ალბანეთის ეკლესიის წერილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე

ალბანეთის ეკლესიის წერილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე
2018 წლის 24 დეკემბერს მსოფლიო პატრიარქმა წერილი გაუგზავნა ალბანეთის ეკლესიას. 2019 წლის 4 იანვარს ალბანეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა განიხილა აღნიშნული წერილი და 14 იანვარს საპასუხო წერილი გაუგზავნა პატრიარქ ბართლომეს.

ყოვლადუწმინდესო, კონსტანტინეპოლის, ახალი რომის ღვთაებრივო მთავარეპისკოპოსო და მსოფლიო პატრიარქო, ქრისტესმიერ ფრიად საყვარელო და სანუკვარო ძმაო და ჩვენი უმდაბლესობის თანამწირველო ბართლომე, შევრდომილნი თქვენს ღვთაებრივ ყოვლადუწმინდესობას, მდაბლად მოგიკითხავთ.
„რომელი განსცხადნა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, და სოფელი განანათლა“, მანვე ინებოს და მოჰფინოს ნათელი ამ ახალი წლის მანძილზე ყოველი მართლმადიდებელის საქმეებსა და ფიქრებს ეკლესიასთან მიმართებაში, "რომელი მოიყიდა სისხლითა თვისითა", რათა დამყარდეს მშვიდობა.
2019 წლის 4 იანვარს გამართულ სინოდის სხდომაზე გამოწვლილვით წავიკითხეთ თქვენი ყოვლადუწმინდესობის მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს გამოგზავნილი წერილი და დაწვრილებით განვიხილეთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი.
უკვე ცნობილია ჩვენი კრიტიკა რუსეთის ეკლესიის მისამართით იმის გამო, რომ არ მიიღეს კრეტის წმინდა და დიდ კრებაზე მონაწილეობა, და ასევე უახლოეს წარსულში მათ მიერ მსოფლიო საპატრიარქოსთან შეწყვეტილი ევქარისტიული კავშირის გამო. 2018 წლის 7 ნოემბრით დათარიღებულ ეპისტოლეში მოსკოვის უნეტარესი პატრიარქი კირილეს მიმართ, სხვათა შორის აღვნიშნავთ: „...განა შესაძლოა, რომ რუსეთის ეკლესიის იერარქიის გადაწყვეტილებამ შეაჩეროს სულიწმინდის მოქმედება მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფ მართლმადიდებლურ ტაძრებში? ვაღიარებთ, რომ შეუძლებელია მსგავს გადაწყვეტილებას დავეთანხმოთ. საღვთო ევქარისტია, უდიდესი სიწმინდისა და მნიშვნელობის საიდუმლო ყველანაირი საეკლესიო უთანხმოების მიღმა უნდა რჩებოდეს“.
ვღელავთ რა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის შესანარჩუნებლად, ვალდებულნი ვართ ასევე გამოვთქვათ საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ განყენებული, განკვეთილი და ანათემირებული პიროვნებისაგან აღსრულებული ხელდასხმა არის ბათილი. ამ მხრივ ნიშანდობლივია უკრაინის საეკლესიო კრიზისში მთავარი მოქმედი პირის, ფილარეტ დენისენკოს ქმედებები. 1962 წელს ხელდასხმულ იქნა რა ეპისკოპოსად (მოსკოვის საპატრიარქოში), სხვადასხვა დროს იყო ამავე საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი და კიევის მიტროპოლიტი. 1991 წელს მოითხოვა ავტოკეფალია მაშინდელი „დედა ეკლესიისაგან“ - მოსკოვის საპატრიარქოსაგან და არა მსოფლიო საპატრიარქოსაგან. 1992 წელს განყენებულ იქნა მღვდლობისაგან, ხოლო 1997 წელს განიკვეთა და გადაეცა ანათემას რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელიც არის ორგანული ნაწილი ერთი, წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა. და მოსკოვის საპატრიარქოს ეს გადაწყვეტილებები აღიარებულ იქნა ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის მიერ.
იმ დროის მანძილზე, როცა ფილარეტი განყენებული და ანათემირებული იყო, მის მიერ აღსრულებელი მღვდელმოქმედებები არის ანტიკანონიკური და ბათილი. ამგვარად, მის მიერ აღსრულებელი ხელდასხმებიც უქმი და საღვთო მადლსა და სულიწმინდის მოქმედებას მოკლებულია. მათ შორისაა სერგეი დუმენკოს (ფილარეტის მაშინდელი მდივანი და ახლა უკვე კიევის მიტროპოლიტი ეპიფანე) დიაკვნად, მღვდლად და ეპისკოპოსად ხელდასხმაც. 2018 წლის 24 დეკემბრით დათარიღებულ თქვენ წერილში აღნიშნულია: „...აღდგენილნი არიან მათსავე სამღვდელმთავრო და სამღვდელო ხარისხებში...“, თუმცა გაუგებარია, როგორ უნდა შეიძინოს განკვეთილი და ანათემირებული ფილარეტის მიერ აღსრულებელმა ხელდასხმებმა სულიწმინდისეული მადლმოსილება და სამოციქულო მემკვიდრეობის ბეჭედი კანონიკური ხელდასხმის გარეშე?
მთელი მართლმადიდებლობისათვის ცნობილია ეკლესიოლიგიის მთავარი პრინციპი - სქიზმატების და ერეტიკოსების მიერ აღსრულებული ხელდასხმა, როგორც ეკლესიის გარეთ შესრულებული „საიდუმლო“, არის ბათილი. ეს მნიშვნელოვანი პრინციპი წარმოადგენდა მართლმადიდებელი ეპისკოსებისათვის სამოციქულო მემკვიდრეობის ფუნდამენტს. გვწამს, რომ ამ პრინციპის უგულებელყოფა შეუძლებელია.
