ცოდვის წარმოშობის, ადამიანის მიერ თავისუფალი ნების ბოროტად გამოყენების და ეშმაკის ცდუნების შესახებ, მოჰყავს მაგალითები წმინდა წერილიდან და ამტკიცებს, რომ ცოდვათაგან განკურნების საშუალებას წარმოადგენს ადამიანის მხრიდან სინანული და ღმერთის დაუსრულებელი მოწყალება. ამის საშუალება კი არის ნათლობა, რომელზეც მესამე სიტყვაშია საუბარი. სანათლავ ემბაზში ღმერთი ყველა მონანულს განწმენს ცოდვებისაგან. ორატორი აქებს ამ დიდებულ საიდუმლოს და აღნიშნავს გადარჩენისათვის მის აუცილებლობას, მიანიშნებს მის ხილულ მხარეზე-წყალზე, სხეულის განმწმენდელზე და უხილავზე - სულიწმინდის მადლზე, რომელიც განწმენდს სულს დამღუპველი ცოდვებისგან. ნათლობის საოცარი ნიშნებია: ცოდვათა მიტევება, თვით ყველაზე მძიმე ცოდვისაც კი, ქრისტესთან შეერთება, მისი მიმსგავსება და ა. შ.
მეოთხე სიტყვაში მქადაგებელი საუბრობს ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლების შესახებ და გადმოსცემს და განმარტავს სიმბოლოს. მაგრამ ვიდრე სიმბოლოს შესახებ თხრობას დაიწყებდეს, ის აუცილებლად მიიჩნევს მოკლედ მიმოიხილოს ქრისტიანული დოგმატები, აღნიშნავს მორწმუნესათვის რწმენისა და ქველმოქმედებით ცხოვრების თანაბარ აუცილებლობას, მოკლედ გადმოსცემს სწავლებას ღმერთის შესახებ, იესო ქრისტეს, მისი განკაცების, ჯვარზე ასვლის, დაფვლის, ჯოჯოხეთში შთასვლის, აღდგომის, ამაღლების, მამის მარჯვნივ დაჯდომისა და მეორედ მოსვლის შესახებ, სული წმინდის შესახებ, ადამიანის ბუნების, მისი სამშვინველისა და სხეულის შესახებ, საყოვლეთაო აღდგომისა და საშინელი სამსჯავროს შესახებ. ამ დოგმატური სწავლებების წყაროს წარმოადგენს ღმრთივსულიერი წმინდა წერილი, რომელიც იყოფა ძველი და ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნებად.
მეხუთე სიტყვაში სიმბოლოს განხილვას იწყებს სიტყვა „რწმენის“ განმარტებით, წარმოაჩენს რწმენის ძალას, აქებს მის ღირსებას, განიხილავს მის გადამრჩენელ მოქმედებასა და აუცილებლობას. წმინდა კირილე გამოყოფს რწმენის ორ სახეს: რწნენა, როგორც ადამიანის თანხმობა გამოცხადებული ჭეშმარიტებების მიღებასა და გათავისებაზე და რწმენა, როგორც წყალობა, სასწაულმოქმედი ძალა, მონიჭებული ღმერთის მიერ ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანისთვის. სიტყვის ბოლოს წმინდა კირილე გადასცემს მათ იერუსალიმის სიმბოლოს ტექსტს, რათა დაისწავლონ ზეპირად და აფრთხილებს არ გაუმხილონ ურწმუნო ადამიანებს და არ შეინახონ წერილობითი სახით.
შემდეგი ოთხი სიტყვა განმარტავს სიმბოლოს პირველ წევრს. უპირველეს ყოვლისა, წარმოდგენილია სწავლება ერთი ღმერთის შესახებ, რომელიც მიმართულია წარმართებისა და ზოგიერთი ერეტიკოსის წინააღმდეგ, განსაკუთრებით მანიქეველების. გადმოსცემს რა მათ სწავლებას, წარმოშობისა და შემდგომი განვითარების ისტორიას (მეექვსე სიტყვა). მეშვიდე სიტყვაში გადმოცემულია სწავლება მამა ღმერთის შესახებ, რომ ის არის ჭეშმარიტი მამა თავისი ძისა, იესო ქრისტესი, რომელიც მარადიულად და სრულყოფილად იშვება მისგან. ასევე, ის იწოდება მამად ყოველი ადამიანისა, თუმცა სრულიად განსხვავებული აზრით. მერვე სიტყვაში, განმარტავს სიტყვას „ყოვლისმპყრობელს“. განიკითხავს წარმართებს, იუდეველებსა და იმ ერეტიკოსებს, რომლებიც სამყაროს წარმოშობის ორ საწყისს აღიარებენ და ღვთაებრიობას მიაწერენ ეშმაკს. გადმოსცემს სწავლებას საღვთო განზრახვის, მისი ძალაუფლებისა და მეუფებრიობის შესახებ, რომელიც განფენილია მთელს სამყაროში. მეცხრე სიტყვაში გადმოცემულია სწავლება ღმერთზე, როგორც შემოქმედზე და მომწესრიგებელზე მთელი ხილული და უხილავი სამყაროსი. მოკლედ აღწერს სამყაროს და მის შემადგენელ ნაწილებს, რაც ნათლად წარმოაჩენს ღვთაებივი სიბრძნით შექმნილი სამყაროს ღირსეულობას.
