კრეტის ეკლესია: ღვთისმსახურება მორწმუნეთა თანამონაწილეობის გარეშე

კრეტის ეკლესია: ღვთისმსახურება მორწმუნეთა თანამონაწილეობის გარეშე
კრეტის ეკლესიის წმინდა სინოდი, რომელიც დღეს, 16 მარტს საგანგებოდ შეიკრიბა, ყველას მოუწოდებს, რომ სახლში დარჩნენ.
კრეტის ეკლესიამ, კორონა ვირუსისგან გამოწვეული პანდემიის გავრცელების შესაკავებლად, გადაწყვიტა, რომ ღვთისმსახურება და საღვთო ლიტურგია მრევლის თანამონაწილეობის გარეშე აღევლინოს.
გარდა ამისა, კრეტის ეკლესია დროებით წყვეტს წმინდა საიდუმლოთა შესრულებას (ნათლობა, ჯვრისწერა) გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ისიც მხოლოდ ოჯახის წევრების მონაწილეობით.
მიღებული განჩინების თანახმად მონასტრები განაგრძობენ ჩვეულ ღვთისმსახურებას, თუმცა მორწმუნეთა და მომლოცველთა გარეშე.
და ბოლოს, წმინდა სინოდი ყველას პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს, რომ შესაბამისი ორგანოების მითითებები დაიცვან პანდემიის გაზრდის თავიდან ასაცილებლად.


კრეტის ეკლესია შემდეგს განაჩინებს:

როგორც ვიცით, ჩვენ უკვე ვიმყოფებით მსოფლიო პანდემიის წინაშე კორონა ვირუსის გამო და მისგან გამოწვეული მსხვერპლის გაზრდის საშიშროების პირისპირ.
სამწუხაროდ, ჩვენს სამშობლოში დაინფიცირების შემთხვევები მატულობს.
ამ პანდემიის მეტად გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ყველა სხვა საშუალებასთან ერთად, გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანთა მხრიდან მჭიდრო ურთიერთობებისგან თავშეკავება ჩაკეტილ სივრცეში ყოფნით.
ჩვენ, ყველანი ვალდებულნი ვართ, რომ მოცემული ვითარების შესაბამისად ვიმოქმედოთ.
მოვუწოდებთ ყველა ასაკის მორწმუნეს, რომ ნებისმიერ ახლო ურთიერთობას მოერიდონ, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება.
კრეტის ეკლესიის სინოდი, 2020 წლის 13 მარტის (პარასკევი) განცხადების შემდეგ, ქვემოთ სხვა დამატებით ზომებსაც განაჩინებს:

1) კრეტის ეკლესია, სამწყემსო პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, ერს დიდი სიყვარულით მოუწოდებს, რომ ამ განსაცდელის დასაძლევად, ყოველგვარი ზომისა და მსხვერპლის ფასად, ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ.
დაე, ვიფიქროთ იმ ჩვენს ძმებზე, რომლებიც ავადმყოფობისკენ არიან მიდრეკილნი და ისინი სენისგან დავიცვათ.
ჩვენ ნუ გავხდებით ამ დაავადების მატარებელნი, ან მათი (ამ ძმების, მთარგ.) სნეულების მიზეზი. ეს ქრისტეს არ სურს. მან ჩვენ სიცოცხლის ძღვენი გვიბოძა და მისი დაცვა და გვმართებს.
ამიტომ, მთელი კრეტის მასშტაბით, ამ დროის განმავლობაში, ყველა სამრევლო ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინება მოცემული ვითარების შესაბამისად - მორწმუნე მრევლის მონაწილეობის გარშე.
ასევე, კვირაობით საღვთო ლიტურგია ჩატარდება დილის 7:00 სთ.-დან 8:30 სთ.-მდე. სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების თანახმად, ინდივიდუალური მოლოცვა შეუზღუდავი იქნება.
როგორც ცნობილია, წმინდა მსახურება გადაიცემა საეკლესიო და ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით. ამ გზით შესაძლებელი იქნება სახლებიდან ღვთისმსახურების ყურება.

2) ნათლისღებისა და ჯვრისწერის საიდუმლოებებთან დაკავშირებით, უკვე გაცემულია რეკომენდაცია მათი შესაფერის დროს გადატანაზე. გამონაკლისი შემთხვევების დროს ისინი ჩატარდება მარტო ოჯახის მონაწილეობით.
ტაძრებში მიმდინარე დაკრძალვის ცერემონიალს მხოლოდ მიცვალებულის ოჯახის ვიწრო წრე დაესწრება, შესაბამისი ზომების დაცვით.
პანაშვიდები ამ პერიოდის განმავლობაში, იკონომიის წესით, ადგილობრივ მღვდლებთან მოლაპარაკების შემდგომ, მხოლოდ მიცვალებულის საფლავზე ჩატარდება, ჩაკეტილ ოჯახურ გარემოში.

3) სრულებით აკრძალულია ყოველგვარი ღონისძიება თუ შეკრება საეკლესიო ადგილებზე.

4) კრეტის მონასტრებში გათვალისწინებული ღვთისმსახურება მხოლოდ მონასტერთა საძმოს მიერ აღევლინება, მომლოცველთა თანამონაწილეობის გარეშე.

5) არ შეწყდება კრეტის ეკლესიის საარქიეპისკოპოსოსა და სამიტროპოლიტოებზე დაქვემდებარებული მზრუნველობითი და საქველმოქმედო დაწესებულებების ფუნქციონირება, თუმცა ეს იქნება ჰიგიენის აბსოლუტური დაცვით.

6) სპეციალისტთა თანახმად, კორონა ვირუსი არ უნდა შეეყაროს ავადმყოფებსა და უძლურებაში მყოფ ხანდაზმულებს. ამიტომ, მორწმუნეებს, რომლებიც ამგვარ მდგომარეობაში არიან, ეძლევათ კურთხევა მათი ჯანმრთელობის შესაბამისი მარხვის დასაცავად.

7) ადგილობრივი ეკლესია მადლობს და მხურვალედ ლოცულობს სამედიცინო პერსონალისა და ექიმების, აგრეთვე - მოხალისეთა და სხვა შესაბამის სფეროში მომუშავეთა გაძლიერებისთვის, განსაკუთრებით ამ კრიზისულ პერიოდში.

8) ამ აზრთა გათვალისწინებით, კრეტის ეკლესია კუნძულის ყველა მორწმუნეს მოუწოდებს, რომ ისინი დარჩნენ თავიანთ სახლებში და ამ კრიზისის დასაძლევად წმინდა სამების მიმართ ინდივიდუალურად ილოცონ, ასევე, შეწევნისათვის მიმართონ კრეტის პირველ ეპისკოპოსს, წმინდა მოციქულ ტიტეს, წმინდა მოწამე ხარლამპის, ღირს ნიკიფორეს და კრეტის ყველა წმინდანს, რათა კვლავ დავუბრუნდეთ ჩვენს საერთო საღვთისმსახურო ცხოვრებას, რომელიც ეკლესიის სხეულს ასაზრდოებს.
ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, დავიცვათ სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მითითებანი კორონა ვირუსისგან თავდასაცავად და ამ პანდემიას სერიოზულად მოვეკიდოთ.

კრეტის ეკლესიის წმინდა სინოდისგან!



სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა ლევან ხატიაშვილმა.
წყარო:https://www.romfea.gr/epikairotita-xronika/35900-ekklisia-kritis-akolouthies-xoris-ti-summetoxi-ekklisiazomenon?
16-03-2020, 22:42

FACEBOOK