ტომოსის მიღების შემდეგ, პირველ ვრცელ ინტერვიუს იძლევა "საპატიო" პატრიარქი ფილარეტი. აღნიშნულ ინტერვიუს სააგენტო ROMFEA.GR აქვეყნებს.

ტომოსის მიღების შემდეგ, პირველ ვრცელ ინტერვიუს იძლევა "საპატიო" პატრიარქი ფილარეტი. აღნიშნულ ინტერვიუს სააგენტო ROMFEA.GR აქვეყნებს.
"საპატიო" პატრიარქი დაწვრილებით იხსენებს "გამაერთიანებელი კრების" წინა დღეს კიევში მომხდარ მოვლენებს, ასევე განმარტავს იმ ფაქტს, თუ რატომ არ იყო მიწვეული 6 იანვარს სტამბულში ტომოსის გადაცემის ცერემონიაზე.

"ბუნებრივია, ბედნიერნი ვართ იმის გამო, რომ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ბოლოსდაბოლოს, მიიღო ავტოკეფალიის ტომოსი. როდესაც მსოფლიო საპატრიარქოს მივმართეთ, ჩვენ არგუმენტი იყო 1924 წელს მომხდარი ფაქტი - პოლონეთის, რომელიც ასევე იყო კიევის სამიტროპოლიტოს ნაწილი, ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვება."
"მსოფლიო პატრიარქი თავის გადაწყვეტილებას ხსნის იმით, რომ 1686 წელს კიევის სამიტროპოლიტო უკანონოდ იქნა მიტაცებული მოსკოვის საპატრიარქოს მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ პოლონეთი მსოფლიო საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიაა. იგივეს ველოდებოდით უკრაინის შემთხვევაშიც, თუმცა 25 წლის განმავლობაში არ იქნა გამოჩენილი საკმარისი გამბედაობა, რათა ჩვენთვისაც მოეცათ ტომოსი. როდესაც, უფლის ნებით, შეიქმნა ამისათვის შესაბამისი გარემოებები, მსოფლიო პატრიარქმა, მიუხედავად მოსკოვის კატეგორიული წინააღმდეგობისა, მოგვცა ავტოკეფალია. თუმცაღა, თავიდან თვლიდა, რომ მისი საპატრიარქოს შემადგენელი ნაწილი ვიყავით".
კითხვაზე, მიიღო თუ არა 6 იანვარს სტამბულში ტომოსის გადაცემის ცერემონიაზე მიწვევა, "საპატიო პატრიარქი" პასუხობს, რომ არ მიუღია და ამის მიზეზი იყო ის, რომ უკრაინის ეკლესიის აღიარება სურდათ არა საპატრიარქოს სტატუსით, არამედ - სამიტროპოლიტოსი.
"მე ვარ პატრიარქი, და თუ ამ ცერემონიაზე დავესწრებოდი, ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ მსოფლიო პატრიარქი უკრაინის ეკლესიას აღიარებდა საპატრიარქოდ. გამორიცხული არაა, რომ უკრაინის ეკლესია გახდეს კიდეც საპატრიარქო. როდის და რა წინაპირობებით? იმ შემთხვევაში თუ უკრაინის ყველა მართლმადიდებელი გაერთიანდება ერთ ეკლესიაში. ეს იქნება უკრაინის ეკლესიისასთვის საპატრიარქოს სტატუსის მინიჭების საფუძველი. მანამდე კი, ვართ საპატრიარქო, თუმცა მხოლოდ უკრაინაში - ანუ ვართ არაღიარებული საპატრიარქო, რომელსაც აღიარებენ კიევის სამიტროპოლიტოდ. ჩვენი მიზანია მოსკოვის საპატრიარქოს კლირიკოსებთან და სამრევლოებთან გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. როცა გავერთიანდებით, მაშინ მსოფლიო საპატრიარქოს მივმართავთ მოთხოვნით, მოგვანიჭოს საპატრიარქოს სტატუსი".
ინტერვიუს სხვა ნაწილში, "საპატიო პატრიარქი" ფილარეტი, ასევე, ეხება მიტროპოლიტ მიქაელის კანდიდატურის მოხსნის თემას "გამაერთიანებელ კრებაზე": "დიახ, ველოდი რომ მიტროპოლიტი მიქაელი მოხსნიდა თავის კანდიდატურას, რადგანაც მსურდა, რომ მიტროპოლიტი ეპიფანე ყოფილიყო არჩეული. მართალია პატრიარქმა ბართლომემ მომცა უფლება თავი შემეკავებინა რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისაგან, მაგრამ მე მხარს იმ კანდიდატს დავუჭერდი, რომელიც ჩემი აზრით, საუკეთესო იქნებოდა".
"მსოფლიო პატრიარქთან შევთანხმით, რომ სინოდის მუდმივი წევრები ვიქნებით მე, მიტროპოლიტი მაკარი და მიტროპოლიტი სიმონი. ბერძნული მხარის მოთხოვნით, სხვა ეპისკოპოსებიც, მონაცვლეობით, უნდა შევუდნენ წმინდა სინოდის შემადგენლობაში. მიტროპოლიტმა ეპიფანემ გამოირჩია სინოდის შემადგენლობა, რომელიც დროებითად, დაახლოებით წელიწადნახევარი იმუშავებს. ამ პერიოდის შემდეგ კი, როგორც ბერძნებმა გვირჩიეს, მოწვეულ იქნება სინოდი ყველა ეპისკოპოსის მონაწილეობით".
"მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ჩვენთვის საკმარისია. პირადად მე ეს არ მაკმაყოფილებს. საჭიროა გვქონდეს მართვა-გამგეობის ჩვენი დებულება და ამ დებულებას კენჭი ვუყაროთ და დავამტკიცოთ ჩვენი ეკლესიის ადგილობრივ ყრილობაზე. განსხვავება დებულებას, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს და მომავალ დებულებას შორის ის იქნება, რომ დღეს გვყავს სინოდის 3 მუდმივი წევრი, ჩვენ კი გვსურს მათი რიცხვი 12-მდე გაიზარდოს. სინოდის მუდმივი წევრები უნდა იყვნენ უკრაინის სხვადასხვა რეგიონებიდან რათა სინოდში წარმოდგენილი იყოს მთელი უკრაინა, როგორც ცენტრი, ასევე მისი დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი რეგიონები, როგორც ეს გვქონდა "კიევის საპატრიარქოს" სინოდში".
"მსოფლიო საპატრიარქომ გვითხრა: მიიღეთ ჩვენი მოცემული მართვა-გამგეობის დებულება, ხოლო როცა მიიღებთ ავტოკეფალიის ტომოსს, როგორც ავტოკეფალურ ეკლესიას, შეგეძლებათ შეიმუშავოთ ახალი დებულება თქვენი საჭიროებისაებრ. ამაში არ ვართ შეზღუდულნი, ვმოქმედებთ კანონიერად და არ ვეწინააღმდეგებით მსოფლიო საპატრიარქოს. მადლობელნი ვართ მსოფლიო პატრიარქის ყოველივე იმის გამო, რაც გაგვიკეთა, მაგრამ თუ გვქვია ავტოკეფალური ეკლესია, უნდა ვიმოქმედოთ კიდეც ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ერისა და ჩვენი სახელმწიფოს საჭიროებების შესაბამისად".
ფილარეტმა ასევე აღნიშნა ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს დიდი წვლილი, რომელიც მას მიუძღვის ავტოკეფალიის ტომოსის მიღებაში.
"პრეზიდენტი იუშჩენკო და მისი წარმომადგენლები შეხვდნენ მსოფლიო პატრიარქს. მიღწეული შეთანხმებით, მსოფლიო საპატრიარქო თანახმა იყო ეღიარებინა უკრაინის ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს შემადგენელ ნაწილად. თუმცა ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიყავით. მახსოვს, მოვიწვიე პრეზიდენტი და ვუთხარი, რომ არ ვართ კმაყოფილნი იმ სტატუსით, რომლითაც გვიპირებენ აღიარებას. ამის შემდეგ მოლაპარაკებების პროცესები შეწყდა. მან ბევრი რამ გააკეთა, პოროშენკომ კი ზუსტად ის გააკეთა, რაც ჩვენ გვინდოდა. გვინდოდა ეკლესია ავტოკეფალური ყოფილიყო. მსოფლიო პატრიარქი საბოლოოდ დაგვთანხმდა. ზოგიერთნი ამბობენ, რომ სახელმწიფო ჩაერია მოლაპარაკებებშიო, კი არ ჩაერია, დაგვეხმარა. დამოუკიდებელი ეკლესიის გარეშე შეუძლებელია არსებობდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო" - დასძინა "პატრიარქმა" ფილარეტმა.
იგი ასევე იმ თემასაც შეეხო, რომ ჯერჯერობით უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას არცერთი ადგილობრივი ეკლესია არ ცნობს. ამ ფაქტს იგი მოსკოვის საპატრიარქოს გავლენებს უკავშირებს.
"მაგალითად, ანტიოქიის ეკლესიამ აღნიშნა, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ავტოკეფალიის აღიარებას. სირია დამოკიდებულია რუსეთზე, ანტიოქიის ეკლესია კი სრულად ფინანსდება რუსეთის ეკლესიისაგან და ლოგიკურია, რომ მას დაემორჩილება. ასეა სხვა ეკლესიების შემთხვევაშიც. მოსკოვი ახერხებს მათზე გავლენა მოახდინოს სხვადასხვა მეთოდებით".
დასასრულს "საპატიო პატრიარქმა" აღნიშნა: "ჩვენ არ გვაწუხებს მოსკოვის საპატრიარქოს ქმედებანი. ჩვენი მიზანია უკრაინის მართლმადიდებლები გავაერთიანოთ ერთ ეკლესიაში როცა ეს მოხდება, ყველას მოუწევს ჩვენი ეკლესიის აღიარება, ენდომებათ ეს, თუ არა. რადგანაც მოსკოვის საპატრიარქოს შემდეგ, პირველნი ვიქნებით მრევლის რაოდენობით სხვა ადგილობრივ ეკლესიებზე მრავალრიცხოვანი".



ბერძნულიდან თარგმნა თორნიკე მამნიაშვილმა
16-03-2019, 16:21

FACEBOOK