იესო ქრისტეს სხეულის „ნეკროფსია“ [1]

იესო ქრისტეს სხეულის „ნეკროფსია“ [1]
ინტერვიუ ფილიპე კუცაპტისთან

ფილიპე კუცაპტისი გახლავთ ათენის სასამართლო-სამედიცინო მომსახურების ცენტრის დირექტორი და შეიძლება ითქვას, ბოლო ათწლეულების ყველაზე გამოჩენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიც. მან გამოიკვლია და საკუთარი აზრი გამოთქვა თანამედროვეობის უდიდეს დანაშაულებრივ საქმეებზე და მისმა დასკვნებმა მნიშვნელოვანი შტრიხებით გაამდიდრა სახელმწიფო კანონები. ამჯერად, მან კვლევის საგნად განსხვავებული საკითხი აირჩია: „ნეკროფსია“ და „ჩვენება“ (ილუსტრაცია) იესოს წამებისა და სიკვდილისა.
ბ-ნ კუცაპტისს ძალიან ღრმა, სისტემური კვლევა  აქვს ჩატარებული ამ თემასთან დაკავშირებით, ამასთანავე, მეცნიერულად გამოკვლეული და გაანალიზებული აქვს ყველა წყარო იესოს ტანჯვისა და სიკვდილის შესახებ. დღეს, გაზეთ „დემოკრატიის“ საკვირაო გამოცემაში განიხილავს იესოს სიკვდილის მიზეზებს, მისი ყოველგვარი წამების  შედეგს და ასევე, ქრისტეს ფსიქოსომატურ მდგომარეობას. და ბოლოს, პასუხობს იმაზე, თუ რატომაა უარყოფილი ყველა ის თეორია, რომელიც იესოს სიკვდილს ჯვარზე საეჭვოდ მიიჩნევს, რომლის საბოლოო მიზანსაც აღდგომის სინამდვილის გაუფერულება წარმოადგენს.
- ბ-ნო კუცაპტის, ის მონაცემები, რომლებიც ჩვენს ხელთაა წმინდა წერილიდან, ეკლესიის გარდამოცემიდან და სხვა ისტორიული წყაროებიდან, გვაძლევენ თუ არა ქრისტეს წამების სრულყოფილ სურათს?
- რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს ცოდნა უამრავი ფაქტის შესახებ, საიდანაც შეგვიძლია გამოვიტანოთ კიდეც შესაბამისი დასკვნა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ეს სითამამე ზოგიერთების მხრიდან უწესობად არ იქნება აღქმული, მხოლოდ იმიტომ რომ სითამამეა. გასაგები უნდა იყოს ის, რომ საღვთო ვნება (ტანჯვა) არის ნებაყოფლობითი. უფალმა ყოველივე მიიღო თავისი ნებით; ამიტომაც, იმ დროსაც კი, როდესაც სამსჭვალნი გლეჯდნენ მის სხეულს და ამტვრევდნენ ძვლებს, ის ლოცულობდა თავისი ჯვარმცმელებისათვის. გასაოცარი ამბავია…
- მაშ ასე, რა იყო ტანჯვათა შედეგი?
- ყველამ უნდა იცოდეს ის, რომ ტანჯვანი ფსიქოსომატურია[2]. როდესაც ქრისტე საიდუმლო სერობიდან სალოცავად მიდის, თავის სამ მოწაფეს (პეტრე, იაკობი და იოანე) ოდნავ მოშორებით ტოვებს და როგორც წმინდა წერილის საფუძველზე ჩანს, უსიამოვნო მოვლენის მოლოდინშია. დასასრულს (მაშინ როდესაც მოწაფეებს წარმოდგენაც არ აქვთ რა ხდება), იესო მესამე-გზის ლოცულობს და მისი შუბლიდან წვეთავს ოფლი და სისხლი. თხრობის ეს ადგილი, „სისხლნარევი ოფლის“ შესახებ, საუკუნეების განმავლობაში მტკიცე წინააღმდეგობებს განიცდიდა.
