ქრისტიანული ქორწინება

ქრისტიანული ქორწინება
ავტორი: მღვდელი გიორგი ხანთაძე (დიდუბის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვარი)

დღეს არსებულმა ვითარებამ წინამდებარე ტექსტის შედგენა გადაგვაწყვეტინა. გამომდინარე იქიდან, რომ ძველ ეკლესიაში (ვგულისხმობ პირველ საუკუნეებს) საეკლესიო ქორწინებას (ჯვრისწერას) ეკლესიის მრევლის წევრები იღებდნენ და აქედან გამომდინარე, საეკლესიო თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად გარკვეულნი იყვნენ ქორწინების არსსა და ვითარებაში, ქორწინების საიდუმლოს უფრო დიდი პასუხისმგებლობითა და რწმენით ეკიდებოდნენ. შესაბამისად, განქორწინების და მეორე ან მესამე ქორწინების რეალობის წინაშე იშვიათად დგებოდა ეკლესია, ესე იგი განქორწინება და ოჯახის დანგრევა უფრო იშვიათი მოვლენა იყო. ვფიქრობთ, რომ წინამდებარე მცირე ზომის ტექსტი მექორწილე წყვილს დაეხმარება საკლესიო ქორწინების არსის უკეთ გარკვევაში და ოჯახის შექმნასაც უფრო მეტი პასუხისმგლებლობით მოეკიდებიან.
 

