მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს 2019 წლის სააღდგომო ეპისტოლე

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს 2019 წლის სააღდგომო ეპისტოლე
ბართლომე - წყალობითა ღვთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი ეკლესიის მთელ სისავსეს, მადლი წყალობა და მშვიდობა დიდებით აღმდგარი ქრისტეს მიერ!

პატიოსანნო ძმანო და უფლის მიერ საყვარელო შვილნო!
მარხვასა და ლოცვაში განვლიეთ წმინდა ორმოცეული და მივეწიენით ქრისტე ღმერთის მაცხოვნებელი ვნებების დღეებსაც, დღეს კი მისი ბრწყინვალე აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდებით.
აღდგომის განცდა მართლმადიდებელთა უმთავრესი მახასიათებელი ნიშანია. უფლის აღდგომას არა მხოლოდ საპასექო პერიოდში ვდღესასწაულობთ, არამედ ყოველ კვირა დღესა თუ ყოველ საღვთო ლიტურგიაზე და თითოეული მათგანი არის ყოვლადბრწყინვალე დღესასწაული. ქრისტიანულ ცხოვრება თავის ყველა სფეროში, იქნება ეს ღვთისმსახურებასა თუ ამასოფლის მიმართ ჩვენეულ მოწმობაში, თავის თავში ატარებს აღდგომისეულ სულს, და განმსჭვალულია აღდგომილი ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვების ხსოვნითა და მისი საუკუნო სამეფოს მოლოდინით.
ადამიანს საკუთარი ძალებით არ შეუძლია გაუმკლავდეს სიკვდილის შიშსა და მის გარდაუვალობას. ადამიანი სიკვდილის შიშის წინაშე არამხოლოდ საკუთარი ცხოვრების მიწურულს დგება, არამედ ეს შიში მთელ მის ცხოვრებას გასდევს თან. გარდაუვალი შეგრძნება იმისა, რომ ცხოვრება "სიკვდილისაკენ მსვლელობაა", ვერ ეხმარება ადამიანს არსებითად შეცვალოს საკუთარი მდგომარეობა. მეტიც, იგი იზღუდება, ივიწყებს თავისი ცხოვრების უმთავრეს არსს და მიექანება ნიჰილიზმისა და სასოწარკვეთილებისკენ. თვითრეალიზაციის შეუზღუდავი სურვილისაგან ცდუნებული ბედნიერების მისაღწევ მცდარ გზას ირჩევს - "ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვსწყდებით". არც მეცნიერებას, არც საზოგადო თუ პოლიტიკურ მოღვაწეობას და არც ეკონომიურ წინსვლასა თუ კეთილდღეობას არ შეუძლიათ გამოსავალი გვაპოვნინონ. ადამიანის მიერ შექმნილი თავისთავში ატარებს სიკვდილის ხსოვნას და არ შეუძლია გვიხსნას, რადგან თავად საჭიროებს გამოხსნას.
მარადიული ნეტარების სურვილს ვერ დააკმაყოფილებენ მიწიერი სიკეთეები. ბუღალტერიის სულით აღვსილ თანამედროვე ადამიანს მართლმადიდებლობა სთავაზობს აღდგომის გამომხნელობითი სახარების ჭეშმარიტებას. ჩვენთვის, მართლმადიდებელთათვის, აღდგომის დღესასწაული უფლის აღდგომის უბრალო გახსენება კი არაა, არამედ აღდგომილ ქრისტეში ჩვენი ხელახლა შობის რეალური განცდა და საღვთო განგებულების 
ესქატოლიგიური აღსასრულის წინა გემოს ხილვა. მორწმუნემ იცის, რომ არსებობა ღმერთისაგან მადლისმიერად აქვს მინიჭებული. ქრისტესმიერი ცხოვრებით ჩვენ გარდავიქმნებით და მივემართებით განღმრთობისაკენ. პავლე მოციქულის თანახმად, ქრისტიანები გამოირჩევიან მათგან, "რომელთა არა აქუს სასოება" (შდრ. 1 თეს. 4: 13). ისინი სასოებენ ქრისტეს, რომელიც არის "ცხოვრება და აღდგომა ჩვენი" და "პირველი და უკანასკნელი, და რომელი ცხოველ არს" (შდრ. აპოლ. 1: 17-18).