მიუხედავად იმისა, რომ მახარებელი გაუგებარ რაღაცას წერს, ის არ ღელავს იმის თაობაზე, მასში ეჭვს შეიტანენ თუ არა ან თუ იტყვიან, რომ ფანტასტიკურ ამბებს აღწერს. მართლაც, სახარება 2000 წლის შემდეგ გამართლდა, ვინაიდან ბოლო დროის მედიცინამ დაამტკიცა, რომ არსებობს ორგანიზმის თანმხლები იშვიათი სიმპტომი მსგავსი მახასიათებლებით, როდესაც ვინმე იმყოფება მძლავრ დაძაბულ ფსიქოსომატურ მდგომარეობაში. თანამედროვე მეცნიერებიდან უკვე ვიცით, რომ საოფლე ჯირკვლები მიმობნეულია სხეულში, თუმცა, განსაკუთრებით მასობრივად თავმოყრილია ხელისგულებში, ფეხისგულებში, კეფაში, ლოყებსა და შუბლში. როდესაც ადამიანი ძლიერ დაძაბულ მდგომარეობაშია, შესაძლებელია, რომ დიდი რაოდენობით კაპილარული სისხლძარღვების დახეთქვა ჯირკვლების მილში ავტომატურად მოხდეს.
გათავისუფლებული სისხლი შეერევა ოფლს, მისცემს მას წითელ შეფერილობას და შემდეგ ნაზავის სახით გამოედინება კანზე. მაშასადამე, მახარებელმა ლუკამ დაწერა სიმართლე. განა შეუძლია გაიგოს ვინმემ, თუ რაოდენ ძლიერ დაძაბულ მდგომარეობაში იმყოფებოდა იესო ჯერ კიდევ მის შეპყრობამდე.
მან იცოდა, რომ მეორე დღეს ადამიანურ ცოდვას იტვირთავდა - როგორც შემცვლელი დაცემული ადამიანისა - და ჯვარზე საღვთო სამართლიანობას წინ აღუდგებოდა. მას არ სურდა მისკენ მიმართული მამის მზერის დაკარგვა. მისი წუხილი კი არც შოლტების და არც სამსჭვალების გამო არ იყო.
- ჯვარცმამდე ტანჯვის რა სახეობები განიცადა და რა იყო მათი შედეგი?
- შეპყრობის შემდეგ, იესომ, ექვსი დამღლელი და უსამართლო სამსჯავრო გაიარა: ანასგან, კაიაფასგან, სინედრიონისაგან, პილატესაგან, ჰეროდესაგან და კვლავ პილატესაგან. ამ სამსჯავროების შუალედებში ის ოთხ-გზის მრავალსაათიანი და საშინელი წამებებით იქნა დამცირებული.
დაკითხვებსა და წამებებს შორის ბორკილდადებულს და ექვს-გზის ნაცემს დაატარებდნენ. მანძილი, რომელიც ბორკილებით გაიარა, დაახლოებით, ექვსი კილომეტრია. ამასთანავე,  ეს ყოველივე აღასრულა  მშიერმა, მწყურვალმა და ღამენათევმა.
- რა როლი ითამაშეს მასზე განხორციელებულმა ზეწოლებმა?
- ის განიცდიდა ძლიერ ფსიქოსომატურ ძალადობას: სამ-გზის გააშიშვლეს და კვლავ შემოსეს, გაშოლტეს, თავზე ეკლიანი გვირგვინი დაადგეს და მხრებზე მძიმე ჯვარი აკიდეს.
დაკითხვების პერიოდში ცილს სწამებდნენ და შეურაცხყოფდნენ. ყველა საშუალების გამოყენებით სურდათ მისი გატეხვა.
- ყველაფერთან ერთად გაშოლტეს კიდეც.
- დიახ. გაშოლტვა სრულდებოდა შოლტით, რომლის  ზონარებიც კენჭებით ბოლოვდებოდა, ხოლო მათი გვერდების ზედაპირზე მიმაგრებული იყო ძვლები. ყოველ ჯერზე, როდესაც შოლტი სხეულს ეხებოდა, შოლტზე მიმაგრებული საგნები მისი სხეულის შიგნით აღწევდა და როცა ჯალათი მას უკან მოქაჩავდა, რათა კვლავ დაერტყა, ხორცის ნაგლეჯებიც თან მოყვებოდა. ჭრილობები, რომლებიც გაშოლტვამ გამოიწვია, იყო გაუსაძლისი, როგორც ზურგზე და მუცლის გვერდებზე, ასევე გულ-მკერდის ნაწილშიც, რომელიც მთლიანად სისხლით უნდა ყოფილიყო მოსვრილი. ჯერ მარტო ამისგან, ქრისტეს, დიდი რაოდენობით სისხლი უნდა დაეკარგა.
- რას იტყვით ჯვარზე, რომელსაც ის ეზიდებოდა?