სიმბოლოს მეორე წევრის შესახებ წმინდა კირილე საუბრობს მეათე და მეთერთმეტე სიტყვაში. მეათე სიტყვაში ეხება ქრისტეს რწმენის აუცილებლობის საკითხს, მიუთითებს საფუძველს, თუ რატომ იწოდება ძე მხოლოდშობილად და მოჰყავს ძველ აღთქმისეული მოწმობა, ძე ღმერთის განკაცებამდე მარადიული მყოფობისა და სამყაროში მისი ყოვლისმპყრობელი ძალის განფენილობის შესახებ. შემდეგ განმარტებულია განკაცებული ღმერთის ორი სახელი „იესო“ და „ქრისტე“ და წარმოჩინებულია მისი მსახურების ორი სახე, როგორც მხსნელისა და მარადიული მღვდელმთავრისა. მეთერთმეტე სიტყვა ეძღვნება იმის დამტკიცებას, რომ იესო ქრისტე არის მამა ღმერთის მხოლოდშობილი და ბუნებითი ძე, რომ მიუწვდომელია გონებისთვის მისი მარადიული შობის საიდუმლოება, არის რა ძე ჭეშმარიტი ღმერთი, მამაში მყოფი და საერთო აქვთ მათ ღმრთაებრიობა, მეუფებრიობა, ნება, მოქმედება, გააჩნია პიროვნული მყოფობა და არ არის უცხო მამისათვის, როგორც ქმნილება, არამედ ყოვლითურთ მსგავსია მისი. ბოლოს, ამტკიცებს ძის მარადიულობას და მამასთან განუყოფლობას, ასწავლის, რომ ძე არის შემოქმედი და მეუფე ყოველი ხილული და უხილავი სამყაროსი.
შემდეგ ოთხ სიტყვაში თხრობა მიმდინარეობს იესო ქრისტეს განკაცების შესახებ. აუცილებელ განმარტებას მოითხოვდა ქრისტეში ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების თანაარსებობის საკითხი. მეთორმეტე სიტყვაში ის იცავს განკაცების საიდუმლოს ჭეშმარიტებას გზააბნეული იუდეველებისა და ერეტიკოსების წინაშე. გადმოსცემს ძე ღმერთის განკაცების მიზეზებს და წარმოაჩენს გარემოებებს, წინასწარმეტყველთა უწყებებს, შობის ადგილს, დროს და სხვა დეტალებს, განსაკუთრებით კი ქალწულისაგან შობას. მეცამეტე სიტყვაში მქადაგებელი გადადის მაცხოვრის ვნების, სიკვდილისა და დაკრძალვის თხრობაზე, წარმოაჩენს ამ მოვლენების აღსრულების ჭეშმარიტებას და აუცილებლობას, დაწვრილებით საუბრობს ქრისტეს მიერ ღმერთის სამართლიანობის დაკმაყოფილებას ცოდვილთა გამო და აღწერს მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილის მოვლენებს. მუდმივად იმოწმებს წინასწარმეტყველებს ამ მოვლენების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად. მეთოთხმეტე სიტყვაში დაწვრილებით გადმოცემს სწავლებას ქრისტეს აღდგომის, ამაღლების და მამის მარჯვნივ დაჯდომის შესახებ. მეთხუთმეტე სიტყვაში საუბრობს ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ, აღწერს საყოველთაო სამსჯავროს და ამტკიცებს ქრისტეს სამეფოს მარადიულობას. მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე სიტყვაში დაცულია თხრობა სული წმინდის, მისი ღვთაებრიობისა და სამყაროში მოქმედების შესახებ.