ქრისტეს მაცხოვნებელი მყოფობა ჩვენს ცხოვრებაში და მისი ზეციური სასუფევლის იმედი დაურღვევლადაა დაკავშირებული ქრისტიანულ ყოფიერებას. ეს უკანასკნელი კი მოქმედებს როგორც სამყაროს შემოქმედებითი და განმაახლებელი ძალა. შემთხვევითი არაა, რომ სანამ თანამედროვე ცივილიზაცია ადამიანს მიიჩნევდა ისტორიის შემოქმედად, მორწმუნეები დიდი ხნით ადრე მოწოდებულ იყვნენ გამხდარიყვნენ "ღვთისა თანაშემწენი". ქრისტიანულ თვითშეგნებისა და ეკლესიის კაცთმოყვარული თუ სოციალური მსახურებისათვის სრულიად მიუღებელი და გაუგებარია მოსაზრება, თითქოს მართლმადიდებლობა ჩაკეტილ, არასოციალურ სისტემას წარმოადგენდეს და არ ინტერესდებოდეს ისტორიითა თუ კულტურა-ცივილიზაციით.
ძმანო ყოვლადუსამღვდელოესნო და შვილნო საყვარელნო!
აღდგომა მხოლოდ უდიდესი დღესასწაული და მართლმადიდებელთა ზეიმი არაა. იგი წარმოადგენს მთელ რწმენას, ეკლესიური ცხოვრების შეჯამებას, მართლმადიდებლური კულტურის სიმრთელეს. იგია დაუშრეტელი წყარო, რომლისგანაც სათავეს იღებს მართლმადიდებლური მოწამეობისა თუ ცხოვრების წესის სურვილი. აღდგომის მიერ და აღდგომისაგან ვუწყით მორწმუნეებმა ჩვენი საუკუნო დანიშნულება, ვაცნობიერებთ ჩვენი თავისუფლების მნიშვნელობასა და ჭეშმარიტებას. ჯოჯოხეთის ბჭეთა შემმუსვრელი მაცხოვარი საფლავიდან აღმოვალს და განათავისუფლებს ადამიანს მთელ შესაქმესთან ერთად. ადამიანის მოწოდებაა მიიღოს თავისუფლების ამგვარი საჩუქარი და დაეწესოს ეკლესიაში, რომელიც არის "მორწმუნეთა ერთობა განღმრთობისათვის". ეკლესიაში თავისუფლება წარმოადგენს საფუძველს, გზასა და დანიშნულებას. ქრისტესმიერ ბოძებული თავისუფლების გამოხატულებაა "ჭეშმარიტ ყოფა სიყვარულსა ზედა" (შდრ. ეფეს. 4: 15). "რამეთუ თქვენ აზნაურებასა ჩინებულ ხართ, ძმანო; გარნა ხოლო აზნაურება ეგე ნუ მიზეზად ხორცთა, არამედ სიყვარულისა მისთვის ჰმონებდით ურთიერთარს" (გალ. 5: 13) ეკლესიაში ვმყოფობთ აღდგომის სახედ, მოველით რა საერთო აღდგომას დღესა მას დაუღამებელსა.
ამგვარად, წმინდა გულით ვადიდებთ აღდგომილ უფალს, რომელმაც აგვითქვა ვიდრე სოფლის დასასრულამდე ჩვენთან ყოფნა და და სიხარულით ვღაღადებთ ყოვლადსასიხარულო სააღდგომო მისალმებას "ქრისტე აღსდგა!". ვითხოვთ სამყაროს შემოქმედისა და გამომხსნელისაგან, რათა განანათლოს ყველა ჩვენგანის ცხოვრება აღდგომისეული ნათლით და და ყოველთა მოგვანიჭოს სიხარული და საცხოვნებელი ნიჭი, რათა იგალობებოდეს და იკურთხებოდეს ყოვლადწმინდა და ზეციური სახელი მისი.

ფანარი. აღდგომა ქრისტესი. 2019 წელი.
ყველა თქვენგანისათვის აღდგომილი ქრისტეს მიმართ მლოცველი კონსტანტინოპოლის პატრიარქი.



ბერძნულიდან თარგმნა თორნიკე მამნიაშვილმა.
27-04-2019, 15:49

FACEBOOK