- ჯვარი, რომელიც უფალმა იტვირთა, არ იყო გარანდული, დამუშავებული ხე (როგორც ამას ფერწერაში ვხედავთ), არამედ - ორი  ხის მორი, უხეში ქერქითა და კორძებით, და გესმით, რა მოხდებოდა მაშინ, როდესაც ისინი შოლტისგან უკვე ისედაც დასისხლიანებულ ზურგს შეეხნენ? მორის სიმძიმე, რომელიც ჭრილობებში აღწევდა, გაუსაძლის ტკივილს იწვევდა.
შემდეგ, იესო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ფეხებს მიახოხებს და თავს ცუდად გრძნობს. ვეღარც შვებას განიცდის და ჰაერიც აღარაა საკმარისი. სისხლისგან იცლება და სადაცაა მუხლიც მოეკვეთება. გზის გაგრძელება შეუძლებელი ხდება.
- ისეთ მდგომარეობას აღწერთ, რომლის გაძლებაც აღემატება ადამიანური შესაძლებლობების ზღვარს.
- დიახ. იგი განსაკუთრებული რომ არ ყოფილიყო, იქვე დაიღუპებოდა. წესით, ლოგიკის საფუძველზე, მას სიცოცხლე იქ (გოლგოთისკენ მიმავალი გზა) უნდა დაესრულებინა.
- მიუხედავად ამისა, ქრისტე, საბოლოოდ, მაინც მიდის ჯვარცმამდე. იქ რა მოვლენები ვითარდება?
- იქ, ჯვარმცმელებმა, იესო ჯვარზე აიყვანეს და მისი ხელები და ფეხები ხეზე მიალურსმეს. მილურსმვის ზუსტი ადგილის შესახებ ორი ვერსია არსებობს: 1) ხელისგულის შიდა ნაწილი, ისე, როგორც ეს მრავალ ხატზეა გამოსახული, და 2) მაჯების ცენტრი შიგნითა მხრიდან. პირველი შეხედულება, ჩემთვის, უფრო მეტად მისაღებია. ხელისგულს აქვს ნაკლები სისქე, დიდი ზედაპირი და მყესებისა და აპკის მეშვეობით არ ხდება კანის გახლეჩა. ასევე, არსებობენ ხელის მტევნის ძვლები, რომლებიც იკავებენ სიმძიმეს. თუკი, ყოველი შემთხვევისთვის, სამსჭვალი გაივლიდა ორ, სხივისა და იდაყვის ძვალს შორის, დაზიანდებოდა შუა ნერვი, რაც აუტანელ ტკივილს გამოიწვევდა.
დაფიქრდით, ოდნავაც რომ შევეხოთ იდაყვის ნერვს, ძლიერ ტკივილს ვგრძნობთ. ახლა კი, წარმოიდგინეთ ამ ნერვზე გამავალი სამსჭვალი... ფეხების მილურსმნასთან დაკავშირებითაც ორგვარი შეხედულება არსებობს: რომ, 1) ფეხები მიამსჭვალეს ჯვარზე, ისე რომ, სამსჭვალმა ერთი ფეხის გავლით შეაღწია მეორეშიც, და 2) რომ, თითოეული ფეხი მიალურსმეს ერთმანეთის პარალელურად (ერთმანეთისგან დამოუკიდებლად).
1968 წლის აღმოსავლეთ იერუსალიმის სასაფლაოების არქეოლოგიური აღმოჩენები გვიჩვენებენ, რომ არსებობდნენ სხვებიც, რომელთა ფეხებიც სწორედ პირველი საშუალების საფუძველზე იქნენ მიმსჭვალულნი.
- თუ ვიცით, საბოლოოდ, რამ გამოიწვია მისი სიკვდილი?
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი სიკვდილი იყო ნელი და ძალიან მტანჯველი. ჯვარზე ამაღლებული ქრისტე ებრძვის მთელ რიგ უსიამოვნო ფაქტორებს:
1) გარდაუვალი ფეხზე დგომა, რაც იწვევს არტერიული წნევის ვარდნას.
2) გარდაუვალი უმოძრაობა, რაც ვენურ სისხლს არ აძლევს საშუალებას, რომ კვლავ დაუბრუნდეს გულს.
3) გულმკერდის განსაკუთრებული მდგომარეობა: სხეულის სიმძიმის მუდმივი ზრდა, რაც ართულებს სუნთქვას. არ შეუძლია ამოსუნთქვა, არამედ მხოლოდ - ჩასუნთქვა. ამან დააჩქარა მისი სიკვდილი.