მეთვრამეტე სიტყვაში დაცულია სწავლება ხორცით აღდგომის შესახებ და მიმართულია წარმართების, სამარიტელებისა და ერეტიკოსების წინააღმდეგ. ამ სიტყვაში წმნდა კირილე აღწერს აღდგომილი სხეულის თვისებებს. შემდეგ თხრობა შეეხება კათოლიკე ეკლესიას, მის წარმოშობას, ნიშნებს, სახელსა და ღირსებას, და ბოლოს, მარადიულ სიცოცხლეს, რომელსაც მიიღებენ ის ეკლესიის წევრები, რომელთაც შეიცნეს ჭეშმარიტება და იმარხავენ წმინდა ცხოვრების წესს. წმინდა ცხოვრების მსურველთათვის ღმერთმა თავისი ყოვლადმოწყალეობით განაწესა მრავალი განსხვავებული გზა.
ხუთი საიდუმლოთშემცველი სიტყვა (19-23) მოცულობით სხვა დანარჩენებზე მცირეა. აქ განიმარტება ახალმონათლულთათვის სამი საიდუმლოება: ნათლობა, მირონცხება და ზიარება. პირველ სიტყვაში წმინდა კირილე აცნობს მათ ნათლობის შესრულების წესების სიმბოლურ მნიშვნელობას, როგორიცაა ეშმაკისა და მისი საქმეების უარყოფა, სატანისაგან განდგომა და შედგომა ქრისტესი და ბოლოს სარწმუნოების სიმბოლოს წაკითხვა და აღიარება მასში დაცული სწავლებისა. მეორე სიტყვა შეეხება საიდუმლოს მნიშვნელობას და მადლის ძალის მოქმედებას, რომელიც თვით ნათლობის პროცესში ვლინდება: სამოსის განძარცვა, ნაკურთხი ზეთის ცხება, ახალი სარწმუნოების აღიარება და სამგზისი შთაფლვა ემბაზში. მესამე საიდუმლო სიტყვაში წმინდა კირილე საუბრობს მირონცხების საიდუმლოს შესახებ, რომელიც უშუალოდ მოსდევს ნათლობას და მისით გარდამოდის სული წმინდა მორწმუნეზე, განმარტავს საიდუმლოს სულიერ მნიშვნელობას, ასევე გარეგნული შესრულების წესებს და მიმოიხილავს მირონცხების ძველაღთქმისეულ წინასახეებს. ბოლო ორი სიტყვა შეეხება ზიარების საიდუმლოს. მეოთხე სიტყვაში საუბარია ამ საიდუმლოს არსის, მისი ელემენტებისა და საიდუმლო მოქმედების შესახებ, აქაც წარმოაჩენს კირილე ძველაღთქმისეულ წინასახეებს. მთავარი მიზანი ამ სიტყვისა არის მსმენელი დაარწმუნოს, რომ ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულებისას პური და ღვინო გადაიქცევა ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად, მიუხედავად იმისა, რომ პური და ღვინო ინრაჩუნებს თავის ძველ სახეს. მეხუთე სიტყვაში გადმოცემულია მითითებანი მართალთა ლიტურგიის დროს წესრიგის დაცვაზე: ღვთისმსახურების მიერ ხელების დაბანვა, სამადლობელი ლოცვა, მოხსენიება ცოცხალთა და მკვდართა, საუფლო ლოცვა, ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარება, მადლობის შეწირვა და სხვა.
წმინდა კირილე თავის კატეხეტურ სიტყვაში სარწმუნოებრივ საკითხებთან დაკავშირებით წამოჭრილ ცალკეულ თემებს, უპირველეს ყოვლისა, განიხილავს სხვადასხვა მცდარი შეხედულების კუთხით, შემდეგ უპირისპირებს მათ საეკლესიო გაგებას და ამყარებს თავის პოზიციას წმინდა წერილზე დაყრდნობით. როდესაც წმინდა კირილე საღვთო წერილიდან იმოწმებს დოგმატურ დებულებებს, როგორც თავად აცხადებს, ის ეყრდნობა ტექსტის ბუკვალურ გააზრებას,მიუხედავად იმისა, რომ არც თუ იშვიათად იყენებს განმარტების ალეგორიულ მეთოდსაც. მისი მოწმობით, ამ უკანასკნელს მიმართავს მხოლოდ და მხოლოდ სწავლების სწორი გაგების გადმოსაცემად. დოგმატური სწავლების განმარტებისას მქადაგებელი არც თუ იშვიათად ეხება ზნეობრივ კანონებსაც: შთააგონებს მსმენელებს მოერიდონ წარმართულ და იუდეურ ცრურწმენებს, არ დაესწრონ სახალხო თამაშობებსა და სანახაობებს, არ დაამყარონ კავშირი ერეტიკოსებთან.მიმართავს რჩევით, წარემატონ ლოცვაში, დაიცვან სხეულის სიწმინდე, წაიკითხონ სასარგებლო წიგნები, განსაკუთრებით წმინდა წერილი, შეინარჩუნონ მოკრძალებული დამოკიდებულება საიდუმლოებებისადმი, დაიმარხონ ქალწულება და აღასრულონ სამონაზვნო აღთქმები.