ქრისტიანული ქორწინების შესახებ

ქორწინება ეკლესის შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია, რომელიც ისევე, როგორც სხვა საიდუმლოებები, თავად ღვთის მიერ არის დაარსებული. ქორწინების ბიბლიური წარმოშობის შესახებ დაბადების წიგნი მოგვითხრობს. ამ წმინდა საიდუმლოს წარმოშობას, ასევე წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიაში მის დამკვიდრებას, უშუალოდ უკავშრდება ადამისა და ევას შესაქმისეული მისტერია (შესაქმე 2, 18-25). ეს საიდუმლო ღმერთმა პირველ ადამიანებს შექმნისთანავე დაუდგინა, აკურთხა და რჯულითაც დააფუძნა: „და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად ... და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად“ (დაბ. 1: 27); აგრეთვე: „და ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის დედაკაცს“ (დაბ. 2: 24). „დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თვსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა და იყვნენ ორნივე ერთ ჴორც“ (შესაქმე 2, 24). მეუღლეობის ერთობაზე წერს მათე მახარებელიც: „ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც“ (მათე 19, 6). როგორც ვხედავთ წმინდა წერილი გვამცნობს, რომ ქორწინება ჯერ კიდევ სამოთხის ბაღში, ადამიანის ცოდვით დაცემამდე იკურთხა ღვთის მიერ. „თავად უფალს მიჰყავს ცოლი ადამთან. ეს არის ქორწინების საიდუმლოს აღსულების უძველესი შემთხვევა. წმინდა თეოდორიტე კვირელის სიტყვებით, სწორედ მაშინ ღმერთმა შერთო ცოლი ქმარს ახლაც მოქმედი და ძალაში მყოფი კანონით და მიუყვანა იგი თავის ქმარს...“ „...ე. ი. ძე ღმრთისამ სწორედ ჯერ კიდევ თავის განკაცებამდე დაადგინა ქორწინების საიდუმლო და ეს მამა ღმერთთან და სულიწმინდასთან ერთად გააკეთა...“ „...როგორც ნეტარი ავგუსტინე წერს: ,,ქრისტე იმისათვის  მიბრძანდა ქორწილში (კანაში), რომ დაედასტურებინა მის მიერვე სამოთხეში დადგინებული ქორწინება“[1].
როგორც ითქვა უფლის მიერ ქორწინებას საეკლესიო საიდუმლოს ღირსება აქვს მინიჭებული. განკაცებულმა ღმერთმა, იესო ქრისტემ თავისი მისვლით თავად აკურთხა ქორწილი გალილეის კანაში. ამიტომ ეს ადგილი სახარებიდან ჯვრისწერის დროს იკითხება.
ჩვენი უწმინდესი წერს: „ეკლესია ის სულიერი კანაა გალილეისა, სადაც უფალმა დალოცა ქორწილი. ქორწინება ქალსა და კაცს შორის სიყვარულით განმტკიცებული კავშირია; ეს ურთიერთობა მათი თავისუფალი ნებით ხორციელდება, ერთმანეთისადმი ერთგულების პირობას  გულისხმობს და ეკლესიისა და ქრისტეს ერთობის სახით იკურთხება. ,,რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს“ (მთ. 19, 6), - ბრძანებს წმინდა წერილი“[2].
ჯვრისწერის საიდუმლოს მადლი  მეუღლეების  სიყვარულს სრულყოფს,  აძლიერებს მათ  განუყოფელ  ერთიანობას და წმიდაყოფს მათ მარადიული სიცოცხლის გზაზე. ამიტომ, ქორწინება აუცილებლად ღვთის კურთხევით უნდა დაიწყოს. მომავალმა მეუღლეებმა ღვთისაგან უნდა ითხოვონ კურთხევა, დალოცვა და ჯვარი დაიწერონ ტაძარში. პატრიარქი ბრძანებს: „ოჯახზე რომ ღვთის ლოცვა-კურთხევა იყოს, ცოლ-ქმარს აუცილებლად ტაძარში უნდა ჰქონდეს ჯვარი დაწერილი; ხოლო თუ ისინი ჯვარდაუწერელნი არიან, მათი ურთიერთობაც და შვილებიც ღვთის კურთხევის მადლს მოკლებულნი არიან“[3].
მექორწინეებისათვის ღვთივსათნოა და სასურველია მშობლების დალოცვა, მათგან თანხმობის მიღება. უფალი გვასწავლის: „რამეთუ კურთხევამან მამისამან დაამტკიცნეს სახლნი შვილთა ზედა...“[4]მშობლის კურთხევას და ნებართვას საეკლესიო კანონებიც განსაზღვრავენ, მით უფრო მაშინ, როდესაც მექორწინეები არ არიან სრულწლოვანები (შდრ.: წმ. ბასილი დიდის 38-ე და 42-ე კანონები). არასრულწლოვანების შემთხვევაში აუცილებელია ქორწინებაზე მშობლებისაგან თანახმობა.
ქრისტიანული ქორწინება მონოგამურია, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანს ერთი მეუღლე უნდა ჰყავდეს სიცოცხლის ბოლომდე. მაცხოვარი ბრძანებს: „შექმნის დასაბამიდან კი კაცად და ქალად შექმნა ისინი ღმერთმა. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას თავისას და დედას, და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთხორც“ (დაბ. 2, 24); „ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთხორც“ (მათე. 19, 6). ერთხორცობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მეცნიერ დოდო (მარიამ) ღლონტის ნაშრომი: „ხორც-ის ლექსიკურ-სემანტიკური ბუდისათვის“, სადაც ტერმინ ერთხორცობის (იგულისხმება ქორწინებითი ერთხორცობა) საღვთისმეტყველო და ლექსიკურ-სემანტრიკური გაგებაა წარმოჩენილი.  ხსენებულ ნაშრომში აღნიშნულია: „ადამისა და ევას ხსნებულ შესაქმისეულ მისტერიაში შესიტყვება „ერთ Ãორც“ თვალსაჩინოდ აფიქსირებს ქორწინების წმიდა საიდუმლოს საკრამენტულ მომენტს - ვითარცა ორთა შეერთებას, შეუღლებას, შეზიარებას, რომლის დროსაც ორნი „არღა არიან ორ“, არამედ არიან „ერთ ჴორც“[5].
ზემოხსენებულ ერთხორცობასთან დაკავშირებით დ. ღლონტი წერს: „...ქრისტიანული ქორწინებით შეუღლებული წყვილი უკვე არის არა ამქვეყნიურად უბრალოდ შეერთებული ორი ხორციელი, არამედ ღვთის ნებითა და ეკლესიის კურთხევით ერთმანეთთან შეზიარებული ერთი პირი - ერთ ჴორცი და ერთ სული“.
როგორც უკვე აღინიშნა ქორწინება ყოველმხრივ მონოგამურია: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი“ (მრკ. 10, 6-9). მეორე და მესამე ქორწინება დაიშვება მხოლოდ ეკლესიის კურთხევით საეკლესიო კანონიკისა და ზნეობრივი მხარის გათვალისწინებით, იმ მიზნით, რომ ადამიანმა მრუშობაში არ იცხოვროს. ამგვარი ქორწინება იკონომიით (შეწყალებით) დაიშვება ადამიანთა  სისუსტის გამო. ასეთი ქორწინების დროს მღვდელი დაუწესებს შესაბამის ეპიტიმიას იმათ, ვინც ქორწინდება, იმის გამო, რომ მეორე ქორწინებას და, მით უფრო - მესამეს, ეკლესია მიიჩნევს, როგორც აღნიშნულ პიროვნებათა  დაცემას[6]. ამ დროს არ სრულდება სიძე-პატარძალის  გვირგვინების დადგმის რიტუალი.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: „რომელმან იქორწინოს პირველად შჯულიერითა ქორწინებითა, კურთხეულ არს უფლისა მიერ. და რომელმანცა იქორწინოს მეორედ, შენდობითა მწყემსთაჲთა იქორწინოს. და რომელმან იქორწინოს მესამედ, უშჯულოება არს. ხოლო რომელმან იქორწინოს მეოთხედ, ცხოვრებაჲ მისი სხუაჲ არარაჲ არს, არამედ მსგავს არს ღორთა, მწჳრესა შინა მწუმპებელთა, შესუარულთა მწჳრითა უშჯულოებისაჲთა“[7].