გარდა ამისა, ებრძვის გართულებულ ჭრილობებს, სისხლდენას, გაუწყლოებას, შიმშილს, წყურვილს და დაუძლურებას.
- საბოლოო „დასკვნა“...
- საუბარია მრავალფაქტორიან სიკვდილზე. მრავალმა მოვლენამ განსაზღვრა მისი ტრაგიკული ბოლო. ხოლო საბოლოო მიზეზი სიკვდილისა, სისხლის მიმოქცევის უკმარისობასთან ერთად, ასფიქსია[3] გახდა. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ასევე, სარკოფაგების მწერების თავდასხმაა. სისხლი შორიდან იზიდავს მწერებს, რომლებიც უძრავად მყოფ ადამიანს ჭრილობებიდან ხორცის ნაწილებს აგლეჯენ. უფლისთვის ყველაზე საშინელი წუთები ჯვარზე გაკვრის შემდგომ დადგა.
- როგორ აგვიხსნით იმ გამძლეობას, რომელიც მან გამოიჩინა?
- ქრისტე არ მოკვდა ჯვარცმამდე, რადგანაც იგი სიტყვა (ლოგოსი - λόγος) იყო. იგი აღემატა ადამიანურ შესაძლებლობებს და ჩემთვის, ჯვარზე ასასვლელად გამოვლენილი მისი სიმტკიცე, კიდევ ერთი ნიშანია მისი ღვთაებრიობის. აუტანელი ტკივილები და ეკლიანი გვირგვინი...
- შეგიძლიათ გვითხრათ, რას განიცდიდა იესო ეკლიანი გვირგვინის ტარების დროს?
- უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რომ ეს არის საკითხის გადაჭრის გაუგონარი საშუალება. არასდროს იქამდე არ მომხდარა მსგავსი რამ და არც არასდროს განმეორდება. ეს არის საშინელება! მას ამზადებდნენ ხისგან, რომელსაც ფოთლები სცვიოდა. ეს იყო დრეკადი მცენარე დიდი და ბასრი ეკლებით, რომელიც იმ რეგიონში ხარობდა. მანამდე ბრალდებულთა გვირგვინები იყო რკინის და მზადდებოდა თავის ქალის დიამეტრის შესაბამისად. აქ კი იყო სატანჯველი. თავის თმის ფსკერი სისხლძარღვებითაა სავსე. აქვს ძალიან კარგი სისხლის მიწოდება და ნერვული სისტემა. მაშასადამე, სისხლდენა იყო დიდი და ეკლებისგან გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილი ნერვებზე მოქმედებდა.
- აღდგომა და „შეთქმულების“ სხვადასხვა თეორიები.
გარკვეულ ეპოქებში იყო ვარაუდები, რომ ქრისტე არ მომკვდარა ჯვარზე და შესაბამისად, ეს ფაქტი, ლოგიკურად, მისი ამაღლების შემთხვევას ამართლებს. თქვენი აზრით, ამ ვარაუდს რამდენად აქვს არსებობის უფლება?
- როგორ გგონიათ, შუბით მისი გვერდის განგმირვა შემთხვევით მოხდა?! სრულიადაც, არა. ეს ფაქტი მისი სიკვდილის მოწმობაა. შუბის ძგერების შემდეგ მისი ფერდიდან „სისხლი და წყალი“ გადმოიღვარა. ვინმესთვის, ეს მძიმე, ორმეტრანახევრიანი შუბი რომელი მხრიდანაც არ უნდა ეძგერათ, ვერავინ  შეძლებდა გადარჩენას, ვერც ერთ შემთხევაში.
- ანუ, ისინი უარყოფენ ამ ყოველივეს?
- ცხადია. მოწინააღმდეგენი ამბობენ იმას, რაც სურთ, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია რატომ იკვლევენ ქრისტეს, თუკი ის მათთვის არ არსებობს.



სქოლიოები

[1] η νεκροψία (νεκροσκοπία) - გვამის გაკვეთა, ექსპერტიზა (დათვალიერება).

[2] η ψυχοσωματική - სულიერსხეულებრივი.

[3] სუნთქვის შეჩერება, სულის შეხუთვა, გაგუდვა.


ბერძნულიდან თარგმნა გურამ გიორგაძემ.
გადმოწერეთ: PDF
31-03-2019, 23:54

FACEBOOK