წმინდა კირილე თავის კატეხეტურ სიტყვას, როგორც აღნიშნულია მრავალ ხელნაწერში, წარმოთქვამდა ყოველგვარი „მომზადების“ გარეშე და მსმენელები იწერდნენ მას. ამით აიხსნება ის ნაკლოვანებები, რომლებიც თან ახლავს თხრობას: ერთგვარი უწესრიგობა მასალების წყობაში, ხშირი გამეორება, სათქმელის ზედმეტად განვრცობა, არაზუსტი ციტატები წმინდა წერილიდან, - ცხადია, ამ ქადაგებების ავტორს არ უცდია მათი შესწორება გამოქვეყნების შემდეგ. თუკი მხედველობაში არ მივიღებთ ამ ნაკლოვანებებს, მაშინ წმინდა კირილეს ქადაგებები ფლობენ განსაკუთრებულ ღირსებებს. ისინი ნამდვილად კატეხეტური სწავლებანია: გადმოცემული მოკლედ, მარტივად, ნათლად, ყველასთვის გასაგები, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, შესრულებული ღირსეულად, ძლიერად და გულწრფელად. თხრობის ენა - ძველი, დარიგებები და მოწოდებები სიყვარულით გამსჭვალული, სრულიად არახელოვნური, ზოგჯერ უსამართლოც და სახალხო. თუმცა ამ მოკრძალებულ საფარქვეშ იმალება პედაგოგიური შემოქმედება. ღრმა დოგმატური სწავლებებიც, ცრუსწავლებების განხილვის ფონზე, ხელმისაწვდომი და გასაგები ხდება მსმენელთათვის. მოკლე მაგალითები და შედარებები ცხოვრებიდან თუ ბუნების წიაღიდან, საშინელებათა ძახილი და განცვიფრება, განსახიერება და დრამატიზირება იპყრობს მსმენელთა ყურადღებას. უშუალო სიახლოვე წმინდა ადგილებთან, რომლებიც მოწმენი იყვნენ მაცხოვრის გამომხსნელობითი მოქმედებებისა, რა თქმა უნდა, ძლიერ ზეგავლენას ახდენდნენ მსმენელებზე.
რაც შეეხება, კატეხეტური სიტყვების ნამდვილობის საკითხს, ამის შესახებ გადაჭრით ამტკიცებს ნეტარი იერონიმე. თუმცა ზოგიერთ ხელნაწერში საიდუმლოთშემცველი სიტყვის ბოლოში მიწერილია „იოანე, იერუსალიმის ეპისკოპოსი“, მემკვიდრე წმინდა კირილე იერუსალიმელისა, ან „კირილე და იოანე“, ამ გარემოებათა გათვალისწინებით, აუცილებლად  უნდა მივანიჭოთ მნიშვნელობა იმას, რომ ეს ქადაგებები და სწავლებანი წარმოადგენენ ერთ მთლიანობას, როგორც შინაარსით, ისე ენით და მიეწერება ერთ ავტორს. არსებობს უამრავი და ავტორიტეტული მოწმობა, რომელთა საფუძვლეზეც შეუძლებელია არსებობდეს სხვა მოსაზრება, გარდა იმისა, რომ ეს ქადაგებები და სწავლებები მიეკუთვნება წმინდა კირილეს.
გარდა კატეხეტური სიტყვებისა, წმინდა კირილეს სახელს უკავშირდება 1) „საუბარი განრღვეულისათვის“, რომელიც წარმოადგენს იოანე მახარებლის 5: 1-16 მუხლების განმარტებას, სადაც დამატებულია დამრიგებლური ჩანართებიც, კერძოდ, მოწოდება ქრისტე-მკურნალის რწმენისაკენ, ზნეობრივი ცხოვრების გაუმჯობესებისკენ. ასევე, განსწავლის მათ „ქებათა ქებას“ წიგნის სწორად გაგებისათვის, რომელშიც გადმოცემულია წინასწარმეტყველება ქრისტესა და მის სატანჯველებზე.აქ, აშკარა და მრავალრიცხოვანია პარალელები კატეხეტურ სწავლებებთან. ეს სიტყვა წმინდა კირილემ წარმოთქვა ჯერ კიდევ პრესვიტერობისას. გამორჩეული სტილი, წინადადებათა გაუმართავი წყობა, გამეორებანი და ხშირი გადახვევანი მთავარი თემიდან გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს სიტყვაც ჩაწერილი იქნა მსმენელთა მიერ.