ღვთივკურთხეული ქორწინება მიმართულია მეუღლეთა სასიკეთოდ, შთამომავლობის შესაქმნელად და აღსაზრდელად. მონათლულთა შორის ქორწინებას მაცხოვარმა საიდუმლოს ღირსება მიანიჭა. „ამ საიდუმლოთი ღმერთი აკურთხებს ოჯახურ ცხოვრებას, ბავშვების ყოლასა და მათ აღზრდას. ბავშვი ეგოიზმის დაძლევაში ეხმარება მშობლებს; ისინი, ორნი, ეწირებიან მესამეს და ამით დიდ ბედნიერებას იღებენ“[8]. ქრისტიანული ქორწინება, როგორც წმინდა პავლე მოციქული წერს (ეფეს. 5, 22-23), ეკლესიასთან ქრისტეს ერთობის ხატია. „დაემორჩილენით ურთიერთას შიშითა ქრისტესითა. ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავი ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ, არამედ, ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თჳსთა ქმართა ყოვლითა“ (ეფეს. 5, 21-24). როდესაც ქმარი ისევე ზრუნავს ცოლზე, როგორც ქრისტე - ეკლესიაზე, ამ დროს მორჩილება მეუღლისა გულისხმობს იერარქიას, მშვიდობასა და სიყვარულის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. ანუ მორჩილება უნდა იყოს ქრისტიანულ და სათნო ქმედებებში. მამაკაცი უნდა იყოს მზრუნველი და მოსიყვარულე. სხვაგვარად რომ ვთქვათ,  მორჩილება ოჯახში უნდა ვლინდებოდეს სათნო ქრისტიანული ქმედებებით. 
სწორედ ამგვარ მორჩილებაზე გვესაუბრება წმინდა პავლე მოციქული. ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, რომელსაც იმდენად ვუყვარვართ, რომ ჩვენთვის ხორცი შეისხა, განკაცდა, ჯვარს ეცვა და გამოგვიხსნა. და თუ არ დავემორჩილებით, წარვიწყმედთ თავს. აი, სწორედ მაშინ უნდა მორჩილებდეს ცოლი ქმარს ისე, როგორც ეკლესია - ქრისტეს, როდესაც ქმარსაც ქრისტეს მსგავსად ეყვარება მეუღლე ან ქრისტიანული ცხოვრებით ცდილობს ამის მიღწევას. წმინდა იოანე ოქროპირი წერს: „კაცო, გნებავს თუ რაჲთა, ვითარცა უფალსა, გმორჩილობდეს ცოლი, შეიყუარე იგი ესრეთ, ვითარცა ქრისტემან - ეკლესიაჲ, რაჲთა მზა იყო თავს-დებად, დაღაცათუ რაჲმე გევნებოდეს მისთჳს ვიდრე სიკუდიდმდე“[9]. ქრისტიანული ქორწინება მეუღლეებს ანიჭებს მადლს, რაც მათ ეხმარება, რომ უყვარდეთ ერთმანეთი იმის მსგავსი სიყვარულით, როგორითაც ქრისტეს უყვარს თავისი ეკლესია. პავლე მოციქული ბრძანებს: „ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ“ (ეფეს. 5, 25). ღმერთს იმდენად ვუყვარვართ, რომ ჩვენთვის განკაცდა, მოკვდა და აღადგინა ადამიანის ცოდვით დაცემული ბუნება, თუმცა ამ დიდ წყალობას არც კი ვიმსახურებდით... იოანე ოქროპირი ამ მუხლთან დაკავშირებით წერს: „თუ იცი, ქრისტემ როგორ შეიყვარა ეკლესია? ისე, რომ თავი თვისი მისცა მისთვის. ამიტომ ცოლისთვის სიცოცხლის გაღებაც რომ დაგჭირდეს, ნუ დაიხევი. თუ უფალმა ისე შეგიყვარა შენ, მონა, რომ თავი თვისი მისცა შენთვის, შენ მით უფრო უნდა გიყვარდეს შენი მსგავსი მონა. წმინდა პავლე მოციქული წერს: „რაჲთა, იგი წმიდა-ყოს, განწმიდა საბანელითა მით წყლისაჲთა და სიტყჳთა (ეფეს. 5, 26). „სიტყვით წმიდა-ყოს“ - მოციქული მიგვანიშნებს, რომ მაცხოვარმა არაწმინდა შებილწულ ეკლესიას ძველი აღთქმისას ზურგი არ აქცია, გამოასწორა და ცოდვები შეუნდო (იხ.: იოანე ოქროპირი  „ქორწინებისთვის“, „ბჭე სიწმინდისა“, თბ, 2008).  
დღეს, ხშირად, განქორწინების მიზეზად სახელდებენ ხოლმე სიყვარულის გაქრობას, ან იტყვიან ხოლმე: ვერ შევეწყვეთ. უფალი მუდამ უხმობს ცოდვილებს, კურნავს და აჯანსაღებს მათ. ჩვენც  ამგვარადვე გვმართბს; თუ უღირსი ცოდვილი და ცუდი ზნის მეუღლე შეგვხვდა, შევეცადოთ, რომ სიკეთისკენ ვუბიძგოთ, შევუნდოთ, გამოვასწოროთ, განვკურნოთ, ვიზრუნოთ მასზე, მსგავსად იმისა, როგორც მაცხოვარი ზრუნავს ჩვენ, ცოდვილებზე. ცოლ-ქმარი შეუღლებისას იქმნებიან ერთხორც: „ამიტომაც კაცი მიატოვებს თავის დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“ (დაბ. 2, 24). წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: „არც ჩვენ მოვიკვეთთ სხეულის დასნეულებულ ნაწილს, არამედ მის მოსარჩენად ვიზრუნებთ...“. „...თუ ცოლის სნეულებას ვერაფერს ვუშველით, მაინც დიდი ჯილდო მოგველის, რაკი ვარიგებდით, ვასწავლიდით და წინ ვუძღვოდით. ჩვენმა დამოძღვრამ მას საერთოდაც რომ ვერაფერი შესძინოს, ღმერთი დიდი ჯილდოს ღირსად მაინც გაგვხვდის, რადგანაც მისი შიშით ვითმენდით, ვუძლებდით, მშვიდად ვხვდებოდით ცოლის სიავეს და საკუთარი სხეულის ასოებივით ვუვლიდით“[10].
წმ. პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: „სიყვარული ყველაფერს ითმენს“. (I კორ. 13, 7). ამიტომ, სადაც უყვართ ერთმანეთი, იქ ოჯახი ადვილად ვერ ინგრევა. ხშირად ოჯახის დანგრევის მიზეზი უსიყვარულობა ხდება. ამ ყოველივეს ხელს უწყობს ოჯახის არაეკლესიური აზროვნება. უფრო ხშირად მამაკაცის უმუშევრობა არღვევს არაქრისტიანულად მოაზროვნე ოჯახის იერარქიას. იქ კი, სადაც იერარქია ირღვევა, როგორც წესი, ქაოსი იმკვიდრებს, მით უფრო, როცა ცოლიც არაეკლესიურად ცხოვრობს და არ იცის, რას ნიშნავს მეუღლის სიყვარული, პატივისცემა, თავმდაბლობა. ასეთმა ადამიანმა არც ის იცის, რატომ უნდა მოითმინოს განსაცდელი, რატომ უნდა დაუთმოს მეორე ნახევარს. ეს ყოველივე კი მან ეკლესიაში უნდა ისწავლოს. არაწმინდა ცხოვრებაც ხელს უწყობს ცოდვის მომძლავრებას, რაც, თავის მხრივ, სიყვარულს აქრობს. ურწმუნო  ადამიანი კარგავს უფლის მადლს და გული უუხეშდება, რის შემდეგაც განქორწინების მიზეზად მას ადვილად შეუძლია დაასახელოს: „ერთმანეთს ვერ შევეწყვეთ, ან ვერ გავუგეთ“, მაშინ, როდესაც წმინდა მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: „სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა ჰშურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, (არამედ მშვიდია წერს წმინდა იოანე ოქროპირი ამ მუხლთან დაკავშირებით, ავტ.) არა სარცხჳენელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არა შერაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუვესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარტებასა ზედა. ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების...“ (1 კორ. 13, 4-8).
