საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: ,,ეკლესიები ღია დარჩება პირადი ლოცვისთვის და ცარიელი იქნება საღმრთო ლიტურგიის დროს“

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: ,,ეკლესიები ღია დარჩება პირადი ლოცვისთვის და ცარიელი იქნება საღმრთო ლიტურგიის დროს“
2020 წლის 16 მარტს, კორონა ვირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდის გამო, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსის, უნეტარესი იერონიმეს თავმჯდომარეობით, საბერძნეთის მუდმივმოქმედი სინოდის 163-ე სინოდალური პერიოდის რიგგარეშე გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა ატიკის რაიონის 11 მიტროპოლიტიც.
მუდმივმოქმედი სინოდისა და ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტების წინაშე კორონა ვირუსის გავრცელების რისკების შესახებ მოხსენებით გამოვიდა ექიმი ინფექციონისტი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ბ-ნი სოტირიოს ციოდრასი, რომელიც სხდომაზე უნეტარესი თავმჯდომარის მიერ იყო მიწვეული.
მოხსენებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოყვა მწვავე დისკუსია, რის შემდეგაც მუდმივმოქმედმა წმინდა სინოდმა განაჩინა:

1) ტაძრები ღია დარჩეს მორწმუნეთა პირადი ლოცვებისთვის.

2) თხოვნით მიემართოს ყველას, განსაკუთრებით მოხუცებსა და მათ, რომლებიც მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფებს, დარჩნენ სახლებში, რათა თავიდან აიცილონ ვირუსული ინფექციით დაავადება. თითოეული ადამიანი უნდა მოიქცეს ისე, როგორც მოიქცეოდა აღნიშნული ვირუსის მატარებელი, რომელიც ვალდებულია, რომ არ დააინფიციროს გვედრით მყოფი, ამგვარად კი გაუფრთხილდეს საკუთარ თავსაც და სხვებსაც.
მწყემსური პასუხისმგებლობის გრძნობით განვაჩინებთ, რომ საღმრთო ლიტურგიის დროს ეკლესიები ცარიელი იყოს მომდევნო კვირიდან (22.03.2020) ლაზარეს შაბათის ჩათვლით (11.04.2020), დილის 7:00 სთ.-დან 8:00 სთ.-მდე, მათ შორის, ხარების ბრწყინვალე დღესასწაულზეც.

3) ტაძრებში ყოველდღიური ღვთისმსახურება, დაგეგმილი ჯვრისწერისა და ნათლობის საიდუმლოები დროებით შეჩერდეს. საჭიროებისამებრ, მათი შესრულება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მშობლების, მეჯვარისა და ნათლიის თანდასწრებით.

4) მიცვალებულისთვის წესის აგება კვლავ ეკლესიაში გაიმართება, გარდაცვლილის ვიწრო ოჯახური წრის თანდასწრებით. იმავე წესის დაცვით შესრულდება პანაშვიდებიც გარდაცვლილთა საფლავებზე.

5) წმინდა მონასტრებში გათვალისწინებული ღვთისმსახურება მრევლის გარეშე, მხოლოდ მონასტრის წევრების თანდასწრებით აღევლინება.

6) წმინდა სინოდი ითვალისწინებს ყველა ზომას, რასაც საბერძნეთის ხელისუფლება ატარებს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მსგავსადვე მოვიქცევით მომდევნო პერიოდშიც, ვირუსის შემდგომი გავრცელებიდან გამომდინარე.

7) შეინარჩუნეთ სიმშვიდე, თვითიზოლაცია, ნდობა სამედიცინო დაწესებულებებისა და ხელისუფლების მიმართ, რითიც თავიდან აირიდებთ პანიკასა და დაუცველობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ყველა ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის წესები და გაითვალისწინოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები წმინდა სინოდის წინა დადგენილებებთან შესაბამისობის დაცვით.

8) ვაფასებთ დამოკიდებულებას, რომლითაც ხელისუფლება გამოხატავს პატივისცემას ჩვენი ეკლესიის მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების მიმართ. ვაცხადებთ, რომ თუკი მომდევნო პერიოდში შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ შემუშავებული იქნება სხვა დამატებითი უსაფრთხოების ზომები ვირუსის პრევენციის მიზნით, შესაძლოა საჭირო გახდეს აღნიშნული განჩინების კვლავ გადახედვა.
მუდმივმოქმედი წმინდა სინოდის მიერ მოცემული გადაწყვეტილებები არის ჩვენი ეკლესიის მხრიდან მის მრევლზე ზრუნვისა და სიყვარულის შედეგი.
მოვუწოდებთ ყველა ქრისტიანს, საღამოს 21:00 სთ.-დან 21:15 სთ.-მდე, სახლებიდან ჩვენთან ერთად ილოცონ განსაცდელისა და დაავადების შესაჩერებლად, ასევე - იმ ექიმების, სამედიცინო პერსონალისა თუ პროფესორებისათვის, რომლებიც თავდაუზოგავად იღწვიან ჩვენს გადასარჩენად, რომელთა მიმართ წმინდა სინოდი გამოთქვამს  მადლიერებას და აკურთხებს მათ.
ჩვენს წმინდა მონასტრებშიც აღევლინება უწყვეტი ლოცვები.
ყოველთა მაკურთხეველმა უფალმა იესო ქრისტემ განუსვენოს მომაკვდინებელი ვირუსისგან გარდაცვლილ ჩვენს ძმებს და ანუგეშოს მათი ნათესავები. სწრაფად გამოჯანმრთელებას და ამ სენისგან სრულიად განკურნებას ვუსურვებთ დაავადებულებს.

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი!



სპეციალურად საიტისთვის ბერძნულიდან თარგმნა თამარ კოკორაშვილმა.
წყარო: 
https://www.romfea.gr/epikairotita-xronika/35914-iera-sunodos-anoixtes-oi-ekklisies-gia-kat-idian-proseuxi-kai-liti-telesi-theias-leitourgias?
17-03-2020, 13:38

FACEBOOK