2) „ეპისტოლე ღვთისმოსავ იმპერატორ კონსტანტის, იერუსალიმის ცაზე ნათლის სხივებისაგან, საკვირველი ჯვრის გამოსახვის შესახებ“. ეპისტოლე დაიწერა ზუსტად ჯვრის გამოსახვის დღეს, რათა მალევე შეეტყობინებინათ იმპერატორისათვის, რომ აღძრულიყო მის სულში წმინდა და ერთარსება სამების განდიდების სურვილი. გამოთქმა „ერთარსება სამება“ ბადებს ეჭვს ეპისტოლის ნამდვლობაში, რადგან არსად კატეხეტურ სწავლებებში ეს ტერმინი არ გვხვდება.
გამოთქმულია აზრი, რომ მოგვიანებით მოხდა ამ ტერმინის ეპისტოლეში ჩამატება, მაგრამ ხელნაწერები, როგორც ცნობილია საეჭვოს არაფერს წარმოაჩენენ ამ საკითხთან მიმართებაში. უნდა ვივარაუდოთ, რომ წმინდა კირილე საბოლოოდ მაინც შეურიგდა ნიკეურ ტერმინს.
3) შემორჩენილია დოგმატური შინაარსის ფრაგმენტები, სადაც გადმოცემულია სწავლება ქრისტეს ორი ბუნების შესახებ: საუბარი გალილეის კანაში აღსრულებული სასწაულის შესახებ - შემორჩენილია ორი მონაკვეთი, ასევე მცირე ფრაგმენტი იოანე: 16: 28 და იოანე 17: 5 სახარებისეული ადგილებიდან.
საეჭვო ნაშრომები: „საუბარი მაცხოვრის მირქმასთან დაკავშირებით“, წერილები - კირილესი იულიუს რომაელისადმი და და იულიუს რომაელის კირილესადმი ქრისტეს შობის დღესთან დაკავშირებით, ავგუსტინე ჰიპონიელის კირილესადმი და კირილესი ავგუსტინესადმი ნეტარი იერონიმეს სიკვდილისა და სასწაულების შესახებ. არაბულ ენაზე შემორჩენილია „საუბარი, კირილე, იერუსალიმის ეპისკოპოსისა, ცხოველმყოფელი ჯვრის აღმოჩენასთან დაკავშირებით“. ეს ნაშრომი ჯერ კიდევ გამოუკვლეველია.

კირილე იერუსალიმელის დოგმატური შეხედულებანი და მისი შემოქმედების მნიშვნელობა

წმინდა კირილეს კატეხეტური სიტყვა ითვლება უმნიშვნელოვანეს ქრისტიანულ ძეგლად და წარმოადგენს მოწმობას იმ უდიდესი მზრუნველობითი და პედაგოგიური საქმიანობისა, რომელსაც ეკლესია ქრისტიანულ იდეალებთან თანხმობით ახორციელებდა გზასაცდენილთა გონების გასანათლებლად. სწავლებაში ზუსტად, ნათლად და სრულადაა გადმოცემული ის დოგმატური სწავლებანი, რომელსაც ეკლესია იმ დროს მიიჩნევდა გადარჩენის აუცილებელ წინაპირობებად. იმ ეპოქაში, როდესაც მთელი აღმოსავლეთი არიანულ ნიადაგზე წარმოშობილ, დაუსრულებელ დავებს მოეცვა, წმინდა კირილეს დოგმატური პოზიცია არაა ბოლომდე განსაზღვრული. თავდაპირველად წმინდა კირილე არიანელებს მიაჩნდათ თავიანთ მომხრედ, მაგრამ შემდეგში თავად არაინელებმა დაიწყეს მისი დევნა. თავის სწავლებებში წმინდა კირილე არ ახსენებს არც არაინელებს და არც მათთან გამართულ დავებს. თავის ქადაგებებში იერუსალიმის ეპისკოპოსი წარმოადგენს არა ნიკეის, არამედ იერუსალიმის სიმბოლოს და საერთოდ არ იყენებს ტერმინ „ჰომოუსიოსს“ (ერთარსს). მიუხედავად ამისა, მისი სწავლება ძე ღმერთისა და სული წმინდის შესახებ სავსებით მართლმადიდებლურია.