ესე იგი, ღვთისნიერი სიყვარულის მქონე ადამიანს არ შურს წარმატებული მოყვასის ან მეუღლის, როგორც წმ. იოანე ოქროპირი წერს: „არცერთი უნდო, და შეურაცხი საქმე არ ესირცხვება“[11]. მოყვასს ბრალს და დანაშაულს არ ურაცხავს, სხვისი კეთილი უხარია, და უსამართლოდ შემთხვეულსაც თავს იდებს. „ესე მიერ იქნმნების, რაითა კაცი ყოველსავე თავს იდებდეს, სამართლად გინა უსამართლოდ შემთხვეულსა მისდა“ - წერს წმინდა იოანე ოქროპორი[12]. ასეთი სრულყოფილი სიყვარული მხოლოდ ქრისტეს გზით მიიღწევა, რაც აგრეთვე სრულყოფს ოჯახურ ურთიერთობას.
ქორწინება რომ ღვთვსათნოდ დაგვირგვინდეს ამისათვის ასევე საჭიროა, რომ საწყისში ქორწინება ეფუძნებოდეს ორი მხარის თანხმობას, ანუ ერთმანეთისათვის თავის მიძღვნის ორმხრივ  ნებას, ჭეშმარიტი სიყვარულის განცდის მიზნით. პოლიგამია, ე. ი., მრავალცოლიანობა შეუთავსებელია ქორწინების ერთიანობასთან.
ხშირად ქორწინდებიან და შვილის გაჩენისაგან თავს იკავებენ. ნაყოფიერების უარყოფა ცოლ-ქმარს მეუღლეობის „უძვირფასეს ნიჭს“ - შვილს ართმევს. შვილიერება კი, პირიქით, დიდი წყალობაა ღვთისა და ჯვრისწერის დროს ამის კურთხევასაც იღებენ ადამიანები. ამგვარი შეცდომების ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ხშირად ჯვარს იწერენ არაეკლესიურად მცხოვრები ადამიანები. პირველ საუკუნეებში წყვილი დალოცვას იღებდა უშუალოდ მღვდელმთავრისგან და ეზიარებოდა. ისინი ქორწინდებოდნენ იმ სამრევლოში, სადაც დადიოდნენ, და ჰყავდათ მოძღვარი, ესე იგი, ღვისგან კურთხევას იღებდნენ შეგნებულად, რაც თითქმის გამორიცხავდა  ქორწინების შემდგომ იმგვარ შეცდომებს, რასაც დღეს ვხვდებით. რა თქმა უნდა, დღევანდელი ცხოვრების რითმს ახალგაზრდა ასასკში დაქორიწნებას, (რადგან ახალგაზრდა წყვილი ჯერ კიდევ სწავლის პროცესშია და ოჯახის რჩენა უჭირთ), ან კიდევ სხვა მიზეზებს შვილის გაჩენისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებად ასახელებენ, თუმცა ჩვენს ირგვლივ მრავალი თვალსაჩინო მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ასეთი წყვილბი, რომლებიც ღმერთზე მინდობით შვილის ყოლისგან თავს არ იკავებენ ახერხებენ სწავლის გაგრძელებასაც და შვილის აღზრდასაც. და ვფიქრობთ, რომ მათ ვინც ასე გადაწყვეტს ღმერთი აუცილებლად ხელს მოუმართავს.
როგორც ზემოთაც ვახსენეთ, ძველ დროში ჯვარს იწერდა (საეკლესიო წესით ქორწინდებოდა) მრევლის წევრი, ანუ საიდუმლო სრულდებოდა მონანთლული მართლმადიდებლისათვის, რომელიც არა მხოლოდ მონათლული იყო, როგორც დღეს ხშირად ხდება, არამედ ეკლესიურად მაცხოვრებელი. ამიტომ, ჯვრისწერა დაკავშირებული იყო ევქარისტიასთან, (წმინდა ზიარებასთან). ახლად ჯვარდაწერილ წყვილს ეპისკოპოსი დალოცავდა და ისინი ეზიარებოდნენ. დღეს ეს ორი საიდუმლო (ქორწინება და წმინდა ზიარება) ცალ-ცალკე სრულდება. იოანე მეინდორფი თავის ნაშრომში „ქორწინება და ევქარისტია“, ქორწინების, როგორც საეკლესიო საიდუმლოს ჭეშმარიტ შინაარსზე მსჯელობს. მისი მსჯელობიდან გამომდინარე, ბიზანტიაში ქრისტიანული საიდუმლო (ქორწინება) და მისი სპეციფიურობა იურიდიულ დონეზე იქნა წარმოდგენილი.  ყველა ადამანი ამქვეყნიური საზოგადოების წევრად იბადება და იგი თავისი ქვეყნის მოქალაქეა. იგი ამქვეყნიურ კანონებსაა დაქვემდებარებული და საზოგადოებაში გარკვეული ვალდებულებები აკისრია. პირველ საუკუნეებში ქრისტიანები, ბუნებრივია, რომ არ უარყოფდნენ ქორწინების საერო მნიშვნელობას (პრინციპში, პირველ საუკუნეებში, ვიდრე რომის იმპერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა და შემოდგომში საერო კანონების ნორმებში მოექცეოდა ქორწინების კანონები საეკლესიო ჯვრიწერას არც იურიდიული სახე ჰქონია (როგორც ზემოთაც აღინიშნა) და სწორედ ამაზე მსჯელობს ი. მეინდორფი. გ. ხ.) ასე რომ, ქრისტიანები ჩვეულებისამებრ, როგორც რიგითი კანონმორჩილი მოქალაქეები, საერო კანონებისა და ტრადიციის მიხედვითაც ქორწინდებოდნენ. „მაგრამ მათთვის, როგორც ქრისტეს სხეულის წევრებისათვის, ქორწინების სხვა განზომილებაც იყო მისაწვდომი: „ქრისტესა და ეკლესიაში“. ქორწინების „ეკლესიუობა“ მთლიანად განსხვავდებოდა მისი ფორმალური „კანონიერებისაგან“: ის ხორციელდებოდა არა განსაკუთრებული ეკლესიური რიტუალის ძალით, არამედ იმ ფაქტის მეშვეობით, რომ ქორწინება ქრისტეს სხეულის ორ წევრს შორის ხდებოდა და, ამდენად, საიდუმლოებას წარმოადგენდა... რამდენადაც საიდუმლოებაა, ქორწინება არის არა იურიდიული ხელშეკრულება, არამედ მარადიული მადლი, რომელიც ღვთის სასუფევლის მოქალაქეთათვისაა მისაწვდომი, მაგრამ სრულებით გაუგებარია მათთვის, ვინც არ იცის და არც ეძებს ამ სასუფეველს“ (მეინდოფი 2007: 106). დღეს კომუნისტური რეჟმის შემდეგ კარგიც იყო და სასურველიც თითოეული წყვილის ტაძარში ჯვირსწერა, რადგან ამ ქმედებით ადამიანი იღებდა საეკლესიო ქროწინების მადლს და უფლისაგან დალოცვას, თუმცა ეს ქმედება უნდა გამხდარიყო ეკლესიური ცხოვრების საწინდრად. ვფიქრობ, დღეს უკვე იმის დრო დადგა, რომ ადამიანი ნებისმიერ საეკლესიო საიდუმლოში, მათ შორის ქორწინებაშიც, ზერელედ არ მონაწილეობდეს, რადგან ოჯახს წმ. იოანე ოქროპირი მცირე ეკლესიას უწოდებს. შეიძლება ითქვას ისიც, რომ ოჯახი არის ერთ-ერთი გზა ცხონებისკენ და ვნებების განსაკურნებელი საშუალება. ოჯახში ხშირად იჩენს თავს ადამიანის სულიერი ნაკლოვანებები, რისი გაკურნების გარეშეც ძნელია ოჯახის შენარჩუნება. ეს ნაკლოვანებებია საიამეთმოყვარეობა, ამპარტავნება, რის გამოც ადამიანი ვერ ამბობს საკუთარ სიამოვნებებზე უარს, ვერ იღებს პასუხისმგებლოას ოჯახზე და ოჯახები ამ მიზეზის