გვიმძიმს გავიაზროთ, რომ უქმი და არარსებული (ხელდასხმა) „იკონომიით“ ხდება მადლმოსილი; რომ სულიწმინდის წინააღმდეგ მიმართული მკრეხელობა (იგულისხმება განკვეთილი ფილარეტის მიერ ხელდასხმის ლოცვის წაკითხვა: „საღვთო მადლი... ხელდასხმულყოფს ...ვილოცოთ, რათა გარდამოუვლინოს მას მადლი ყოვლადწმინდისა სულისა“), შემდეგში „იკონომიით“ აღიარებული ხდება. ასევე საყოველთაოდაა ცნობილი, რომ "გამაერთიანებელი კრების" მიერ ახალი ეკლესიის მეთაურად ეპიფანეს არჩევა ფილარეტის, აწ უკვე „კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის უწმინდესი საპატიო პატრიარქის“ დაჟინებით მოხდა. ყოველივე ზემოთ თქმულის შემდეგ, როგორღაა შესაძლებელი მიტროპოლიტ ეპიფანეს სახელის ჩამატება წმინდა დიპტიქში?
უკრაინის მართლმადიდებლებს შორის სასურველი მშვიდობა ჯერაც არაა დამყარებული. მიტროპოლიტი ონოფრეს იურისდიქციასში მყოფი მილიონობით მართლმადიდებელი მორწმუნე ( 2018 წლის იანვრის სტატისტიკური მონაცემებით 12 069 სამრევლო, 90 მღვდელმთავარი, 12 283 კლირიკოსი, 251 მონასტერი და 4412 მონაზონი) უარს აცხადებს ავტოკეფალიაზე და შეწყვეტილი აქვთ მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიული ერთობა. მაშინ როცა იმ ქვეყნებში, რომელთაც წარსულში ებოძათ ავტოკეფალია (სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საქართველო, პოლონეთი, ალბანეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი) საეკლესიო სისავსე წარმოადგენდა ერთ მთლიანობას და არ იყო გაყოფილი როგორც ეს უკრაინის შემთხვევაშია.
ვწუხვართ, რომ გამართლდა ის მოლოდინები, რომლებიც 2018 წლის ივლისში მსოფლიო საპატრიარქოს სამკაციან დელეგაციასთან და ასევე 2018 წლის ოქტომბერში კრეტაზე ჩვენი პირადი შეხვედრისას გამოითქვა - მშვიდობისა და უკრაინელი მართლმადიდებლების გაერთიანების მაგივრად, მთელი მართლმადიდებლების ერთობის საკითხი დადგა საფრთხის ქვეშ.
საეკლესიო ისტორიაზე დაყრდნობით, მოლოდინი რომ არსებული მდგომარეობა მალე დაწყნარდება და ყველა ავტოკეფალური ეკლესია აღიარებს მომხდარს, უსაფუძვლოა. ღრმა ჭრილობებს დრო ვერ კურნავს. დროის მსვლელობასთან ერთად ეს ჭრილობები უკურნებელ წყლულად გადაიქცევა.
დღევანდელი მდგომარეობა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად სხვა მეთოდს მოითხოვს. მიგვაჩნია, რომ გამოსავალს წარმოადგენს პრობლემის სინოდალური მეთოდით მოგვარება, რაც აღინიშნა კიდეც კრეტის კრებაზე: „მართლმადიდებელი ეკლესია თავის ერთობასა და საყოველთაოობას გამოხატავს კრებით. კრებითობა ორგანიზებულობის სულის შთაბერვაა, მეთოდი, რომლითაც მიიღება გადაწყვეტილებები და განისაზღვრება მათი მსვლელობა“ (მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მიმართვა მართლმადიდებელი ერისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისადმი, 1 პარაგრაფი)
მიგვაჩნია, რომ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე მართლმადიდებლობაში შედეგის მომტანი მხოლოდ ეკლესიის მეთაურთა შეხვედრები და წმინდა და დიდი კრება იყო, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოსა და პირადად თქვენი ღვთაებრივი ყოვლადუწმინდესობის დაუღალავი მცდელობის შედეგად შედგა. წმინდა და დიდი კრების სინოდალურობის კვალზე მავალი ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესია მხურვალე თხოვნით მოგმართავთ მსოფლიო საპატრიარქოს, რომ როგორც მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის მაკოორდინებელის უფლების მქონემ, რაც შეიძლება სწრაფად მოიწვიოთ საყოველთაო მართლმადიდებლური კრება, რათა თავიდან იქნას აცილებული სქიზმის საფრთხე.
ვლოცულობთ, რათა სამება ღმერთმა წარმართოს ყველა ჩვენგანის სვლანი მართლმადიდებლობის ერთობის შესანარჩუნებლად. „ხოლო ღმერთმან სასოებისამან აღგავსენინ თქვენ (და ჩვენ) ყოვლითა სიხარულითა და მშვიდობითა სარწმუნოებად და აღმატებად თქვენდა (და ჩვენდა) სასოებითა და ძალითა სულისა წმიდისათა“ (რომ. 15.13).

გეამბორებით წმინდა ამბორით, პატივისცემითა და განცხადებული ღმერთის - სამყაროს განმანათლებელი ქრისტესმიერი სიყვარულით განმსჭვალულნი. ტირანა. 2019 წლის 14 იანვარი.

თქვენს ღვთაებრივ ყოვლადუწმინდესობას, მდაბალი ძმა, ტირანის მთავარეპისკოპოსი ანასტასი.



15-03-2019, 13:17

FACEBOOK