ეს გარემოება ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება აიხსნას შემდეგი მოსაზრებებით.  წმინდა ირინეოს ლიონელის და მეთოდეს ღვთისმეტყველების საფუძველზე წარმოიშვა გარკვეული მიმართულება, რომელსაც ნიკეის კრების მონაწილეების მნიშვნელოვანი ნაწილი უჭერდა მხარს. ეს მიმართულება გამოირჩეოდა კონსერვატიული შეხედულებებით. არ უარყოფდა საღვთისმეტყველო მეცნიერების მნიშვნელობას, თუმცა ემიჯნებოდა საეკლესიო სწავლების ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო გადამუშავებას და განახლებას და დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა ფილოსოფიური ტერმინების ეკლესიურ სწავლებებში შემოტანას.ამ მიმართულების წარმომადგენლები აუცილებლობად მიიჩნევდნენ ძველი საეკლესიო გარდამოცემისა და სიმბოლოებში წარმოდგენილი სწავლებების დაცვასა და შენარჩუნებას. ისინი უარყოფდნენ არიანელობას, როგორც ერესს, თუმცა ასევე, ეჭვის თვალით უყურებდნენ ახალ ტერმინებსა და ცნებებს. მიიჩნევდნენ ძალიან სახიფათო სიახლედ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ძველ წარმოდგენებს. მათ მიიღეს ნიკეის სიმბოლო, თუმცა კრების დასრულებიდან მალევე აღმოჩნდნენ ნიკეის კრების მოწინააღმდეგეთა რიგებში, თვლიდნენ რა ტერმინ „ ერთარსს“ საშიშ და მაცდუნებელ დამატებად. ნიკეის კრების განსაზღვრებას ისინი არ აღიარებდნენ სარწმუნოების წმინდა, სრულ გარდამოცემად, როგორც ჭეშმარიტი საეკელსიო სწავლების შეუსაბამოს. ამ საღვთისმტეყველო მიმართულების ეპისკოპოსები 341 წელს გამართულ ანტიოქიის კრების უმრავლესობას შეადგენდნენ. უპირისპირდებიან რა ტერმინ „ერთარსს“ ისინი თანდათანობით გადადიან „ჰომიუსიანების“ (მსგავსარსი) პარტიათა რიგებში. მთელი დაპირისპირების განმავლობაში, ნიკეის სიმბოლოსა და მისი მომხრეების წინააღმდეგ, ისინი ინარჩუნებდნენ მკაცრ საეკლესიო კონსერვატიულ პოზიციას, რაც ნათლად მჟღავნდება მათ მიერ მეორე მსოფლიო კრების დროს მართლმადიდებლებთან შეერთების ფაქტში, როდესაც კაპადოკიელ მამათა მიერ ზუსტად იქნა განსაზღვრული ტერმინ „ერთარსის“ მნიშვნელობა, როგორც უცხო საბელიანური ცდომილებისგან.
სწორედ, ამ მიმართულების წარმომადგენელი იყო წმინდა კირილე იერუსალიმელი. არ იყენებდა ნიკეის სიმბოლოს, არც ტერმინ „ერთარსს“ და თავისი კატეხეტური სიტყვის საფუძვლად დებდა იერუსალიმის სიმბოლოს. შეაგონებდა მსმენელებს, რომ ეს სიმბოლო არ იყო ადამიანის შემოქმედების ნაყოფი, არამედ თითოეული მისი სიტყვა თანხვდებოდა წმინდა წერილს.  წმინდა წერილთან თანხმობა სრულიად საკმარისია. ის უპირისპირდებოდა საბელსა და მარკიანეს, როგორც საბელიანიზმის მიმდევრებს. თავისი სწავლების კონკრეტულ ადგილებში წმინდა კირილე წარმოაჩენს ადამიანური აზროვნების დამამტკიცებელ ელემენტებს, თუმცა ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ მას აქვს მისწრაფება ჩამოაყალიბოს რაიმე სახის საგანმანათლებლო  სისტემა, არამედ ის მხოლოდ გადმოსცემს და განმარტავს იერუსალიმის სიმბოლოს შინაარსს. მის კათეხეტურ სწავლებებში მცირე დოზითაც კი არ შეინიშნება რაიმე კვალი ფილოსოფიური სკოლებისა.ის ბოლომდე, სავსებით საეკლესიო მწერალია, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ საეკლესიო გარდამოცემას. 359 წლის სელევკიის ადგილობრივ კრებაზე წმინდა კირილე ირიცხება ჰომიუსიანელთა (მსგავსარსი) რიგებში, თუმცა მეორე მსოფლიო კრებაზე ის წარმოდგენილია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. მართალია, ის არ იყენებდა ნიკეის კრების განსაზღვრებებს, მაგრამ ისეთი ნათელი მახასიათებლებით გადმოსცემს ძის ღვთაებრივ ღირსებას, რომ შეუძლებელია ეჭვის შეტანა მის მართლაზროვნებაში. „არა უბრალოდ ისე უნდა ვირწმუნოთ ქრისტე, - ამბობს ის, - როგორც ერთ-ერთი იმ ქრისტედ სახელდებულთაგანი, რომლებიც იყვნენ წინასახენი ქრისტესი, არამედ როგორც ჭეშმარიტი ქრისტე. ის არ არის ადამიანი, რომელიც ხელდასხმით იღებს მღვდელმთავრობას,  არამედ მამისაგან მარადიულად ფლობს მღვდელმთავრის ღირსებას“.