გამო ხშირად ინგრევა. ამ ვნებების და ნაკლოვანებების მკურნალი სწორედ ეკლესიაა, ამიტომ სასრუველია, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ მაინც დაიწყოს ადამიანმა ეკლესიური ცხოვრება. წესით, ეს მანამდე უნდა ხდებოდეს, რადგან ჯვრის წერას ტაძარში, ანუ საეკლესიო ქორწინებას ყოველთვის მრევლის წევრები მიმართავდნენ დღეს კი კომუნისტური რეჟიმის შემდეგ საეკლესიო ჯვირსწერა ერთგვარ სასურველ თუმცა გაუაზრებელ ქმედებად იქცა, რის გამოც ჯვერისწერა წყვილის მიერ გაუთვიცნობიერებელ ქმედებად რჩება ხოლმე. დღეს ვინც გადაწყვეტს საეკლესიო ქორწინებას, სასურველია, რომ მისი შინაარსი გააზრებული ჰქონდეს. შესაბამისად, სასურველია თუ დაიწყებს ეკლესიურ ცხოვრებას და ისიც სასუველია, რომ ჯვირსწერის წინ 1-2 თვე ყოფითი საკითხებით გადაღლილი (ვგულისხმობ საქორწილო შესამოსელი, ფოტოგრაფი, რესტორანი თუ სხვა...) ქორწინების საიდუმლოზეც დაფიქრდეს და გაიაზროს, რომ საეკლესიო ქორწინებას, როგორც საიდუმლოს შეხედოს და შესაბამისად ზიარებისთვისაც მოემზადოს, რათა მეუღლეები ევქარისტიით (ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარებით) შეუერთდნენ ქრისტეს... იოანე ოქროპირი მოგვიწოდებს: „შენი სახლი აქციე ეკლესიად“. ოჯახი, როგორც „მცირე ეკლესია“, არის ვნებებისგან განსაკურნებელი ადგილი. მართლმადიდებელ ეკლესიაში ამავე ფუნქციისაა კინობიური (ზოგადცხოვრებულთა) მონასტერიც. მეუღლეობა და ურთიერთობა მცირე ეკლესიაში (ესე იგი, ოჯახში), აწრთობს და არბილებს ადამიანის უხეშ ხასიათს, ზრდის გულს და მის შეზღუდულობას უკუაქცევს. სიყვარულისა და ქრისტეში ზრდის გარეშე ოჯახური ცხოვრება ეყრდნობა მერყევ საფუძველს და ნებისმიერ დროს შეიძლება დაირღვეს. წმ. იოანე ოქროპირი ოჯახს ბრძოლისა და გამოცდის ადგილს უწოდებს. ოჯახს ნამდვილად ხანგრძლივი და მრავალი ტანჯვა ახლავს. ამაქვეყნის ტალღებმა რომ არ დაძიროს, იგი უნდა დაეფუძნოს ურყევ საფუძველზე. ასეთი კი ქრისტე და ქრისტეს ეკლესიაა. მოციქული პავლე ეფესელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში ქორწინებას, ესე იგი, ქალისა და კაცის ერთობას ქრისტესა და ეკლესიის ერთობას ადარებს: „საიდუმლო ესე დიდ არს ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესათჳს და ეკლესიისა“ ( ეფ. 5, 32). ოჯახის და ქორწინების საიდუმლო არის სახე-სიმბოლო ქრისტესი და  ეკლესიისა. მართლაც, თითქმის ყველგან წმინდა წერილში, მაგალითად, იესო ქრისტეს იგავებში, სიტყვა ქორწინება ღვთის სასუფევლის ან ღმერთის (სიმბოლურად სიძის) ეკლესიასთან (სიმბოლურად რძალთან) მოსვლის მნიშვნელობით იხმარება. მათე მახარებლის 22, 1-4 მუხლებში გადმოცებულ იგავშიც მეფის ძის ქორწილი ალეგორიული სახით განიმარტება, როგორც იესო ქრისტეს განკაცება ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღმერთის განკაცება, ღმერთის ამ ქვეყნად ხორციელად მოსვლა, რითაც მან, ქრისტემ შემოგვკვრიბა თავის თავში მთელი კაცობრიობა და ყველა ვინც გაწევრიანდება ქრისტეს ეკლესიაში, ყველა მოხმობილი (რადგან ყველას მოუწოდა ღმერთმა) გახდება ქრისტეს რძალი, ანუ ეკლესიის წევრი. ესე იგი, მოგვიწოდა ქორწილისკენ სხვა იგავებშიც ქორწინება მიანიშნებს იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაზე, როცა დადგება მისი საუკუნო და დაუსრულებელი მეუფება და ყველა, ვინც შევადგენთ მის ეკლესიას (სიმბოლურად ქრისტეს რძალს), შეიძლება ითქვას ეკლესიის წევრები, მასთან ერთად ვიქნებით სასუფეველში, სასუფეველი კი საკუთრივ ქრისტეს, ღმერთის მადლში მყოფობას ნიშნავს. პავლე მოციქულიც იმავე ეპიეტოლეში, რომელიც ჯვრისწერის დროს იკითხება, და რომელიც ზემოთაც ვახსენეთ, წერს, რომ ქმარს ისე უნდა უყვარდეს საკუთარი ცოლი, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მთელი კაცობრიობისთვის, რადგან თავისთან შევეერთებინეთ. წმინდა ზიარებისას, წირვაზე ყოველი მაზიარებელი უნდა შეუერთდეს ქრისტეს, ესე იგი, წირვა განასახიერებს ღვთის საუფეველს, ზიარება კი უშუალოდ ქრისტეს სისხლი და ხორცია, რისი ჯეროვანი მიღებითაც ქრისტე უშუალოდ ჩვენში შემოდის... აი, ასეთ დიდ საიდუმლოსაა შედარებული ქორწინება პავლე მოციქულის მიერ. იგი, აგრეთვე, წერს, რომ ცოლი უნდა ემორჩილებდეს ქმარს, როგორ ეკლესია ქრისტეს, რა თქმა უნდა, უნდა მორჩილებდეს არა მონურად ყველაფერში, არამედ ყოველგვარ ღვთვსათნო საქმეში, რადგან ის, ანუ ქმარი, ვინც შეძლებს მეუღლის ქრსიტესავით შეყვარებას, შეუძებელია რაიმე არაღვთივსულიერი უნდოდეს ცოლისთვის. აი, ასეთ შემთხვევაში ცოლის მორჩილება ქმნის სრულ სულიერ იდეალს, სიმშვიდეს და იერარქიულობას, რაც ოჯახს მართლაც მცირე ეკლესიას ამსგავსებს... ესე იგი, უფალმა დაიმდაბლა თავი, განკაცდა და მას შემდეგ ასაზრდოებს ეკლესიას, როგორც ზეციური სიძე. იგი არის მისი მარადიული თავი. ეკლესიას ქრისტეს გარეშე არ ძალუძს არსებობა, ხოლო ადამიანი ეკლესიის გარეშე ვერ იღებს საეკლესიო სიდუმლოს მადლს. ამგვარად ოჯახის არცეთ წევრს არ შეუძლია ცხოვრება მეორე ნახევრის გარეშე. ოჯახური ეკლესია ვერ შედგება, თუ ოჯახის თავი არ იქნება უფალი, იესო ქრისტე. უფალს თავისი მოწყალებით ყველა ადამიანის ხსნა და განღმრთობა სურს. სწორედ ესაა ჩვენი ცხოვრების საბოლოო მიზანიც. მაშასადამე, ისევე როგორც ოჯახი, აგრეთვე მარტომყოფობა (მონაზვნობა) არის არა თვითმიზანი, არამედ საშუალება ჩვენი ცხონებისათვის. ყველანაირი ცხოვრების წესი წუთიერი და წარმავალია, იგი ფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად მივყავართ ღვთის მარადიულ სასუფევლამდე. თუ ოჯახი არ მიილტვის ქრისტესაკენ, მაშინ მთელი მისი წარმატება უსაფუძვლოა და განწირულია დაღუპვისთვის. იგივე შეიძლება ითქვას ყოველგვარ ამქვეყნიურ ცხოვრების წესზე. ოჯახი თავის მიზანს თავისი წევრების მხლოდ ამქვეყნიური წარმატებებით კი ვერ მიაღწევს, ვერც იმით, რომ ოჯახის წევრებმა განუყრელად იცხოვრონ, არამედ ოჯახი ჭეშმარიტ მიზანს მიაღწევს მაშინ, როდესაც მისი წევრები განიწმინდებიან და განიღმრთობიან.


