ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი: „ღმერთმა აკურთხა „გერონდა“ ეფრემი, რომ არიზონაში მოსულიყო“.

ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი: „ღმერთმა აკურთხა „გერონდა“ ეფრემი, რომ არიზონაში მოსულიყო“.
ორშაბათს, 5 აგვისტოს, არიზონას უდაბნოს წმინდა ანტონი დიდის სახელობის მონასტერს (აშშ) ეწვია ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი.
არქიეპისკოპოსი ელპიდოფოროსი და მასთან ერთად მყოფი სან-ფრანცისკოს მიტროპოლიტი გერასიმე მონასტრის წინამძღვარმა „გერონდა“ პაისიმ და მისმა საძმომ გულმხურვალედ მიიღეს.
„ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია თქვენი სტუმრობა და ვიცით როგორ გაისარჯეთ ანტონი დიდის მონასტრამდე რომ მოგეღწიათ“ - აღნიშნა წინამძღვარმა პაისიმ მეუფე ელპიდოფოროსისადმი მისასალმებელ სიტყვაში.
აგრეთვე, იგი თავის სიტყვაში მონაზვნობის ნიჭს შეეხო, რომ - „მონაზონი სამყაროსა და ყველა ქრისტიანის გადარჩენისათვის მოღვაწეობს“.
სხვა ადგილას, იღუმენმა პაისიმ მთავარეპისკოპოს ელპიდოფოროსისაგან ითხოვა, რომ ამერიკაში არსებული მონაზვნობა ეკურთხებინა და, ამავდროულად, - გვერდში ამოდგომოდა და ეგულშემატკივრა ჭეშმარიტი მოძღვრის, იოსებ ისიხასტის მემკვიდრის, ბერ ეფრემ არიზონელის საქმიანობას.
„მთელი მართლმადიდებელი სამყარო და, განსაკუთრებით, ჩვენ, მონაზვნები მოუთმენლად ველით მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის მიერ ბერ იოსებ ისიხასტის წმინდანად შერაცხვას ჩვენი ეკლესიის წმინდათა დასში,“ - ხაზი გაუსვა მამა პაისიმ.
თავის მხრივ, ამერიკის მთავარეპისკოპოსმა მას მადლობა გადაუხადა კეთილი სიტყვებისათვის, საძმოს კი - გულთბილი დახვედრისათვის.
„ღმერთი უკვე მეორედ ღირსმყოფს, რომ მოვიდე და მოვილოცო ეს დიდებული მონასტერი. როდესაც აქ შვიდი წლის წინ ვიყავი, განსაკუთრებული კურთხევა მქონდა, რომ „გერონდა“ ეფრემთან მესაუბრა და მისი პატიოსანი ბაგეებიდან მარგებელი სიტყვანი მომესმინა. ამჯერად გსტუმრობთ, როგორც ამ ეპარქიის არქიეპისკოპოსი...“ - განაცხადა მთავარეპ. ელპიდოფოროსმა.
აგრეთვე მან კიდევ ერთხელ ახსენა ხალკის თეოლოგიური სკოლა, რომ - „ყველანი ვლოცულობთ სკოლის კვლავ ფუნქციონირებისათვის, რომ მან ეკლესიას ისევ მიჰმადლოს პატიოსანი მსახურები, კლირიკოსები, ეპისკოპოსები და პატრიარქები“.
უნდა აღინიშნოს, რომ მეუფე ელპიდოფოროსმა მონაზვნობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, მან ხაზი გაუსვა შემდეგს: „ამა თუ იმ მონასტერში არაფერი ხდება იღუმენის მორჩილებისა და კურთხევის გარეშე“.
„ღმერთმა აკურთხა და აქ, არიზონაში მოვიდა ერთი წმინდა „გერონდა“, - თქვენი ეფრემი...“ - აღნიშნა ელპოდოფოროსმა.
შემდგომ მაღალყოვლადუსამღვდელოესმა დაამატა: „მსურს სახალხოდ გამოვხატო ჩემი მადლიერება „გერონდა“ ეფრემისადმი, რომელმაც აღზარდა მრავალი შვილი, ძეები და ასულები, რომელთათვისაც შეუძლია ზეცაში იქადოს“.
„მთავარეპისკოპოსი ყოველთვის იქნება ყველა მონაზვნის, ყველა წინამძღვრისა და ყველა მამის საყრდენი, მფარველი და დამცველი, რომელთაც ეს რთული გზა აირჩიეს. ვისწავლე, რომ მიყვარდეს, პატივს მივაგებდე და ვიცავდე მონასტრებს“ - ხაზგასმით აღნიშნა მეუფე ელპიდოროროსმა.



სპეციალურად საიტის სიახლეებისათვის ბერძნულიდან თარგმნა ლევან ხატიაშვილმა.
6-08-2019, 21:52

FACEBOOK