ის მამის მხოლოდშობილი და ბუნებითი ძეა და უცხოა მისთვის ძეობის მისაკუთრება. „გესმის რა სიტყვა „ძე“, არ მიიღო ის განსხვავებული აზრით, გაიაზრე ძე მამისა, როგორც ჭეშმარიტი, ბუნებითი, დაუსაბამო, არა როგორც მონა, რომელიც მუდმივად მიისწრაფვის ძეობილობამდე, არამედ როგორც მარადიული ძე,  შობილი გამოუცნობი და მიუწვდომელი შობით. არ იყო სხვა და შემდეგ სხვად ქმნილი, არამედ მამისაგან შობილი, უმაღლესი არსი, ყოველგვარ დასაბამსა და საუკუნეზე მაღლა მდგომი. მამის ძე, ყოვლითურთ მსგავსი მამისა, მარადიული, შობილი მარადიული მამისგან, ცხოვრება ცხოვრებისგან, ნათელი ნათლისგან, ჭეშმარიტი ჭეშმარიტისგან,  სიბრძნე სიბრძნისგან, მეუფე მეუფისგან, ღმერთი ღმერთისგან, ძალა ძალისგან (კატეხ. XI. 4). „მამამ შვა ძე, არა როგორც ადამიანის გონება წარმოშობს სიტყვას, რადგანაც ჩვენი გონება ჰიპოსტასია, ხოლო წარმოთქმული სიტყვა ჰაერში გაბნეული და გამქრალი. ჩვენ ვიცით რომ ქრისტე არ არის წარმოთქმული სიტყვა, არამედ ცხოველმყოფელი სიტყვა-ჰიპოსტასი, არა ბაგეებით გამოთქმული და გაფანტული, არამედ გამოუთქმელი, მარადიულ ჰიპოსტასში შობილი“ (კატეხ. XI. 10). „ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, თუ როგორ შვა მამამ ძე, მხოლოდ ვამტკიცებთ, რომ არ უშვია ასე. და არა მხოლოდ ჩვენ არ ვუწყით მამისაგან ძის შობის საიდუმლო, არამედ მთელმა ქმნილებამ. (კატეხ. XI. 11). „მხოლოდ მშობელმა იცის შობილი და შობილმა - მშობელი“ (კატეხ. XI. 13.). „ძე არის ჭეშმარიტი ღმერთი და არაფრით განსხვავებული მამისგან: სრულყოფილია მამაც და ძეც, ღმერთია მამაც და ასევე,ღმერთია ძეც“ (კატეხ XI. 18).
სწავლება სულის წმინდის შესახებ წმინდა კირილესთან არაა ბოლომდე განსაზღვრული და ჩამოყალიბებული, სრულ თანხმობაშია საკითხის განხილვის მის დროინდელ მდგომარეობასთან: „სული წმინდის შესახებ ჩვენგან შეიძლება ითქვას მხოლოდ ის, რაც დაწერილია. რაც არაა დაწერილი, მის მიმართ ნუ გამოვიჩენთ ზედმეტ ცნობისმოყვარეობას“ (კატეხ. XVI, 2). „ერთია სული წმინდა, ნუგეშინისმცემელი, როგორც ერთია მამა და არ არსებობს სხვა მამა, და როგორც ერთია მხოლოდშობილი ძე - ღვთის სიტყვა და არ ჰყავს ძმა, ასევე ერთია სული წმინდა და არ არსებობს სხვა მისი თანაბარი ღირსების სული. ამიტომაც სულიწმინდა არის ზეაღმატებული ძალა, - ღვთაებრივია და მიუწვდომელი“ (კატეხ. XVI. 3). „ცხოველმყოფელია, გონიერი, განწმენდს ყოველგვარ ქმნილებას იესო ქრისტეს მიერ. მამისა და ძის თანაბარი პატივის მატარებელი და ნათლობის საიდუმლოს აღსრულების დროს ყოვლაწმინდა სამებაში შემავალი“ (კატეხ. XVI. 4). „ჩვენ არ ვაღიარებთ სამ ღმერთს, არამედ სული წმინდას მხოლოდშობილი ძესთან ერთად ვაცხადებთ ერთ ღმერთად. როგორც ჩანს, ამ სიტყვებში ნათლადაა გამოხატული სწავლება სული წმინდის ღვთაებრივ ღირსებასთან და სამების სხვა წევრებთან თანაბარი პატივის ფლობასთან დაკავშირებით.  თუმცა წმინდა კირილე ძირითადად მიმოიხილავს სული წმინდის მოქმედებას ადამიანთა შორის, როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმისეულ ეპოქაში“ (კატეხ. XVI, XVII).