ქორწინებისთვის სასურველი ასაკი (საეკლესიო კანონიკის მიხედვით)

მსოფლიო ეკლესიის დადგენილებებში, შესაბამისად დიდი სჯულის კანონში[13] ძირითდ კოდექსში - ფოტის ნომოკანონში არაფერია ნათქვამი ქორწინების ასაკთან დაკავშირებით. რომის იმპერიაში ქორწინების ასაკი კანონიკურად განისაზღვრებოდ, „ნომო“, ესე იგი, საერო კანონმდებლობით. იმპერატორ იუსტინიანე დიდის „დიგესტებში“ ქორწინების ასაკის ქვედა ზღვარი განისაზღვრებოდა შემდეგნაირად: ქალისთვის 12, ვაჟისთვის კი 14 წელი. შემდგომში ბიზანტიაში მინიმალური ასაკი ქორწინებისთვის განისაზღვრა ბასილი მაკედონელის „პროხირონში“[14]: ვაჟისთვის 14, ხოლო ქალისთვის 12 წელი. ლეონ ისავრიელის და კონსტანტინე კოპრონიმის „ეკლოგებში“ საქორწინო ასაკად განსაზღვრული იყო ვაჟისთვის 15, ქალისთვის 13 წელი. „საჭეთმპყრობელში“ 15 - 12 წლებია მითითებული. ზოგადად ქართული კანონიკა კრძალავს უასაკოთა ქორწინებას თუმცა ზუსტი ასაკი, გარდა 12 წლისა, ფაქტიურად არსად არ მოიხსენიება. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 12 წელი, მსგავსად ბიზანტიის იმპერიისა, საქართველოშიც აღიქმებოდა ქალის ქორწინებისთვის გარკვეულ ზღვრულ ასაკად.
1921 წლის სინოდის დადგენილების მიხედვითაც, მამაკაცებისათვის ქორწინების ასაკად განსაზღვრულია 17 წელი. თუ ერთ-ერთი მექორწინე არასრულწლოვანია, აუცილებელია მშობლების თანხმობა ქორწინებისათვის. დღეს სრულწლოვნების ზღვრულ ასაკად  18 წელია მიჩნეული.
შესაძლოა დღეს დაისვავს კითხვა: თუ რა ასაკიდან უნდ იყოს ქორწინება (ჯვრისწერა) ნებადართული ეკლესიში? როგორც საეკლესიო კანონიკაში ვხედავთ, უასაკოთა შემთხვევში ყოველთვის აუცილებელი იყო მშობლების თანხმობა. ასეთ შემთხვევაში, დიდ ოჯახებში ახალგაზრდა წყვილს მშობლებიც ეხმარებოდნენ ყოფითი პრობლემების მოგვარებში, რაც აადვილებდა ახალგაზრდა წყვილის თანაცხოვრებასა და გამრავლებას. დღეს ჩვენს თნამედროვეობაში ხშირად ამბობენ, რომ ქორწინება ახალგაზრდისათვის დაკავშირებულია ბევრ სიამოვნებაზე უარის თქმასთან და ამავე დროს, დიდ პასუხილსმგებლობის შეჭიდებასთან. ამიტომ ოჯახის შექმნა სასურველია ისეთ ასაკში, როცა ადამიანს გააზრებული აქვს თავის მიზნები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს ასაკი მეტ-ნაკლებად მაინც ინდივიდუალურია, რადგან შეიძლება 20 წლის ადამიანი მეტად ჩამოყალიბებული და სერიოზული იყოს და უკეთ შეძლოს ოჯახის მართვა და შექმნა, ვიდრე - 30 წლისამ. თანამედროვე ცხოვრებაში ყველა ცდილობს კარიერა აიწყოს, რითვისაც წლებია საჭირო. ჯერ საშუალო სკოლაა, შემდეგ ბაკალავრი, შედმეგ მაგისტრატურა იმისათვის, რომ მომავალში მუშაობა დაიწყოს  და ჰქონდეს იმდენი შემოსავალი, დამოუკიდებლად შეძლოს ოჯახის რჩენა. ამ მიზეზით, ხშირად 30 წლამდე ვერ ახერხებენ ოჯახის შექმნას. ძველ საქართველოში ამგვარი პრობლემა არ იდგა. დიდ ოჯახებში მშობლებიც ეხმარებოდნენ შვილებს (ახალგაზრდა წყვილს ახალი ოჯახის შექმნაში), ამიტომ ქორწინების ასაკობრივმა ზღვარმა შედარებით ზემოთ აიწია. გარდა ამისა, მეორე პრობლემა, რომელსაც სახელდებენ ხოლმე ადრეულ ასაკში ქორწინების საპირისპიროდ, არის განათლების მიღების მსურველისათვის სწავლის შეფერხება. შვილებზე და ოჯახზე მზრუნველი ადამიანი იძულებულია სწავლის პროცესი ან შეკვეცილად გააგრძელოს ან შეწყვიტოს. სხვა პრობლემა შემოსავალია.ნორმალური მატერიალური შემოსავლისათვის აუილებელია მრავალწლიანი განათლებისა და გამოცდილების მიღება, რაც ადრეულ ასაკში თითქმის შეუძლებელია ხოლმე. ჩვენს რეალობაში ვხედავთ, რომ ეს პრობლემები წყვილებში ხშირად ფსიქოემოციურ პრობლემებს წარმოქმნის. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ზემოჩამოთვლილი პრობლემები ჭეშმარიტი ქრიტიანისთვის მაინც მოგვარებადია, ვგულისხმობ იმას, რომ მორწმუნე და ქრისტიანულ ღირებულებებზე აღზრდილი, ძლიერი ნების მქონდე პიროვნება მატერიალურ სიდუხჭირეს ღვთის მოიმედედ, მარტივად გაუმკლავდება ან ყოველ შემთხვევაში ნაკლებად გამოიწვევს ფსიკიკურ დაძაბულობას, რადგან იცის სახარებისეული იგავი ტალანტების შესახებ და თავის ნიჭს მიწაში არ დაფლობს, არამედ გამუდმებით ეცდება მშივდად აკეთოს საქმე და მოიმედე იქნება ღვთის მიერ შეწევნისა. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ახალგაზრდა ასაკში დაოჯახების დადებითი მხარეებიც. მაგალითად, ამგვარი ქორწინება ადამიანს პასუხისმგებლობის, სხვაზე მზრუნველობის და დამოუკიდებლობის გრძნობებს ძლიერ ავითარებს და, შესაბამის გამოცდილებასაც იძლევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანი ეჩვევა შრომას, სხვაზე ზრუნვას და ეს მისი ცხოვრებისეული ჩვეულებაც ხდება. ზოგჯერ კი, როდესაც ადამიანი ძალიან გვიანი ასაკისთვის გადადებს თავის ქორწინებას, თან მაშინ, როდესაც არაეკლესიურად ცხოვრობს, იგი შეიძლება გახდეს მეტად ეგოცენტრული, ზრუნავდეს თავის მიწიერ სიამოვნებაზე შეეჩვიოს უპასუხისმგებლობას და თუ სქესობრივ (აღვირახსნილ) ცხოვრებას ეწევა, ამასაც ეჩვევა. საბოლოოდ მასში იღვიძებს ვნება სიამეთმოყვარეობისა. შემდეგ კი, როდესაც ოჯახს შექმნის წლების განმავლობში, ასე ,,თავისუფლად“ ნაცხოვრებს ეძნელება პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება, ხშირად ცოლ-შვილი ტვირთად ეჩვენება, ზოგიერთ შემთხვევაში - ცოლს ქმარ-შვილი, ისევ უნდა აკეთოს ის, რაც მოესურვება, (ესე იგი, როგორც იქცეოდა წლების განმავლობაში) რადგან, როგორც წესი, რაც უფრო დიდია ასაკი, მით უფრო ძნელია შეეგუო სიახლეებს. თუ იმას ვიტყვით, რომ ადრეულ ასაკში დაქორწინებული წყვილების მიერ შექმნილი ოჯახი მალე ინგრევა ან ხშირად იშლება, მაშინ ისიც ნათელია, რომ პირიქითაც ხშირად ხდება. გაცილებით ზრდასრულ ასაკში შექმნილი ოჯახებიც ხშირად ზემოჩამოთვლილ მიზეზებით ირღვევა. მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი სიამეთმოყვარეობის შესახებ წერს: ჩვეულებრივ ის ვლინდება, როგორც უარი შრომისმოყვარეობაზე, სხვისთვის სიკეთის კეთებაზე და საკუთარი სიამოვნებისა და სიტკბოების გაღმერთებაში. მიზეზი სიამეთმოყვარეობისა არის სულიერი ავადმყოფობა, რომელიც ცოდვით დაცემითა და უფლისაგან დაშორებას მოჰყვება და იწვევს გონების დაბნელებას. ამგვარი სულიერი მდგომარეობა უარყოფითად მოქმედებს და ეს ადამიანზე აისახება კიდეც, რომელიც უნდა იყოს ჭურჭელი სულისა წმინდისა და ქრისტეს მისტიური სხეულის ნაწილი (წევრი)"[15].
ვფიქრობთ, რომ მთავარი პრობლემა ოჯახების ნგრევისა მაინც არაქრისტინინული აზროვნებაა. გათითოკაცება, ეგოიზმი ამპარტავნება, მიტევების შეუძლებლობა და სხვა... ხსენებული მიტროპოლიტი ოჯახის სიმტკიცის შეუნარჩუნებლობის მიზეზად ძირითად სამ ვნებას ასახელებს: ამპარტავნება, დიდებისმოყვარეობა და სიამეთმოყვარეობა. იგი წერს: ოჯახის ქრისტიანული ცხოვრება, ეს არის სახე და ხატება სამპიროვანი ერთარსება ღმრთისა. ოჯახი, როგორც პიროვნებათა გაერთიანება, გამოხატავს სამების გაერთიანებულ სიყვარულს, სადაც სამივე ჰიპოსტასი ინარჩუნებს თავის პიროვნებას, სადაც არ ირღვევა ერთობა და იგი თავის თავში წარმოადგენს ერთ განუყოფელ ბუნებას სამი პირისა. კლასიკური განსაზღვრება: ,,ერთი სამში და სამი ერთში“ ზუსტად გამოხატავს ოჯახში წმინდა და ფაქიზ დამოკიდებულებას სამება ღმერთთან.
რამდენადაც ადამიანის აზროვნებაში და ქცევაში ამგვარი ქრისტიანულ მართმადიდებლური დამოკიდებულება ყალიბდება, ამდენადვე, ამგვარი აზროვნება გულისმხმობს ადამიანის  დამოკიდებულებას ოჯახისადმი არამარტო თავისი პიროვნულობის შენარჩუნებაში, არამედ, აგრეთვე მის რეალიზაციას ოჯახურ სიყვარულის კავშირში, სადაც ოჯახის რამოდენიმე  წევრი წარმოადგენს დაურღვეველ და განუყოფელ ერთ სხეულს. წმინდა მამათა საერთო აზრით, ადამიანთა ერთობის რღვევა აიხსნება თითოეული ადამიანის პიროვნების მოშლით. დამახინჯებული აზრს, შეხედულებას ღმერთზე და მის თვისობრივ შვენიერებაზე, ადამიანი მიჰყავს ინდივიდუალობამდე, ეგოცენტრიზმამდე, განკერძოებამდე და სხვა სამწუხარო შედეგამდე.  დაცემულობის და ცოდვის მიდევნებით მოდის ჩვენი დაცემული ბუნების გამომავლინებელი ვნებები, მუდმივი და მზაკვარი მტერი ჩვენი ბუნებისა. ყველა ადამიანი, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს იგი, დგას ვნების მტკიცე კედელთან, რომელიც მან უნდა გადალახოს, რათა იქონიოს შესაძლებლობა შევიდეს სიყვარულის ერთობაში. ამგვარი ერთობა არის კავშირი  შემოქმედ ცოცხალ ღმერთთან  და, აგრეთვე, ადამიანებთან, რომლებიც წარმოადგენენ მის მოყვასებს, საძმოს და ღვთის ხატებებს. ამგვარი ერთობა განსაკუთრებით უნდა განხორციელდეს ოჯახში, სადაც ურთიერთობა იმდენად ახლოს უნდა იყოს, თითქოს ეს არის ერთი შერწყმული სხეული, ყველა სირთულის დამძლევი და ყველა სიმძიმის ამწევი, როგორც ერთი ადამიანი"[16].
ამიტომ ჯვირწერის შეზღუდვა ასაკთან მიმართებაში შესაძლოა დაშვებულ იქნას 18 წლიდან, ხოლო უფრო ნაკლების შემთხევაში (მაგ. 17 წელი) მშობლების თანხმობის შემდეგ. მოძღვარზე დიდი პასუხისმგებლობაა დაკისრებული, რომ გამოიკვლიოს ოჯახის შექმნისას წყვილის სურვილი მათი მზაობა რამდენად გააზრებულია მათი გადაწყვეტილება რამდენად აქვთ მათ ზნეორივ ქრისტიანული მსოფლმხედველობა ან რამდენად არის მათი გადაწყვეტილება სიყვარულიდან გმომდინარე და არა მხოლოდ ხორციელი ვნებიდან. ვფიქრობთ, რომ უმთავრესი პრობლემები ოჯახის შემდგომი ნგრევისა არის ეს ზემონახსნები პრობლემები და არა ასაკი.