თავის მხრივ, წმინდა კირილე იერუსალიმელის კატეხეტური სწავლებანი ღირებულია არა იმდენად ყოვლაწმინდა სამების შესახებ სწავლების გადმოცემით, რამდენადაც მათში დაცულია ძალიან მნიშვნელოვანი მოწმობები ნათლობის, მირონცხების და ზიარების საიდუმლოს და იმ წესების შესახებ, რომლებიც ამ საიდუმლოებების შესრულებისას გამოიყენებოდა. ჩვენ მხოლოდ საიდუმლოებების დოგმატურ მხარეს განვიხილავთ. „ყურადღებით დააკვირდი ემბაზს, - ამბობს წმინდა კირილე, - არა როგორც უბრალო წყალს, არამედ სულიერ მადლს, წყალთან შეერთებულს. რადგანაც სამსხვერპლოზე მიტანილი ძღვენი, როგორც ბუნებით უბრალო, შეიგინება კერპების მოხმობით, აქ კი პირიქით, ბუნებით უბრალო წყალი მამის, ძის და სული წმინდის მოხმობით შეიძენს სიწმინდის ძალას“ (კატეხ. III. 2/3).
„დიდებული რამაა ნათლობა: ტყვეობიდან დახსნა, ცოდვათა დატევება, ცოდვის სიკვდილი, სულის აღდგენა, წმინდა სამოსლით შემოსვა, წმინდა დაურღვეველი ბეჭედი, ცამდე აღმყვანელი, სამოთხისეული ნეტარება, სასუფევლისთვის მომზადება, შვილობილობის მადლი“ (წინარეკატეხ. 16). „ერთსა და იმავე დროს მოვკდით და გაცოცხლდით, გადამრჩენელი წყალი მოგევლინათ თქვენ საფლავად და დედად“ (მისტაგ. II. 4).
მირონცხების საიდუმლოზე საუბისას, წმინდა კირილე მოუწოდებს მსმენელებს: შეხედე და ნუ ჰგონებ, რომ ეს უბრალო მირონია. როგორც პური ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულებისას, სული წმინდის მოხმობით აღარაა უბრალოდ პური, არამედ ქრისტეს სხეული, ასევე წმინდა მირონიც, აღარაა ჩვეულებრივი მირონი მოხმობის შედეგად, არამედ ქრისტესა და სული წმინდის წყალობა, რომელიც ღვთაებრივი მადლის თანამკვიდრობით გადაიქცევა  ცხოველმყოფელად. სწორედ ამ მირონს იცხებ თვალსა და გრძნობის სხვა ორგანოებზე. სხეული ხილული მირონითაა ცხებული, ხოლო სული ცხოვლემყოფელი და წმინდა სულით (მისტაგ. III, 3).
ევქარისტიის საიდუმლოში პურისა და ღვინის შესახებ წმინდა კირილე ასწავლის: „ნუ შეხედავ მათ, როგორც უბრალო პურსა და ღვინოს, რადგან სასწაულებრივი გარდაქმნით, ისინი გადაიქცევიან ქრისტეს სისხლად და ხორცად. მართალია, გრძნობადი ორგანოებით აღიქვამ მათ პურად და ღვინოდ, მაგრამ განმტკიცდი რწმენაში. არა გემოთი განსაჯე საგნები, არამედ რწმენით მიიღე, რომ გახდი თანაზიარი ქრისტეს სისხლის და ხორცის“. ამიტომაც ურყევი რწმენით უნდა ვეზიაროთ მას, როგორც ქრისტეს სხეული და ქრისტეს სისხლი, რადგანაც დაფარულად გეძლევა პური, როგორც ქრისტეს სხეული და ღვინო, როგორც ქრისტეს სისხლი, რომ ქრისტეს ხორცსა და სისხლს ზიარებული გახდე თანასხეული და ერთსისხლიანი ქრისტესი. ასე ვხვდებით ჩვენ ქრისტეს მტვირთველნი, რადგანაც ქრისტეს სისხლი და ხორცი თანამკვიდრობს ჩვენი სხეულის ნაწილებში, როგორც მოციქული პეტრე ამბობს, ვხდებით „ღვთიური ბუნების თანაზიარნი“ (პეტრე 2, 1: 4).



რუსულიდან თარგმნა გურამ გიორგაძემ
გადმოწერეთ: PDF
16-03-2019, 22:04

FACEBOOK