ქორწინება საეკლესიო სამართლის მიხედვით

ამ საკითხის წინამდებარე ნაწილი საეკლესიო მიდგომის მხოლოდ მცირე ექსკურსია. საეკლესო კანონის მხრივ, ქორწინება არის უვადო ხელშეკრულება ქალსა და მამაკაცს შორის. მათ მთელი ცხოვრება ერთმანეთს უნდა დაუთმონ.
ქორწინების წინა პირობა ორივე წყვილის თავისუფალი ნებელობაა (დაუშვებელია ძალადობა) და ამაზე დაყრდნობით - „კონსესუსი“ - შეთანხმება. ლაოდიკიის 1-ლი კანონი უკვე მეტყველებს „თავისუფლებაზე“, როგორც ქორწინებით შეუღლებისათვის ერთ-ერთ წინაპირობაზე, აღნიშნული პირობის თანახმად ეკლესიის კანონები  ძირითადად კრძალავენ ქორწინებას მოტაცებით, ან სხვა რაიმე ძალადობით. შდრ. მე-4 მსოფლიო კრების 27-ე და ბასილი დიდის 30-ე კანონები[17].
ქორწინება დაუშვებელია სისხლით ნათესავებს შორის მერვე ხაზამდე. აგრეთვე, სულიერ ნათესავებში, ნათლისღებით დანათესავებულებს შორის[18]. იგივე ეხება ნაშვილებსაც, როდესაც ვინმე ბავშვს იშვილებს, იგი ითვლება ამყვანის ბუნებრივ შვილად და ნათესაური კავშირი (იგულსიხმება შთამოავლობაში ქორწინების აკრძალვები) მასზე ისევე ვრცელდება, როგორც ბუნებრივ შვილზე.
ეკლესიამ წმინდა წერილზე დაყრდნობით შეიმუშავა ქორწინებისათვის აუცილებლად გასათვალისწინებელი ცნებები და კანონები, რათა დაიცვას მეუღლეთა წმინდა კავშირი და ერთობა, ყოველნაირი შფოთის, აღრევისა  და განყოფისაგან.


ქორწინების დარღვევის  ძირითადი კანონიკური მიზეზები

წმინდა ეკლესიამ გამოსცა გარკვეული კანონები, რომელთა გათვალისწინებით და ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით, დგინდება თუ განქორწინება როდისაა დაშვებული და როდის - არა. საკითხი საკმაოდ ვრცელია, ამიტომ, ქვემოთ მხოლოდ ნაწილობრივ წარმოვაჩენთ განქორწინების ძირითად დასაშვებ მიზეზებს:

1. მეუღლის გარდაცვალება. ასეთ დროს ადამიანმა არ უნდა იქორწინოს, სანამ გარდაცვალებიდან ერთი წელი მაინც არ გავა.
2. მრუშობა. უფალი ბრძანებს: „ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი, თჳნიერ სიტყჳსა  სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა“ (მთ. 5, 32).
3. თუ დადგინდა, რომ მათ შორის არსებობს ახლო ნათესაური კავშირი.
4. თუ ჯვარი დაიწერეს ძალადობით (მოკვლის მუქარით).
5. თუ დადგინდა, რომ ერთ-ერთი უკვე იყო კანონიერ ქორწინებაში და უუფლებოდ იწერს ჯვარს.
6. თუ ადამიანს ქორწინება აკრძალული ჰქონდა ეკლესიის კანონით.
7. ხელთდასხმული სასულიერო პირების ანუ თუ ხელდასხმის (ქიროტონია) შემდგომ მოიყვანა ცოლი. ტრულის მე-3 კანონი.
8. თუ ერთ-ერთს აქვს მეორე ნახევრის მოკვლის მცდელობა, თუკი არსებობს ამის რეალური საფრთხე (იხ.: პანაიოტის ი. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“, 2007 წ. გვ. 114).
9. აბორტი (თუ ქალმა აბორტი გაიკეთა ჩუმად, ისე, რომ ქმარს დაუმალა; ან თუკი ქმარი აძალებს ამის ჩადენას).
10. უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში ადამიანი უნდა ელოდებოდეს თავის მეუღლეს 5 წელი. თუ დაკარგულია მეომარი, მაშინ უნდა დაელოდოს 10 წელი.
11. ერთ-ერთის მონაზვნად აღკვეცა. ეს უნდა მოხდეს ცოლ-ქმარს შორის შეთანხმებით.
12. ქმრის ეპისკოპოსად გამორჩევა (აქაც საჭიროა მეორე მეუღლის თანხმობა).
13. თუ ერთ-ერთ მეუღლეს ისეთი გონებრივი დეფექტი აქვს (ფსიქიური აშლილობა), რომ შეუძლებელი ხდება მათი თანაცხოვრება.

ქრისტიანული ეკლესია უმჯობესად მიიჩნევს, რომ ქორწინება იყოს ყოველმხრივ მონოგამური. მაცხოვარი ბრძანებს: „ამისთვს დაუტეოს კაცმან მამაი თვსი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ხორც“ (მარკ. 10, 7-8). აგრეთვე ბრძანებს: „უკუეთუ დაუტეოს ქმარმან ცოლი თვსი და შეირთოს სხუჲ მან იმრუშა. და ცოლი თუ განვიდეს ქმრისაგან და შეერთოს სხუასა, მანცა იმრუშა“ (მარკ. 10, 11-12).
როგორც ვხედავთ, ზოგადად, განქორწინება ქრისტიანული ეთიკური თუ სამართლებრივი ნორმებით უარყოფითად არის შეფასებული. წმინდა წერილიდან გამომდინარე, ქორწინების გაუქმების ერთადერთი აუცილებელი, ბუნებრივი მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებაა: „აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს“ (მათე 19, 6). წმინდა პავლე მოციქულიც „რომალეთა მიმართ ეპისტოლე“-ში წერს: „რამეთუ ქმრის ცოლი დედაკაცი სიკუდილამდე ქმრისა შეკრულ არს შჯულითა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი შჯულისა მისგან ქმრისა“ (რომ. 7, 2-3.). ,,კორინთელთა მიმართ ეპისტოლე“-შიც აღნიშნავს: „დედაკაცი შეკრულ არს შჯულითა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს ქმარი მისი. ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს, უნდეს თუ ქორწინებაჲ გარნა ხოლო უფლისა მიერ“, (I კორ. 7, 39). მაცხოვარი ბრძანებს განქორიწინების კიდევ ერთ მიზეზს: „...ყოველმან, რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თვნიერ სიტყვსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა ამრუშა“ (მათე 5, 32). თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანთა სისუსტის გამო, ეკლესიამ, ადამიანი რომ აერიდებინა მრუშობის ცოდვას, დაუშვა მეორე და, უკიდურეს შემთხვევში, მესამე ქორწინება. ეს თვალნათელი მაგალიათია იმისა, რომ კანონი (ვგულისხმობ ზნეობრივ კანონებს და არა დოგმატურს) საეკლესიო სისავსემ კი მიიღო და ღვთისგან დადგინდა, მაგრამ არ გულისხმობს, რომ ღმერთს უფრო აღმატებული და სრულყოფილი კანონი  არ ესათნოვებოდა, ისევე, როგორც ძველი აღთქმის სჯულის კანონები. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ღმერთი მოქმედებს საზოგადოებაში იმ თვალსაზრისით თუ რა ზნეობისა და სულიერი სიმაღლისაა საზოგადოება და რისი დატევნა შეუძლია მას. მაგალითად, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ძველ აღთქმაში, მოსეს სჯულში უფალმა დაადგინა მრუშობაზე, მკვლელობაზე, ხარის მოკვლაზე თუ სხვა დანაშაულზე, ესა თუ ის სასჯელი, ესე იგი, ადამინს ეშინოდა სასჯელის და ამიტომ დანაშაულს აღარ ჩაიდენდა. თუმცაღა ქრისტიანული თვალთახედვით ჩანს, რომ თურმე შეიძლება ადამიანს უბრალოდ უყვარდეს მოყვასი და ამიტომ არ შესცოდოს მის მიმართ. ახალ აღთქმაში ეკლესია გარკვეულ შეცოდებებზე თუ სისუსტეებზე  იკონომიის პრინციპით შემწყნარებლურად მოქმედებს.  თუმცა არსებობს საზღვარი, რასაც არ უნდა გავცდეთ. უმჯობესია ადამიანმა იზრუნოს საკუთარ სულზე და თავად ამაღლდეს სულიერად,  მიუახლოვდეს უფალს, ვიდრე საეკლესიო კანონი მოარგოს საკუთარ ზნეობას, მით უფრო მაშინ, როდესაც საზოგადოება ზნეობრივად ეცემა და იხრწნება.
როდესაც  განქორწინების მიზეზებზე ვსაუბრობთ, ამა სოფლის სიამეებს მიდევნებული ადამიანები ხშირად ასახელებენ ხოლმე მიზეზად რომელიმე კანონს, რათა განქორწინდენენ. მაგალითად: მეორე ნახევარს მრუშობისკენ უბიძგებენ, შემდგომში მასთან განშორების კანონიერი მიზეზი რომ ჰქონდეთ. ამგვარი და მისი მსგავსი ქმედებები არაქრისტიანული, არაეკლესიურია, და ყოვლად მიუღებელი.
გარდა ამისა რომაელებს კონსტანტინე დიდის პერიოდამდე ჰქონდათ უმიზეზო განქორწინების ჩვეულება და კანონიკა (divorce bona gratia), ეს მაშინ, როდესაც ორივე მხარე ამაზე თანახმა იყო. ასეთ შემთხვევაში ცოლი იბრუნებდა თავის მზითვებს. ურთიერთშეთანხმებით ისინი უფლებამოსილნი იყვნენ განქორწინებულიყვნენ და შეექმნათ ახალი ოჯახი[19]. დღესაც საქართველოს საერო საოჯახო კანონიკაში მოქმედებს მსგავსი განქორწინების საშუალება; თუკი ორივე მხარე თანახმაა და არ არსებობოს მემკვიდრეობის ან სხვა პრობლემა, მათ თავისუფლად შეუძლიათ გააწერონ ხელი. საერო წესით განქორწინება დასაშვებია სასამართლოს გარეშეც, უფრო მარტივად, ესე იგი, ადმინისტრაციული წესით. ამგვარი შემთხვევა ქრისტიანულ ეკლესიში არ ხდება... ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ეკლესია ყოველთვის შეაგონებდა წყვილს, რომ სიყვარული და ოჯახი შეინარჩუნონ და მხოლოდ მაშინ, როცა ამგვარ შეგონებას შედეგი არ გამოაქვს და საქმე შეიძლება უარესობისკენ განვითარდეს და განქორწინება ერთადერთ სწორ გამოსავალად რჩება, ეკლესიამ დაუშვა გაქორწინების პრეცედენტები. ხოლო საერო სამართლით, როგორც ზემოთაც ვახსნეთ, სახელმწიფო სარეგისტრაციო ორგანოში განქორწინების საკითხი, როდესაც ორივე წყვილი თანახმაა, მარტივად წყდება და ამის შესახებ საუბარია სამოქალაქო კოდექსის 1124-ე მუხლში. ასეთ შემთხვევში განქორწინება ხდება მხოლოდ მეუღლეთა სურვილიდან გამომდინარე, რაც მეტად გავს წარმართულ რომაულ საზოგადოების ჩვეულებას. ეს მარტივად ხდება მაშინ, როდესაც მათ არა აქვთ პირადი ხასიათის ან ქონებრივი დავა, თუმცა არასრულწლოვანი შვილის ყოლის შემთხვევშიც შესაძლებელია განქორწინება, თუკი ორივე მხარე შეთანხმებულია. ეკლესია კი ყოველთვის ეძიებს გამოსავალს, რომ საქმე ღვისათვის სათნოდ გადაწყვიტოს და ცდილობს მოთმინებით, შეწყალებით მიუდგეს ამგვარ  საკითხებს, რათა არ დაინგრეს და შენარჩუნდეს ოჯახი. ეკლესიის მადლითა და მოძღვრის რჩევით, დანგრევამდე მისული ოჯახები ხშირად შენარჩუნებულა და წარმატებულა კიდეც ღვთისა და ერთმანეთის სიყვარულში. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ვითარება არ სწორდება და გარდაუვალია გაუარესება, ეკლესია იკონომიით დაუშვებს განქორწინებას ადამიანთა სისუსტის გამო, და მეორედ ქორწინების უფლებასა იძლევა.
რაც შეეხება გაუქმებული ქორწინების აღდგენას, ეს კეთილი და სასურველი გადაწყვეტილებაა, რომელსაც  ეკლესია ყოველთვის სიხარულით ხვდება. ასეთ დროს აღარ აღესრულება ჯვრისწერის საიდუმლო, არამედ  მოძღვარი წყვილს მხოლოდ შენდობის განსაზღვრულ ლოცვებს უკითხავს.



შენიშვნები:













[13] თუ არ ჩავთვლით ქართულ კოდექსს - „დიდ სჯულის კანონს“, რადგან ქართულ კოდექსში, ესე იგი, ქართულ დიდ სჯულის კანონში დამატებულია რუის-ურბნისის ადგილობრივი კრების კანონები, რაც, ბუნებრივია, მხოლოდ საქართველოს ეკლესიას ეხება და მასში, როგორც ნაშრომში, შემდეგაც აღინიშნება, არის მითითება ასაკთან დაკაშირებით.






გადმოწერეთ: PDF
16-07-2019, 22:19

FACEBOOK